ოსნე საიეშტადი - ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე
ქალის ოჯახში ხელის სათხოვნელად კაცს მარტო მისვლა არ შეუძლია. ავღანური ტრადიციის მიხედვით, მაჭანკლობა სასიძოს ახლო ნათესავ ქალს ევალება. მანვე უნდა ადევნოს თვალყური მომავალ საპატარძლოს, რათა შეაფასოს მისი სიყოჩაღე, აღზრდა, კარგი ცოლისთვის დამახასიათებელი თვისებები.
***
ლამაზ ქალიშვილს ოჯახში კარგი საპატარძლო საფასურის შეტანა შეეძლო. საპატარძლოს ფასს მისი ასაკი, სილამაზე, აღნაგობა და ოჯახის სტატუსი განსაზღვრავს. ახალგაზრდა ქალს არანაირი აზრი არ უნდა გააჩნდეს მთხოვნელის თაობაზე.
***
მაღალი საპატარძლო ბელგა კი მისი ოჯახის ბევრ პრობლემას გადაჭრიდა. ფული, მისმა მთხოვნელმა რომ გადაიხადა, გოგონას ძმებს კარგი ცოლების ყიდვაში გამოადგებოდათ.
***
სულთანი კარგა ხანს შიშით ელოდა ამ დღეს. ის მრავალი წლის განმავლობაში ყიდდა უკანონო წიგნებს, სურათებსა და ხელნაწერებს. ჯარისკაცები მასთან მუქარით ბევრჯერ მისულან, წიგნებიც არაერთხელ წაურთმევიათ. სულთანს თალიბანის უმაღლესი ინსტანციებიდანაც დაემუქრნენ, მაშინდელმა კულტურის მინისტრმაც კი დაიბარა. მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, ეს აქტიური წიგნებით მოვაჭრე როგორმე გადაებირებინა და თალიბანის სამსახურში ჩაეყენებინა. სულთან ხანი იმ ბროშურებსაც სიამოვნებით ყიდდა, თალიბანის იდეოლოგიას რომ ქადაგებდა. ის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო და უნდოდა, ხალხი ყველას პოზიციას გასცნობოდა. თალიბების შავბნელით მოცული მოძღვრების გვერდით, სულთანი ყიდდა ისტორიის წიგნებს, მეცნიერულ ნაშრომებს, იდეოლოგიურ ნაწარმოებებს ისლამის შესახებ, რომანებსა და პოეტურ კრებულებს. თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლებს კამათი ერეტიკოსობად მიაჩნდათ, ყოყმანი კი – ცოდვად. ყურანის დაზუთხვის გარდა სხვა ყველაფერი მათთვის უვარგისი და სახიფათო იყო.
1996 წლის შემოდგომაზე, როდესაც ძალაუფლება ხელთ თალიბანმა იგდო, ყველა სამინისტროდან დაუყოვნებლივ მოაშორეს სპეციალისტები და მათ ნაცვლად მოლები დასვეს. ყველა დაწესებულებას, ცენტრალური ბანკებიდან დაწყებული და უნივერსიტეტით დამთავრებული, მოლები მართავდნენ. მათი მიზანი ისეთი საზოგადოების შექმნა იყო, როგორშიც წინასწარმეტყველი მუჰამედი ცხოვრობდა არაბეთის ნახევარკუნძულზე 600-იან წლებში.
მაშინაც კი, როცა თალიბანი უცხოეთის ნავთობკომპანიებთან გარიგებებს აწარმოებდა, სათათბირო მაგიდას გარშემო მხოლოდ ამ საქმის უცოდინარი მოლები უსხდნენ
***
თალიბები გაურბოდნენ ყველანაირ სამეცნიერო დებატებს, განურჩევლად იმისა, სად ვითარდებოდა მოვლენები – დასავლურ სამყაროში თუ მაჰმადიანურში. მათი მანიფესტი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა რამდენიმე საცოდავ პუნქტს იმის თაობაზე, რა სახის ტანსაცმლით უნდა შეემოსა ხალხს სხეული. მამაკაცებს ევალებოდათ, პატივი ეცათ ლოცვის ყველა ჟამისთვის, ქალები კი საზოგადოებისგან განყენებულ არსებებად მოიხსენიებოდნენ. თალიბები ცუდად იცნობდნენ ისლამისა და ავღანეთის ისტორიას და არც არანაირი ინტერესი ჰქონდათ მისი უკეთ შესწავლისა.
***
თალიბი ლიდერებიც კი ქვეყნის იმ უღარიბესი და კონსერვატიული ნაწილებიდან იყვნენ, სადაც ხალხს არც განათლება ჰქონდა და არც წერა-კითხვა იცოდა. ყველა დაპატიმრების უკან „წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის“ დეპარტამენტი იდგა, რომელსაც „მაღალზნეობრივ“ სამინისტროსაც ეძახდნენ.
