გაბრიელ გარსია მარკესი - სასწაულებით მოვაჭრე ყოჩაღი ბლაკამანი

პირველად ერთ კვირა დღეს ვნახე სანტა მარია დელ დარიენის ნავსადგურში, წამლებითა და დამამშვიდებელი ბალახებით სავსე მაგიდაზე შემომჯდარი. მუშტარს რომ უხმობდა ძარღვებში სისხლის გამყინავი ყვირილით. ჟღარუნებასხმულს, ოქრომკედით ნაქარგი ხავერდის აჭიმები და ათივე თითზე სხვადასხვა ფერისთვლიანი ბეჭდები ეკეთა.

დავინახე თუ არა, მონოსაბიოს (კაცი, რომელიც განსაზღვრულ სამუშაოს ასრულებს კორიდის დროს) ჯორი გამახსენდა. არა, იმ დღეს მყიდველებს კი არ უხმობდა, არამედ იხვეწებოდა, რაც შეიძლება შხამიანი გველი მოეყვანათ, რათა საკუთარ სხეულზე გამოეცადა თავისივე სასწაულმოქმედი წამალი - გველის, ტარანტულის, მრავალფეხას და სხვა შხამიან ქვეწარმავალთა ნაკბენის საწინააღმდეგო უებერი საშუალება. მისი გამბედაობით მოხიბლულმა ვიღაც უცნობმა, არავინ იცის საიდან. ბოთლში ჩამწყვდეული საზარელი შხამიანი ქვეწარმავალი მოარბენინა, სწორედ ის, მსხვერპლს პირველად სუნთქვას რომ უწამლავს. მანაც ისეთი სიამოვნებით მოხსნა ბოთლს თავი, ვიფიქრეთ, შეჭმას უპირებსო, მაგრამ ქვეწარმავალი, თავისუფლება იგრძნო თუ არა, ბოთლიდან ამოსხლტა და თვალის დახამხამებაში კბილები დაასო ყელზე. კაცმა ძლივს მოასწრო წამლისთვის ეტაცა ხელი. მიწაზე დაცემულ ისიმწრით იკლაკნებოდა, მაგრამ ოქროს კბილჩენით სიცილი არ შეუწყვეტია. ისე საშინლად როხროხებდა, ამერიკულ ჯავშნოსანზე, - კეთილი ნების ვიზიტით ოცი წლის წინ ნავსადგურში ღუზა რომ ჩაუშვა, - შხამის შეღწევის თავიდან ასაცილებლად კარანტინი გამოცხადდა. მისი სიკვდილის სანახავად ეკლესიაში საკირაო მესაზე შეკრებილი ხალხი გამოეფინა. მომაკვდავი თანდათან სივდებოდა. უკვე ორჯერ მეტი გახდა, პირზე დუჟი მოსვლოდა, ფრუტუნებდა, მაგრამ თან ისე გულიანად ხარხარებდა, მთელ ტანზე ჟღარუნები უხტოდა. ამასობაში დაბერილმა წყლულებმა ჯერ წინდების ზონრები დააწყვიტა, მერე, ტანსაცმლის ნაკერები დასიებულ თითებზე წამოცმულმა ბეჭდებმა თითქოს შეუწყვიტა სისხლის მოძრაობა, დამარილებული ირმის ტყავის ფერი დაედო და ცხენისებრი გავიდან რაღაც წვრილ-წვრილი ნაფლეთები რომ დასცვივდა, ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ენახა ამ საზარელ ქვეწარმავლის ნაკბენი, მიხვდა, მომაკვდავი ხრწნას იწყებდა და მალე ისე დაიშლებოდა, ნიჩბებით მოუწევდათ აფხეკა და ტომარაში ჩაყრა. თან ფიქრობდნენ, ნაკუწ-ნაკუწ დაშლილიც ალბათ სიცილს გააგრძელებსო.

