ჟან კოკტო - ესეები

ენდი უორჰოლი - ჟან კოკტო
საკუთარ სტილზე

ბუნებით არც უდარდელი ვარ და არც მჭმუნვარე. ოღონდ მოლხენაც ძალმიძს და სევდასაც შემიძლია მივეცე. ზოგჯერ ასეც ხდება, საუბრისას, თუკი ბორიალობს სული, ეს-ესაა განცდილი დარდი და ფიქრი გადამეყრება გულიდან, თავიც კი მავიწყდება, ისე ვარ დაბანგული სიტყვით და გართული აზრით. და სწორედ მაშინ, და არა განმარტოებისას, ლაღად მოედინება აზრი.

ხშიორად რის ვაი-ვაგლახით მიწერია წერილი, საუბრით კი იოლად და ხალისიანად ვსაუბრობ. სიტყვით ამგვარი თრობა გაფიქრებინებთ, რომ დაჯილდოებული ვარ ისეთი ნიჭით, რაიც სრულიად არ გამაჩნია. რადგანაც, რა წამს თავს ვამოწმებ, მაშინვე ქრება ნიჭი, რჩება ოფლი და ჯაფა. მწვერვალი მიუვალი და უსასრულო მეჩვენება. ამას თან ერთვის ცრურწმენითი შიში ახალი ქმნილების დაწყებისა. ყოველთვის ვშიშობ, ვაითუ ცუდად დავიწყო-მეთქი. ყოველივე ეს ერთგვარ სიზანტეს განაპირობებს და მიაგავს იმას, რასაც ფსიქიატრები „ქმედების შიშს“ უწოდებენ.

თეთრი, დაუწერელი ფურცელი, მელანი თუ კალამი შიშს მგვრის. ვგრძნობ, ამხედრებულან ჩემი წადილის წინააღმდეგ და თუკი შევძელი მათი დათრგუნვა, მაშინ ხურდება შინაგანი მექანიზმი - მიტაცებს სამუშაო, მოედინება აზრი, ოღონდ მე შეძლებისდაგვარად ნაკლებ უნდა ჩავერიო და ნახევრად უნდა ვთვლემდე, ვინაიდან ამ მექანიზმის ოდნავი შეგრძნებაც კი წყვეტს მის მოქმედებას. რაც არ უნდა მწადეს მისი კვლავ ამუშავება - რა გზა მაქვს, უნდა ველოდო, მას არავითარი ფანდი არ არწმუნებს. იგი თვით ამუშავდება. ამიტომაცაა, რომ მაგიდას არ მივუჯდები ხოლმე. იგი თითქოს მიზიდავს და თავგზას მიბნევს. ვწერ მუხლებზე, ნებისმიერ დროს. ხატვისასაც იგივე მეორდება. რა თქმა უნდა, ხაზის გასმა შემიძლია, ოღონდ ის ნამდვილი ხაზი როდი იქნება. ნამდვილი ხაზი, როდესაც მას სურს, თვითნებურად ისმევა.

ჩემი ოცნებები იმდენად საფუძვლიანი და უტყუარი ბრალდებაა ჩემი ნაღვაწისა, რომ გაკვეთილად უნდა გამომდგომოდა. მაგრამ, ვაი რომ ისინი ისე კარიკატურულად მიხატავენ ჩემი სულის არსს, რომ მაფრთხობენ, იხტიბარს მიტეხენ, და ჩემს თავთან ბრძოლის უნარს მართმევენ, ვინაიდან ჩემზე უკეთ არავინ იცის ჩემი სულის სისუსტე. და როდესაც ვკითხულობ ჩემს განსაქიქებელ კრიტიკულ წერილს, ვფიქრობ, მე უფრო ზუსტად გავიგმირავდი საკუთარ თავს, მახვილს ვადამდე ჩავისობდი, და ბოლსო ისღა დამრჩებოდა, ენაგადმოგდებულს მუხლი მომედრიკა არენაზე.

არ შეუფარდოთ ადამიანის მაცდური გონება იმ ორგანოს, რომელსაც ადგილსამყოფელი არ გააჩნია და ჩვენს შესაძლებლობებს საზღვრავს, ვერავინ ვერ მიაღწევს ამ ზღვარს.

ძალისხმევა საგრძნობი იქნებოდა. ამდაგვარი დაძაბვა ხაზგასმით აღნიშნავდა იმ მცირე ასპარეზს, რითაც შემოფარგლულია ჩვენი შესაძლებლობანი. და სწორედ ამ არეალში მოძრაობით აიხსნება ნიჭი. ჩვენი მიღწევებიც სწორედ მორალური ხასიათისა იქნება, რადგან ყოველი ჩვენი წამოწყება უცებ გვატყდება თავს. მარტოოდენ სიწრფელეს უნდა დავეყრდნოთ. ყოველი სიცრუე ახალ სიცრუეს ბადებს. უმჯობესია შეცდომა. ანონიმური საზოგადოება ყიჟინას დაგვცემს, მაგრამ მაინც გვაპატიებს, თვალთმაქცობა კი ხანგრძლივად სულდგმულობს, მაგრამ ბოლსო საზოგადოება გაყინულ მზერით ზურგს შეაქცევს მას იმ ქალის მსგავსად, ოდესღაც რომ უყვარდა და ახლა კი აღარ უყვარს.

