კურტ ვონეგუტი - სარწეველა ფისოსათვის

დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლული და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გამოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“ მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ…

ამ წიგნში სიმართლის მისხალს ვერ ნახავ. „ფოომას - იმ უვნებელ ტყუილს მისდიე, რაც სამომავლოდ კეთილს, მამაცს, ჯანმრთელსა და ბედნიერს გაგხდის“. ბოკონონის წიგნები, 1:5

ახალგაზრდობისას, ორი ცოლის გაშვებამდე, 250 000 ღერი სიგარეტის მოწევამდე, 3 000 კვარტი სასმლის მიღებამდე - მოკლედ, როცა ბევრად უფრო ჯეელი გახლდით, მასალის შეგროვებას შევუდექი ერთი წიგნისთვის, რომლის სათაურად "სამყაროს აღსასრული" მქონდა შერჩეული. წიგნი მომხდარ ამბავს უნდა დაფუძნებოდა. ანუ იმის ერთგვარი ანგარიში უნდა ყოფილიყო, თუ რა მოიმოქმედეს ცნობადსახიანმა ამერიკელებმა იმ დღეს, როცა პირველი ატომური ბომბი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმას დაეცა.

ჩვენ, ბოკონონის მიმდევრებს გვწამს, რომ მთელი კაცობრიობა გუნდ-გუნდადაა დანაწევრებული, ხოლო ეს გუნდები ისე აღასრულებენ უზენაესის ნებას, წარმოდგენაც კი არა აქვთ რას სჩადიან. ბოკონონი ყოველ ამგვარ გუნდს კარასს უწოდებს. [...] თუკი აღმოჩნდა, რომ რაიმე გონივრული დასაბუთების გარეშე, თქვენი სიცოცხლე ვინმე სხვისას გადაეჯაჭვა, - წერს ბოკონონი, - ის ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ თქვენივე კარასის წევრია. [...] მისსავე წიგნებში, ოღონდ უკვე სხვაგან, ასეთი რამეცაა - „ადამიანმა ჭადრაკის დაფა შექმნა, ღმერთმა კი - კარასი“. იგულისხმება, რომ კარასისთვის არ არსებობს ეროვნული, ინსტიტუციური, ოჯახური თუ კლასობრივი საზღვრები. ის ამებასავით ამორფულია. [...] თავად ბოკონონი არსად გვაფრთხილებს იმ ხალხის თაობაზე, ვინც საკუთარი კარასის საზღვრების დადგენას და უფლის ნების ამოცნობას ცდილობს. ის, უბრალოდ, შენიშნავს, მსგავსი მცდელობა იმთავივე განწირულიაო. [...] მეც ისეთივე სიბეცე მჭირს - მეც და ყველას, ვისაც ჰგონია, გზანი უფლისანი შევიცანიო (სწორედ ასე უწერია ბოკონონს). [...] თავად ბოკონონის წიგნები ასე იწყება: „ყოველი ჭეშმარიტება, რომლის გაცხადებასაც თქვენთვის ვაპირებ, ყოვლად უსირცხვილო ტყუილი გახლავთ“.

... იმ დღეს მამა ერთხანს უხმოდ დასცქეროდა ძაფს, მერე კი თითები აათამაშა და ძაფის განასკვა-გამონასკვას შეუდგა. ბოლოს ისეთი რამ გამოუვიდა, „ფისოს სარწეველას“ რომ ეძახიან.

მას მერე, რაც მამამ მანქანაში კუ ახსენა, იმდენად გაიტაცა ამ ქვეწარმავლის ავანჩავანმა, ატომურ ბომბზე მუშაობასაც კი ვეღარ უდებდა გულს. საქმე იქამდე მივიდა, „მანჰეტენის პროექტის“ რამდენიმე მესვეური ბოლოს შინაც კი მოგვადგა და ენჯელას ჰკიტხეს, რა ვიღონოთო. იმანაც ურჩია, მამაჩემის ლაბორატორიაში, საგანგებო აკვარიუმში დაბინავებული რამდენიმე კუ იქაურობას მოაშორეთო. ერთ ღამეს მართლაც შევიდნენ იქ და ენჯელას რჩევისამებრ მოიქცნენ, მამაჩემს კი იმ თავისი ნალოლიავები კუების გაქრობაზე კრინტიც არ დაუძრავს; უბრალოდ სულ იმას დაეძებდა, რით შეექცია თავი და ასეთ თავშესაქცევად ატომური ბომბიღა რჩებოდა...

