რატომ აკრძალა თალიბანმა ავღანეთში ფრანით გართობა?!

ნაწყვეტი ოსნე საიეშტადის წიგნიდან - „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“

1996 წლის სექტემბერში, როცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდა, რადიო „შარიათმა“ ყველა ავღანელისთვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყებოდა. 

1. ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა

მძღოლებს არა აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას, ვინც ასე მაინც მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ნებისმიერი ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება.

2. იკრძალება მუსიკა 

მაღაზიებში, სასტუმროებში, ყველანაირ ტრანსპორტში და რიქშებშიც კი, იკრძალება მუსიკა და კასეტების რეალიზაცია. თუ რომელიმე მაღაზიაში დაფიქსირდება კასეტებით ვაჭრობის ფაქტი, ის მაღაზია დაილუქება და მფლობელი დაპატიმრდება. თუ მძღოლს აღმოუჩენენ ტრანსპორტში კასეტას, ეს ფაქტიც აღინუსხება და მძღოლს თავისუფლება აღეკვეთება.

3. იკრძალება წვერის გაპარსვა 

ყველა მამაკაცს, რომელიც წვერს გაიპარსავს ან შეიკრეჭს, დააპატიმრებენ და ციხეში დარჩება მანამ, სანამ წვერი მუშტის სიგრძეზე არ მოეზრდება.

4. კანონი ლოცვის შესახებ 

ლოცვის დაკანონებული ჟამები მკაცრად იქნას დაცული ქვეყნის ყველა რაიონში. ლოცვების ზუსტი დრო გამოცხადებულ იქნება `წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტროს“ მიერ. ლოცვის დაწყებამდე თხუთმეტი წუთით ადრე და მერეც, მთელი ლოცვის განმავლობაში მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გადაადგილება. ლოცვა ევალება ყველას. მამაკაცებს, რომლებიც ამ დროს მაღაზიებში ან სადმე სხვაგან იქნებიან შემჩნეულნი, მაშინვე დააპატიმრებენ.

5. იკრძალება მტრედების მოშენება და ფრინველთა პაექრობების მოწყობა 

ზემოაღნიშნული გატაცება უნდა აღმოიფხვრას. ფრინველები, რომლებსაც მოაშენებენ პაექრობების გამართვის მიზნით, გაიჟლიტება.

6. კანონი ნარკოტიკებისა და მათი მომხმარებლების წინააღმდეგ 

ნარკოტიკის მოხმარებაში შემჩნეულ ყველა პირს დააპატიმრებენ. ასევე მიღებული იქნება ზომები წამლის შენახვის ადგილისა და მისი გამსაღებლის გამოსავლენად და ამ საქმეში მინაწილე ყველა კრიმინალი შესაბამისად დაისჯება.

7. კანონი ფრანის აკრძალვის შესახებ 

ფრანით გართობას ისეთ სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ახალგაზრდა თაობა, როგორიცაა სანაძლეოს დადება, გაკვეთილების გაცდენა და ბავშვების სიკვდილიანობა. მაღაზიები, რომლებიც ფრანებს გაყიდიან, დაიკეტება.

8. იკრძალება სურათები

ყველა ტრანსპორტი, მაღაზია, სახლი, სასტუმრო და სხვა ადგილები გაიწმინდოს სურათებისა და პლაკატებისგან. იქ არსებული ყველა სურათი განადგურდეს ზემოთ დასახელებულ დაწესებულებათა მფლობელების მიერ. მძღოლების წინააღმდეგ, რომელთა ტრანსპორტშიც რაიმე სურათი აღმოჩნდება, გატარდება განსაკუთრებული დამსჯელი ზომები.

9. იკრძალება აზარტული თამაშები

ყველა სათამაშო დაწესებულება და მათი მფლობელები ერთი თვის ვადით იქნან დაპატიმრებულნი.

10. იკრძალება ევროპული ვარცხნილობა 

ყველა გრძელთმიან მამაკაცს დააკავებენ და „წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტროს“ გადასცემენ, სადაც მათ გაკრეჭენ, თმის შეჭრის ხარჯებს კი თავად დაკავებული დაფარავს.

11. იკრძალება პროცენტების აღება ვალად გაცემულ თანხაზე, ფულის გადახურდავებისას და გადაცვლისას 

ზემოაღნიშნული ფულადი პროცედურები მკაცრად იკრძალება ისლამის მიერ. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში საქმეში მონაწილე ყველა კრიმინალური პირი ხანგრძლივი ვადით დაპატიმრდება.

12. იკრძალება მდინარის პირას, მდინარის წყალში სარეცხის რეცხვა 

ქალებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, მაჰმადიანური წესების ყველა დაცვით დააკავებენ და მიჰგვრიან ქმრებს, რომლებიც შესაბამისად, პასუხს აგებენ ცოლის დანაშაულზე და მკაცრად დაისჯებიან.

13. იკრძალება მუსიკა და ცეკვა ქორწილებსა და ნიშნობებზე 

ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ოჯახის უფროსი დაპატიმრდება და შესაბამისად დაისჯება.

14. იკრძალება დოლზე დაკვრა

სასჯელს იმ პირების მიმართ, ვინც ამ კანონს დაარღვევს და ზემოაღნიშნულ ინსტრუმენტზე დაუკრავს, უხუცესთა რელიგიური საბჭო განსაზღვრავს.

15. მკერავებს ეკრძალებათ ქალის ტანსაცმლის კერვა და შეკვეთების მიღება 

რომელიმე სამკერვალოში მოდური ჟურნალების აღმოჩენის შემთხვევაში, მკერავი დაუყოვნებლივ დაპატიმრდება.

16. იკრძალება მკითხაობა 

ამ თემაზე შექმნილი ყველა წიგნი დაიწვება, ზემოაღნიშნული საქმიანობით დაკავებული ყველა პირი დაპატიმრდება და პატიმრობაში მანამ იქნება, სანამ არ მოინანიებს.

გარდა ამ მკაცრად დაკანონებული თექვსმეტი პუნქტისა, ქაბულელ ქალებს დამატებით სპეციალურად მათთვის განკუთვნილი მოწოდებაც წაუკითხეს:

„გეკრძალებათ შინიდან გასვლა. იმ შემთხვევაში, თუ გარეთ გასვლა მაინც მოგიწევთ, გეკრძალებათ მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული.

ისლამი რელიგიაა, რომელიც ჩვენი სულების ხსნაზე ზრუნავს. სწორედ მისმა კანონებმა განსაზღვრა, რომ ქალებს განსაკუთრებული ღირებულებები უნდა გააჩნდეთ: მათ არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. თავიდან უნდა აიცილონ საშიშროება იმისა, რომ ვიღაცამ „ცუდი თვალით“ შეხედოს. ყველა ქალი პასუხს აგებს საკუთარი ოჯახის ზნეობასა და ერთიანობაზე, ოჯახის სადილითა და სამოსით უზრუნველყოფაზე.

შარიათის კანონების თანახმად, არც ერთი ქალი შინიდან ჩადრის გარეშე არ უნდა გავიდეს. მათ ასევე ეკრძალებათ მოდური, მოჩითული, ვიწრო და გამომწვევი ტანსაცმლის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება! კანონის დამრღვევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს და მათაც და მათი ოჯახის უფროსებსაც სასტიკად დასჯიან. ამ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და ბოროტების აღმოსაფხვრელად რელიგიურ პოლიციას ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვს მინიჭებული.

ალაჰუ აკბარ! – დიდ არს ალაჰი“.

ნორვეგიულიდან თარგმნა - თამარ კვიჟინაძემ