ამ საოცრების შემყურე მეზღვაურთა ბავშვები ფერადი სურათების გადასაღებად გემბანს მოაწყდნენ, მაგრამ წირვიდან გამოსულმა ქალებმა მომაკვდავს მოსასხამი გადააფარეს და ზედ იაზმანაპკურები ხელები დააწყეს. ზოგს არ უნდოდა ბავშვებს ადვენტისტური (ქრისტიანული სექტანტები, რომლებიც ქადაგებენ "მეორედ მოსვლის" მოახლოებას. ეს მიმართულება წარმოიშვა აშშ-ში XIX ს. 30-იან წლებში) აპარატით წაებილწათ მომაკვდავი. ზოგს შიშს ჰგვრიდა ამ ურჯულოს ყურება, სიცილით რომ შეეძლო სიკვდილი, დანარჩენებმა იფიქრეს, იქნებ ამ საცოდავის სული მაინც ვიხსნათ გახრწნისგანო. ყველას მკვდარი ეგონა, როცა ტოტები ხელის ერთი მოსმით მიყარ-მოყარა, განცდილით ოდნავ დასუსტებული, მაინც სხვის დაუხმარებლად დაეყრდნო მაგიდას. ზედ კურდღელივით შეხტა და წუთის შემდეგ უკვე თავისი წამლის, ბოთლში ჩასხმული ამ ღვთის წყალობის ქებაში იყო. სულ რაღაც ორი კუარტილიო რომ ღირდა. მას ხომ მოგება კი არა, კაცობრიობის კეთილდღეობა აინტერესებდა მხოლოდ. აბა, ვინ თქვა, ერთიო? ოღონდ მას ნუ გადათელავთ. ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გეყოფათ.

რაღა თქმა უნდა, კინაღამ გადათელეს და სწორედაც მოიქცნენ, რადგან ყველას არ შეხვდა. ჯავშნოსნის ადმირალმაც კი, მისგან შთაგონებულმა - ეს წამალი ანარქისტების მოწამლული ტყვიისგან მიყენებული ჭრილობის განკურნების უებარი საშუალებააო. - იყიდა ერთი ბოთლი. მეზღვაურებმა, მომაკვდავის გადაღება რომ არ დასცალდათ, მაგიდაზე შემხტარს ფერადი სურათები გადაუღეს და სანამ ხელი არ აუკანკალდა, ავტოგრაფებს ართმევდნენ. ამასობაში შებინდდა, ნავსადგურში მხოლოდ ყველაზე დაბნეულები დავრჩით. მან ბოთლების შენახვა გადაწყვიტა და ბრიყვული გამომეტყველების მქონე თანაშემწეს დაუწყო ძებნა. არჩევანი, რაღა თქმა უნდა, ჩემზე შეაჩერა. ეს ბედისწრა იყო. მარტო ჩემი კი არა, მისიც. იმ დღიდან საუკუნეზე მეტია გასული და ორივეს ისე ცხადად გვახსოვს ყველაფერი, თითქოს გასულ კვირას მომხდარიყოს. ის იყო, მის ძოწისფერ სკივრში, უფრო სწავლულის კუბოს რომ წააგავდა, ბოთლების ჩალაგება დავიწყეთ, რომ უცებ რაღაც სხვა თვალით შემომხედა, ეტყობა, ისეთი რამ დაინახა ჩემში, ადრე რომ არ შეუმჩნევია და წარბშეკრულმა მკითხა, ვინ ხარო, ვუპასუხე, დედ-მამით ობოლი ვარ, თუმცა მამა ჯერ ცოცხალი მყავს-მეთქი. ასე გულიანად, მომაკვდავი რომ გორავდა მიწაზე, მაშინაც არ უცინია, სული რომ მოითქვა, იმით დაინტერესდა, რას ვაკეთებდი, ვუპასუხე, რომ მხოლოდ ვცოცხლობდი, რადგან ამქვეყნად სხვა არაფრისათვის ღირდა თავის შეწუხება. სიცილისაგან ცრემლები წამოსცვივდა და მკითხა, თუ არსებობს მეცნიერება, შესწავლა რომ გინდოდესო? მეც სავსებით სერიოზულად მივუგე, წინასწარმეტყველი მინდა გავხდე-მეთქი. სიცილი ერთბაშად მოსხიპა და თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს შეუძლებელი სულაც არ არის, მით უფრო, რომ პირველი პირობა - ბრიყვული გამომეტყველება უკვე თვალნათლივ ჩანსო. იმავე ღამეს მოელაპარაკა მამაჩემს და ერთ დასტა სამარჩიელო ფსონის ქაღალდად, ერთ რეალად და ორ კუარტილიოდ მიყიდა.

