ფრანც კაფკა - მოხსენებითი ბარათი აკადემიას

უფალო აკადემიკოსებო, დიდ პატივსა მდებთ, როდესაც მთხოვთ, აკადემიას მოვახსენო ჩემი მაიმუნური წარსულის შესახებ.

სამწუხაროდ, ამგვარი აზრით, არ შემიძლია შევასრულო თქვენი თხოვნა. დაახლოებით ხუთი წელი მაშორებს მაიმუნის მდგომარეობასთან. თუმცა, ეს დრო კალენდრის მიხედვით მოკლეა, მაგრამ ჩემთვის უსასრულოდ გრძელი აღმოჩნდა გასავლელად, უკეთ რომ ვთქვათ, გასარბენად...

მე მივილტვოდი ჩინებული ადამიანების, მათი რჩევა-დარიგების, მოწონების შეძახილებისა და საორკესტრო მუსიკის თანხლებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებითად მაინც მარტოდმარტო ვიყავი, რამდენადაც ეგ თანხლება, ხატოვნად რომ ვთქვათ, მუდამ შორს, ბარიერებს გადაღმა რჩებოდა. ჩემი ესოდენი წარმატება შეუძლებელი გახდებოდა, ჯიუტად რომ ჩავბღაუჭებოდი ჩემს წარმოშობასა და ახალგაზრდობის მოგონებებს. სწორედ ყოველნაირი თავნებობისა და სიჯიუტის დათმობა გავიხადე უმაღლეს ნორმად; მე, თავისუფალმა მაიმუნმა, ქედი შევუდგი ამ უღელს. ხოლო ამით თანდათანობით სულ უფრო და უფრო ჩავახშე მოგონებები. თავდაპირველად, თუკი ადამიანები მოისურვებდნენ, ძნელი არ იყო ჩემთვის უკან დაბრუნება, ცასავით ღია ჩანდა უკან დასაბრუნებელი კარი; მაგრამ მათრახის ცემით გამალებულ ჩემს განვითარებაში თანდათანობით დავიწროვდა და დაიხშო იგო; სულ უფრო და უფრო უკეთ, შინაურულად ვგრძნობდი თავს ადამიანთა სამყაროში. დაცხრა ქარიშხალი, რომელიც ჩემი წარსულიდან ქროდა; დღეს ამ ქარიშხლისაგან სუსტი ნიავიღა დარჩა, რომელიც ოდნავ მიგრილებს ფეხის ქუსლებს; ხოლო შორეული ხვრელი, საიდანაც ეს ნიავი უბერავს და საიდანაც ერთ დროს მეც გამოვედი, იმდენად დავიწროვდა, რომ ტყავგაუძრობლად ვეღარც გაეტევი შიგ, უკან დაბრუნების საკმაო ძალა და სურვილი კიდევაც რომ აღმოჩნდეს.

გულახდილად მოგახსენებთ, ჩემთვის ჩვეული ხატოვანებით, მაგრამ სავსებით გულახდილად: თქვენი მაიმუნური წარსული, რამდენადაც ამის მსგავსი რამ თქვენს ზურგს უკან დგას, არ შეიძლება თქვენთვის უფრო შორეული იყოს, ვიდრე ჩემი წარსულია ჩემთვის; ხოლო ეს მაიმუნური წარმოშობა ყველას უღიტინებს ფეხის ქუსლზე, ვინც კი მიწაზე დაიარება, როგორც პატარა შიმპანზეს, ასევე დიდებულ აქილევსს.

მიუხედავად ყოველივე ამისა, თუმცა ფრიად შეზღუდული აზრით, მაინც შემიძლია ვუპასუხო თქვენს შეკითხვას და ამას დიდი სიამოვნებითაც მოვიმოქმედებ. პირველი, რაც მე ვისწავლე, ეს იყო ხელის ჩამორთმევა. ხელის ჩამორთმევა გულწრფელობას ნიშნავს. მე მინდა დღეს, როცა ჩემი კარიერის უმაღლეს მწვერვალზე ვიმყოფები, იმ პირველ ხელის ჩამორთმევას გულწრფელი სიტყვაც მივაშველო. ეს სიყვა არაფერს შეიცავს აკადემიისათვის არსებითად ახალს და დიდად ჩამორჩება იმას, რასაც ჩემგან მოითხოვენ და რის თქმასაც, რაც უნდა მოვინდომო, მაინც ვერ შევძლებ. იგი მხოლოდ იმ მიმართულებას უჩვენებს, რომლითაც ყოფილი მაიმუნი ადამიანთა სამყაროში შეიჭრა და იქ დამკვიდრდა. მე ვერ გავბედავდი მომეხსენებინა თქვენთვის ყოველი წვრილმანი და უმნიშვნელო დეტალი, როგორც ამას ახლა ვაპირებ, სავსებით დარწმუნებული რომ არ ვიყო ჩემი მდგომარეობის სიმტკიცეში და ჩემი ადგილი შეურყევლად გარანტირებული რომ არ მქონდეს ცივილიზებული სამყაროს ვარიეტეების სცენებზე.

