ჩეზარე პრანდელი - ანდრეა პირლო

იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2014

ანდრეა პირლო განსაკუთრებული და მოსაფრთხილებელი ადამიანების კატეგორიაში შედის - ის ყველას ფეხბურთელია. ყველა მოედანი მისია, მისი ქომაგობა რაღაც სხვაა, მეტი, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული ფეხბურთელისა და კლუბის ქომაგობა შეიძლება იყოს. მასში იტალიას ხედავენ. არ გამიკვირდება თუ გავიგებ, რომ ღამით ეროვნული ნაკრების ფორმის ფერი მაისურით სძინავს. ნაკრებისა, რომელთანაც უსაზღვრო, ამოუწურავი სიყვარული აკავშირებს.

ვიდრე ისეთ ანდრეაზე ვისაუბრებდე, როგორიც დღესაა (ხვალ, ან ყოველთვის იქნება), მინდა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგა და იმ დროში დავბრუნდე, როცა ბერგამოში, ატალანტას ახალგაზრდულ გუნდს ვწვრთნიდი. მთელი კვირის განმავლობაში, ჩემს გუნდთან ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეების ან ნიჭიერი, პერსპექტიული ფეხბურთელების შესახებ ვლაპარაკობდით. ვსწავლობდით „მილანს“, „ინტერს“, განსაკუთრებით კი „ბრეშას“.

ერთ დღეს, ვარჯიშის დაწყებამდე, გასახდელში ჩემი თანაშემწე შემოვიდა. სახეზე ფერი არ ედო: „ჩეზარე, უნიჭიერესი ბიჭი ვნახე... გასაგიჟებელი ვინმეა. „ბრეშას“ დუბლებში თამაშობს... სამწუხაროდ!“ თანაშემწის ნათქვამს იმდენად არ გავუოცებივარ, რამდენადაც მისმა ემოციამ გამაოგნა. განცდისგან ფერდაკარგული მელაპარაკებოდა ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში ათასობით მატჩი უნახავს. ამან გამაკვირვა.

მეორე კვირას, „ატალანტა“ შინ სწორედ „ბრეშას“ ეთამაშებოდა. გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც ის გალეული, თანაგუნდელებზე ორი-სამი წლით უმცროსი, ნიჭიერი ბიჭი თამაშობდა. ეს პირლო იყო.

თამაშზე საოცარი რამ მოხდა. მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია. გაოგნებული ვადევნებდი თვალს ამ პატარა ბიჭს და მეგონა, რომ ყველა - მოედანზე მყოფიც და მაყურებელიც - მხოლოდ მას უყურებდა და ჩემს მსგავსად ფიქრობდა: „ეს ახალი მოთამაშეა“. ჩემს თვალში ის არასოდეს ყოფილა ბავშვი.

პირლო ფეხბურთია. ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა. მისგან უარყოფითი არაფერი მახსოვს. ის ბურთის ფლობის განსახიერებაა. ამიტომაც არის ყველას ფეხბურთელი. პირლო ბურთთან ყოველი შეხებით პოზიტიურ გზავნილს გასცემს - ძალზე ჩვეულებრივი ფეხბურთელიც შეიძლება იყოს ძალიან მაგარი. იმ დღეს ბერგამოში ნიჭი აღმოვაჩინეთ. გავოცდი. ახლაც მოედანზე ყველაფერს წარმოუდგენელი ბუნებრივობით აკეთებს, მნახველს ყველა უარყოფითი განცდისაგან ათავისუფლებს. ამიტომაცაა, რომ იტალიის ნაკრების თამაშის შემდეგ, გასახდელთან ყოველთვის მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეთა რიგი დგება, ყველას უნდა მასთან მაისურის გაცვლა. პირლო მეტოქესაც ხიბლავს.

ნამდვილი საოცრება კი ის არის, რომ პირლო ლიდერია. მდუმარე ლიდერი. ფეხბურთის სამყაროში კი ეს ძალზე იშვიათია. ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში, ერთ შესანიშნავ ადამიანს - გაეტანო შირეას ვიცნობდი. პირლო საოცრად ჰგავს მას, როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათით. ამ ჩუმი ლიდერების წინაშე - იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა გადაწყვეტენ გასახდელში, საუბარში ჩაერთვნენ - ყველა ჩუმდება. ორჯერ შევესწარი მსგავს სცენას. გაეტანოსთან, როგორც მისი თანაგუნდელი, ანდრეასთან კი როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს ორი მომენტი არასოდეს დამავიწყდება. პირველ შემთხვევაში გაოგნებული ვიყავი, მეორეში - მონუსხული. ორივე ჩემთვის გაკვეთილად იქცა: ის, ვინც ტონს არ უწევს, სიმშვიდის სანაცვლოდ ყველაფერს იღებს, მათ შორის გარშემომყოფების უზომო პატივისცემასაც.

ამ წიგნში ანდრეა ამბობს: „2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შევწყვეტ იტალიის ნაკრებში თამაშს და გულს ლურსმანზე ჩამოვკიდებ, მაგრამ იქამდე არავინ - ჩეზარე პრანდელის გარდა (ისიც მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით თუ მიიჩნევს საჭიროდ) - არავინ მისცეს თავს უფლება, რომ გუნდის დატოვება მთხოვოს“. მინდა ანდრეას ვუთხრა: მე ამ პასაუხისმგებლობას არასოდეს დავაკისრებ საკუთარ თავს. მწვრთნელისათვის ყველაზე რთულია მოთამაშეს უთხრას „კმარა“. მსგავსი რამ ალბათ თავად მოთამაშესთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა საუბარი არც ღირს. ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ ანდრეა გუნდს ჩამოვაშორო. ისეთი ადამიანები, როგორებიც ის და ჯიჯი ბუფონია, სამყაროსთვის იტალიის სულს წარმოადგენენ. ყველა რომ ისეთი ღირსებით ატარებდეს ეროვნული ნაკრების ცისფერ მაისურს, როგორც ეს ორი, სამყარო ბევრად ლამაზი იქნებოდა. უამრავი სირთულის მიუხედავად, მათ იგივე მოტივაცია შეინარჩუნეს, რაც ნაკრებში მოსვლის პირველივე დღეს ჰქონდათ.

ანდრეა ოცნებისთვისაა გაჩენილი. იმისთვის, რომ იოცნებოს და ოცნება შეგვაძლებინოს. ის ისეთივე დარჩა, როგორიც იმ დღეს იყო, „ბრეშაში“ თავისზე დიდი მაისური რომ ეცვა. იმ დღეს ბერგამოში საგანგებოდ შევიკრიბეთ მასზე სასაუბროდ. პრეზიდენტი პერკასი, ეს საოცარი ადამიანი, მაშინვე მიხვდა, რომ საქმე განსაკუთრებულ სიფაქიზეს მოითხოვდა. არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები: „პირლო იქ დარჩება, სადაც არის, რადგან მისნაირი ადამიანები განსაცდელში არ უნდა ჩააგდო. თამაში იმავე სიხალისით უნდა განაგრძოს და ბედნიერი უნდა იყოს ამით. არ მინდა რაიმე წნეხის ქვეშ მოექცეს. ყოველთვის ყველას ფეხბურთელად უნდა დარჩეს“.

პერკასიმ ყველაფერი ზუსტად გაიგო. პერკასიმ პირლო გაიგო.

საგამომცემლო პროექტი ფეხბურთელების ბიოგრაფიები | გამომცემლობა "არტანუჯი"