ჟან კოკტო - მამალი და არლეკინი
ჟორჟ ორიკს, ძვირფასო მეგობარო!
აღფრთოვანებული ვარ სეზანისა და პიკასოს არლეკინებით, მაგრამ არ მიყვარს არლეკინი. იგი შავ ნიღაბს ატარებს და ჭრელი სამოსელი აცვია. მან უარყო მამლის ყივილი და იმალება. თვით გახლავთ ღამის მამალი.
ნამდვილი, ჭრელი მამალი კი მიყვარს. ის საკუთარ ეზოს შეჰფარებია და ორჯერ შეჰყივლებს ხოლმე: „კოკ-ტო“, „კოკ-ტო“.
„კეთილი იმედის კონცხი“ დატყვევებული გაროსათვის რომ არ მიმეძღვნა, მე მას გერმანიის ტყვეობიდან თავდაღწეულ გაროს ვუძღვნიდი. თქვენ კი ჩემი მეორე მეგობარი ხართ, რომელმაც თავი დააღწია გერმანიას. ამ ჩანაწერებს თქვენ გიძღვნით, რადგან თქვენი ხნის მუსიკოსი გვპირდება სიმდიდრესა და სიღრმეს, იმ თაობის სინატიფეს, თვალს რომ აღარ ხუჭავს, არ ინიღბება, აღარ უარყოფს საკუთარ შეხედულებებს, არ იმალება, არ აფრთხობს სიყვარული და არც სიყვარულსი დაცვა აშინებს.
ამ თაობას სძულს პარადოქსი და ეკლექტიზმი. მას სძაგს მათი ღიმილი და გახუნებული ელეგანტურობა. ეს თაობა დიადსაც უფრთხის. აი, რას ვუწოდებ გერმანიიდან თავის დაღწევას.
გაუმარჯოს მამალს! ძირს არლეკინი!
19 მარტი, 1918წ. ჟ.კ.
წიგნი თავშივე მოითხოვს ერთგვარ ლექსიკურ განმარტებას, რომლის შემწეობითაც განისაზღვრება სიტყვათა მნიშვნელობა.
სიტყვა „სიმარტივე“, ყოველ ნაბიჯზე რომ გვხვდება ტექსტში, მცირეოდენ განმარტებას მოითხოვს.
„სიმარტივე“ სიღატაკეს როდი ნიშნავს. არც წიაღსვლაა იგი. ეს სიტყვა ისევე პროგრესირებს, როგორც სინატიფე და თანამედროვე მუსიკოსთა სიმარტივე კლავესინისტთა სიმარტივეს აღარ წააგავს.
ეს სინატიფის გამოხმიანებაა და ნაყოფი მისი. სიმარტივე ათავისუფლებს და ერთიანად კრავს შეთვისებულ სიმდიდრეს.
ეს წიგნი რაგინდარა სკოლაზე კი არ მიგვანიშნებს, არამედ იმ სკოლაზე, რომელსაც ზოგიერთი ახალგაზრდისა, მხატვართა ძალისხმევისა და ჩვენი ყურთასმენის მოღლილობის მეტი არაფერი აქვს სამზეოზე გამოსატანი. (სათვალავში სატის „სოკრატეც“ უნდა ჩავაგდოთ, რადგანაც, როცა ეს წიგნი იწერებოდა, ამ ნაწარმოებს ჯერ არ ვიყავი ნაზიარები.
ხელოვნება ხორცშესხმული მეცნიერებაა.
მუსიკოსი ყაფაზს უღებს ციფრებს, მხატვარი გეომეტრიას ათავისუფლებს.
ხელოვნების ნაწარმოები ყველა მუზას უნდა აკმაყოფილებდეს. მე ამას ვუწოდებ მტკიცებას ცხრა მუზის მეშვეობით.
შედევრი ჭადრაკში მოგებული პარტიაა: ქიში და შამათი.
ახალგაზრდობა არ უნდა იძენდეს აღიარებულ განძეულს.
ტაქტი შემოქმედებაში - ესაა ცოდნა იმისა, თუ რა სიშორეზე შეგიძლია შესტოპო.