ალამოგოროდში ბომბის პირველ გამოცდას რა მოჰყვა? როცა ყველა თვალნათლივ დარწმუნდა, ახლა ამერიკას ერთადერთი ბომბით შეუძლია მთელი ქალაქების ნაცარტუტად ქცევაო, ვიღაც მამაჩემს მიუბრუნდა და უთხრა: „ახლა უკვე მეცნიერებამაც გაისვარა ხელი ცოდვით...“ მამაჩემმა კი ჰკითხა: „და რა არის ცოდვა?..“

ამქვეყნად სიყვარულის ყველასთვის სამყოფი მარაგი არსებობს, თუ კაცი კარგად მოიძიებს...

სული ჩემი ისე ქოთდა, როგორც ზედმეტად ცეცხლის მიფიცხებული ბებერი კატის ბალანი.

... ეტყობოდა, რა გამალებით ცდილობდა, რაიმე სათქმელი ეპოვა, მაგრამ ერთჯერადი ცხვირსახოცისა და ბიჟუტერიის მეტს ჩანთაშიც კი ვერაფერს პოულობდა.

ფიქრით ყველანი ერთნაირად ვფიქრობთ; უბრალოდ, მეცნიერები თავისებურად ფიქრობენ, სხვა ადამიანები კი - სხვაგვარად.

არავის გვაწყენდა ყველაფრის თავიდან დაწყება და სასრუველია - სწორედაც საბავშვო ბაღის დონიდან...

ამქვეყნად ახლებურ ხედვაზე ღირებული არაფერია! რაც მეტ დაბეჭდილ კარს ავხსნით კლიტეს, მით მეტად გავმდიდრდებით...

საზოგადოდ, როცა ვინმეზე ამბობენ, კარგად ან ცუდად ვიცნობო, მეტწილად, გამხელილ თუ გაუმხელელ საიდუმლოებებს გულისხმობენ - რაიმე პირადულს, შინაურულს, თუნდაც ინტიმურს...

როგორც ბოკონონი ამბობს, „უცნაურ გზებზე სიარული ღვთიური ცეკვის გაკვეთილებია“.

ზოგჯერ მგონია, ქვეყნიერების თავი და თავი უბედურებაც ესაა - ძალიან ბევრი იმთავითვე მკვდრადშობილი განაგებს დანარჩენების ბედ-იღბალს.

... ემიგრანტს თუ დარჩა კიდეც შთამომავლობა, გვარს ნაღდად ამერიკულ ყაიდაზე გადაიკეთებდნენ ყველანი. ახლა ალბათ ჯოუნზები, ბლეკები ან თომპსონები იქნებიან...

ჩემი მკვდარი კატისთვი კისერზე ქაღალდის ფურცელი შეებათ, წარწერით: „მიაუ!“

ამქვეყნად ყველაფერი რაღაც ღირს.

ახვარი ისაა, ვისაც იმდენად ჭკვიანი ჰგონია თავი, ენას ვერ აჩერებს... სულერთია, რაც უნდა თქვას სხვამ, მაინც პირში ეცემა და კამათს დაუწყებს. თუ რამეზე თქვი, მომწონსო, აუცილებლად გაგიჩმახებს, ეგ რა მოსაწონიაო. ყველაზე მეტად კი ის უხარებს გულს, როგორმე ბრიყვად თუ გამოგაჩინა და რაზეც უნდა ჩამოუგდო სიტყვა, იმან ყველაფერი შენზე უკეთ იცის.

ვაპირებ, გარდაცვალების მერე აღარაფერი გაივხსენო და თქვენც ამავეს გირჩევთ.

სარწეველა ფისოსასთვის ერთ-ერთი უძველესი თამაშია. ესკიმოსებიც კი ერთობიან ამით. ალბათ უკვე ათასი წელია, დიდები ბავშვებს ცხვირწინ უნანავებენ ძაფებით მოწნულ ეგეთ რამეს. რა გასაკვირია, მერე ის ბავშვებიც შეშლილებად რომ იზრდებიან. ეგ სარწეველა ფისოსათვის თითებს შორის მოქცეული, გადაჯვარედინებული ძაფია და მეტი არაფერი, ისინი კიდე თვალს ვერ აცილებენ და... არც ის ოხერი ფისო ჩანს სადმე და არც მისი ოხერი სარწეველა!

- თვითნასწავლი ბრძანდებით?
- რა მერე? ყველა ეგრე არაა?