***
როგორც ოჯახის უფროს ვაჟიშვილს, სწორედ სულთანს ერგებოდა დანაზოგი ფული. მის უფროს დას სკოლაში ფეხის დადგმაც კი არასოდეს ღირსებია. ქალმა არც წერა-კითხვა იცოდა და საათის ცნობასაც გაჭირვებით ახერხებდა. ის ხომ ქალი იყო და გათხოვების მეტი არაფერი ევალებოდა.
***
ერთი ომი დასრულებული იყო, მაგრამ ახლა ახალი ომი იწყებოდა – ომი ხალხის ბედნიერებისა და სიხარულის წინააღმდეგ. თალიბებმა კანონი და წესრიგი დაამყარეს, მაგრამ ამავდროულად ავღანეთის კულტურასა და ხელოვნებას დიდი ზიანი მიაყენეს.
***
კულტურის მინისტრის თანდასწრებით, თალიბებმა, ნაჯახებით დაჩეხეს ქაბულის მუზეუმის ყველა ექსპონატი. თუმცა ბევრი აღარც არაფერი იყო დარჩენილი, რადგან შედარებით მცირე ზომის ყველა სამუზეუმო ექსპონატი სამოქალაქო ომის დროს გაეტაცებინათ. ამ ნივთებს შორის იყო უძველესი, ალექსანდრე დიდის მმართველობის დროიდან შემორჩენილი ლარნაკები. გარდა ამისა, აქ იყო ხმლები, რომლებსაც, როგორც ამბობდნენ, ჩინგიზ ხანისა და მისი მონღოლური ურდოების წინააღმდეგ ბრძოლებში იყენებდნენ. მუზეუმიდან ძველი სპარსული მინიატურული მხატვრობის ნიმუშები და ოქროს მონეტებიც გამქრალიყო. ძარცვა-გლეჯის დაწყებამდე მცირე მათგანის გადარჩენა მაინც მოხერხდა, მაგრამ ამ ნივთების უმეტესობა მთელ მსოფლიოშია გაფანტული და კოლექციონერთა საკუთრებას წარმოადგენს.
[...]
თალიბები უგულოდ ჩეხდნენ იმას, რაც წინადროინდელ ომებს გადარჩენოდა. ჩეხდნენ მანამ, სანამ ყველაფერი ნამსხვრევებად არ იქცა, სანამ იატაკი მარმარილოს მტვრითა და თიხის ნამსხვრევებით არ დაიფარა. ათასწლოვანი ისტორიის განადგურებასა და არარაობად ქცევას მხოლოდ ნახევარი დღე დასჭირდა.
***
პოეტის – ფირდოუსის ერთ-ერთი ციტატა გაახსენდა: „წარმატებას რომ მიაღწიო, ზოგჯერ მგელი უნდა იყო, ზოგჯერ კი – კრავი“.
***
ქმარს გაცილებული ქალი არანაირი უფლებით არ სარგებლობს. ბავშვები მამასთან რჩებიან და დედას შესაძლოა, მათი ნახვაც კი აეკრძალოს. ასეთი ქალი ოჯახის სამარცხვინო ლაქაა, ხშირად იგი ყველას თანადგომის გარეშე რჩება, ყველანაირი საკუთრება კი მამაკაცს გადაეცემა.
***
ქალის მეორე ცოლად გატანებას მშობლები წყვეტენ, ხშირად თავიანთი ქალიშვილის სურვილის საწინააღმდეგოდაც. თორემ ისე არც ერთი ახალგაზრდა გოგო არ ოცნებობს იმაზე, რომ ასაკოვანი კაცის მეორე ცოლი გახდეს. პირველი ცოლი ქმრის ახალგაზრდობას იბარებს, მეორე კი – მის სიბერეს. ზოგიერთ შემთხვევაში, არც ერთ მათგანს არ ეხატება გულზე თავისი ქმარი და უხარიათ კიდეც, რომ მასთან ყოველ ღამე არ იყოფენ სარეცელს.
***
სიმაღლე და სიფერმკრთალე ავღანელი ქალის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
***
სიყვარულისადმი ქალის ლტოლვა ავღანეთში ტაბუდადებული თემაა. იგი თემთა უმკაცრესი საპატიო კანონებითაც იკრძალება და მოლების მიერაც.
