რობერტ მუზილი - სამი ქალი

გრიჯია

ცხოვრებაში ისეთი ჟამიც დგება, როცა დრო ფეხს აითრევს, თითქოს რაღაცას ელოდებოდეს ან სხვა გზით აპირებდეს წასვლას. ასეთ დროს ადამიანი ხიფათსაც იოლად გადაეყრება.

გარეთ ისეთი ჰაერი დაგხვდებოდა, იფიქრებდი, თოვლი და სამხრეთი ერთმანეთში აითქვიფაო.

არავინ გაცვლის მარადისობას ათიოდ წუთის თავქარიანობაზე.

ნარიჟრაჟევზე, როცა ყველაფერს ნათლად ხედავ და მაინც ყველაფერში ეჭვი გეპარება, შენს თავს უცებ ცხოველის ზანტ ფიქრებში გამორეულ მკვირცხლ აზრს შეადარებდი.

... მაინც აქეთ მოეშურებოდნენ. ხელის ფარნებით მოიკვლევდნენ გზას. ხან ფეხი დაუსხლტებოდათ, ხან კოჭი გადაუბრუნდებოდათ, მაგრამ მაინც მოდიოდნენ, რადგან კიდევ მოწამვლა ერჩივნათ მოწყენილობას და სევდას. თუმცა ამ სევდასაც ჰქონდა თავისებური ეშხი.

მწერის ტანჯვას ჰომოც არ აშორებდა თვალს. როცა სიკვდილი მოახლოვდა, მომაკვდავმა ექვსივე პაწია ფეხი ერთმანეთს მიაწყო და სინათლის ლაქაზე ისე განუტევა სული, თითქოს მყუდრო საფლავს მიაგნოო.

მეტს არც არაფერს უნდა მოელოდე და არც გული უნდა დაგწყდეს, ასეთი ბუნებრივი რომ არის ბუნება, ასეთი მიწიერი, ასეთი ტლანქი, შხამიანი და არაადამიანური ყოველთვის, როცა კი ადამიანი ნებაზე მიუშვებს.

როცა ისიც უთხრა, ამ მიდამოში შენზე ლამაზი არავინ მეგულებაო, ქალმა თავისი ხელი ჰომოს ხელს დაადო და ალბათ ყველაფრის თანხმობა ამით თქვა.

ისე იწვნენ ზვინებთან, როგორც მიქელანჯელოს ქანდაკებანი მედიჩების კაპელაში. იდაყვს დაყრდნობილებს თითქოს წყლის დინებისათვის მიენდოთ ტანი.

პორტუგალიელი ქალი

ხოლო თუ რამეს ძალზე დიდხანს ელოდები, ვინ იცის, ეგებ მოხდეს კიდეც მოუხდენელი.

დიდი ხნით შინ დარჩენა არ უნდოდა; სულ იმის შიში ჰქონდა, დაღლილს უქმად ყოფნა არ მომინდესო.

უჩუმრად შემოსულ მეუღლეს ქალმა ისეთი მზერა დაახვედრა, ნაცნობ სამოსს რომ იცნობ, - აი, ადრე კაი ხანს რომ ატარე ტანზე, მერე კი თვალიც არსად შეგივლია. რაღაცნაირად იუცხოვებ ხოლმე ასეთ სამოსს, თუკი სამკლავეებში წაყოფ ხელებს.

ცხოვრებაში ყველაფერს თავისი რიგი აქვს, ერთი ამბავი მეორე ამბავს იწვევს. ეპისკოპოსი საკუთარი ოქროს იმედითაა, მთავარსარდალი - აჯანყებული თავადების იმედით.

მართალია, წლების მანძილზე იბრძოდა სხვისი სიკეთის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ გამარჯვება კი არ სწყუროდა, უბრალოდ, გაუჯიუტდა სული, ეს იყო და ეს.

ეპისკოპოსს, ამ მუზმუზელას, გაუჭირდებოდა თუ არა, ხელად ღმერთს შეევედრებოდა, არიქა, მიშველეო; ბატონ ფონ კეტენს კი მხოლოდ ის შეეძლო, რომ აყვავებულ მდელოებზე ეჭენებინა ცხენი, მუხლისთავებთან ეგრძნო იმისი ჯიუტი ბუნება და ერთგულებაც ყოველთვის დეზის კვრით მოეთვინიერებინა.

სანახევროდ შეხსნილ აბჯარს ისეთი ჟღარუნი გაჰქონდა, სახურავს აგლეჯილმა საწვიმარმა ღარმა რომ იცის ქარში.

ადამიანი იქნება ყოველთვის ვერ ჩასწვდე ნათქვამის აზრს, მაგრამ რასაც ვერ გაიგებ, განა ტვირთად ზიდავ კაცი ყველაფერს?