მე წარმოშობით ოქროს ნაპირიდან ვარ. ჩემი შეპყრობის ამბავი სხვებისაგან შევიტყვე. ეს ასე მომხდარა: ჰაგენბეკის ფირმის მონადირეთა ექსპედიცია (სხვათა შორის, ამ ექსპედიციის ხელმძღვანელთან ერტად შემდეგ არა ერთი ბოთლი წითელი ღვინო დავცალე) ჩასაფრებულიყო სანაპირო ბუჩქნარში, როცა მე საღამოთი მაიმუნების ჯოგთან ერთად წყლის დასალევად მივიჩქაროდი. ჩვენ გვესროლეს. ტყვია მარტო მე მომხვდა; თანაც, ორ ადგილას დავიჭერი.

ერთი ტყვია ლოყაში მომხვდა; ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა, თუმცა მან საკმაოდ დიდი, მოტიტვლებული წითელი ნაჭრილობევი დამიტოვა, რის წყალობითაც ჩემთვის ფრიად საძულველი, სრულიად შეუფერებელი, ჭეშმარიტად მაიმუნის მიერ შეთხზული სახელი, წითელი პეტერი შემარქვეს; თითქოს მე მხოლოდ ამ წითელი ნაჭრილობევით განვსხვავდებოდე აქა-იქ ცნობილი გაწვრთნილი მაიმუნის პეტერისაგან, რომელიც ამას წინათ მოკვდა. მაგრამ ეს სხვათა შორის მოგახსენეთ.

მეორე ტყვია თეძოს ქვემოთ მომხვდა. ეს მძიმე ჭრილობა იყო; იმის წყალობითაა, რომ დღესაც ცოტათი ვკოჭლობ. ამას წინათ ერთ სტატიაში წავიკითხე (ჩემზე უამრავი თავქარიანი კალმოსანი წერს), თითქოს ჩემი მაიმუნური ბუნება ჯერ კიდევ არ იყოს მთლად დათრგუნული; საბუთად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ნახველების წინაშე დიდი ხალისით ვიხდი ხოლმე შარვალს, რათა მათ ნატყვიარი ვუჩვენო. ამ ვაჟბატონს სათითაოდ უნდა დაუმტვრიო თიტები, რომელთაც ეს დაწერეს. მე სრული უფლება მაქვს, ჩავიხადო შარვალი ვის წინაშეც მომესურვება; ვერაფერს დამინახავენ კარგად მოვლილი ბეწვისა და (აქ საჭიროა შეირჩეს გარკვეული მიზნის შესატყვისი გარკვეული სიტყვა, რომელიც ამასთანავე გაუგებარი უნდა იყოს) ცოდვილი გასროლით წარმოქმნილი ნაჭრილობევის გარდა. არაფერია დასამალი, ყველაფერი დღის სინათლეზე მაქვს გამოტანილი; როცა საქმე ჭეშმარიტებას ეხება, მანერებს უკუაგდებენ ხოლმე, ხოლო იმ კალმოსანმა სტუმრების წინაშე შარვალი რომ ჩაიხადოს, მაშინ, ცხადია, რამდენადმე სხვაგვარი სანახაობა გადაიშლება; და მისი გონიერების ნიშნად მიმაჩნია, რომ ამას არ სჩადის. მე კი მომეშვას თავისი ტაქტითა და დელიკატურობით.