ახალგაზრდებს არც ერთმანეთთან შეხვედრის უფლება აქვთ, არც – სიყვარულში არჩევანის გაკეთების. სიყვარული და რომანტიკა აქ ძალიან შორსაა ერთმანეთისგან და ეს გრძნობა დანაშაულთანაც კია გაიგივებული, იმ დანაშაულთან, რომლის სასჯელიც მხოლოდ სიკვდილია. „უზნეოებს“ ცივი გონებით ასალმებენ სიცოცხლეს. თუ „დამნაშავე“ შეყვარებულთაგან ერთ-ერთი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე, იგი ქალი იქნება. ახალგაზრდა ავღანელი ქალები, უპირველეს ყოვლისა, გაცვლა-გაყიდვის ობიექტები არიან. ქორწინება აქ ოჯახებს შორის დადებული კონტრაქტია. რა სარგებლობას მოუტანს კონკრეტული ქორწინება ამა თუ იმ თემს, გადამწყვეტია. გრძნობებს იშვიათად იღებენ მხედველობაში. ავღანელი ქალები საუკუნეების განმავლობაში იძულებულნი იყვნენ, შეჰგუებოდნენ მათკენ მიმართულ ნებისმიერ უსამართლო ქმედებას, მაგრამ არსებობს თავად ქალების მიერ შექმნილი ერთგვარი საპროტესტო სიმღერები და ლექსები, რომლებიც, უბრალოდ, მათ მიერ და მათთვისვე იქმნებოდა და მხოლოდ მთებისა და უდაბნოების ექოდ რჩებოდა.
[...]
ლექსები ან გარითმული ფრაზები ზეპირმეტყველებით ვრცელდება. ლექსების გაცვლა-გამოცვლა ჭებთან, მინდვრებისკენ მიმავალ გზებზე და თონეებთან ხდება. ლექსები აკრძალულ სიყვარულზე და იმ იდუმალ მიჯნურზეა, რომელსაც კაცებთან, ამ ქალების ქმრები რომ ჰქვიათ, არაფერი აქვს საერთო. ეს ლექსების გმირი რაინდი სატრფოები არანაირად არ ჰგვანან იმ საძულველ ქმრებს, რომლებიც ხშირად თავიანთ ცოლებზე გაცილებით ასაკოვანები არიან. თუმცა, ეს ლექსები იმასაც გამოხატავს, თუ როგორი ამაყები და მამაცები არიან ეს ქალები. ასეთი ფორმის ლექსს „ლანდაი“ ჰქვია, რაც „მოკლეს“ ნიშნავს.
[...]
არც ერთი ლექსი არ გამოხატავს იმედს, პირიქით, ყველა მათგანი პესიმისტურია, თითოეულში უიმედობაა გამეფებული იმის გამო, რომ მათ, ფაქტობრივად, არ უცხოვრიათ, მათთვის სილამაზეს, ახალგაზრდობასა და სიყვარულს არანაირი სიხარული და ტკბობა არ მოუტანია.
***
დაუჯერებელია, მაგრამ უკანონობა პაკისტანის კანონების ერთ-ერთი მთავარი მუხლია.
პაკისტანი ერთადერთი ქვეყანა იყო (თუ არ ჩავთვლით საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს), რომელმაც თალიბანის რეჟიმი ოფიციალურად სცნო. პაკისტანის ძველ მთავრობას სურდა, პაშტუნებს ავღანეთზე კონტროლი შეენარჩუნებინათ, ვინაიდან საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ამ ხალხზე პაკისტანელებს უდიდესი ზეგავლენა გააჩნდათ. თალიბანი სწორედ ამ პაშტუნებისაგან იყო დაკომპლექტებული. ისინი ავღანეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ – თითქმის ორმოც პროცენტს.
***
ავღანეთში ხალხთა შორის ეთნიკური ზიზღი ნაკლებად იგრძნობა. კონფლიქტებს, ძირითადად, სხვადასხვა მეომარი დაჯგუფებების მიერ ძალაუფლების მოპოვების მიზნით წარმოებული ბრძოლები განაპირობებს.
***
გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ავღანეთში სექსი არ არსებობს. ქალები სხეულს ბურკის ქვეშ მალავენ, დიდ და ფართო ტანისამოსს ატარებენ. განიერი ტუნიკების ქვეშ გრძელი შარვლები აცვიათ. მათ საკუთარი სახლშიც კი ვერ იხილავთ გულამოღებული მაისურით. ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ერთმანეთს არ ენათესავებიან, ერთ ოთახში ყოფნა ეკრძალებათ. არც ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ და არც საერთო მაგიდასთან ჯდომა. სოფლებში ასეთი დაყოფა ქორწილებშიც კი ხდება. ამ დროს ქალები ცალკე ილხენენ, კაცები – ცალკე. მაგრამ ამ მოჩვენებითი წესიერების მიღმა ცხოვრება დუღს. იმისდა მიუხედავად, რომ მრუშობა ავღანეთში იკრძალება და ის, ვინც შესცოდავს, სიკვდილით ისჯება, საყვარლები ქალებსაც ჰყავთ და მამაკაცებსაც. აქ უხვად არიან მეძავები, რომლებსაც საქორწილო ყმაწვილები და ცოლიანი კაცები ხშირად სტუმრობენ.