თავი უნდა დააღწიო ბოდლერისეულ ცრუ შეხედულებებს. ბოდლერი ბურჟუაა. საფრანგეთში ბურჟუაზია უდიდესი ფუძემდებელია; ყოველი ჩვენი შემოქმედი მისგან წარმოიშვა. ისინი ემანსიპირებული ბავშვები არიან. შესაძლოა, ეს შემოქმედნი ბურჟუაზიას აღწევენ თავს, მაგრამ ის მათ საშუალებას აძლევს შეუპოვრად ჩაუყარონ საძირკველი თავიანთ კეთილდღეობას.
ჩვენ ყოველი მნიშვნელოვანი ნაწარმოების მიღმა გვეგულება სახლი, ნათურა, საკვები, ცეცხლი, ღვინო, ჩიბუხი.
ინსტინქტი ითხოვს მეთოდურ გამოწვრთნას, მაგრამ მხოლოდ ინსტინქტი გვშველის აღმოვაჩინოთ საკუთარი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც გამოვწვრთნით ჩვენსავე ინსტინქტს.
ბულბული ცუდად გალობს.
მსახიობთა შორის არიან თვალთმაქცები. ეს თავშესაქცევია და ჩვენ მხოლოდ მაშინ ვპატიობთ მათ, თუკი ფოკუსი გამოუვათ. კურდღლის ჩასმა ქუდში და გალიის ამოღება მშვენიერი ამბავია, მაგრამ კურდღლის ჩაძვრენა და მისივე ამოყვანა ქუდიდან...
განა ამგვარი ცუდი თვალთმაქცი ისურვებს პოეტის სახელი დაიჩემოს?
მხატვარმა, შესაძლოა, ბრმად შეაღოს იდუმალი კარი და მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მიხვდეს, რომ ამ კარს მიღმა მთელი სამყარო იმალებოდა.
თუკი ის, ვინც რომელიმე სკოლის დამაარსებლად იწოდება მხოლოდ იმიტომ, რომ საძირკველი ჩაუყარა მას, ერთ მშვენიერ დღეს მხრებს აიჩეჩს და უარყოფს შექმნილს, ეს სრულიადაც არ შებღალავს ამ სკოლის ავტორიტეტს.
სათავეს თითქმის არასოდეს მოუდის თვალში წყლის მდინარება.
მართლაც რომ უჭირველია მსახიობი. ავტომობილით მიქრის იგი. მაყურებელი კი ომნიბუსით მისდევს. მაშ რა გასაკვირია, თუკი მას დიდი მანძილით ჩამორჩებიან?
აღვირახსნილი ცხენის სიჩქარე სათვალავში არ ჩაიგდება.
ერიდერთ თავდაყირა მოსიარულე ბატონ პრიუდონს.
თუ გეჩვენება, რომ ნაწარმოებმა დროს გაუსწრო, ეს უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ დრომ დაიგვიანა.
მხატვარი საფეხურებს არ გამოტოვებს, ხოლო თუკი გამოტოვა - ეს მისთვის ამაოდ დაკარგული დროა, რადგანაც ისევ თავიდან მოუხდება საფეხურებზე ასვლა.
მსახიობი, რომელიც უკუიხევს, თქვენ როდი გღალატობთ. იგი საკუთარ თავს ამხელს.
ხელოვნების ნაწარმოებით წარმოშობილი მღელვარება მარტოოდენ მაშინაა ჭეშმარიტი, თუკი ის სანტიმენტალობის შანტაჟით არაა გამოწვეული.
ხელოვნება, რომლის ღირებულება მხოლოდ მტკიცებაა, ვერაფერიშვილი ხელოვნებაა.
სანამ ცოცხალია შემოქმედი - იცოცხლოს, ხოლო სახელი სიკვდილის შემდგომ უნდა გაითქვას.
ჭეშმარიტებას არ ძალუძს აღაგზნოს ადამიანი - იგი ზედმეტად გაშიშვლებულია.
სანტიმენტალური კრძალულება, რაც ჭეშმარიტების დანახვას გვიშლის, არსებითად წააგავს ვენერას, რომელიც საკუთარ სქესს ხელებს აფარებს. ჭეშმარიტება კი, პირიქით, სქესზე მიგვითითებს.
