ფილიპ როთი - პორტნოის სინდრომი

ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი - ფილიპ როთი (1933) არაერთი რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“.
მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება.

უბედურ მამაჩემს, თითქოს საკუთარი თავისთვის ცხოვრების გართულება ჰქონდა გადაწყვეტილი, ძალიან ვუყვარდი. ჩემში, საკუთარ ვაჟიშვილში, ჩვენი ოჯახის შანსს ხედავდა - შანსს, რომ ოდესმე, ჩემი წყალობით, ისეთები გავხდებოდით, „როგორც დანარჩენები“ და სახელსა და პატივისცემას მოვიპოვებდით, თუმცა კი, პატარა რომ ვიყავი, ამ ამბიციას, უმთავრესად ფულთან დაკავშირებული ტერმინებით გამოხატავდა. „მამაშენივით არ გამოყეყეჩდე, - მეტყოდა ხოლმე ხუმრობით, როცა მუხლებზე ვეჯექი, - ლამაზი ქალი არ მოიყვანო, ცოლი სიყვარულით არ შეირთო, ბიჭო - მდიდარი მამის შვილი მოიყვანე!

ალექს, - მიხსნიდა ხოლმე (მამაჩემი) - კაცს წვიმიანი ამინდისთვის ქოლგა უნდა ჰქონდეს გადანახული. შენც გამოიქექე ყურები, წვიმიან ამინდში ოჯახი უქოლგოდ არ დატოვო!“ მე, ხუთი-ექვსი წლის ბავშვს მისი ნათქვამის დედააზრი მშვენივრად მესმოდა და მგონი, გულიც მიჩუყდებოდა, თუმცა მის წვიმისსაწინააღმდეგო გამოსვლას სულ სხვანაირად აღიქვამდნენ მოგლეხო პოლონელები, საკუთარი მუშტის მოიმედე ირლანდიელები და წერა-კითხვის უცოდინარი შავკანიანები.

რაკი თავად ცხოვრება დილეგში გაატარა, მე უნდა მეფრინა - აი, რაზე ოცნებობდა მამაჩემი. ჩემი ოცნება მისი ნატვრიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა: ჩემი გათავისუფლება მისიც უნდა ყოფილიყო, უცოდინრობისგან, ექსპლუატაციისგან, უსახელოდ ცხოვრებისგან უნდა მეხსნა. ჩემს წარმოსახვაში ორივეს ბედი დღემდე გადაჯაჭვულია.

... (მამაჩემს) ეამაყებოდა, რომ თავისი საზრიანობის წყალობით მოახერხა და ფერადკანიანი ადამიანის გრძნობები არ შეურაცხყო.

„ოჰ, დიდო ბიჭო, მომეცი, რაც გაქვს, არ დამინდო“ - ამ სიტყვებით მევედრებოდა საკუჭნაოს კუთხეში მალულად მიდგმული რძის ცარიელი ბოთლი, რომელთანაც თავდავიწყებას სკოლიდან დაბრუნებისთანავე ვეძლეოდი ხოლმე, მანამდე კი ასოზე ვაზელინს საგულდაგულოდ ვისვამდი.

თვით სიტყვათშეთანხმების „ქალის ტრუსი“ გაგონებას ჩემს ტვინში აფეთქების მოწყობა შეეძლო.

მოგეხსენებათ, როცა კაცს სულ რაღაც აქვს დასამალი, კატასტროფის მოლოდინი მუდამ თან სდევს.

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, ექიმო, რაც ისედაც კარგად მოგეხსენებათ: ადამიანთა მოდგმის  - და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პაციენტების - უმეტეს ნაწილს შანტაჟისადმი საოცრად დიდი მიდრეკილება აქვს.

მე კი სწორად ის არ მინდოდა, რასაც მამაჩემი მთავაზობდა და რაც მე მინდოდა, იმას მამაჩემი ვერასდროს შემომთავაზებდა. ვის გააკვირვებ ამით, ცხოვრებაში სულ ასე არ ხდება?

...ჯერ ისეთი პატარა ვარ, მგონი, იმასაც ვერ ვხვდები, რომელი სქესისა ვარ.

ის მრისხანება, ზიზღი, რომელიც ჩემს მშობლებს არაებრაელების მიმართ ჰქონდათ, ჩემს თვალში უკვე გარკვეულ კონტურებს იძენდა: ამ გოებს თავი განსაკუთრებულ ხალხად მოჰქონდათ, მაშინ, როდესაც ჩვენ, მორალური თვალსაზრისით, მათზე აღმატებული გახლდით. რა გვძენდა აღმატებულებას და ზუსტად ის სიძულვილი და უპატივცემულობა, რომლითაც ისინი უხვად გვიმასპინძლდებოდნენ.

ნუთუ არ გესმის, რომ მაგ კაცს (რაბინს) პურს სინაგოგა აჭმევს, სინაგოგა მაგისთვის სამსახურია და მეტი არაფერი!