***
ერთი ძველი გამონათქვამის მიხედვით, მაჭანკალმა მანამ უნდა იაროს საპატარძლოს ოჯახში, სანამ მისი ფეხსაცმლის ლანჩა ნივრის ფურცელივით არ გათხელდება.
***
იმ დროს, როდესაც უკვე ფინანსური გარიგებები იწყება, გოგონას ოთახში ყოფნა სულაც არ არის სასურველი. მხარეები ჯერ ერთმანეთის ღირსებებს ეცნობიან, შემდეგ კი ფულთან დაკავშირებულ დისკუსიას მართავენ. მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენს მიიღებენ გოგონას მშობლები, რა ფასიანი უნდა იყოს საპატარძლოს კაბა და რა თანხაა საჭირო ქორწილისა და ყვავილებისთვის. მთელ საქორწინო ხარჯებს სიძის ოჯახი ფარავს.
***
თალიბების სასკოლო წიგნები მხოლოდ ბიჭებისთვის იყო განკუთვნილი. მოსწავლე ბიჭები ვაშლებსა და ორცხობილებზე კი არ სწავლობდნენ ანგარიშს, არამედ ტყვიებსა და „კალაშნიკოვებზე“. მაგალითად, ასეთი სახის ამოცანები მათთვის ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ: „პატარა ომარს აქვს ერთი „კალაშნიკოვი“ სამი მჭიდით. თითოეულ მჭიდში ოცი ტყვია დევს. იგი ტყვიების ორი მესამედით სამოც ურჯულოს კლავს. რამდენი მოკლული ურჯულო მოდის თითო ტყვიაზე?“
***
როდესაც დედა დაუფიქრებლად ატანს მთხოვნელებს თავის ქალიშვილს, იმის მანიშნებელია, რომ გოგონას ღირსება სათანადო დონეზე ვერ დგას და ოჯახის წევრებს მისი თავიდან მოცილება სურთ. საპატარძლოს ოჯახის მხრიდან გაწელილი მოლაპარაკებები და ყოყმანი ქალიშვილის ფასს ერთიორად ზრდის. ამგვარად, ბიჭის ნათესავები სათხოვნელად უამრავჯერ უნდა მივიდნენ სასურველი ქალის ოჯახში, საჩუქრები მიიტანონ, ეხვეწონ, ემუდარონ და საპირისპირო მხარის დაყოლიება შეძლონ.
***
ისეთი კაცის სიყვარული, რომელსაც ვერასოდეს მოიპოვებდა, სირცხვილად ითვლებოდა.
***
ტრადიციის მიხედვით მაინც აუცილებელია, პატარძალმა მზითევი შეიტანოს ქმრის ოჯახში.
***
ავღანური წეს-ჩვეულებების თანახმად, ქალმა საქმროს ქორწილამდე თვალებში არ უნდა ჩახედოს.
***
თალიბანმა ავღანეთში სტუმრობის რეგლამენტიც კი დააწესა.
***
ბურკა-ქალები თვალსაფარით აღჭურვილ ცხენებს ჰგვანან – მხოლოდ გზას ხედავენ, რადგან თხელი ძაფის გისოსებისმაგვარი ბადე საფეთქლებთან უკვე სქელ ნაჭერს უერთდება და ქალებს გვერდით გახედვის საშუალებას არ აძლევს. ამისთვის სასურველ მხარეს თავის მიბრუნებაა საჭირო. სწორედ ესაა ბურკის გამომგონებელთა პატარა ოინი: კაცმა უნდა იცოდეს, ვის ან რას ადევნებს თვალს მისი ცოლი.
***
საარშიყოდ სახის გამოჩენა სულაც არ არის აუცილებელი – ნეკა თითის აწევა, ფეხის ერთი მოძრაობა, ხელის ერთი აქნევაც საკმარისია.