სატი ამბობდა: „მე მსურს ძაღლებს დავუდგა პიესა. დეკორაცია მზად მაქვს. იწევა ფარდა და გამოჩნდება ძვალი“. საბრალო ძაღლები - ეს მათი პირველი პიესაა. შემდგომ მათ უფრო რთულ პიესებს უჩვენებენ, მაგრამ ყოველთვის ძვალს მიუბრუნდებიან.
ყოველი შეძახილი: „გაუმარჯოს ამას და ამას“ გულისხმობს - „ძირს ესა და ეს“. ეკლექტიზმის შიშის მიუხედავად, უნდა გაგაჩნდეს გამბედაობა თქვა: „ძირს ესა და ეს“.
ეკლექტიზმი სიყვარულისა და უსამართლობის სიკვდილია. ამავე დროს, სამართლიანობა ხელოვნებაში რამდენადმე უსამართლობაცაა.
ძნელია უარყოფა, მეტადრე კეთილშობილი ნაწარმოებისა. ხოლო ყოველი მნიშვნელოვანი მტკიცება მნიშვნელოვან უარყოფას მოითხოვს.
ბეთჰოვენი ძილის მომგვრელია, ბახი - არა, რადგანაც ბეთჰოვენისათვის ფორმის გამართვაა უმთავრესი, ბახისათვის კი - იდეისა. უმრავლესობას პირიქით მიაჩნია.
ბეთჰოვენი იტყვის: „ამ კალმისტარს ახალი კალამი აქვს; ახალი კალამი აქვს ამ კალმისტარს; ამ კალმისტრის კალამი ახალია“, ან, „მარკიზა, თქვენი მშვენიერი თვალები...“
ბახი იტყვის: „ამ კალმისტარს ახალი კალამი აქვს, რათა სამელნეში ჩააწო და დაწერო“ და ა.შ... ან, „აჰ, მარკიზა, თქვენი მშვენიერი თვალები მწვავს და მდაგავს, და სიყვარული ჩემი“... და ა.შ. აი ეს გახლავთ განსხვავება.
ზოგჯერ გიხდება იმის დაცვა, რასაც გმობ. როგორ არ დაიცავ, მაგალითად, შტრაუსს იმათგან, ვინც მხოლოდ გერმანოფობიის, ანდა პუჩინისადმი სიყვარულის გამო მას თავს ესხმიან? ყოველი ნაწარმოები შესაძლოა რომელიმე მონახაზში მოგეწონოს. „ხელს ნუღარ ახლებთ!“ - წამოიძახებს მოყვარული. და აი, სწორედ მაშინ უნდა გამოსცადოს ბედი ჭეშმარიტმა ხელოვანმა.
თითოეულ ჩვენგანს გულს გვიჩუყებს ბოშური ჰანგები და სამხედრო მარშები.
გრძნობადობა. - ყური გმობს, მაგრამ იტანს ზოგ მუსიკას. გადავიტანოთ ეს გრძნობადობა ცხვირის არეში და ნახავთ, რა დღეც დაგვადგება.
უხეირო მუსიკა, რომელსაც საღი გონების ადამიანები ვერ იტანენ, ძალზე სასიამოვნოა. უსიამოვნოა ამ საღად მოაზროვნე ადამიანების კარგი მუსიკა.
ზოგიერთი პლაკატი გვაუწყებს: „ერიდე მხატვრობას!“ მე კი დავძენდი: „ერიდე მუსიკას!“
გაფრთხილდით! იყავით ფხიზლად, რადგანაც ხელოვნებაში მხოლოდ მუსიკას ძალუძს ჭეშმარიტი დატყვევება.
უსაძაგლესი დრამაა, ოდეს პოეტს აბდაუბდის გამო ასხამენ ხოტბას.
მუსიკოსმა უნდა განკურნოს მუსიკა ხლართებისაგან, ცნობიერებისაგან და თვალთმაქცობისაგან. ეს მას აიძულებს დაუპირისპირდეს აუდიტორიას.
პოეტს უამრავი სიტყვა აქვს ლექსიკონში, მხატვარს - უამრავი ფერი პალიტრაზე, მუსიკოსს - უამრავი ნოტი კლავიატურაზე.