დაჭრის შემდეგ გონს მოვედი (აქ იწყება თანდათანობით ჩემი მოგონებები) გალიაში, ჰაგენბეკის ხომალდის გემბანზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი, ოთხივე მხრიდან გისოსებშემოვლებული გალია. ყუთზე სამი კედელი დაემაგრებინათ; მეოთხე კედელს თვითონ ყუთი ქმნიდა. მთლიანად ეს ნაგებობა ძალიან დაბალი გამოდგა. ასე რომ, ფეხზე ვერ ვდგებოდი. ძალიან ვიწროც იყო და დაჯდომაც გამიჭირდებოდა. ამიტომაც მოხრილი ჩავცუცქდი, მუხლები შეუჩერებლივ მიკანკალებდა. ამასთანავე, რადგან არავის დანახვა არ მსურდა და სიბნელეში ყოფნა მერჩია, პირით ყუთისკენ შევბრუნდი, ისე, რომ უკნიდან გისოსის ღერები შიგ ხორცში მერჭობოდნენ. ახლად შეპყრობილი გარეული ცხოველების ჩამწყვდევის ამგვარ წესს, საერთოდ, უპირატესობას ანიჭებენ, და დღეს ჩემი გამოცდილების შედეგად არ შემიძლია უარვყო, რომ ადამიანური თვალსაზრისით ეს სავსებით გამართლებულია. მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. ჩემს სიცოცხლეში პირველად მოვხვდი ისეთ მდგომარეობაში, როცა არავითარი გამოსავალი არ ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი გზით აქედან გასვლა არ შეიძლებოდა. ჩემ წინაშე ყუთი აღმართულიყო, ფიცარი ფიცარზე იყო მჭიდროდ დამაგრებული. თუმცა, ფიცრებშუა რაღაც ნასვრეტი მოჩანდა, რასაც პირველად უმეცრების ბედნიერი ყმუილით მივესალმე, მაგრამ ეს კუდის გასაყოფადაც კი არ კმაროდა და მისი გაფართოების შესაძლებლობა მაიმუნის ყოველგვარ ძალ-ღონეს აღემატებოდა.

როგორც შემდეგ მითხრეს, უჩვეულოდ მშვიდად და უხმაუროდ მოვქცეულვარ. რის გამოც დაუსკვნიათ, მე ან მალე დავიღუპებოდი, ანდა, კრიტიკულ პერიოდს თუ გადავიტანდი, ერთობ იოლი გასაწვრთნელი ვიქნებოდი. მე გადავიტან ეს კრიტიკული პერიოდი. ჩუმი ზლუქუნი, რწყილების მტკივნეული ძიება, ქოქოსის კაკლის არაქათგამომცლელი ლოკვა, ყუთის კედელზე თავის რახუნი, ვინმეს მოახლოებისას ენის გამოგდება - ეს გახლდათ ჩემი საქმიანობა ჩემს ახალ ცხოვრებაში, ყოველივე ამას კი თან ახლდა ერთადერთი გრძნობა: არავითარი გამოსავალი. ცხადია, დღეს მხოლოდ ადამიანური სიტყვით შემიძლია აღვნიშნო და გამოვხატო, რაც მაშინ მაიმუნის შესაფერისი გრძნობით განვიცადე და თუკი ამით მთლად ზუსტად ვერ გადმოვცემ მაშინდელ მაიმუნურ ჭეშმარიტებას, ყოველ შემთხვევაში, უდაოა, რომ ეგ ჭეშმარიტება ჩემ მიერ აღწერილს უახლოვდება.

ადრე უამრავი გამოსავალი მქონდა, ამჯერად კი არც ერთი არ გამაჩნდა. მე ჩიხში ვიყავი მოქცეული. ზედ ფიცარზე რომ მიველურსმეთ კიდევაც, ამით ოდნავადაც არ შემცირდებოდა გადაადგილების ის თავისუფლება, რაც უამისოდაც მქონდა. ეს კიდევ არაფერი: ფეხის თითებშუა მთლად რომ დამეგლიჯა ხორცი, ან თუნდაც ისე მივწოლოდი უკან გისოსის რკინას, რომ ლამის შუა გავხლეჩილიყავ, ვერავითარ საყრდენს ვერ ვიპოვიდი. მე არ გამაჩნდა არავითარი გამოსავალი, მაგრამ როგორმე უნდა მომეპოვებინა, თუკი სიცოცხლე მინდოდა. როგორ შემეძლო სულ მუდამ ამ ყუთის კედელთან ჩაცუცქული ყოფნა - ასე ხომ სული ამომხდებოდა. მაგრამ ჰანგებეკის ფირმაში ასეა მიღებული: მაიმუნი ყუთის კედელთან უნდა იდგეს. სწორედ ამის შეგნებით დავასრულე ჩემი მაიმუნობა. ეს არის აზრთა მშვენიერი წყობა, რომელიც როგორღაც მუცლით მოვიაზრე, რადგან მაიმუნები მუცლით აზროვნებენ ხოლმე.