***
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქაბულის ბაზარში დრო გაჩერებულა. აქ დღესაც იგივე საქონელი შეგიძლიათ ნახოთ, რასაც ძვ. წ. 500 წელს სპარსი დარიოსის ეპოქაში ყიდდნენ. გასაყიდი ნივთები ღია ცის ქვეშ, მიწაზე დაგებულ უზარმაზარ ხალიჩებსა და ვიწრო დახლებზე უწესრიგოდ ყრია. მათ ათასი ხელი, ათასი მოქნილი თითი ეხება, იღებს, აბრუნებს და სინჯავს. მიწის თხილი, გარგარის ჩირი და მწვანე ქიშმიში სელის დიდი ტომრებით ულაგიათ. მოფამფალებულ ურიკებზე ლაიმი და ლიმონი დაუხვავებიათ, რომელთაც იმდენად თხელი კანი აქვს, რომ გაუფცქვნელადაც შეჭამს კაცი. ვიღაცას ქათმები გამოუყვანია გასაყიდად. მსუქანი დედლები ტომრებში სხედან, ფრთხიალებენ და ხმამაღლა კაკანებენ. სუნელების გამყიდველებს დახლებზე მწარე წიწაკის, ზაფრანისა და კოჭას უზარმაზარი ზვინები დაუხვავებიათ. არცთუ იშვიათად, სუნელებით მოვაჭრენი აფთიაქარობასაც ითავსებენ და მყიდველს სამედიცინო თვალსაზრისით სხვადასხვა გამხმარ ბალახს, ხილს, ფესვებსა და ჩაის ნაყენს სთავაზობენ. თან ექიმივით ზუსტად უხსნიან ამ პროდუქტების დანიშნულებასა და მოქმედებას როგორც ჩვეულებრივი, ასევე ყველანაირი უცნობი დაავადების წინააღმდეგ.
ნედლი ქინძის, ნივრის, ტყავისა და დარიჩინის სურნელს მდინარიდან მონაქროლი განავლის სუნი ერთვის. ეს მყრალი, ნახევრად დამშრალი მდინარე ბაზარს მთავარი ძარღვივით ჩამოუდის შუაში და ორად ყოფს. მდინარეზე გადებულ ხიდებზე ცხვრის სქელი ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი, ასაწონი ბამბა, სხვადასხვა ფერისა და მოხატულობის ქსოვილი, დანები და ხისგან გამოთლილი საყოფაცხოვრებო ნივთები იყიდება.
***
შიგადაშიგ თეთრი ფეხსაცმელიც მოჩანს. ერთ დროს ეს ფერი თალიბანის დროშის სიმბოლოს წარმოადგენდა, ამის გამო თეთრი ფეხსაცმლის ტარება სასტიკად იკრძალებოდა. ასევე იკრძალებოდა კაკუნა ქუსლები იმის გამო, რომ ამ ხმებს მამაკაცების აღგზნება არ გამოეწვია.
***
თალიბანის კანონებით, ლაქის წასმაც იკრძალებოდა და, შესაბამისად, მისი რეალიზაციაც. ამ კანონის დარღვევის გამო არაერთი ქალისთვის მოუჭრიათ ხელის ან ფეხის თითის წვერო. ქაბულში თალიბანის რეჟიმის დამხობიდან პირველ გაზაფხულს ქალთა გათავისუფლების პროცესი ძირითადად ფრჩხილის ლაქისა და აკრძალული ფეხსაცმლის ტარებით გამოიხატა.
***
სიფერმკრთალე ხომ ავღანური სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. პატარძალი ფერმკრთალი უნდა იყოს.
***
დაჯდომისას ქალებმა ჩადრის ბოლო ოდნავ ზევით უნდა წამოსწიონ, რათა ქსოვილი არ დაიჭიმოს და თავი თავისუფლად ამოძრაონ.
***
ქორწილის წინა საღამოა. ოთახი ხალხითაა გაჭედილი. იატაკზე ერთ თავისუფალ ადგილსაც ვერ ნახავს კაცი. ქალების უმეტესი ნაწილი რბილ ბალიშებსა და საგებებზე მოკალათებულა. ისინი ჭორაობენ და თან გემრიელად ილუკმებიან, სხვები კი მღერიან და ცეკვა-თამაშით ირთობენ თავს. ამ საღამოს „ინის რიტუალი“ უნდა ჩატარდეს. ქორწილის წინა ღამეს ნეფესა და დედოფალს ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ინას შეაზელენ, რის შედეგადაც მათ კანზე სხეულის ამ ადგილებში ფორთოხლისფერი ორნამენტისებური მოხატულობები ჩნდება. ეს რიტუალი, როგორც აქ ამბობენ, ახლად დაქორწინებული წყვილის მომავალ ბედნიერ ცოლქმრულ თანაცხოვრებას განაპირობებს.