ამიტომაც ვცდილობდი სკოლაში არ გადავტვირთულიყავი. ათასობით შეცდომას ვუშვებ და ცუდადვე ვასწორებ მათ, რადგანაც მეზარება კვლავ გადავიკითხო ნაწერი. მხოლოდ მთავარ აზრს ვაყოლებ თვალს, და თუ სათქმელი ითქვა, სხვა არა მაღელვებს რა. მიუხედავად ამისა, მე ჩემი მეთოდი მაქვსმ ის სისწრაფეში და ლექსიკონის ყაირათიანობაში მდგომარეობს. პროზა რითმებისაგან უნდა გავცალო, სროლაც რომ არ ვიცოდე, მაინც დიდხანს უნდა ვუმიზნო და რადაც უნდა დამიჯდეს, ნიშანში უნდა გავარტყა.

როდესაც ჩემს ნაწერს თითქოსდა უცხო თვალით ვკითხულობ, მხოლოდ მოჩუქურთმებისა მრცხვენია. ის ძალზე გვნებს, ჩვენს თავს ჩვენგანვე განარიდებს, საზოგადოებას კი გულზე ეხატება იგი და იხიბლება, ყოველივე სხვას უარყოფს. მსმენია, რაოდენ წყდებოდა გული ჩარლი ჩაპლინს, „ოქროს ციებ-ცხელებაში“ ფუნთუშების ცეკვა რომ დატოვა. მაყურებელი კი ამ კადრებს ულოცავდა სწორედ. თვითონ ჩაპლინი ამ სცენას მარტოოდენ თვალის მიმტაც ლაქად თვლიდა. აგრეთვე მსმენია, როდესაც იგი სტილის ორნამენტაციაზე ალაპარაკდებოდა, იტყოდა - ფილმის გადაღების შემდეგ „ხეს ვარხევ“ და მხოლოდ იმის შენარჩუნებაზე ვფიქრობ, რაც ტოტებს შერჩებაო.

ხშირად დეკორატიულობა ჩვენზე არაა დამოკიდებული. ეს ერთგვარი თანასწორობის სედეგია. საზოგადოება ამ თანასწორობას რაღაც ზედაპირულ ხიბლად მიიჩნევს და ამით ინუგეშებს თავს, რაკი ცუდად ერკვევა თვით არსში. პიკასოზედაც ასე სჯიან. ამ დასრულებულ ხელოვანში შერწყმულია მამაკაციც და ქალიც. მასში უხვადაა ოჯახური სცენა. ერთბაშად არასოდეს არ დალეწილა ამდენი ჭურჭელი. საბოლოოდ მამაკაცი ყოველთვის მართალია და კარს იჯახუნებს. გარნა ქალისგან რჩება ერთგვარი სინატიფე, რაღაც წიაღისეული სინაზე, ერთგვარი ბრწყინვალება, რაც ამართლებს იმათ, ვინც უფრთხის ძალას და ვისაც არ ძალუძს მამაკაცს გაჰყვეს.


სიტყვების შესახებ

არარად მიმაჩნია ის, რასაც ხალხი სტილს უწოდებს და იკვეხნის, მისი მეშვეობით ავტორს ვცნობო. უმჯობესია აზრებით და გადაგმული ნაბიჯებით მიცნონ. ვცდილობ ნაკლებად ვილაყბო, შემინიშნავს, თუკი გონება ვერ სწვდება ნაწერს, მკითხველი ისე გადაფურცლავს წიგნს, თითქოს დატკეპნილ დაღმართს მიჰყვება. ამიტომაცაა, რომ ვირაჟებით ვწერ. მსურს მკითხველი კვლავ მიუბრუნდეს ფრაზებს, თხრობის ძაფი რომ არ გაუწყდეს, კვლავ გადაიკითხოს.

როდესაც ვკითხულობ, მხიბლავს სიტყვათა რაოდენობა. ვოცნებობ გამოვიყენო ისინი, ჩავინიშნავ კიდეც, რომ ვისარგებლო. ხოლო მუშაობისას ვერც ერთს ვერ ვიყენებ. მხოლოდ საკუთარი ლექსიკონით ვიფარგლები. მისი საზღვრები იმდენად მცირეა, რომ მათ ვერ გავცდენილვარ და თავსატეხს მიჩენს სამუშაო.