ვშიშობ, სწორად ვერ გამიგებენ, თუ რას ვგულისხმობ, როცა "გამოსავალს" ვამბობ. ამ სიტყვას ვიყენებ სავსებით ჩვეულებრივი და სრული აზრით. განგებ არ ვამბობ თავისუფლებას. მე არ ვგულისხმობ ყოველმხრივი თავისუფლების დიდ გრძნობას. როგორც მაიმუნი, შესაძლოა, ვიცნობდი კიდეც თავისუფლებას, ხოლო შემდეგ ადამიანები გავიცანი, რომლებიც მასზე ოცნებობდნენ. მაგრამ, ჩემდა თავად, არც მაშინ მსურდა და არც ახლა მსურს თავისუფლება. სხვათა შორის, უნდა ითქვას, ადამიანები თავისუფლებით ძალზე ხშირად იტყუებენ ხოლმე თავს და, როგორც თავად თავისუფლება, ისევე ეგ თავის მოტყუებაც უზენაეს გრძნობად მიაჩნიათ. ხშირად მინახავს ვარიეტეში ჩემი გამოსვლის წინ მსახიობთა წყვილის მუშაობა მაღლა ტრაპეციაზე. ისინი ქანაობდნენ, ირწეოდნენ, დაეკიდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს მკლავებზე, ერთი მეორეს კბილებით დაატარებდა. "ესეც ადამიანური თავისუფლებაა" - ვფიქრობდი მე - "დიდებული მოძრაობა". ო, წმინდა ბუნების ირონიავ, ვერავითარი მტკიცე ნაგებობა ვერ გაუძლებდა და უეჭველად დაინგრეოდა ამ სურათის შემყურე მაიმუნთა მოდგმის ხარხარისაგან. არა, მე არ მივესწრაფოდი თავისუფლებას, მე მხოლოდ გამოსავალს ვეძებდი; მარჯვნივ, მარცხნივ, საითაც არ უნდა ყოფილიყო; მე არ ვაყენებდი არავითარ სხვა მოთხოვნას; თუნდაც ეგ გამოსავალი მხოლოდ ილუზია ყოფილიყო; ჩემი მოთხოვნა მცირე გახლდათ და არც შესატყვისი ილუზია იქნებოდა უფრო დიდი, ოღონდ დავიძრა ადგილიდან, ოღონდ არ ვიდგე ასე ხელებაწვდილი და ყუთის კედელზე მიკრული.

დღეს ნათლად ვხედავ, რომ უდიდესი შინაგანი სიმშვიდის გარეშე ვერასოდეს ვერ დავაღწევდი თავს ამ მდგომარეობას; ის, რადაც მე ახლა ვიქეცი, მართლაც, იმ სიმშვიდის შედეგი უნდა იყოს, რაც გემზე დამეუფლა, ხოლო სიმშვიდეს, თავის მხრივ, გემზე მყოფ ადამიანებს ვუმადლი.

ყოველივეს მიუხედავად, კარგი ადამიანებიც არსებობენ. ხალისით ვიგონებ დღეს მათი მძიმე ნაბიჯების ხმას, რაც ძილ-ღვიძილში ჩამესმოდა ხოლმე. ისინი ყოველგვარ საქმეს ძალზე ნელა და ზანტად აკეთებდნენ, როცა რომელიმე მათგანს თვალების მოფშვნეტა მოესურვებოდა, ისე წამოსწევდა ხელს, თითქოს ზედ სიმძიმე ეკიდა. მათი ხუმრობა უხესი იყო, მაგრამ გულითადი, მათ სიცილს თითქოსდა სახიფათო, მაგრამ უწყინარი ხველება ერთვოდა ხოლმე. პირში მუდამ რაიმე მოეძევებოდათ გასაფურთხებლად და მათთვის სავსებით სულ ერთი იყო, საითაც გააფურთხებდნენ. მუდამ ჩიოდნენ, რომ ჩემი რწყილები ზედ ახტებოდნენ; მაგრამ ამის გამო სერიოზულად არასოდეს გამჯავრებიან; კარგად იცოდნენ, რომ ჩემს ბეწვში რწყილები იზრდებიან, ხოლო რწყილებს კი ხტუნვა უყვართ. ისინი ფაქტის ამ კონსტანტაციით კმაყოფილდებოდნენ. მოცალეობის ჟამს ზოჰნი ნახევარწრედ შემომისხდებოდნენ ხოლმე გარშემო. ეს ადამიანები უმალ შეჰკრუტუნებდნენ ერთმანეთს, ვიდრე ლაპარაკობდნენ. ყუთებზე გაშოტილნი ჩიბუხს აბოლებდნენ, მუხლზე ხელს დაჰკრავდნენ ერთიმეორეს, როცა ჩემს მცირეოდენ მოძრაობას შეამჩნევდნენ. ზოგჯერ რომელიმე მათგანი ჯოხს აიღებდა და სწორედ იქ შემიღიტინებდა. სადაც განსაკუთრებით მესიამოვნებდა. დღეს ისევ რომ მიმიპატიჟონ იმ გემზე იმგვარადვე სამოგზაუროდ, უარს განვაცხადებ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იმ გემბანიდან მარტო უსიამოვნო მოგონებები არ შემომრჩენია.