ჯერ უნდა დაჯდე და შემდგომ იფიქრო.
ეს აქსიომა ნუ გაამართლებს მჯდომარეთ. ჭეშმარიტი ხელოვანი მუდმივად მოძრაობს.
ხატოვანებით გამოწვეული დაბრკოლება ცუდად განგაწყობთ მუსიკოსისადმი, კერძოდ კი მისი ეგზოტიზმისადმი.
დაუხვეწელი ქანდაკება, სადაც ფორმა და მასა უგულებელყოფილია ბუნდოვანებისა და სირბილის სასარგებლოდ, ჭეშმარიტად კეთილშობილი ნაწარმოებია. უპირველეს ყოვლისა იგი საგონებელში გაგდებთ.
ეს ჩიტირეკია და საფრთხობელა ორკესტრის დირიჟორია.
შემოქმედში საჭიროებისამებრ იღვიძებს კაციც და ქალიც. უპირატესად კი ქალია აუტანელი.
ყოველი დახვეწილი ნაწარმოები მარტივი გვეჩვენება და სწორედ ეს ეზიზღება საზოგადოებას.
თუ რაიმეს გმობ, პირველხარისხოვანი უნდა იყოს იგი.
საღ აზრს ყოველთვის ლიტერატურულ აზრად მიიჩნევენ.
რაც პესიმისტების ოპტიმიზმს წარმოადგენს, ისეთი პესიმისტებსა, როგორებიც ჩვენა ვართ, არის ინტუიცია, რომ ხელოვნების ნაწარმოები შემწეობას უჩენს ზებუნებრივ წონასწორობას.
ხის სკამზე ვზივარ. ხის მაგიდას ვუზივარ. ხის კალმისტრით ვწერ, მაგრამ ეს სრულიადაც არ მიშლის, პასუხს ვაგებდე ვარსკვლავთ კიაფზე.
მეოცნებე ყოველთვის ცუდი პოეტია.
მთავარია მჩატედ კი არ ამოტივტივდე, არამედ მძიმედ გაუჩინარდე, ისე, რომ შენს გაუჩინარებას ნელი ლივლივი მოჰყვეს.
მკვდრებს ფრთხილად უხუჭავენ თვალებს. ასევე ფრთხილად უნდა აუხილონ თვალი ცოცხალთ.
ლონდონში ვაგნერს დგამენ. პარიზში კი ფარულად ნაღვლობენ მას.
ძალზე იოლია დაიცვა ვაგნერი, როდესაც მას სენ-სანსი ესხმის თავს. სენ-სანსთან ერთად უნდა შეჰყვირო: „ძირს ვაგნერი!“ აი, ეს არის ჭეშმარიტი გამბედაობა.
ჰიპნოტიზიორი აჯადოებს ხალხს. მისი მარჯვე ილეთი ჩვეულებრივ მოკლეა და მარტივი, მაგრამ მას მოსდევს ოცი სხვა, ყალბი ილეთი და სწორედ ეს აჯადოებს ბრბოს.
ბრბო იხიბლება სიცრუით და არ უყვარს მეტად მარტივი და გაშიშვლებული ჭეშმარიტება.
შიონბერგი მეტრია. ყველა ჩვენი მუსიკოსი, თვით სტრავინსკიც კი დავალებულია მისგან. მაგრამ შიონბერგი უმთავრესად შავი დაფის მუსიკოსია.
სოკრატეს უკითხავს, ვინაა ის ადამიანი, რომელიც ხმელა პურს, ვით ნუგბარს მიირთმევს, ნუგბარს კი - ვით ხმელა პურსო? პასუხი: გერმანელი მელომანი.
მასისა და ელიტის დაპირისპირება სტიმულს აძლევს ერთპიროვნულ გენიოსს. ეს ახასიათებს საფრანგეთს.
თანამედროვე გერმანია კი აპრობაციით, ყურის მიპყრობით, გულმოდგინებითა და არისტოკრატული კულტურის წვრილმანი ვულგარიზაციით იღუპება.
ჩვენთან ახალგაზრდა მყის ბრძოლაში ებმება და ესაა მისი სტიმული. გერმანიაში კი მუსიკოსს მოვლენებისადმი ყური აქვს მიპყრობილი, და რაც უფრო დიდია ეს ყური, მით უფრო უსმენენ, აღიარებენ, აკადემიურს ხდიან. და სწორედ აქ იღუპება შემოქმედი.
სატი სატის წინააღმდეგ. - მძიმეა სატის კულტი, რადგანაც ის გვხიბლავს ისეთი მცირე რამ ფანდით, რომ ამისათვის შეიძლება გააღმერთო.
საზოგადოება აღშფოთებულია სატის მომხიბლავი და კეკლუცი სათაურებით, და პატივისცემითა და კრძალვით ეკიდება პარსივალის ლიბრეტოს შესაზარ ოხუნჯობას.
იმპრესიონისტი მუსიკოსები მსხალს თორმეტ ნაწილად ჭრიან და ყოველ ამ ნაჭერს პოემად ასაღებენ. სატიმ კი შეაერთა ეს თორმეტივე პოემა და „მსხლის ნაჭრები“ შეარქვა.
პატარა ნაწარმოები. - არსებობს ნაწარმოები, რომლის მნიშვნელობა მისი სიღრმით განისაზღვრება. ხვრეტილის სიღრმეს მნიშვნელობა არა აქვს.
სატის ღრმა ორიგინალობა ახალგაზრდა მუსიკოსებზე ისეთ გავლენას ახდენს, რომლის შედეგადაც მათი პირადი ორიგინალობა არ იკარგება. ვაგნერი, სტრავინსკი და დებიუსიც კი რვაფეხასავით იზიდავენ ახალგაზრდა მუსიკოსებს. ვინც კი მათ მიუახლოვდა, მათ საცეცებს ვერ დააღწია თვი. სატი კი სუფთა, თეთრ გზას გიშლის წინ, რომელზედაც ყველა შემოქმედს შეუძლია საკუთარი ნაკვალევი დატოვოს.
სატი იშვიათად უმზერს ფერწერას, ეგრერიგად არ სწყალობს პოეზიას, მაგრამ ყოველთვის ცხოვრების შუაგულში ტრიალებს. მას კეთილი დუქნების ინსტინქტი ახასიათებს და მათი მხურვალებით იწვის.
ხაზი მუსიკაში მელოდიაა.
სატი თითქოსდა იმპროვიზაციის მტერია. გგონია, რომ ყველა მისი ნაწარმოები წინასწარ დაწერილია, თითქოსდა იგი გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებს და იტყუებს ნოტებს.
შორს მუსიკა, რომელშიც ცურავენ, რომელზედაც ცეკვავენ. გაგვაგონეთ სამარშო ჰანგები!
იმპრესიონისტებს აშინებს სიჩუმე, სუფთა პლანი, სიცარიელე. სიჩუმე არარაობა როდია. უნდა გამოიყენო სიჩუმე, და საცობს ნურც რაიმე შრიალსა თუ ჟღარუნს დააცოებთ.
ახალგაზრდობა. - ისე არაფერი გცლის სისხლისგან, როგორც თბილ აბაზანაში დიდხანს წოლა. კმარა მუსიკა, რომელშიაც ხანგრძლივად გვაბანავებენ.
კმარა ღრუბლები, ტალღები, აკვარიუმები, სირინოზები და ღამის სურნელებანი; ჩვენ მიწიერი მუსიკა გვსურს. ყოველდღიური მუსიკა.
მოგვბეზრდა ჰამაკები, ყვავილწნულები, გონდოლები! მე მსურს ამიგონ იმდავარი მუსიკა, რომელშიც, ვით სახლში, ისე ვიცხოვრებ.
ერთმა ნიუ-იორკელმა მეგობარმა მითხრა: „ასე მგონია, თქვენი სახლები ხელის გულზე დამეტევა. თქვენი პარიზი ადამიანთან შეფარდებითაა აშენებული“.
ჩვენი მუსიკაც ადამიანთა შეფარდებით უნდა იყოს ნაგები.
მუსიკა ყოველთვის გონდოლა, მოჯირითე ცხენი ან დაჭიმული სიმი როდია. ზოგჯერ მუსიკა სკამიცაა.
ზოგიერთი თეატრალური შედევრი არ არის „თეატრალური“ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი დეკორაციის გარეშეც სცენური სიმფონიებია. მაგალითისათვის „ბორის გოდუნოვიც“ კმარა.
როდესაც ვამბობ, რომ ცირკისა და მიუზიკ-ჰოლის წარმოდგენებს ვამჯობინებ ყოველივე იმას, რაც თეატრში იდგმება, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ ვამჯობინებ ყოველივე იმას, რაც შეიძლება შექმნილიყო თეატრში.
მიუზიკ-ჰოლი, ცირკი, ამერიკელ ზანგთა ორკესტრი. ყოველივე ეს ხელოვნური როდი გახლავთ. ეს წარმოდგენები ცხოვრებისეულია და ამდიდრებენ შემოქმედს. ისინი ისევე არსებობენ თავისთავად, როგორც მანქანა, პეიზაჟი, შიში.
აი, უკვე ათი წელია რაც შარდენი, ენგრი, მანე, სეზანი ზემოქმედებენ ევროპულ ფერწერაზე და უცხოელ მხატვრებს მხოლოდ ეროვნული კოლორიტი შეაქვთ მათ სკოლაში. მინდა გაუწყოთ, რომ ფრანგული მუსიკაც მოახდენს ასეთსავე გავლენას.
სატის ყოველი ახალი ნაწარმოები განდგომილობის ნიმუშია.
შავი ჩრდილი. შავი იდუმალება. არ არსებობს ლილისფერი იდუმალება, რომელიც ლილისფერ ჩრდილებს აფრქვევს.
შეუცნობ სამყაროებს, რომლებსაც გაუბედავი ნაბიჯებით ვუახლოვდებით, ნუ გააიგივებთ ოცნებასთან. ჩვენ მეოცნებეები არა ვართ. ჩვენ ვართ მკვლევარები.
თეატრში ადამიანი კვლავ იძენს ბავშვურ ონავრობას, საკუთარ გამჭრიახობას კი კარგავს.
ის ოპოზიცია, რომელსაც სატი მიეკუთვნება, ნიშნავს უბრალოებასთან და სიმარტივესთან დაბრუნებას. ბოლოს და ბოლოს, ეს ერთადერთი ოპოზიციაა გარეგნული დახვეწილობის საუკუნეში.
იმპრესიონისტ მუსიკოსებს ეგონათ, რომ „აღლუმის“ ორკესტრი ღარიბულად გამოიყურებოდა, რადგანაც მას საკაზმი და ნელსაცხებელი აკლდა.
„აღლუმში“ მაყურებელი მიუზიკ-ჰოლის ტრანსპორტირებას ცუდ მიუზიკ-ჰოლად თვლიდა. ნუ მიამსგავსებთ პიკასოს ქმნილებებს დეკორატიულ არანჟირებას და „აღლუმის“ სპექტაკლს - იმპროვიზაციას.
მაყურებელს იმდენად გაუჯდა სისხლსა და ხორცში ბალეტის უაზრო მიხრა-მოხრა და რონინი, რომ ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ცეკვას მანჭვად მიიჩნევს.
ტრადიცია სამოსელს ეპოქიდან ეპოქამდე იცვლის, მაგრამ მაყურებელი ცუდად ერკვევა მის არსში და მას ახალ ნიღაბში ვერ ცნობს.
ხელოვნების ნაწარმოებში არსებობს როგორც მარგებელი, ისე ურგები მხარეები. უმრავლესობას ამისა არა ესმის, რადგან ხელოვნება მათთვის მხოლოდ გასართობია.
ყველაფერი ის, რაც ბრბოში სიცილს იწვევს, არ არის ჭეშმარიტად ახალი და კარგი, ხოლო ის, რაც ჭეშმარიტად ახალია და კარგი, ყოველთვის იწვევს ბრბოს სიცილს.