ყოველი წინადადების შემდეგ ვფიქრობ, განვაგრძო წერა თუ არა. ხომ არ შემბოჭავს და დამადუმებს ჩემ მიერ შედგენილი სიტყვათა წყობა? ეს, რა თქმა უნდა, ყველას სარგებლობას მოუტანდა, მაგრამ სიტყვებს იგივე ემართბათ, რაც ასოებსა და ციფრებს. ნაირსახოვანია და დაუსრულებელი მათი ცვლა კალეიდოსკოპში.

ხომ გამოგიტყდით, სხვისი სიტყვების მშურს-მეთქი, სხვისი რომაა, იმიტომ. ყოველ ავტორს, ლოტოს მოთამაშესავით, გადანახული აქვს რამდენიმე სიტყვა, რომლებითაც მოგება სურს. მეტად ფერადოვანი სტილი გულზე არ მეხატება (ფლობერის სტილი). ხოლო ის სტილი, რომელიც მიყვარს (მონტენის, რასინის, შატობრიანის, სტენდალის) - სიტყვაძვირია.

მასწავლებელი ყველასათვის ცნობილი ეპოქების ახსნა-ჩამოთვლას კი არ უნდა მოჰყვეს, არამედ მოსწავლეთა ყურადღება ამაზე უნდა გაამახვილოს.

ხელად ჩასწვდებიან ისინი, რაოდენი სიმდიდრეა ჩამალული სიმწირეში, რარიგ გაჭედილია უაზრობით „სალამბო“ და რა საგანძურია „წითელი და შავი“.

ფერითა და ჟღერადობით მდიდარი სიტყვების გამოყენება ისევე ძნელია, როგორც თვალში საცემი, ყალბი სამკაულებისა და მკვეთრი ფერების ხმარება ჩაცმულობაში. გემოვნებიანი ქალი ასე არასოდეს შეიმოსება.

მაკვირვებს ისეთი წიგნები, სადაც შენიშვნები პრეტენზიას აცხადებენ ტექსტის ახსნა-განმარტებაზე და გაუგებარსა და გალოკილს ხდიან მას.

გადავხედოთ მონტენის კრებულს. მონტენი მხოლოდ საკუთარ სათქმელს ამბობდა და ყოველგვარი ხერხით აღწევდა ამას. თავისებურადაც კი ცვლიდა ფრაზებს, რედაქტორები კი მის მანერას აზრობრივ სიცარიელეს ამჯობინებდნენ ოღონდაც საკუთარი მონაჩმახი გამართულად ჩაერთოთ ტექსტში.

ეს იამს როდი ნიშნავს - სრულიად აღკვეთო იშვიათი სიტყვა. შესაფერი ადგილი უნდა მიუჩინო მხოლოდ, ტექსტი რომ გაამდიდროს, ისეთი, ხოლო მეტიჩარა სიტყვებს უნდა ერიდოთ.

სიტყვებმა არ უნდა იდინონ. ისინი შეკავშირეუბულ უნდა იქნენ ერთმანეთში. ხრეში წარმოშობს მათ, ქარი დაძრწის მათში, და ბოლოს აგვირგვინებს სიტყვებს, ვითარცა ნატიფ ბროლს.

შემადუღაბებელ „და“-ს მოითხოვენ ისინი. სხვა „რომელიც“, „რომელსაც“ და „რაც“ რომ არ ვახსენოთ. ტაშ-ფანდურა არ გახლავთ პროზა. მძიმედ მიაბიჯებს იგი. ამ ნაბიჯებში გამოიცნობა მისი იერსახე. იგი აბორიგენს მიაგავს, თავზე რომ ტვირთი შემოუდევს.

ყოველივე ეს იმას მიგვანიშნებს, რომ ნატიფი პროზა პირდაპირ კავშირშია იმ ტვირთთან, რომელსაც მწერალი თავში ატარებს. სხვა რამ პროზა ქორეოგრაფიის შედეგია.

წარსულში ვმეცადინეობდი, ჩემთვის სათაყვანო თხზულებებით ლიტერატურაზე გამწყრალ მოკვდავთა ინტერესი გამეღვიძებინა. ვშიშობდი, ვერ დარწმუნდებოდნენ და ამიტომაც მე თვით ვუკითხავდი. და სწორედ ხმამაღლა კითხვისას აშიშვლებდა პროზა ნაკლოვანებებს.

როს დავმარცხდი, დავიძაბე. მას აქეთ უცაბედ დასკვნებს ვუფრთხი. დრომ გამწაფა. დღესდღეობით მხოლოდ იმ მწერლებს ვაფასებ, ვისაც ბუნებრივი სინატიფე ახასიათებს. ეს სინატიფე იმდენად გამჯდარა მათში, რომ ვერ ამჩნევენ და მეტად არ ირჯებიან.

მიუხედავად ჩვენი ლექსიკონების სხვაობისა, მაინც ხშირ-ხშირად მივმართავ პროფესიონალურ ტერმინოლოგიას.