როცა გამოირკვა, რომ მდგომარეობას სან-ლორენცოში ვერავითარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმა ვერ გამოასწორებდა, ამ საცოდავი ხალხისთვის იმედის ერთადერთ წყაროდ სწორედ ბოკონონის მოძღვრება იქცა. ადამიანთა უპირველეს მტრად სიმართლე რჩებოდა, რადგან იგი თავისთავად ამაზრზენი და შემზარავი გახლდათ. ამიტომაც დაისახა მიზნად ბოკონონმა, სულ უკეთესი და უკეთესი ტყუილებით ეკვებახალხი. კანონგარეშედ რომ გამოეცხადებინათ, ეგეც თავად მოიფიქრა: მაკქეიბს სთხოვა, მეცა და ჩემი სწავლებაც კანონგარეშედ გამოგვაცხადეო. ასე უნდოდა, ადამიანების სულიერ ცხოვრებაში მეტი სიმძაფრე და დაძაბულობა შემოეტანა. სხვათა შორის, ამის თაობაზე ლექსიც კი შეთხზა: არ გავკარი სახელმწიფოს, ხალხის აზრს და რწმენას?! ყველაფერსაც მოევლება, თუ დატკბება ენა! [...] ბოკონონის მიმდევრებისთვის ყველაზე შესაფერის სასჯელად კაუჭის დაწესებაც თავად ბოკონონის ახირებაა.

მეტ-ნაკლებად გავერკვიე ბოკონონისეულ კოსმოგონიაში, რომლის თანახმადაც ბორასისის, ანუ მზეს, იმ იმედით ჩაეკრა გულში პაბუ, ანუ მთვარე, ცეცხლოვან პირმშოს გამიჩენსო... მაგრამ იმ საბრალო პაბუს მხოლოდ ცეცხლგამქრალი, ცივი შვილები უჩნდებოდა და განრისხებულმა ბორასისიმაც ყველანი ერთიანად დაიფრინა. ასე გაჩნდნენ ციური მნათობები, რომლებიც შორი-შორს, შიშით უვლიან გარს თავიანთ საზარელ მამას. ბოლოს საბრალო პაბუც მოიძულა და ისიც იძულებული გახდა, თავის საყვარელ შვილთან, დედამიწასთან დაბინავებულიყო. ის კი პაბუსთვის იმიტომაც იყო უსაყვარლესი, ზედ ადამიანები რომ სახლობდნენ. ეს ადამიანები ხშირ-ხშირად ახედავდნენ ხოლმე - სიყვარულითა და თანაგრძნობით.

მოწიფულობა ის მწარე იმედგაცრუებაა, რისი წამალიც არ არსებობს - თუ, რა თქმა უნდა, სიცილს არ მივიჩნევთ ასეთად.

ოქროს ხანა, თავისთავად, რაღაც უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე წმინდანის ხელისუფლებაში მოსვლაა. უფრო მნიშვნელოვანი მაინც ისაა, ადამიანებს გემრიელი საჭმელ-სასმელი არ აკლდეთ, რიგიანი საცხოვრისი ჰქონდეთ, წესიერ სკოლებში დაჰყავდეთ შვილები, ავად გახდომის არ ეშინოდეთ, ცხოვრება უხაროდეთ და ვისაც კი სურვილი აქვს, სამუშაო არ ჰქონდეს სანთლით საძებარი.

- ძალაუნებურად სულ იმაზე ვფიქრობ, მართლა რა გამაოგნებელი დარტყმა იქნება ადამიანებისთვის, თუკი უცებ, სრულიად მოულოდნელად, აღარც ახალი წიგნები გამოჩნდება დახლებზე, აღარც ახალი დადგმები - თეატრებში, აღარც ახალი ფილმები გამოვა ეკრანებზე.
- მერე? მოგეწონებათ, ხალხი ბუზებივით რომ დაიხოცება?
- რატომ ბუზებივით? ალბათ უფრო ცოფიანი ძაღლებივით, დუჟმორეულები დაერევიან ერთმანეთს, ან სულაც საკუთარ კუდებს დაიკბენენ...
უფროს კასლს მივუბრუნდი:
- სერ, როგორ კვდება კაცი, როცა მას ლიტერატურა ვეღარ ჰგვრის შვებას?
- ორი შემთხვევაა აღწერილი, - ან გულის გაქვავები იღუპება, ანდა - ნერვული სისტემის ატროფიით.

ერიდეთ ისეთ კაცს, ვინც თავს არ ზოგავს რაიმეს სასწავლად; სწავლობს კიდეც, და მერე ხვდება, რომ ჭკუა სულაც არ მომატებია... - გვმოძღვრავს ბოკონონი. - მერე კი იმ ხალხს აითვალწუნებს ხოლმე, ვინც მასავით უმეცარია, ოღონდ თითი თითზე არ დაუკარებია ამის მისაღწევად...“

მთარგმნელები ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე