ბურკა და მისი ისტორია
ნაწყვეტი ოსნე საიეშტადის წიგნიდან - „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“
ავღანეთში ბურკა პირველად მეფე ჰაბიბულაჰის (1901-1919) მმართველობის პერიოდში შემოიღეს. მან თავის ჰარემში მცხოვრებ ორას ქალს ჩადრის ტარება დაუწესა, რათა სასახლის გარეთ მოსეირნე ლამაზმანებს თავიანთი ეშხით სხვა მამაკაცები არ მოეხიბლათ და ეცდუნებინათ. მათთვის განკუთვნილი გრძელი ჩადრები ძვირფასი აბრეშუმისაგან მზადდებოდა და სხვადასხვა სახის ნაქარგებით ირთვებოდა.
ჰაბიბულაჰის პრინცესები ოქრომკედით ნაქარგ ბურკებსაც კი ატარებდნენ. ამგვარად, გრძელი ჩადრი მაღალი კლასის წარმომადგენელ ქალთა ერთგვარი ატრიბუტი გახდა, რისი საშუალებითაც ისინი ხალხის ცნობისმოყვარე მზერისაგან იცავდნენ თავს. ორმოცდაათიან წლებში კი ეს სამოსი მთელ ქვეყანაში გავრცელდა, მაგრამ ის ძირითადად მაინც მდიდარი ქალების პრეროგატივად ითვლებოდა.
ჩადრის ტარებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა.
1959 წელს ერთ-ერთ ეროვნულ დღესასწაულზე სახელმწიფო მინისტრმა – პრინცმა დაუდმა თავისი ცოლი თავდაუბურავად წარუდგინა საზოგადოებას, რითაც ყველა შოკში ჩააგდო. მან თავის ძმასა და სხვა მინისტრებსაც ხმამაღლა მოუწოდა, თავიანთი ცოლებისთვის ბურკის ტარება აეკრძალათ. ქაბულის ქუჩებში მეორე დღესვე გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც გრძელი, თხელი პალტოებითა და მუქი მზის სათვალეებით იწონებდნენ თავს. ჩადრები მცირე ზომის ქალური ქუდებით ჩაენაცვლებინათ. ასე რომ, ბურკის ტარება მაღალი კლასის ქალებმა შემოიღეს და შემდეგ მათვე თქვეს პირველად უარი მის ჩაცმაზე.
ქალბატონების ბურკები მათმა მსახურებმა და პირისფარეშებმა გადაიბარეს და ამგვარად, ეს სამოსი თანდათანობით ღარიბთა კლასის სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად პაშტუნმა კაცებმა მოსთხოვეს თავიანთ ქალებს ჩადრით სიარული, შემდეგ კი მათ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმაც მიბაძეს.
პრინც დაუდს სურდა, რომ ეს საშინელი სამოსი სრულიად მოეშორებინა ქვეყნიდან.
1961 წელს მის მიერ გამოცემული ახალი კანონის თანახმად, სახელმწიფო სამსახურში მყოფ ყველა ქალს სამუშაოზე თავდაბურული მისვლა ეკრძალებოდა. ამას გარდა, მათ თანამედროვე ტანსაცმლის ტარების უფლებაც ჰქონდათ.
ამ კანონის გატარებას მრავალი წელი დასჭირდა, მაგრამ უკვე 70-იან წლებში იშვიათად ნახავდით კონსერვატულად ჩაცმულ მასწავლებელ ან მდივან ქალებს. შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილ მამაკაცთა რიცხვმაც თანდათანობით იმატა. თუმცა მუსლიმი ფუნდამენტალისტების მხრიდან მაინც იგრძნობოდა საფრთხე. ისინი შილიფად ჩაცმულ ქალებს ფეხებში ტყვიის დახლითა და სახეში მჟავის შესხმით ემუქრებოდნენ. სამოქალაქო ომის შემდგომ, როცა ქვეყანაში ისლამისტური მმართველობა დამყარდა, ქალების ერთმა ნაწილმა კვლავ დაიწყო სახის დაფარვა და ბურკის ტარება. თალიბანის დამკვიდრების შემდეგ ქაბულის ქუჩებში ქალის ერთი რომელიმე ნაკვთის დანახვაც კი შეუძლებელი გახდა.
ნორვეგიულიდან თარგმნა - თამარ კვიჟინაძემ
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2009წ.