მაგალითისათვის, უცვლელად მომიხმია საზღვაო დღიურის ჩანაწერები. ისინიწუნდაუდებლად გადმოსცემდნენ არსს და უკეთესს კაცი ვერას დაწერდა.

რთულია ფრანგული ენა. იგი ვერ ჰგუობს დაშქრულობას. მოსწრებულად შეადარა ანდრე ჟიდმა იგი უპედალო როიალს. შეუძლებელია მისი აკორდების დახშობა. მკვეთად ჟღერს იგი. მისი მელოდია უფრორე სულისკენაა წარმართული.

კლასიკოსებთან მოძიებული მუსიკალურობა ეპოქისადმი გაღებული ხარკია. დიდი მწერლები თავს არ არიდებენ მას, თუმცარა სძლევენ. საშუალო დონის მწერლებში ხელოვნურობა იმთავითვე გეცემათ თვალში. ჩვენ გვგონია, სელიმენა და ალცესტი ერთსა და იმავე ენაზე საუბრობენ.

შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე შეუთავსებელი ენების ურთიერთაღრევა მოხდეს, სტილი მსგავსების მსხვერპლი შეიქნას და მხოლოდ აზრი, მისი სიზუსტე, შემორჩეს ყურადსაღები.

თვითმყოფობის გარდა სიტყვას მომაჯადოებელი მიმზიდველობა, ჰიპნოტიზმი და შინაარსის მიღმა მოქმედი ფლუიდიც ახასიათებს. სიტყვების შეკავშირების დროს მოქმედებს. ხოლო, თუკი სიტყვათა დაჯგუფება ფორმალურია - ფლუიდი უეცრივ ქრება. მაშასადამე, შემოქმედება, წერის აქტი ანუ მწერლობა გავალდებულებს დააინტრიგო და მოაჯადოო მკითხველი. ეს თვისება თანდაყოლილია და ვერაკაცი დაგმოძღვრის. სიტყვები უნდა გვენაცვლებოდნენ, ანაზღაურებდნენ ჟესტს, ნაბიჯსა თუ შეხედულებას, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. ყოველივე ეს ზემოქმედებს მხოლოდ იმაზე, ვისაც ასეთნაირი დაჯგუფებისადმი აქვს მიდრეკილება. სხვა კი ფუჭად და ლიტონად შერაცხს ყოველივეს. გინდ ვისულდგმულოთ, გინდ აღვესრულოთ.
სიტყვათა მაგიურმა დაჯგუფებამ ისეთი ზემოქმედება იქონია ჩემზე, რომ მეტად ვეღარ ვსაუბრობ ნებისმიერი დროის მწერალთან. ჩემდა უნებლიეთ ვუპირისპირდები მას. ოდეს კითხვას ვუსვამ, იმ წამს ვხვდები პასუხს. ამის სესაძლებლობას სიტყვათა შინაგანი არმატურა მაძლევს.

ლექციისაგან განსხვავებით, ჩემი წიგნი მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს - ესაუბრობს მკიტხველს. ახლობლები ვერას მოიძიებენ მასში, რადგანაც ჩემს წიგნს მხოლოდ იმ უცნობებთან სურს შეხვედრა, ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდა და ვინც ჩემთან ერთად იმ იდუმალებათა ამოხსნას შეუდგება, ევროპას რომ მეტად აღარ აღელვებს. ვგონებ, ამ იდუმალებატა ამოხსნა მცირერიცხოვანი ჩინელი მანდარინების ხვედრი გახდება.

ამა თუ იმ სიტყვათა დაჯგუფების ძალა ისერიგად ეფექტურია, რომ ფილოსოფოსები საკუთარი ცვალებადი მსოფლმხედველობით რჩებიან ისტორიაში. არათუ იმით, რა თქვეს, არამედ თუ რარიგად თქვეს. ან რომელ მათგანს არ მოუპოვებია კუთვნული ადგილი სიტყვების მეშვეობით, იმ განსაკუთრებული ელვარრრებით, მათ ცდომილებებს რომ აშუქებს. დეკარტი რომ ცდებოდა, დღესდღეობით ყველასათვის ცნობილია. მაგრამ მაინც ვეტანებით და ვკითხულობთ. მაშასადამე - სიტყვაა უკვდავი! შინაგანი სიმკვრივისა და იმ ყალიბის უკვდავებით, რომელსაც თვით სიტყვა უკვდავყოფს.

დაე, მართებულად გამიგონ. მე იმ სიტყვებზე როდი ვმსჯელობ, აზრს რომ ალამაზებენ. სიტყვათა მთლიან აგებულებას ვგულოსხმობ. აქ იმ სიტყვებს ვახსენებ, საკუთრ არქიტექტურას აშკარად რომ შეესაბამება და თარგმანშიაც ინარჩუნებს ეფექტურობას.