თუკი განგება დუმილს აირჩევს, რომ გაუძალიანდე კიდეც, მაინც ვერაფერს ათქმევინებ. ასეთ დროს თუ მიაყურადებ მხოლოდ, - რა იქნება, როგორ იქნება.

ტონკა

მესერი. გალობდა. ჩიტი. მერე სადღაც ბუჩქნარს იქით მიიმალა მზე. დადუმდა ჩიტი. მოსაღამოვდა. სოფელში გოგოებმა სიმღეღ-სიმღერით გადაიარეს მინდორი. რა წვრილმანებია!

უსასრულობა ზოგჯერ წვეთ-წვეთად მოჟონავს.

ხომ არის ხოლმე თაფლობის ღამეები, როცა ვერაფერს იტყვი დარწმუნებით, - ასე ვთქვათ, - ფიზიოლოგიური გაურკვევლობა, როცა ბუნებაც ვერ მოგცემს ნათელ პასუხს.

- მერედა, ვინ მოგახსენათ, საწყალი ხალხისთვის მარტო სულის სახსნელი რამეების ჩუქება შეიძლებაო?

ის, რაც ვერ იქცევა სიტყვად და გამოუთქმელი რჩება, ის, რაც უხმოდ ინთქმება კაცობრიობის ჟრიამულში, ტოვებს თუ არა თუნდაც უმცირეს კვალს ცხოვრების ფურცლებზე? კარგია თუ ციდი ასეთი საქციელი, ასეთი ადამიანი, ზაფხულის მზიან დღეს ციდან ჩამოვარდნილი თოვლის ეული ფანტელი? რეალობაა ეს თუ ფანტაზია? აქ, ეტყობა, ჩვენი აზრები სწორედ იმ სამანს აღწევენ, სადაც არავითარი დასაყრდენი არა აქვთ.

თითოეული ძაღლი თავისებურად გაუმაძღარია, მაგრამ ყველა ერთად - ხროვაა.

იფიქრო რაიმეზე, სულაც არ ნიშნავს იფიქრო ძალზე ბევრი, ხოლო ადამიანმა, თუ ნაწილი მაინც არ დათმე გამომგონებლობის უსაზღვრო უნარისა, ერთი სიტყვით, არ შეელიე, ვერასოდეს ვერაფერს აღმოაჩენ.

ადამიანმა ძალზე ცოტა იცის თავისი თავისა, თუკი ახლომახლო არავინა ჰყავს ისეთი, ვინც სარკესავით აირეკლავს მას.

როცა ადამიანისა არ გჯერა, მისი ერთგულების უყრუარი საბუთიც უდავო ღალატად გენიშნება. მაგრამ სცადე და იწამე მისი - მაშინ რომ გიღალატოს კიდეც, მაინც იმას იფიქრებ, ჩემი ბრალია, ალბათ მე ვერ დავუფასეო სიყვარული, და ისეთივე ერთგული მოგეჩვენება, როგორც მშობლებისაგან დასჯილი, კუთხეში ატუზული და ატირებული ბავშვი.

ადამიანმა ჯერ უნდა ირწმუნო საგნები და მხოლოდ მერე აღიქვა. თუკი სამყაროს მისივე თვალით არ უცქერ, მაგრამ მხედველობის არეში მაინც გყავს, მთელი ეს სამყარო უაზრო ნაწილაკებად დაიშლება და ისე ნაღვლიანად დაიფანტება, როგორც ვარსკვლავები ღამით.

სურვილები, გრძნობები, ცოდნა რისამე - ერთმანეთშია გადახლართული და ადამიანიაც ამას მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როცა ძაფის ბოლო დაეკარგება. მაგრამ ვინ იცის, იქნება ქვეყანაზე ისეც შეიძლება სიარული, რომ ჭეშმარიტების ძაფი არც გეკავოს ხელში.

ვინც ჩვენ გვიყვარს, იგი როდია ჩვენი გრძნობის პირველწყარო, თითქოსდა შეყვარებულის მიერვე გაღვივებული ჩვენში, არამედ თვითონ ეს გრძნობებია სანთელი, შეყვარებულის ზურგს უკან რომ ვდგამთ; მაგრამ, თუკი სიზმარში სიყვარულისა და საყვარელ არსებას შორის ჯერ კიდევ არსებობს ვიწრო ბზარი, ცხადში იგი უჩინარდება და ადამიანიც ორეულთა თამაშის მსხვერპლად თვლის თავს. ასე ჰგონია, რაღაცა აიძულებსო გააღმერთოს ადამიანი, ვინც სრულებით არ იმსახურებს ამას.

ადამიანის ცხოვრება ისე ჩქარა ილევა, შეუძლებელია, წუთისოფლის ყველა ხმა ისმინო და ყველაზე პასუხი იპოვო.

გამომცემლობა „დიოგენე“, 2004, 2011