სიმშვიდემ, რომელიც ამ ადამიანების წრეში შევიძინე, უპირველეს ყოვლისა, გაქცევის ცდისგან შემეკავებინა თავი. დღეს ისე მეჩვენება, თითქოს მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც გამოსავალი უნდა მენახა, თუკი სიცოცხლე მინდოდა, და რომ ამ გამოსავალს გაქცევით ვერ მივაღწევდი. მე მთლად დარწმუნებული არა ვარ, რომ შესაძლებელი იყო გაქცევა, მაგრამ მაინც მჯერა; მაიმუნისთვის გაქცევა ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს. ჩემი ახლანდელი კბილების პატრონი ფრთხილად უნდა ვიყო კაკლის მტვრევისას, მაშინ კი უთუოდ მოვახერხებდი ბოქლომის დაღრღნას; მაგრამ ეს არ მოვიმოქმედე. ან კი, რას მოვიგებდი ამით? გამოვყოფდი თუ არა გალიიდან თავს, მაშინვე ხელახლა დამიჭერდნენ და კიდევ უფრო უარეს გალიაში ჩამამწყვდევდნენ, ანდა, თუ სხვა მხეცებთან, როგორც არიან, მაგალითად, გიგანტური გველები, მათი მოხვევისას სული ამომძვრებოდა. ან, ვთქვათ, გემბანიდან ბაქანზე გადავმძვრალიყავი და იქიდან წყალში გადავმხტარიყავი; მაშინ ერთხანს ოკეანის ტალღებზე ქანაობა და მერე შიგ დახრჩობა მელოდა: მაშასადამე, ყოველივე ეს ფუჭი იყო. მაშინ მთლად ასე ადამიანურად არ ვანგარიშობდი, მაგრამ ჩემი გარემოცვის წყალობით ისე ვიქცეოდი, თითქოს ასე ნაანგარიშევი მქონდეს.

არ ვანგარიშობდი, მაგრამ ყველაფერს კი ვაკვირდებოდი სრული სიმშვიდით. ვუცქრეოდი ამ ადამიანებს, წინ და უკან რომ დადიოდნენ, მათ მუდამ მსგავს სახეებს, მსგავს მოძრაობებს; ხშირად მეჩვენებოდა, რომ ერთ ადამიანს ვუცქერდი და არა სხვადასხვას. ეს ადამიანი, ანდა ადამიანები მიდი-მოდიოდნენ სრულიად აღუშფოთებლად და სწორედ მაშინ შევიგნე ჩემი მაღალი მიზანი. არავინ დამპირებია, რომ თუკი მათი მსგავსი შევიქნებოდი, კარს გამიღებდნენ. ამგვარ დაპირებას არავინ იძლევა. ხოლო შესატყვისი პირობის შესრულების შემდეგ დაპირებას აღმოვაჩენთ ხოლმე იქაც, სადაც ადრე ვერა ვხედავდით. ამ ადამიანებს მაინცდამაინც არაფერი ჰქონდათ ჩემთვის მიმზიდველი და მაცდუნობელი. მე რომ ხსენებული თავისუფლების მიმდევარი ვყოფილიყავი, უთუოდ ოკეანეში დაღუპვას ვამჯობინებდი იმ გამოსავალს, რაც მათ მჭვუნვარე მზერაში გამოსჭვიოდა. ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო ადრე დავუწყე მათ დაკვირვება, ვიდრე ამგვარ გარემოებაზე დაფიქრებას შევძლებდი; ხოლო მოჭარბებული დაკვირვებანი გარკვეული მიმართულებით მიბიძგებდნენ.