აი, ასეთი იყო საზიზღარი ბლაკამანი, საზიზღარი იმიტომ, რომ კარგი მე თავად გახლავართ. ხუმრობა-ხუმრობაში ნებისმიერ ასტრონომს დაარწმუნებდა, თებერვალი სხვა არაფერია, თუ არა უხილავი სპილოების ჯოგიო. მაგრამ, თუ ბედი უმუხთლებდა, გულღრძო ხდებოდა ხოლმე.

თავის დიდების ხანაში გარდაცვლილ მეფისნაცვალთ აბალზამებდა, როგორც ამბობენ, ისე ოსტატურად, რომ თურმე სიკვდილის შემდეგ უკეთ განაგებდნენ ქვეყანას, ვიდრე სიცოცხლეში და სანამ თვითონვე არ დაუბრუნებდა მათ მიცვალებულის გამომეტყველებას, დამარხვას ვერავინ ბედავდა. ავტორიტეტი მაშინ შეერყა, დაუსრულებლად სათამაშო ჭადრაკი რომ მოიგონა, რასაც ერთი კაპელნის ჭკუაზე შერყევა და ორი გახმაურებული თვითმკვლელობა მოჰყვა. ამის შემდეგ სიზმრების უბადლო ამხსნელი დაბადების დღეებზე ჰიპნოზიორად იქცა, კბილის შთაგონებით ამომღები - ბაზრობის ექიმბაშად და იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით, მეკობრეებიც დამცინავად უყურებდნენ. ჩვენ კი მივყვებოდით დინებას სასწაულებით სავაჭრო მაგიდით, ვყიდდით სანთლებს, კონტრაბანდისტებს უჩინრად რომ აქცევდა, საიდუმლო წვეთებს, რომელსაც მონათლული ცოლები ღვთის შიშის გასაღვიძებლად ჰოლანდიელ ქმრებს წვნიანში ჩუმად უსხამდნენ და საერთოდ ყველაფერს, რის შეძენასაც ისურვებთ, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ მხოლოდ გირჩევთ, ბრძანებას როგორ გავბედავთ. სად გაგონილა ბედნიერების ძალად თავს მოხვევა! მის ხუმრობაზე, იცოცხლე, ჩვენ ვიცინოდით, თუმცა რა გვაცინებდა, ლუკმაპურს ძლივს ვშოულობდით და იმედად ჩემი წინასწარმეტყველად ქცევაღა გვრჩებოდა. მე საგანგებოდ ამ საქმისთვის აღჭურვილ, გემის ბოროტის ჯაჭვებით შეკრულ კუბოს მსგავს სკივრში მკეტავდა. თვითონ კი გრამატიკის სახელმძღვანელოს ქექავდა იმ სიტყვების საპოვნელად, ხალხს რომ მის ახალ აღმოჩენაში დაარწმუნებდა: და აი, იგი თქვენ წინაშეა, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ, ვგონებ, არ გჯერათ. აბა, მოიკრიბეთ მხნეობა და ჰკითხეთ, როდის მოვა თქვენი აღსასრულის დღე. მაგრამ აღსასრულის დღეს ვინ ჩივის, კვირის დღეებიც ერთმანეთში მერეოდა. ბოლოს, ბლაკმანმა ჩემი წინასწარმეტყველად ქცევის ყოველგვარი იმედი დაკარგა. ჯოხით მაგრად მიმბეგვა და გადაწყვიტა მამაჩემთან დავებრუნებინე, ჩემს საფასურად მიცემული ფული კი უკან გამოერთმია, მაგრამ, შემთხვევის წყალობით, იძულებული გახდა ცოტა ხანს კდიევ ავეტანე. სწორედ იმ ხანებში ელექტრონულ საკერავ მანქანას აწყობდა, რომელიც სხეულის მტკივან ნაწილზე მანქანასთან შეერთებული კოტოშის დადებით ამოქმედდებოდა ხოლმე და რადგან მე მთელი ღამეები წყლულებს ვიშუშებდი, გამოგონების გამოსაცდელად ჩემზე უკეთესს ვის იშოვიდა? ასე რომ, ჩემი მიბრუნება დროებით გადაიდო და მასაც გუნება გამოუკეთდა - მანქანა მარტო საუკეთესოდ როდი კერავდა, ტკივილის სიძლიერის კვალობაზე ჩიტებსაც კი ქარგავდა.

ის-ის იყო უბედურების საბოლოოდ განდევნა უნდა გვეზეიმა, რომ ხმა მოგვწვდა: ჯავშნოსანის ადმირალმა ფილადელფიაში შხამსაწინააღმდეგო წამლის ხელახლა გამოცდა მოისურვა და მთელი შტაბის თვალწინ ხილფაფის მსგავს მასად იქცაო. კარგა ხანია მისი სიცილი აღარ გამიგია. ჯერ ინდიელთა გამოქვაბულებს ვაფარებდით თავს და რაც მეტად ვიმალებოდით, ერთიმეორეზე უარესი ხმები აღწევდა ჩვენამდე: თურმე ჯავშნოსნის მეზღვაურთა შვილები მთელ ქვეყანას მოსდებოდნენ, ვითომდა ყვითელი ციებ-ცხელების წინააღმდეგ საბრძოლველად და, თუკი სადმე შემთხვევით ქილებით მოვაჭრე მოხუცს გადააწყდებოდნენ, ულაპარაკოდ უსწრაფებდნენ სიცოცხლეს. მარტო ადგილობრივ მოსახლეობას კი არ ერჩოდნენ, ჩინელებსაც ხოცავდნენ - გასართობად, ზანგებს - ჩვეულებისამებრ, ინდუსებს - იმიტომ, რომ  გველებს წვრთნიდნენ და შემდეგ მათ გვამებს ათასგვარი მცენარეებით, მწერებით და მინერალებით ავსებდნენ თავიანთ ქვეყანაში გაგონილი ჰქონდათ: კარიბის ხალხს, ოღონდ გრინგოებს ავნოს და, რაც კი ბუნებაში არსებობს, ყველაფრად გადაქცევა შეუძლიაო. ვერ გამეგო, რატომ გვდევნიდნენ გრინგოები ან ჩვენ ასე რად გვეშინოდა მათი და რატომ ვიმალებოდით გუახირაში, სადაც უსასრულოდ ქროდა ქარი. მხოლოდ იქ გაბედა და გამომიტყდა, რომ მისი შხამსაწინააღმდეგო საშუალება სკიპიდარში არეული რევანდი იყო, ხოლო ცდის ჩასატარებლად ორ კუარტილიოდ მოყვანილ გველს წინასწარ შხამი ჰქონდა გამოცლილი. ჩვენ ყოფილი კოლონიის ნანგრევებში დავბანაკდით. მთელ ამ მოლოდინში თავდაპირველად შებოლილ სალამანდრებსა და წვრილ-წვრილ ქიშმიშს ვჭამდით. მისი წინდების მოხარშვა რომ მოგვიწია, ჯერ კიდევ შეგვწევდა სიცილის ძალა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც წყლის ობობების ჭამა დავიწყეთ, დავაფასეთ ხალხის სიახლოვის სიკეთე. მაშინ სიკვდილის საწინააღმდეგო არავითარი საშუალება არ ვიცოდი, ამიტომ ვიწექი და ვცდილობდი გამერკვია, სად უფრო ნაკლებად მტკიოდა, ის კი ამ დროს სიკვდილს დასცინოდა ვიღაც ქალზე ბოდვით, რომელიც თურმე ისე ნაზი ყოფილა, ერთი ამოსუნთქვით კედელში გადიოდა.