სიძე-პატარძალი ამ დროს ერთად არ იმყოფება. კაცები თავისთვის ზეიმობენ, ქალები კი – თავისთვის. ოთახში თავმოყრილი ქალები საკმაოდ ძლიერი და, ცოტა არ იყოს, შემზარავი აღტყინებით მოქმედებენ და ერთობიან: უკანალებზე უტყაპუნებენ ერთიმეორეს, ძუძუებზე ჩქმეტენ, ერთმანეთისთვის ცეკვავენ, ხელებს გველივით მოქნილად ამოძრავებენ და თეძოებს მუცლით მოცეკვავე არაბი ხანუმებივით იქნევენ. პატარა გოგონებიც კი კარგად გამოცდილი მაცდურებივით ირხევიან და გამომწვევი მზერითა და აზიდული მორკალული წარბებით დიდი მონდომებით ბზრიალებენ ოთახის შუაგულში. მოხუცი დედაკაცები ცდილობენ, ახალგაზრდების ფერხულში ჩაებან, მაგრამ მალევე იღლებიან და ცეკვას შუა გზაზე წყვეტენ. თითქოს სურთ, ყველას უჩვენონ, რომ მათ ჯერ კიდევ შესწევთ უნარი, თუმცა ბოლომდე ვერ უწყობენ ფეხს.
[...]
საპატარძლოს არც ცეკვის უფლება აქვს და არც გაღიმების. ტრადიციის თანახმად, საპატარძლოს მხიარულება გულს დასწყვეტს დედას, რომელსაც სულ მალე უნდა დაემშვიდობოს. მომავალ დედამთილს კი გააღიზიანებს მისი ნაღველი. საპატარძლოს გულგრილი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს, მას არც თვალების აქეთ-იქით ცეცება და ხალხის თვალიერება შეუძლია. ის მდუმარედ უნდა იჯდეს და ერთ წერტილში იცქირებოდეს.
***
პატარძალსაც და თოჯინასაც ავღანურ ენაზე ერთი სახელი, „არუსი“ ჰქვია
***
ჭამის დროს, ყველაფერს მარჯვენა ხელით აკეთებენ. მარცხენა ხელი ბინძურად ითვლება და საქმეში არ რევენ. ოთახში პირის წკლაპუნის მეტი არაფერი ისმის, თითქოს სიჩუმე ჭამის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდეს. სიჩუმე მხოლოდ მაშინ ირღვევა, როცა ქალები ერთმანეთს მეტის ჭამას აძალებენ, და წესისამებრ, ერთიმეორეს ხორცის საუკეთესო ნაჭრებს სთავაზობენ.
***
წარბების ამოქნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ ქალი გათხოვებას აპირებს. მანამდე მას ამისი უფლება არა აქვს.
***
მწვანე ფერი ისლამისა და ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება.
***
თუ ქმარი ცოლს უმიზეზოდ გაშორდება, მან ქალს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა, იგი ვალდებულია ცოლი საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი საოჯახო ნივთებით უზრუნველყოს. ქორწინების საბოლოო კონტრაქტს ორივე ოჯახის წარმომადგენელი მამაკაცები აწერენ ხელს.
***
ქორწილის დღეს, სიძე-პარაძლიდან ერთ-ერთმა ფეხი უნდა დაადგას მეორეს. ის, რომელიც ფეხის დაბიჯებას დაასწრებს, წამყვანი იქნება მომავალ თანაცხოვრებაში. ქალის გამარჯვებას არანაირი აზრი არა აქვს, რადგან მას მაინც არასოდეს მიეცემა ოჯახში ლიდერობის უფლება.
[...]
ეზოში ნეფე-დედოფლისთვის განკუთვნილი ორი სკამი დაუდგამთ. ჩვეულების თანახმად, მომავალი ცოლ-ქმარი ამ სკამებზე ერთდროულად უნდა დასხდნენ. თუ პირველად კაცი დაჯდება, ეს იმის ნიშანია, რომ მის მეუღლეს მომავალში მასზე დიდი ზეგავლენა ექნება
[...]
წყვილმა სარკეში უნდა ჩაიხედოს და, ტრადიციისამებრ, პირველად სწორედ სარკეში უნდა შეხვდეს ერთმანეთს მათი მზერა.
[...]
ბოლო საქორწინო წესის ჩატარების დროც დგება. სიძის ერთ-ერთი და პატარძალს ლურსმანსა და ჩაქუჩს აწვდის. ქალმა კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს. იგი მშვიდი ნაბიჯით მიდის საძინებელი ოთახის კარისკენ და ლურსმანს კარში აჭედებს. როცა ლურსმანი ბოლომდე ჩადის ფიცარში, ყველა ტაშს უკრავს. ლურსმნის ჩაჭედება სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ ქალმა თავისი ბედი სამუდამოდ მიაჭედა ქმრის კერას.