ღმერთო ჩემო! ღმერთო, თუ მართლა გინდა, ჩვენი მადლი მოისხა, ერთი ამისი (რაბინის) გაწელილი მეტყველება მოგვაშორე! და თვითონ რაბინებიც მოგვაშორე! მისმინე, მთლიანად რელიგია რომ მოგვაშორო, ჩვენი ადამიანური ღირსების დაცვის ამბავში, არ გამოვა? კეთილო ღმერთო და შენც, დედაჩემო, მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე ეს ამბავი, თქვენ რატომ არ გინდათ, თავში შეუშვათ? რელიგია ხალხის ოპიუმია! თუ ეს რწმენა თოთხმეტი წლის ბიჭს თქვენს თვალში კომუნისტად მაქცევს, რა ვქნათ, ეგრე იყოს!

მოდი, ჩვენზე უიღბლოებს ცოტა შეღავათი გავუწიოთ, კარგი?

თუ რამე არ ვარგა, გოებისაა და რაც კარგია, ებრაელებისაა! ნუთუ ვერ ხვდებით, ჩემო ძვირფასო მშობლებო, რომელთა წიაღიდანაც ოდესღაც ვიშვი, რომ ასე მხოლოდ ბარბაროსები აზროვნებენ?

თუ გინდა, რომ კანონი დაარღვიო, უნდა ადგე და დაარღვიო! არ უნდა იკანკალო, შიშით არ უნდა იძაგძაგო, ყველაფერი, რაც აქამდე წარმოუდგენელი გეგონა, უკან უნდა მოიტოვო და უბრალოდ, ის უნდა გააკეთო, რაც გინდა!

ბოლოს - ეს სიკვდილივით გარდაუვალია! - დროს თავის მიაქვს და ლტოლვა ქრება.

როცა საქმე სექსზე მიდგება, ადამიანის ფანტაზია Z-მდეც მიდის და იმის იქითაც! ძუძუები, საშოები, ფეხები, ტუჩები, პირები, ენები და უკანა ხვრელები! როგორ შეველიო იმ ყველაფერს, რისი გემოც ჯერ არ გამიგია? თან იმ გოგოს გულისთვის, რომელიც, როგორი გემრიელი და გამომწვევიც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან პურის ნაჭერივით ჩვეულებრივი გახდება?

„ერთ მშვენიერ დღეს შენც გახდები მშობელი და მიხვდები, ეს რას ნიშნავს“.

რაც თავი მახსოვს, ერთ დიდ სამხედრო ხომალდში ვსხედვართ ყველანი, მთელი ებრაელობა... ილუმინატორებში შემოიხედეთ და დაგვინახეთ, რა დღეში ვართ ერთმანეთს მიკრულები, რას მოვთქვამთ და ვგმინავთ საკუთარი თავის სიბრალულით თვალებაწყლიანებული, ებრაული ნაღველით გულავსებული შვილები ებრაელი მშობლებისა.

ჩემი სხეულის სიგრძე-სიგანეზე რომ იმოგზაურო, სულ სირცხვილის, აკრძალვებისა და შიშის მაგისტრალებზე მოგიწევს სიარული.

თუმცა ამდგარ სირთან კამათი ვის მოუგია?

რას იზამ, ჩვენი ცხოვრება ხომ, ძირითადად, თავის გაწირვა და თვითკონტროლია, რაზეც სექსუალური მანიაკიც კი ვერ დახუჭავს თვალს.

სურვილებს სინდისი სძულთ და სინდისს სურვილები სძულს.

ღმერთმანი, ებრაელების იდიოტიზმი მთელ წელს გრძელდება, ქრისტიანებისა კი დღესასწაულებზე იჩენს ხოლმე თავს! მაგარი ქვეყანა გვაქვს, ვერაფერს იტყვი. ნუთუ ვინმეს უკვირს, რომ ყველანი ცოტათი დაქნეულები ვართ?

რა გულისამრევი არსებაა ხანდახან ადამიანი!

ბოლოს და ბოლოს, არასრულყოფილება ხომ ძალიან ადამიანურია!

ჩვენ ხომ უკვე კარგად ვიცით, რომ ეს განუწყვეტელი მოგონებები საკუთარ ჭრილობაში თითის ტრიალია და მეტი არაფერი.

თურმე საუბარი რამდენიმე მხრიდან ცეცხლის ერთდროულად გახსნას სულაც არ ნიშნავს - როცა შენც ისვრი და სხვებიც გესვრიან, როცა თავის გადასარჩენად უნდა ჩაიმალო და მოსაკლავად სხვას დაუმიზნო! სიტყვები მარტო ბომბები და ტყვიები არ ყოფილა - არა, თურმე პატარა საჩუქრებია, რომლებშიც ადამიანები მნიშვნელობებს დებენ!

აუცილებელი არაა, გენიოსი იყო, რომ ამ ცხოვრებას გასაღები მოარგო.

რა აზრი ჰქონდა დაწყებით სკოლაში ორი კლასით წინ გადახტომას, ზოგადად, დიდი ნახტომების გაკეთებას ამ ცხოვრებაში, როცა საბოლოო ჯამში, მაინც სულ ბოლოში მივჩანჩალებ?

რატომ, რატომ არ შემიძლია სიამოვნების ისე მიღება, რომ ამას საზღაურად მთელი ვაგონი უბედურება არ მოჰყვეს!

გამომცემლობა „დიოგენე“, 2013 წ. 
სერია - ამერიკელები | დიოგენე