ადამიანების წაბაძვა ერთობ იოლი საქმე აღმოჩნდა. გადაფურთხება პირველ დღეებშივე შევძელი. ჩვენ ვაფურთხებდით ერთმანეთს სახეში; განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მე ამის შემდეგ ლოკვით ვიწმენდდი სახეს, ისინი კი არა. მალე ჩიბუხსაც ვეწეოდი ძველი მწეველივით; და თუ წევის დროს ჩიბუხის თავს ცერით დავაწვებოდი, მთელი გემბანი ერთბაშად მოილხენდა. მაგრამ ცარიელ და გატენილ ჩიბუხს შორის განსხვავების გაგება დიდხანს მიჭირდა.

ყველაზე დიდ გასაჭირში არყის ბოთლმა ჩამგდო. საშინლად მტანჯავდა მისი სუნი; მთელი ძალების დაძაბვით ვაიძულებდი თავს, მაგრამ რამდენიმე კვირამ განვლო, სანამ ამ წინააღმდეგობას დავძლევდი. აღსანიშნავია, რომ ადამიანები განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ჩემს შინაგან ბრძოლას ეკიდებოდნენ. კვლავ ერთმანეთისგან განუსხვავებლად ვიხსენებ ამ ადამიანებს, მაგრამ ის კი მაგონდება, რომ ერთ-ერთი მათგანი, მარტო თუ ამხანაგებთან ერთად სხვადასხვა დროს, დღითა თუ ღამით, მოდიოდა ხოლმე ჩემთან, ბოთლით ხელში დადგებოდა ჩემ წინ და მამეცადინებდა. მას ჩემი ვერ გაეგო და ცდილობდა ჩემი არსებობის გამოცანა აეხსნა. ეს კაცი ნელ-ნელა თავს მოხდიდა ხოლმე ბოთლს და დამაკვირდებოდა, გაიგო თუ არა, რას ნიშნავს ყოველივე ესო. უნდა ვაღიარო, მე სულ უფრო და უფრო გაშმაგებული ვაკვირდებოდი ამ კაცს. ადამიანი-მასწავლებელი მთელი დედამიწის ზურგზე ვერსად იპოვნის ამგვარ ყურადღებიან ადამიან-მოწაფეს. საცობის მოხდის შემდეგ ბოთლს პირისაკენ წაიღებდა. თვალს მივადევნებდი და მზერით რამის ყელში ჩავუძვრებოდი. ადამიანი თავს მიქნევდა, ჩემით კმაყოფილი, და ბოთლს ტუჩებზე მიიყუდებდა. თანდათანობითი შემეცნების გამო აღგზნებული ჭყლოპინით ვიკაწრავდი ტანს სიგრძე-სიგანეზე, სადაც კი მომიხდებოდა; ადამიანი, ყოველივე ამით გახარებული, მიიყუდებდა ბოთლს და გადაჰკრავდა; ვცდილობდი აქაც მივყოლოდი და მოუთმენლობისა და სასოწარკვეთილებისაგან ჩავისვრიდი ხოლმე ჩემს გალიაში, რაც მას დიდ კმაყოფილებას გვრიდა; შემდეგ წინ გაიწვდენდა ბოთლს, ტუჩთან მიიტანდა და სუმოუთქმელად დაცლიდა პედაგოგიური მოსაზრებით ზედმეტად უკანგადახრილი; ერთობ დიდი სურვილისაგან არაქათგამოლეული, ვეღარ მივდევდი და გისოსზე დავეკიდებოდი ხოლმე, როცა ადამიანი თეორიული გაკვეთილის ბოლოს მუცელზე ხელს გადაისვამდა და გაიკრიჭებოდა.

შემდეგ დაიწყებოდა პრაქტიკული ვარჯიში. თითქოს თეორიული მეცადინეობით საკმარისად არ ვყოფილიყავი დაქანცული. მაგრამ ესეც ჩემი ხვედრი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ხელს ვტაცებდი გამოწვდილ ბოთლს, აცახცახებული მოვხდიდი თავს; წარმატებისგან თანდათანობით ძალა მემატებოდა; ზეაღვმართავდი ბოთლს, ზუსტად ისევე, როგორც ჩემი მასწავლებელი აკეთებდა, მივიყუდებდი და ზიზღით გადავისროდი, ზიზღით, მიუხედავად იმისა, რომ ბოთლი ცარიელი იყო და მხოლოდ სუნი უდიოდა; ზიზღით დავანარცხებდი ბოთლს იატაკზე ჩემი მასწავლებლის სამწუხაროდ და კიდევ უფრო მეტად ჩემდა სამწუხაროდ; ვერც მას ვამშვიდებდი და ვერც თავს ვიმშვიდებდი იმით, რომ ბოთლის გადასროლის შემდეგ არ ვივიწყებდი მუცელზე ხელის გადასმას და გაკრეჭას.