***
მეორე დღეს, დილაუთენია, პატარძლის დედის სახლში სიძის დეიდა მიდის. ქალი ზეწარს ჩანთიდან იღებს და საზეიმოდ აწვდის პატარძლის დედას. ქსოვილი სისხლითაა მოსვრილი. პატარძლის იღიმება და ცრემლნარევი ხმით ქალს მადლობას უხდის. მერე თავისთვისაც ბუტბუტებს მოკლე სამადლობელ ლოცვას. სხვა ქალებიც შემორბიან ზეწრის სანახავად და ყველა მსურველს, პატარა გოგონების ჩათვლით, ამაყად უჩვენებენ დასვრილ ზეწარს. ეს სისხლის ლაქა რომ არა, ზეწრის ნაცვლად თავად პატარძალს მოაცუნცულებდნენ დედამისის სახლში.
***
ყველა ქორწილი პატარა სიკვდილის ტოლფასია. ქორწილის პირველ დღეებში პატარძლის ოჯახში ისე გლოვობენ, თითქოს ვინმე გაასვენესო. ქალებს ან ყიდიან, ან რაღაცის სანაცვლოდ ათხოვებენ. ამ დროს განსაკუთრებით დედებს უჭირთ, რადგან გათხოვებამდე სწორედ ისინი განაგებენ თავიანთი ქალიშვილების ცხოვრებას, აკონტროლებენ მათ ჩაცმულობას, იციან თუ ვის ხვდებიან, სად მიდიან, რას ჭამენ... თითქმის მთელ დღეებს ერთად ატარებენ, ერთ დროს დგებიან, ერთად ალაგებენ სახლს და ამზადებენ სადილს. ქორწილის შედეგ კი მათი ქალიშვილი სხვის ოჯახში შედის და ახლა იმათი საკუთრება ხდება. ქალს ქმრის ნებართვის გარეშე მშობლების სახლში წასვლა არ შეუძლია და არც მშობლებს აქვთ დაუპატიჟებლად ქალიშვილის მონახულების უფლება.
***
მოზრდილი ქალიშვილების დედა სახლის ერთგვარი გამგებელი ხდება, რჩევებს იძლევა, საქორწინო გარიგებებში მონაწილეობს და ოჯახის მორალზე, უპირველესად კი ქალიშვილების პატიოსნებაზე ზრუნავს. თვალყურს ადევნებს, რომ მარტოები და თავდაუბურავები არსად წავიდნენ, უცხო მამაკაცებს არ შეხვდნენ, თავაზიანები და მორჩილები იყვნენ.
***
ავღანელი ბავშვების თითქმის მეოთხედი ადრეულ ასაკში იღუპება. ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვი ამ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. მიზეზი ძირითადად წითელა, ყბაყურა და ფაღარათია. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს ფაღარათის დროს წამალი არ უნდა მისცენ, რადგან მაინც არ შერჩება. მათი აზრით, ავადმყოფი ბავშვის ნაწლავები გამოშრობით უნდა მორჩეს. ამ სულელურმა აზრმა ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
***
ავღანეთში პატარძლის ღირსება მისი საქალწულე აპკით განისაზღვრება, ცოლისა კი იმით, თუ რამდენ ვაჟს გააჩენს.
***
გოგონები ბურკას მოწიფულობის ასაკამდე არ ხმარობენ.
***
ალაჰი და მოციქულები ამბობენ, რომ მამა ავღანური საზოგადოების უმაღლეს საფეხურზე მდგომი პიროვნებაა. მის წინააღმდეგ წასვლა ისეთ ურჩებსაც კი, როგორიც მანსურია, არასოდეს მიეტევებათ. მანსურს შეუძლია ყველას ეკამათოს, დეიდას, დებს, დედას, ძმებს... მამას კი – არასოდეს!
***
ახალი წელი ავღანური კალენდრის მიხედვით 21 მარტს დგება.
***
ჰინდუქუში ინდუსის მკვლელს ნიშნავს. ამ მთების ხეობაში თურმე ქაბულელთა წინააღმდეგ მებრძოლ ინდოელთა ათასობით ჯარისკაცი გაყინულა. მთების სახელიც აქედან მომდინარეობს.
***
უკიდურესმა სიღარიბემ გვამების ძარცვა აქ ჩვეულებრივ ამბად აქცია.
***
ნიშნობის ჩაშლის შემთხვევაში გოგონას გათხოვების ყველანაირი შანსი ეკარგება. ამ დროს მიზეზებს უკვე აღარავინ არკვევს.
***
დანიშნულებს ერთმანეთის ნახვა ქორწილამდე არ შეუძლიათ და ამ წესს იშვიათად არღვევს ვინმე.