„განავითარე ის, რასაც გიკიჟინებს საზოგადოება - ესაა შენი მეობა“. კარგად შეისმინეთ ეს შეგონება. ეს რჩევა სარეკლამოდაც ივარგებდა. და, მართლაც, საზოგადოებას გამოცნობა უყვარს და არა ტვინის ჭყლეტა. გაოცება აცბუნებს მას. თუკი ნაწარმოებს ვერაფერს უსაყვედურებთ, ის უვარგისი ნაწარმოებია. მთავარია საზოგადოებისათვის, ავტორი მას ოპოზიციაში არ ჩაუდგეს.
როდესაც ბოდლერი ვაგნერს იცავდა - ეს არისტოკრატიისადმი ოპოზიციით იყო გამოწვეული. მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. სამწუხაროდ, აქ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ზოგიერთი ეპოქა საკუთარ თიტ კაცთ საჩოტირო მდგომარეობაში გამოგვიჩენს.
ზიზილ-პიპილებს შეჩვეული მაყურებელი არ აფასებს ყვავილწნულებისაგან გაცლილ ნაწარმოებს.
რაც უფრო ძველია ხელოვნება, რაც უფრო დასრულებული, გაჯერებული და კვერცხივით შევსებული, მით უფრო აადვილებს იგი ფუქსავატურ სიყალბეს.
მაყურებელს აშინებს სახიფათო სიღრმე. ის ზედაპირს ამჯობინებს. და თუკი რომელიმე ქმნილებაში რაიმე აეჭვებს, მუდამ სიყალბისკენ მიილტვის.
ხალხი წარსულს იმდენად ეგუება, რამდენადაც მიიჩნევს მას აწმყოს საწინააღმდეგო ბრძოლის იარაღად.
მაყურებლის აპათია. სავარძელი და სტომაქი. იგი მზადაა შეიწყნაროს ყოველგვარი ახალი თამაში, ოღონდ წესები არ შეცვალონ. იმად, რომ ეს წესები მისთვის უკვე ცნობილია. მაყურებლის სიძულვილი შემოქმედებისადმი გამოწვეულია იმით, რომ შემოქმედი თამაშის წესებს ცვლის.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჭკვიანური იერი აქვთ. ისინი მხოლოდ კარგი და ვარგისი საგნების წინაშე იდრეკენ ქედს. კეფით უახლოვდებიან, ხოლო ფესვები სხვაგან აქვთ გადგმული.
საღად მოაზროვნე ადამიანები სტილისაგან ძირამდე გაცლილ ნაწარმოებებს უწოდებენ სტილიზებულს.
საზოგადოებას ნაწარმოების წინასწარი ჩანაფიქრი და პირველი მონახაზიმოსწონს, რადგანაც მათზე თავისი აზრის გამოთქმა შეუძლია. იგი ვერ იტანს დასრულებულ ნაწარმოებს, რომელსაც ჯიქურ შუბლით ეხეთქება და საკუთარ თავს უბადრუკ ლტოლვილად გრძნობს.
კეთილგონიერების უმაღლეს გამოვლინებას მაყურებელი სიგიჟედ შერაცხავს.
„რატომ ქმნით ასე?“ - კითხულობს მოყვარული. „იმიტომ, რომ თქვენ ვერ შექმნით ასე!“ - უპასუხებს შემოქმედი.
მოწონება და ფასეულობა. - თუ შემოქმედი საზოგადოებასთან საზავო მოლაპარაკებაზეც კი თანხმდება, ის დამარცხებულია.
საფრთხე იქმნება, როდესაც ვაგნერზე რეგვენი ქადაგებს. არსებობს ისეთი ჭეშმარიტებანი, რომელთა გამოთქმა მხოლოდ უფლების მოპოვების შემდეგ შეგიძლია.
„შეხედე, რა ჩამომდნარი ყინულივითაა“, - ეუბნება ქალი მეუღლეს კლოდ მონეს „ტაძარზე“. ეს ქალბატონი მართალია. მაგრამ მას არ დაუმსახურებია უფლება ამის გამოთქმისა.
„ვენერა შევიძინოთ თუ საყვავილე ქოთანი?“ - ფიქრობს ცოლ-ქმარი. ეს თქვენ კი გაგაცინებთ, მაგრმა, ვაი, რომ თითქმის ყველა ასე ვფიქრობთ.