მხოლოდ პუშკინის ფენომენი მაგდებს საგონებელში. მისი მომხიბლაობა ყოველი წრის წარმომადგენელ რუსსზე მოქმედებს. მხოლოდ მუსიკალურობას როდი მიეწერება ამდაგვარი კულტი. მასში ჭეშმარიტად რაღაც ჯადოსმიერი რამაა ჩაქსოვილი. ამას მე იმ შავი სისხლის წვეთს მივაწერ, მის ვენებში რომ ჩქეფს. თარგმანში კი მისი პოეზია საკმაოდ უფერულად ჟღერს. ძლიერია პუშკინის დაფდაფი, ხოლო თუ მას ტონალობა შეუცვალე, გახევებული დაფდაფის ხმა შემოგრჩებათ მხოლოდ.

რა თქმა უნდა, პოეზიაში სიტყვის მნიშვნელობა მეტად გამოკვეთილია, ვიდრე პროზაში. ვგონებ, სიტყვათა ნებისმიერი დანიშნულება მარტოოდენ მაშინ გადადის უცხო ენაში, თუკი მათი შემაკავშირებელი კვანძი საკმაოდ ძლიერია. დასტური ამისა - შექსპირის პოეზია. პუშკინის ფენომენი კი უნიკალურია. ასე განსაჯეთ, ოცჯერ დავავალე მისი პოეზიის თარგმნა და ოცჯერვე მარცხი განიცადა მისმა რუსმა მთარგმნელმა. ერთსა და იმავეს გაიძახოდა. პუშკინთან „ხორცი“ „ხორცს“ არ ნიშნავსო, თუმცა ხორცისათვის დამახასიათბელ სურნელს აფრქვევსო. მე კი მიმაჩნია, რომ „ხორცი“ „ხორცია“ და მნიშვნელობა მხოლოდ გარემომცველი სიტყვების მეშვეობით შეიძლება შეიცვალოს. მხოლოდ სხვა სიტყვებს შეუძლიათ უცნაური რელიეფის შექმნა.

ხშირად პატივმოყვარეობა გვაიძულებს, ჩვენი ნამოქმედარი მოვფინოთ სამყაროს. მაგრამ, ვგონებ, პოეტის სიდიადე გახლავთ - თანამემამულეთ ეკუთვნოდეს. ის, რაც ჩვენში პუშკინის აღქმას ხელს უშლის, რუსეთში მას სათაყვანო პეტად ხდის.

ჯადოსნურ რეცეპტებს პოეზიაზე ნაკლებად ექვემდებარება პროზა. ისიც მართალია - რაც უფრო დაშორებულია პროზა ფაბულას, მით უფრო იოლია მისი შეცვლა. თუ, რა თქმა უნდა, სათვალავიდან არ ამოვაგდებთ ორ ერთნაირად განდობილ ადამიანთა, შარლ ბოდლერისა და ედგარ პოს კურთხეულ შეხვედრას. ბალახების, ბანგის, შეჭამანდისა და სანელებლების გამოყენებაც, მათი ორგანიზმზე ზემოქმედებაც კი, ჩვეული და ცნობილი იყო მათთვის.


კითხვის შესახებ

მე არც კითხვა ვიცი და არც წერა. და როდესაც საანკეტო ფურცელში ამის შესახებ მეკითხებიან, სურვილი მებადება, პასუხი არ გავცე - ან კი ვის ძალუძს წერა? ეს უსასრულო შებმაა მელანთან, რათა ხალხს შენი ხმა გააგონო.

ან მეტისმეტად ჩაჰკირკიტებენ ნაწერს, ან სულ არ დაუდებენ გულს, ძვირად თუ მოიძიებენ იმ ოქროს შუალედს, მოხდენილად რომ მოიკოჭლებს. კითხვა ხომ სულ სხვა რამ არის. მე ვკითხულობ, მგონია, რომ ვკითხულობ, როდესაც კვლავ ვუბრუნდები წაკითხულს, ვხვდები, არ წამიკითხავს. ასეთსავე თავსატეხს გვიჩენს წერილიც. მასში რასაც ეძიებენ, იმას პოულობენ. დასჯერდებიან მოძიებულს და გვერდზე გადადებენ. ხოლო თუ კვლავ მოუბრუნდნენ, სულ სხვა რაიმეს ამოიკითხავენ.

წიგნიც ამგვარ ოინს გვმართებს. თუკი ის არ პასუხობს ჩვენს ამჟამინდელ სულიერ განწყობილებას, არ მოგვწონს, თუ თავს გვაბეზრებს და გვაშფოთებს, ვაკრიტიკებთ კიდეც. ეს კრიტიკა ფენებად ეწყობა და გვიშლის კეთილსინდისიერად კითხვას.

წიგნში მკითხველს მხოლოდ საკუთარი თავის ამოკითხვა სურს. თუ რაიმე მოსწონს, ეჩვენება, რომ თავადაც შეძლებდა ასე დაწერას. შეუძლია გაუნაწყენდეს კიდეც წიგნს იმად, რომ მან მისი ადგილი დაიკავა. წიგნი ხომ იმაზე ლაპარაკობს, რისი თქმაც მკითხველს არ ძალუძს, თუმც კი ჰგონია, რომ უკეთ იტყოდა.

რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის წიგნი, მით უფრო ზერელედ ვკითხულობთ მას. ჩვენი შინაგანი ბუნება გაჯდება რა მასში, ჩვენი საზომით ზომავს და ჩვენს ყაიდაზე იაზრებს წაკითხულს. ამიტომაცაა, რომ მხოლოდ ისეთ წიგნებს ვეტანები, სადაც ჩემი არსი არ აღწევს და, ვრწმუნდები, ვიცი კითხვა. საავადმყოფოში, სადაც დიდი ხანი დავყავი, მე ვკითხულობდი მხოლოდ იმას, რაც მომვლელ ქალს მოჰქონდა, ან შემთხვევით ჩამივარდებოდა ხელში. ეს იყო პოლ ფევალის, მორის ლებლანის, კსავიე ლერუსა და უთვალავი სათავგადასავლო და დეტექტიური წიგნი. მათ კითხვისას მე უპრეტენზიო და უბრალო მკითხველი ვხდებოდი. ვკითხულობდი როკამბოლს, მესიე ლეკოკს, ორსივალის დანაშაულს, ფანტომასს, შერ-ბიბის და საკუთარ თავს ვირწმუნებდი: „გცოდნია კითხვა“, რადგანაც ისინი მშვენივრად მესუაბრებოდნენ ჩემივე ენით, რათა არაფერი გამომპარვოდა და ჩემი ჭკუისამებრ არაფერი შემეცვალა. ეს ხომ ცნობილი ჭეშმარიტებაა. თქვენ, ალბათ, ხშირად გაგიგონიათ ასეთი ფრაზა ჭლექიანისაგან თომას მანის „ჯადოსნურ მთაზე“ ვინც ტუბერკულოზით ავად არ ყოფილა, ამ წიგნს ვერ გაიგებსო. ამავე დროს თომას მანი ავად არ ყოფილა და ეს წიგნიც სწორედ ჯანმრთელთათვის დაწერა, რათა ისინი გაცნობოდნენ ამ სენს.

ყოველი ჩვენგანი ავადმყოფია და მხოლოდ საკუთარ დაავადებაზე თუ შეუძლია წიგნის კითხვა. ამის შედეგია სასიყვარულო სიუჟეტებზე აგებული წიგნების წარმატება. აკი ყოველი მკითხველი თვლის, რომ მხოლოდ თვითონ განიცდის სიყვარულს და სხვა არავინ. და ასე მსჯელობს: „ეს წიგნი ჩემთვისაა დაწერილი, გაიგებს კი ამას სხვა ვინმე?“, „რა მშვენიერი წიგნია“, - ამბობს ქალი, რომელიც კაცს უყვარს, ჰგონია, ქალი თანაზიარია მისი და ჩქარობს, ქალს მიართვას წიგნი. მაგრამ ქალის სიტყვები სხვისთვის არის განკუთვნილი.

ძალაუნებურად გაიფიქრებტ, რომ წიგნის როლი დარწმუნებაში კი არა, არამედ ანგარიშის გაწევასა და შეთანხმებაშია. მკითხველისათვის ბალზაკის ნაწარმოებში სიხალვათეა. „ეს ბიძაა ჩემი, - ფიქრობს იგი, - ეს დეიდაჩემია, ესეც ბაბუა, ეს კი ქალბატონი... აგერ ქალაქი, სადაც ვშობილვარ“. დოსტკოევსკი კი რას კარნახობს მას? „არავინ უწყის, რომ ეს აღგზნებაა და ვნება ჩემი“.

ისევე, როგორც მუზეუმში გამოფენილ საისტორიო ტილოს ირგვლივ ერთ აურზაურს ტეხენ და სხვა ტილო, („ჯოკონდა“, „გულგრილი“, მილეს „მწუხრის ზარები“ და ა.შ.) შესაძლოა, ზიზღით შეჰყურებს მას, ასევე ზოგი წიგნიც თავის ირგვლივ ერთ აურზაურს ტეხს და ბედი სხვა წიგნისა, მასზე ბევრად მჯობიც რომ იყოს, განირჩევა მისი ბედისგან.

„დიდი მოლნი“ ერთი ასეთი წიგნია. ჩემი „აუტანელი ბავშვებიც“ იმავე უპირატესობით სარგებლობს. ვინც კი წაიკითხა და საკუთარი თავი ამოიცნო მასში, ეგონა ჩემი მელნით სულდგმულობდა, მსგავსების მსხვერპლი გახდა და, მის შენარჩუნებას აუცილებლად მიიჩნევდა. აქედან გამომდიანრე შეიქმნა ხელოვნური, არეულობა და ისეთ საგანთა შეგნებული გამოყენება, რაც მხოლოდ შეუგნებლობით აიხსნებ.ა მრავალი წერილი მივიღე. მატყობინებდნენ: „მე - თქვენი წიგნი ვარ!“, „ჩვენ - თქვენი წიგნი ვართ!“ ომიანობა, შემდგომი ხანა, გაჭირვება, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელს ხდის ნორმალურ ცხოვრებას, მათ არ აბრკოლებდა.