***
იმის გამო, რომ ქალებს არც თმის გამოჩენა შეუძლიათ, არც სახის, არც სხეულისა და ტანსაცმლის, ფეხსაცმელს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.
***
- ღალატის დროს რა ხდება?
– თუ ორივე მრუში ქორწინებაში იმყოფება, ქვით ქოლავენ. თუ ქალიც და კაციც დასაოჯახებლები არიან, სასჯელი როზგის ასი დარტყმაა, გარდა ამისა, ისინი აუცილებლად უნდა დაქორწინდნენ. თუ მამაკაცი ცოლიანია, ქალი კი – გასათხოვარი, ამ კაცმა ის მეორე ცოლად უნდა შეირთოს. თუ ქალი გათხოვილია, კაცი კი – უცოლო, ქალს სიკვდილით დასჯიან, კაცს კი გაროზგავენ და ციხეში ჩასვამენ.
***
ავღანელები იდეალურ ქალად სრულ, მრგვალპირისახიან და განიერთეძოებიან ქალს მიიჩნევენ.
***
ავღანეთში მცხოვრები კუჩის ტომის ქალები თავიანთი თავისუფლებით არიან ცნობილნი. იმის გამო, რომ ეს ტომი ქალაქებიდან მოშორებით სახლობდა, მათთვის ბურკის ტარება თავად თალიბებსაც კი არ დაუძალებიათ.
***
[...]
ხოსტას რეგიონში ამერიკელები „ძვირად ფასობენ“, ყოველი ამერიკელის მოკვლისთვის 50 ათასი დოლარია დაწესებული.
***
ავღანეთის ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰომოსექსუალობა საკმაოდ გავრცელებული და მიღებულია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. კომენდანტებს რამდენიმე ახალგაზრდა საყვარელი ჰყავთ. ასაკოვანი მამაკაცები ხშირად დასეირნობენ მათზე გაცილებით უმცროს, თმაში ან საღილეში ყვავილგარჭობილ ყმაწვილებთან ერთად, რომლებიც ნარნარით მიჰყვებიან პარტნიორს. ბევრ მათგანს თვალები შავი ფანქრით აქვს შეღებილი და ევროპელ ტრანსვესტიტს ჰგავს. უცხო მამაკაცებს მზერით ეკეკლუცებიან და მხრებსა და თეძოებს უთამაშებენ. სიყვარულის ამგვარი ფორმის გავრცელებას ქვეყნის ამ რეგიონში მკაცრად დამკვიდრებული პურდაჰის კანონით ხსნიან.
ბევრ კომენდანტს მამრობითი სქესის საყვარლების პარალელურად ცოლი და შვილების მთელი გუნდი ჰყავს. მაგრამ შინ იშვიათად არიან და დროის ძირითად ნაწილს მამაკაცთა გარემოცვაში ატარებენ. ახალგაზრდა საყვარლებს შორის ეჭვიანობის სცენები საკმაოდ ხშირად იმართება, რაც ბევრჯერ განსაკუთრებით დრამატულ სახეს იღებს და სისხლისმღვრელ ბრძოლადაც კი გადაიქცევა ხოლმე. ერთხელ კომენდანტებმა საყვარლის გამო შუა ბაზარში დაუნდობელი ომი გააჩაღეს. უაზრო ომს, რომელშიც ტანკებიც კი გამოიყენეს, უამრავი ხალხი შეეწირა.
***
საყიდლებზე სიარული ძირითადად მამაკაცების ან ასაკოვანი ქალების საქმეა. გამყიდველებთან ლაზღანდარობა და შევაჭრება ახალგაზრდა ქალს არ ეკადრება. იმის გამო, რომ დახლების ან მაღაზიების მეპატრონეები ძირითადად მამაკაცები არიან, თალიბები ქალებს სავაჭროდ მარტო წასვლას უკრძალავდნენ.
***
რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელს გაიჩენს თუ უცხო მამაკაცისგან ბარათებს მიიღებს. ორივე ხომ ერთნაირად უწესო და სამარცხვინო საქციელია.
***
ავღანური საზოგადოება სწორედ ამგვარად მოქმედებს, აქ მართვის დამახინჯებული სისტემაა დამკვიდრებული. გზას ნაცნობების დახმარების გარეშე ვერ გაიკვალავ და გარკვეული ხელმოწერებისა და თანხმობების გარეშე ვერაფერს მიაღწევ.
[...]
მინისტრები სამუშაო დროის ძირითად ნაწილს იმას ანდომებენ, რომ ქრთამის სანაცვლოდ გარკვეულ საბუთებს აწერენ ხელს, მათი ხელმოწერები სულ უფრო ნაკლებ ფასეული ხდება.
ნორვეგიულიდან თარგმნა - თამარ კვიჟინაძემ