ძალზე ხშირად სწორედ ამგვარად ჩაგვიტარებია მეცადინეობა და, ჩემი მასწავლებლის სასიქადულოდ უნდა ითქვას, იგი არასოდეს არ გამჯავრებია; მართალია, ზოგჯერ ზედ ბეწვზე მომადებდა ანთებულ ჩიბუხს და იქამდე ეჭირა, სანამ ბეწვი ტრუსვას არ დაიწყებდა ჩემთვის ძნელად ხელმისაწვდომ ადგილას; მაგრამ შემდეგ თვითონვე ჩააქრობდა თავისი ვეებერთელა, კეთილი ხელით; არ მიწყრებოდა, იცოდა, რომ ჩვენი ორივე ერთნაირად ვიბრძოდით მაიმუნური ბუნების წინააღმდეგ და რომ ამ ბრძოლაში ჩემი ხვედრი უფრო მძიმე იყო.

რაოდენ დიდი იყო ჩვენი გამარჯვება, როცა მე ერთ საღამოს მაყურებელთა დიდი წრის წინაშე (მაშინ, ალბათ, რაღაცას დღესასწაულობდნენ, გრამაფონი უკრავდა და სხვებთან ერთად ოფიცერიც სასეირნოდ გამოსულიყო), თითქმის სრულიად უყურადღებოდ მიტოვებულმა, ჩემი გალიის წინ შევდომით დარჩენილ არყის ბოთლს წავავლე ხელი, მზარდი ყურადღებით გარემოცულმა, ბოთლს თავი მოვხადე ნასწავლი ხერხით, პირზე მივიყუდე და უყოყმანოდ, ტუჩების ამრეზის გარეშე, პროფესიონალი მსმელის მსგავსად, თვალებგადმოკარკლულმა ნელ-ნელა, რაკრაკით, ბოლომდე დავცალე; მერე გადავისროლე ბოთლი, მაგრამ ამჯერად არა სასოწარკვეთილებით, არამედ ხელოვანის თავდაჯერებულობით, თუმცა მუცელზე ხელის გადასმა კი დამავიწყდა. სამაგიეროდ, გრძნობათა მოჭარბების გამო თავი ვეღარ შევიკავე და ადამიანური ხმით "ჰელლო" წამოვიძახე; ადამიანუ ხმა გავიღე და ამგვარად ადამიანთა საზოგადოებაში ვისკუპე; მისი ექო: "ყური უგდეთ, ლაპარაობს!" კოცნის მსგავსად აღიბეჭდა სხეულზე.
ვიმეოერბ: თავისთავად სრულიადაც არ მიზიდავდა ადამიანების წაბაძვა; ვბაძავდი, რადგან გამოსავალს ვეძებდი. მაგრამ მოპოვებული გამარჯვება ჯერ არ იყო საკმარისი. მალე კვლავ მიმტყუნა ხმამ, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღვიდგინე: არყის ბოთლისადმი ზიზღი კიდევ უფრო მეტის ძალით შემომიტევდა ხოლმე, მაგრამ საქმე ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გეზი და მიმართულება ვიპოვნე.

როცა ჰამბურგში მწვრთნელს მიმაბარეს, მივხვდი, რომ  მხოლოდ ორი შესაძლებლობა გამაჩნდა: ზოოლოგიური ბაღი და ვარიეტე. მე არ შევყოყმანებულვარ. ვუთხარი ჩემს თავს: ყველა ღონე იხმარე, რათა ვარიეტეში მოხვდე; ეს არის გამოსავალი; ზოოლოგიური ბაღი მხოლოდ გალიაა; ში თუ მოხვდი, დაიღუპები.

მე ვსწავლობდი, ჩემო ბატონებო. ან კი, ვინ დაიზარებს სწავლას, როცა ასე სჭირდება, როცა გამოსავალს ეძებს; ასეთ შემთხვევაში სწავლობენ ხოლმე უმოწყალოდ, მათრახით ხელში მეთვალყურეობენ საკუთარ თავს. ყალყზე შემდგარი მაიმუნური ბუნება გააფთრებულ წინააღმდეგობას მიწევდა ისე, რომ ჩემი პირველი მასწავლებელი თითქმის თავად იქცა მაიმუნად; მეცადინეობა შეწყვიტა და საავადმყოფოში წაიყვანეს; საბედნიეროდ, იქიდან მალე დაბრუნდა.