რომ მეგონა, ახლა კი ორივეს აღსასრული მოვიდა-მეთქი, სიცოცხლით სავსე მომიახლოვდა აგონიაში ჩავარდნილს, მთელი ღამე მდარაჯობდა და ისე გამალებით ფიქრობდა, დღესაც ვერ გეტყვით, ქარი ზუზუნებდა ნანგრევებში თუ მისი ფიქრები. გამთენიისას, ძველებური ხმით და რიხით გამომიცხადა, ახლა კი ყველაფერს მივხვდიო, თურმე ნუ იტყვით, და, საქმის უკუღმა წასვლა ჩემი ბრალი ყოფილა და, რადგან ასე იყო, კეთილი უნდა მენება და მევე გამომესწორებინა მდგომარეობა. თუკი ჩემი სიბრალული რამ შერჩენოდა, იმ დღიდან ისიც დაივიწყა. ეკლიან მავთულში გამახვია, წყლულებს გვარჯილიანი ქვებით მიხეხავდა, საკუთარ ოფლსა და სიბინძურეში მახრჩობდა, ბოლოს, უფრო კარგად გაიხრწნასო, მზის გულზე კოჭებით დამკიდა და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ ყვიროდა, ხორცის მოკვდინება საკმარისი როდია მდევართა დასაშოშმინებლადო. ბოლოს საერთოდ აიღო ჩემზე ხელი, მონანიეთა საკანში შემაგდო, სადაც ერთ დროს კოლონიის მისიონერები ერეტიკოსებს უსწორდებოდნენ და იმის შთაბეჭდილება რომ შეექმნა, სამოთხის კართან ტანჯვით კვდებიო, მუცელმოგვის მუხანათობით დაიწყო მტაცებელი ცხოველების, მწიფე ჭარხლის ხრაშუნისა და წყაროს წანწკარის გამოჯავრება. როცა ბოლოს და ბოლოს კონტრაბანდისტებმა გვიპოვეს და სურსათით მოგვამარაგეს, საკანში მაკითხავდა და ზუსტად იმდენს მაჭმევდა, შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავი. თუმცა ამ მოწყალებასაც მწარედ მაზღვევინებდა, ფრჩხილებს გაზით მაგლეჯდა, კბილებს კი ფილთაქვით მიმსხვრევდა.

ერთადერთი იმასღა ვნატრობდი, სიკვდილს ცოტა ხანს კიდევ ეცლია და ერთი ტანჯვა სხვა, თუნდაც უარესით შემცვლოდა. თვითონ მიკვირდა, როგორ ვიტანდი საკუთარი ხრწნის სიმყრალეს, რასაც ისიც აძლიერებდა, რომ ჰაერის საბოლოოდ მოსაწამლადდ ნასუფრალს თავზე მაყრიდა, ხოლო დახოცილი ხვლიკებისა და ფრინველების ნარჩენებს საკნის კუთხეებში ჰყრიდა. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენი დავყავი. ერთ დღეს მკვდარი კურდღლით ხელში საკანში შემოვიდა იმის სათქმელად, მირჩევნია აყროლდეს, ვიდრე შენ გაჭამოო. სწორედ მაშინ, ბოღმით სავსემ, კურდღელს ყურებში წავავლე ხელი, წარმოვიდგინე, თითქოს ბლაკამანი იყო და კედელს მივახეთქე; უცებ, როგორც სიზმარში ხდება ხოლმე, კურდღელი გაცოცხლდა და ხავილით ჩამივარდა ხელში. ასე დაიწყო ჩემი მეორედ, დიდი ცხოვრება. ამ დღიდან ხალხში დავდივარ და ორ პესოდ სიცხეს ვუქრობ ციებ-ცხელებით შეპყრობილთ, ორ-ნახევარ პესოდ თვალისჩინს ვუბრუნებ ბრმებს, თვრამეტ პესოდ წყალს ვუსრომ წყალმანკიანებს. ვკურნავ სახიჩართ: ოც პესოდ ხეიბრად დაბადებულებს, ოცდაორ პესოდ - უბედური შემთხვევის შედეგად, ოცდახუთ პესოდ კი - ომით, მიწისძვრით ან სხვა საერთო უბედურებით დაავადებულთ. ამასთან, ყველას სხვადასხვაგვარად ვმკურნალობ. გიჟებს მათი მანიის გათვალისწინებით, ბავშვებს - ნახევარ ფასად, სულელებისაგან მადლობის მეტს არაფერს ვიღებ. აბა, გაბედოს ვინმემ, ქალბატონებო და ბატონებო და თქვას, კაცთმოყვარე არააო. ახლა კი სენიორ მეოცე ფლოტის მაიორო, უბრძანეთ თქვენს ბიჭებს, დაშალონ ბარიკადები და გზა მისცენ ავადმყოფ კაცობრიობას. კეთროვანებო  - მარცხნივ, ბნედიანებო - მარჯვნივ, დამბლადაცემულნო - სადაც თავისუფალი ადგილი ნახოთ, ნაკლებად მძიმე ავადმყოფებო - თქვენ ცოტა უკან დაიწიეთ, მოიცათ, ყველა ერთად ნუ მომაწყდებით თორემ სნეულებები ამერევა და პასუხს აღარ ვაგებ, თუ ისეთი რამისგან განგკურნავთ, რასაც არასოდეს შეუწუხებიხართ, დაუკარით მუსიკა, სანამ ბრიჯაო არ დარბილდება; გაუშვით შუშხუნები, სანამ ანგელოზები არ შეიტრუსებიან; სვით არაყი, სანამ აზროვნება არ დაგებინდებათ; მოიყვანეთ ჯამბაზები და ქალები, ყასბები და ფოტოგრაფები და ეს ყველაფერი ჩემს ხარჯზე იყოს.

ქალბატონებო და ბატონებო, ბლაკმანის დიდების აღსასრულის აღსანიშნავად! ყოველი შემთხვევისთვის, ასე, დეპუტატის ოსტატობით ვაძინებ ხალხს, ვაითუ ხელი მომეცაროს და გამოჯანმრთელების ნაცვლად უარესად გახდნენ. ერთადერთი, რასაც არ ვაკეთებ, მკვდრების გაცოცხლებაა, რადგან თვალს გაახელენ თუ არა, გულის ჯავრს მყუდროების დამრღვევზე იყრიან, მერე კი ან თავს იკლავენ, ან კიდევ იმედგაცრუებულები თავისით იხოცებიან.

ჩემი ხელობის საიდუმლოების ამოსაცნობად თავდაპირველად მეცნიერთა მთელი დასი დამდევდა, ჯერ ჯოჯოხეთით დამემუქრნენ, შემდეგ მირჩიეს, ცოდვები მოინანიე და სიკვდილის შემდეგ წმინდანად შეგრაცხავენო. მე ვუპასუხე, სწორედ აქედან დავიწყე-მეთქი. საქმე ის გახლავთ, რომ სიკვდილის შემდეგ წმინდანად გადაქცევითა არაფერს ვიგებ, მე მხოლოდ და მხოლოდ მსახიობი ვარ და მსურს ვიცოცხლო ამ ექვსცილინდრიან ფურგონთან ერთად, სამხედრო კონსულს რომ ვუყიდე, მძღოლთან, ერთ დროს ბარიტონი რომ იყო ახალი ორლეანის მეკობრეთა ოპერაში, ჩემი გველის ტყავის პერანგებით, აღმოსავლური ნელსაცხებლებით, ტოპაზის კბილებით, სომბრეროთი და ორფერი ფეხსაცმლით: მინდა მაღვიძარას გარეშე ვიძინო, სილამაზის დედოფალთან ვიცეკვო, გავაოცო ისინი მჭევრმეტყველებით და გულიც აღარ დამწყდება, თუ ერთ ოთხშაბათ დღეს, მოულოდნელად გამიქრება მთელი ჩემი ზებუნებრივი ძალა. მეფური ცხოვრების გასაგრძელებლად ჩემი ბრიყვული სახეც მეყოფა და ქვეყნის დასალიერამდე გაჭიმული დუქნებიც, სადაც იგივე ტურისტები, ცოტა ხნის წინ ადმირალის ნარჩენებს რომ აგროვებდნენ, ახლა ერთმანეთს ხელიდან სტაცებენ ჩემს ავტოგრაფიან სურათებს, ჩემი სასიყვარულო ლირიკის ალმანახებს, ჩემი პროფილის გამოსახულებიან მედალიონებს და დუიმობით ინაწილებენ ჩემს ტანსაცმელს.