მაყურებელი. – „მე ვერ ვხედავ, რას წარმოადგენს ეს ნაწარმოები“
მაჩვენეთ თქვენი სკოლის ერთი კარგი ნაწარმოები და დამარცხებულად ჩავთვლი თავს. ასე ბრძანებს ბატონი დე ლა პალისი.
ჯვარზე გასაკრავის გადარჩენა რომ სურდეს, ბრბო მაინც ბარაბას დაიხსნის.
მთელი თავისი არსებით სმენა სჩვევია მფრთხალ შველს. მე მირჩევნია მხოლოდ ყურთასმენა გამაჩნდეს.
ზემგრძნობიარობა. - მუსიკამ არაჩვეულებრივ ექსტაზში მოიყვანა წმიდა დუსელინა. ერთხელ, სეირნობისას, მან წარმოთქვა: „რა მშვენივრად გალობს ეს ბულვარი“ და იქვე გული წაუვიდა.
მსგავსება ობიექტური ძალაა, რომელიც ეწინააღმდეგება ყოველგვარ სუბიექტურ ცვალებადობას. მსგავსებასა და ანალოგიას ნუ გააიგივებთ.
პარიზში ყველას მსახიობობა სურს, ხოლო მაყურებლის როლში ყოფნას ვერავინ ეგუება. ამიტომაა, რომ სცენაზე ტევა არ არის, დარბაზში კი სიცარიელეა.
მეფური გვარები... დიდკაცზე მხოლოდ მისი სახელოვნება გვამსჯელებს საღად. ღირსეულ ნაწარმოებთა შორის არის ისეთიც, ჩვენ რომ არ გვაღელვებს. შეიძლება კაცს გუნოს „ფაუსტზე“ გაგეღიმოს, მაგრამ ეს ხომ სედევრია. შეიძლება აუჯანყდე პიკასოს ესთეტიკას, მაგრამ უნდა აღიარო მისი უთუო ღირებულება. ეს გრძნობა ანათესავებს ყოველი ჯურის შემოქმედს.
საზოგადოება ანგარიშს გვთხოვს. უნდა უპასუხო ნაწარმოებებით და არა მანიფესტებით.
ნუ შექმნით ხელოვნურ ხელოვნებას.
მსახიობს, რომელსაც რეალობის გრძნობა გააჩნია, არ უნდა აშინებდეს ლირიზმი. ობიექტური სამყარო საკუთარ ქმნილებებში შეიცავს თავის ძალას, ხოლო მეტამორფოზები და ცვლილებანი ლირიზმითაა გამოწვეული.
თვითმყოფად მსახიობს არ ძალუძს მიბაძვა, მაგრამ მხოლოდ მიბაძვით აღწევს იგი თვითმყოფადობას.
მაყურებელს ჯერ გაგება სურს, ხოლო შემდგომ - შეგრძნება.
ხალხი თვლის, რომ მუსიკა ერთადერთი ხელოვნებაა, რომელიც არაფერს არ წარმოგვისახავს. ამავე დროს, ჭეშმარიტი მუსიკა წარმოდგენათა ასოციაციაა.
მუსიკაში ასოციაციას გამოსახულება კი არა, ჭეშმარიტების დაფარული სიძლიერე ქმნის.
იმპრესიონიზმი ვაგნერის გამოძახილია, მუხლმოკვეთილი ჭექა-ქუხილი.
იმპრესიონისტთა სკოლა მზეს შუქითა და ბგერას რიტმით ცვლის.
დებიუსი ფრანგულად უკრავდა, ხოლო ფეხს რუსულ პედალზე აჭერდა.
დებიუსი ნისლში ისე ვერ ჩაიკარგები, როგორც ვაგნერის ბურუსში.
დეკადანსის საწინააღმდეგოდ განწყობა სრულიადაც არ ნიშნავს მისი ზოგიერთი წარმომადგენლის თავისებური ღირსების უარყოფას.
ბევრ სასწაულს მოითხოვენ ჩვენგან. მე კი იმითაც ვიქნებოდი ბედნიერი, ერთ ბრმასაც რომ გაეგო ჩემი.
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982