ბევრი მასწავლებელი გამოვიცვალე, უფრო მეტიც, რამდენიმე მასწავლებელი ერთდროულად მყავდა. როდესაც დავრწმუნდი ჩემს უნარში, როდესაც საზოგადოება აღიარა ჩემი მომავალი სავსებით ნათლად გამოიკვეტა, თვითონვე ავიყვანე მასწავლებლები, დავსვი ხუთ ერთმანეთზე მიყოლებულ ოთახში. ერთი ოთახიდან მეორეში განუწყვეტლივ ვხტოდი და ასე, ხუთივესთან ერთდროულად გავდიოდი წვრტნას.

დიდი იყო ჩემი წარმატება. თანდათანობით გამოღვიძებულ ჩემს ტვინში ყოველი მხრიდან იჭრებოდა ცოდნის სხივები, არ უარვყოფ; ფრიად მახარებდა ყოველივე ეს. ამავე დროს იმასაც მოგახსენებთ, რომ გადაჭარბებით არც მაშინ შემიფასებია ჩემი წარმატებები და მით უფრო, არც ახლა ჩავიდენ ამას. დიდი მონდომების წყალობით, რომლის მსგავსი შემდგომ მთელს დედამიწაზე აღარ განმეორებულა, მივაღწიე ევროპელი კაცის განათლების საშუალო დონეს. ეს იქნებ თავისთავად იმდენი არაფერია, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, რამდენადაც მე მისი საშუალებით ეგ განსაკუთრებული გამოსავალი, ადამიანური გამოსავალი, მოვიპოვე და გალიას თავი დავაღწიე. არსებობს შესანიშნავი გერმანული გამოთქმა: ბუჩქებში მიმალვა; მე სწორედ ეს მოვიმოქმედე, ბუჩქებში მივიმალე, ე.ი. ხიფათს განვერიდე. სხვა გზა არ მქონდა, რადგან თავისუფლების არჩევანი არცა მდგარა ჩემ წინაშე.
თვალს რომ გადავავლებ ჩემს განვითარებას და ჩემს აქამომდელ მიზანს, არც არაფერს ვუჩივი და არც მაინცდამაინც კამყოფილი ვარ. ხელები შარვლის ჯიბეებში მიწყვია, მაგიდაზე ღვინის ბოთლი მიდგას, წამოწოლილი ვარ სარწეველა სავარძელზე და ასე ვიცქირები ფანჯარაში. როდესაც ჩემთან სტუმრად მოდიან, როგორც წესი და რიგია, ისე ვხვდები. იმპრესარიო წინა ოთახში მიზის; ზარს დავრეკავ და მაშინვე ჩემთან შემოვა, რათა მომისმინოს; საღამოობით თითქმის ყოველთვის წარმოდგენაზე ვარ, სადაც, უნდა ითქვას, უკვე აღარ მატულობს ჩემი წარმატება. როდესაც გვიან ღამით რომელიღაც ბანკეტიდან თუ მეცნიერული საზოგადოებიდან, ანდა შინაურული, მყუდრო თავყრილობიდან შინ ვბრუნდები, იქ მელოდება გაწვრთნილი დედალი შიმპანზე, რომელთანაც მე მაიმუნურ ყაიდაზე სიტკბოებას ვეძლევი ხოლმე. დღისით გავურბი მის დანახვას, რადგან დაბნეული გაწვრთნილი ცხოველის მზერა აქვს. ამას მხოლოდ მე ვამჩნევ და არ შემიძლია ავიტანო.

საერთოდ, უნდა მივაღწიო იმას, რისი მიღწევაც მინდოდა.  არავინ იფიქროს, რომ ყოველივე ეს არ ღირდა ოფლის ღვრად, კაცმა რომ თქვას, არც ვსაჭიროებ ადამიანთა შეფასებას და განაჩენს, მე მხოლოდ ცოდნის გავრცელება მსურს, მე მხოლოდ ცნობებს ვიძლევი; თქვენც, უფალო აკადემიკოსებო, მხოლოდ მოგახსენეთ და ცნობები მოგაწოდეთ.

თარგმნა - ზურაბ კაკაბაძემ