სენ-კლუს კლინიკაში, სადაც ეს წიგნი დაიწერა, მე შთამაგონეს ჩემმა მეგობრებმა, დამ და ძმამ. მე ვთვლიდი, რომ მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ ამგვარად. ჩემი გამოთქმული პრინციპებიდან გამომდინარე, დიდ წარმატებას არ ველოდი. ვინ შეიცნობს წიგნში საკუთარ თავს? რა თქმა უნდა, ვინც წიგნში აღვწერე, ვერც ისინი. მათი მომხიბვლელობა სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ თვითონ არ უწყოდნენ, რასაც წარმოადგენდნენ. ვგონებ მხოლოდ მათ ვერ ამოიცნეს წიგნში თავიანთი თავი. სწორედ მსგავს პირთაგან ვერას შეიტყობ. ღმერთო, არსებობენ კი ასეთნი? მითომანებმა და მათ, ვისაც ცაში უყვართ ფრენა, მაგიდის წიგნად გაიხადეს ჩემი თხზულება.

„ცრუ თომა“ ისტორიაცაა და წიგნიც, წიგნი, რომელსაც ისტორია არ შეუქმნია. განთავისუფლების ხანაში მან თითქმის იმავ საფეხურს მიაღწია, რომელზედაც „აუტანელი ბავშვები“ იდგა. მრავალი ახალგაზრდა მითომანი სამოსელსა და სახელს იცვლიდა, თავს კარგავდა და გმირად შერაცხდა საკუთარ პიროვნებას. მეგობრები მათ „ცრუ თომას“ ეძახდნენ, მათი გმირობის შესახებ მიყვებოდნენ, თუ, რა თქმა უნდა, თვით არ ისაკუთრებდნენ მათ საგმირო საქმეებ.ს მაგრამ ისეთი მითომანი იშვიათია, ვინც თავისი შეთხზული იგავების გმირს მიაგავს. ზოგს მხილებულ არ უნდა იქნას. თუმცა ყოველივე მარტივია. წიგნი ან გამოსვლისთანავე იწვევს დიდ აჟიოტაჟს, ან არასოდეს ეღირსება იგი. „ცრუ თომას“ თავის დღეში ისე არ გაუმართლებს, როგორც „აუტანელ ბავშვებს“. მითომანი რას დააკლებს მითომანს? ეს იმას ჰგავს, ინგლისელმა ინგლისელი რომ ითამაშოს.

თომა დე ფონტენუას სიკვდილი მითოლოგიურია. ესაა ბავშვი, რომელიც ცხენობანას თამაშობს და ცხენად იქცევა. მითომანი „აუტანელ ბავშვებს“ კითხულობს. იგი ცხენობანას თამაშობს და საკუთარი თავი ცხენი ჰგონია.


ფრაგმენტები

თეატრის შესახებ

ციებ-ცხელებაა თეატრი. ვინც ეს არ იცის, ან დიდხანს იხარშება მასში, ან ერთიანად იწვის. იგი აქრობს ყოველგვარ თავგამოდებას. ცეცხლით და წყლით მოქმედებს.

მაყურებელი აზვირთებული ზღვაა. გული გიღონდება და ამას მაყურებლის შიშს უწოდებენ. როგორადაც არ უნდა არწმუნო თავი, რომ ეს თეატრია და მაყურებელი, არა გშველის რა. იფიცებ კიდეც, მეტად ამ გრძნობას არ აჰყვე - მაინც გვეუფლება დაუსრულებლივ. ბანქოს თამაშს წააგავს: მთლიანად ტოვებ, რაც გაბადია. და მაინც ეს ტანჯვა დამატყვევებელია.

რატომ წერთ პიესებს? - მეკითხება რომანისტი. რატომ წერთ რომანებს? - მეკითხება დრამატურგი. რატომ დგამთ ფილმებს? - მეკითხება კრიტიკოსი. რატომ წერთ? - მეკითხება მხატვარი. რატომ? რატომ? აბა რა ვიცი. საკუთარ თავსაც კი ვეკითხები. ალბათ იმიტომ, ჩემი მარცვლები ცოტ-ცოტა ყველგან რომ მიმოვფანტო. ცუდად ვიცნობ საკუთარ სუნთქვას. ის კი ვიცი, გულჩვილი რომ არაა. უძლურთ დასცინის. და დაღლილობის არა უწყის რა. ჩემი ნიჭით იკვებება და საკუთარი წვლილის შეტანა სურს. შესუნთქვა როდი გახლავთ, ამოსუნთქვაა იგი. რადგანაც სხეულსი ისეთი ადგილიდან ჩქეფს ეს ამოსუნთქვა, სადაც ვერ შეაღწევს ადამიანი. თუნდაც მეგზურად გამოუჩნდეს ვერგილიუსი. ვინაიდან თვით ვერგილიუსს არ მოუვლია ის ადგილები.