სამწუხაროა, რომ საზიზღარ ბლაკამანს არ შეუძლია გაიმეოროს ეს ამბავი და დაგარწმუნოთ ჩემი სიტყვების სიმართლეში. უკანასკნელად რომ ნახეს, ძველი ბრწყინვალების ნასახიც არ შერჩენოდა, უდაბნოში ხეტიალს მისი სულისთვისაც მოეღო ბოლო და სხეულისთვისაც. ერთ კვირა დღეს სასწაულით გადარჩენილი ორი ჟღარუნით და განუშორებელი კუბო-სკივრით ისევ გამოჩნდა სანტა მარია დელ დარიენის ნავსადგურში. ოღონდ ამჯერად შხამსაწინააღმდეგო წამლებს აღარ ჰყიდდა, მღელვარებისაგან ჩახრინწული ხმით მეზღვაურთა ბავშვებს ეხვეწებოდა: ხალხის თვალწინ დამხვრიტეთ, მკვდრეთით რომ აღვდგე და ჩემი ზებუნებრივი შესაძლებლობანი გიჩვენოთ, რაშიც ქალბატონებო და ბატონებო, სრული უფლება გქონდათ ეჭვი შეგეტანათ ჩემი ამდენი თვალთმაქცობის შემდეგ. მაგრამ დღევანდელ ცდას, გეფიცებით დედაჩემის ძვლებს, თითლიბაზობის არაფერი ურევია და თუ არ გჯერათ, კარგად დამაკვირდით, მაშინდელივით კი არ ვიცინი, ტირილს ძლივს ვიკავებო. მეტი დამაჯერებლობისათვის მკერდზე პერანგი შემოიხია და ცრემლდაბინდული ვალებითა და მჯიღის ცემით მოსალოდნელ ტყვიას მკერდი მიუშვირა.

მეზღვაურთა ბავშვებმა მაინც ვერ გაბედეს სროლა, ხალხის თვალში პრესტიჟის შელახვას მოერიდნენ. ამ დროს ვიღაცამ, ჯერ კიდევ მისი ძველი ოინების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, კაცმა არ იცის საიდან, კონსერვის ქილით იმდენი შხამიანი ფესვი მოიტანა, მთელი კარიბის ზღვის თევზების დასახოცად რომ იკმარებდა, და მანაც იმგვარი სიამოვნებით მოხსნა ქილას თავი, თითქოს შეჭმას უპირებდა და მართლაც შეჭამა, ქალბატონებო და ბატონებო! მერწმუნეთ, ეს სანახაობა არ ყოფილა, ამჯერად ღირსეულად მოიქცა, მომაკვდავის თეატრალური ხრიალი კი არ ამოუშვია, კურდღელივით ჩამოხტა მაგიდიდან დასაწოლად შესაფერისი ადგილი შეარჩია და უკვე ძირს გართხმულმა ისე შემომხედა, თითქოს დედამისი ვყოფილიყავი. ცრემლები გადაყლაპა, კიდევ ერთხელ მიმოიხედა და საკუთარ ხელებში დალია სული. ეს პირველი შემთხვევა იყო, ჩემმა ხელობამ რომ არ გასჭრა, მისსავე სკივრში ჩავასვენე, პარაკლისი გადავუხადე, რაც ორმოცდაათი დუბლონი დამიჯდა, რადგან მღვდელს ოქროს ანაფორა ემოსა და სამი ეპისკოპოსიც ესწრებოდა.

საიმპერატორო მავზოლეუმის აგება ვბრძანე ცალკე სამლოცველოთი და საფლავის ვეება ქვაზე გოთური ასოებით გამოვაყვანინე: აქ განისვენებს ბლაკამანი, საზიზღრად წოდებული, ბავშვთა გამბრიყვებელი და მეცნიერების მსხვერპლი. თუმცა ამგვარი პატივი მივაგე, არც სამაგიეროს გადახდა დამვიწყნია: დაჯავშნილ საფლავში მკვდრეთით აღვადგინე და იქვე დავტოვე. ეს ამბავი იმაზე ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე სანტა მარია დელ დარიენის ნავსადგურს ზღვა შთანთქავდა, თუმცა საფლავის ბორცვი ხელუხლებელი დარჩა.

ყოველთვის, როცა იქ მიწევს გავლა, უამრავი ყვავილი მიმაქვს და გული სიბრალულით მეკუმშება, შემდეგ ყურს ვადებ ფილას, სკივრის სიღრმიდან მისი ტირილი რომ გავიგონო, და თუ შემთხვევით მკვდარი დამხვდა, ისევ ვაცოცხლებ, ამ სასჯელის მთელი ეშხი ხომ ისაა, რომ ბლაკამანმა საფლავში მანამ იცოცხლოს, სანამ მე ვარ ცოცხალი, ესე იგი, სამუდამო.

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