მაშ რაღა ვუყო გენიალობას? ის ჩემში მხოლოდ თანამონაწილეს ეძებს შავბნელი საქმეების ჩასადენად.

თუკი ჩვენს საქმიანობაში გაორება მოხდა, მთავარია ჩვენი ძალისხმევა არ გავურიოთ მასში. რომელიმე ტოტს ისე ვერ მოვეკიდები, თუ სხვები არ წავასხიპე ხეს. ზედმეტს ყოველთვის უკუვაგდებ. იშვიათად თუ ვხატავ ნაწერის არშიაზე.


გიიომ აპოლინერის შესახებ

ციფრებსაც კი არ ძალუძთ ზოგიერთი მისი ლექსის გადმოცემა. მხოლოდ კითხვისას ნათლად წარმოგვესახებიან ისინი. თვალებდახრილი, მოღიღინე, სამელნეში აწობდა კალამს. კალმის წვერზე მელნის წვეთი ეკიდა. ის ცახცახებდა და ეცემოდა. და ვარსკვლავებით იბეჭდებოდა სუფთა ქაღალდი. „ალკოჰოლი“ და „კალიგრამები“ ასეთივე იდუმალი კოდიტაა დადაღული.

იშვიათი სიტყვა (იგი ხმარობდა მათ) აპოლინერის ხელში კარგავდა ფერადოვნებას. ბანალური კი არაჩვეულებრივ იერს იღებდა. და მის მიერ თითოეული ხმარებული ამეთვისტო, მთვარის სპეკალი, ზურმუხტი, სარდიონი თუ აქატი იმავ სიმაღლით მოიქცეოდა, საიდანაც გამოღწეულ იქნა.

ხანდახან შეჩერდებოდა, თითს აღაპყრობდა და წარმოთქვამდა: „ეს-ესაა გადავიკითხე „მალდორორი“. ახალგაზრდობა ლოტრეამონს რემბოზე მეტად უნდა უმადლოდეს“. ეს მაგალითი პიკასოს მონაყოლმა ამბავმა გამახსენა. ახალგაზრდა პიკასო, მაქს ჟაკობი და აპოლინერი მონმარტრის კიბეებს ჩაირბენდნენ თურმე და გაჰყვიროდნენ: „დიდება რემბოს! ძირს ლაფორგი!“

ჩემი აზრით, ეს გამოსვლა უფრო მეტის მანიშნებელი გახლდათ, ვიდრე სხვა, შემდგომი, სახალხო გამოსვლები.

იმ კლდეზე,რომელზედაც ჩვენ, გემის დაღუპვას გადარჩენილი რამდენიმე იშვიათი პიროვნება შევრჩებით, მღერის აპოლინერი. გაფრთხილდი, საქმოსანო მოგზაურო! ეს - ლორელაი გალობს.


შრომისა და ლეგენდის შესახებ

ცოტა რამ სიტყვაა ჩემი კალმის წვერზე მრავალგზის ნაღეჭი. აზრი წინ მისწრებს. და როდესაც ჩერდება, თვალს მოჰკრავს ჩემს ჩანჩალს და კარგავს მოთმინებას. თავს გაქცევით შველის და მეტად ვეღარ ვპოულობ.

ზურგს შევაქცევ ქაღალდს. სხვა რამეს მივედ-მოვედები. კარს ვაღებ. თავისუფალი ვარ. რა იოლია ამის თქმა, არა? და სწორედ მაშინ, თვალისწამში ბრუნდება აზრი და საქმეში მახრჩობს.
წკეპლის ერთი აქნევა და, წიგნები დაწერილია, ფილმი გადაღებულია, ყალამი ხატავს, თეატრში სპექტაკლი მიმდინარეობს. ჯადოქარი. ეს სიტყვა ამარტივებს ყოველივეს. გადასინჯვასაც არ საჭიროებს. საქმე ხომ გაჩარხულია.


ფუქსავატობის შესახებ

მძიმედაა ავად ჩვენი ეპოქა. სიტყვა „გაქცევა“ მის მიერ არის გამოგონილი.

და ხალხს ჰგონია,რომ პოეზია მალამოა - გადაავიწყებს შემზარავ სინამდვილეს. მხოლოდ ეს აფიქრებთ და ურიცხვ გაზეთს შეჰყურებენ, სადაც უხამსი რეკლამა მათ ოცნებათა კარებს შემოუღებს.

პოეტი მარტოდმარტო ბინადრობდა ინდუსტრიულ სამყაროში. ახლა კი იგი პოეზიის სამყაროშიც მარტოდმარტოა.

ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ლოლაძემ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982