ჟაკ-ლუი დავიდი - მარატის სიკვდილი და მკვლელი - ნემსითა და ძაფით...

ჟაკ-ლუი დავიდი - მარატის სიკვდილი, 1793 წ.
ჟაკ-ლუი დავიდი ძალიან დიდი მხატვარია. მისი ცხოვრება გადაჯაჭვული იყო პოლიტიკასთან. თვითონაც იყო გარკვეულწილად პოლიტიკის შემქმნელი და მოუწია ცხოვრება საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, მხატვარი მაშინ რევოლუციური კონვენტის წევრი იყო. 

რობესპიერი, მარატი, ნაპოლეონი
რობესპიერის მეგობარი იყო და ამავე დროს აქტიურად მეგობრობდა მარატთანაც და მოგვიანებით ნაპოლეონთანაც. ეს ადამიანი იაკობინელი იყო და მასთან ძალიან ბევრი საინტერესო ამბავია დაკავშირებული, თუნდაც ის ფაქტი, რომ მას კულტურის მართვა ჩააბარეს და მან ლუვრი გახსნა და გახადა აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ყველასთვის, უკვე ძალიან დიდი დამსახურებაა. 

ჟან პოლ მარატი, რომელიც ყველაზე სასტიკი ადამიანი იყო, როგორიც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, არადა ხალხის მეგობარს ეძახდნენ. მარატს ეგზემის ტიპის კანის დაავადება და ამის გამო მუდმივი ტკივილები ჰქონდა. ის, ფაქტობრივად, ლპებოდა, ამიტომ მთელ დღეებს ატარებდა თბილ აბაზანაში, სადაც სამკურნალო ბალახები ეყარა და წერდა სხვადასხვა ადამიანის დასჯის განკარგულებას.

ჟაკ-ლუი დავიდი - მარატის სიკვდილი, დეტალი, 1793 წ.
პოლ ბოდრი - შარლოტა კოდრე, 1860 წ.
ერთ დღეს მარატს კანიდან ჩამოსული ქალი, შარლოტა კორდე დაესხა თავს. შარლოტამ მოითხოვა მარატთან შეხვედრა და მიიტანა ცრუ სია მოღალატეების, რომლებიც უნდა დაესაჯათ და ის მართლაც მიიღო მარატმა. როგორც კი შევიდა ოთახში, დრო იხელთა და გულის არეში ერთი დარტყმით ამ გოგომ მარატი მოკლა. შარლოტა შეიპყრეს და საკანში ჩასვეს. ჟაკ ლუი დავიდს კი უნდა, რომ აღწეროს სახალხო გმირის, მარატის მკვლელობის სცენა. თუმცა სანამ ამას დახატავს, უნდა ნახოს ქალი, რომელმაც მარატი მოკლა. 

ციხეში მოინახულა შარლოტა და დარჩა გაოცებული მკვლელის სილამაზით. მაღალი, თეთრი ქალი, ღია ფერის თმითა და თვალებით, დახვეწილი მანერითა და სასიამოვნო ხმით. მხატვარი ცუდ დღეშია, ერთ მხარეს უნდა დახატოს მარატი, საშინელი კანით, მახინჯი გარეგნობით და მეორე მხარეს უნდა დახატოს „ურჩხული“, მშვენიერი შარლოტა, ულამაზესი, ახლგაზრდა ქალი. მართალია, ჟაკ ლუი დავიდს პოლიტიკაში ბევრი რამ ეშლებოდა, მაგრამ ის წესიერი მხატვარი იყო და ვერ დახატავდა იმას, რაც სინამდვილეში არ იყო.

როგორც მხატვარს, შემიძლია გავიგო, როგორ იტანჯებოდა დავიდი. საბოლოოდ ნახატი, რომელიც დავიდმა შექმნა, გამოვიდა ნამდვილი შედევრი. ეს მხატვარი იყო კომპოზიციის საუკეთესო მცოდნე და მას კომპოზიცია არასდროს ეშლებოდა. ნახატს რომ შეხედავთ, ქვემოთა ნაწილშია სურათი ჩამოწეული, ზედა ნაწილი ცარიელია, არადა კომპოზიცია მოითხოვს, რომ ზევით ფიგურა უნდა იყოს. იქ, სადაც შარლოტა უნდა ყოფილიყო, სიცარიელეა.

მიქელანჯელო - პიეტა
თვითონ მარატის პოზა კი ძალიან წააგავს მიქელანჯელოს პიეტაში მაცხოვრის პოზას, ოღონდ ღვთისმშობლის გარეშე. მან დახატა წამებული ადამიანი, ოღონდ ღვთაებრივის გარეშე. დიდი ხელოვანი და დიდი ხელოვნება ჭეშმარიტებას ბევრად უფრო მძაფრად და რეალურად ამბობს, ვიდრე ყოველგვარი პოლიტიკური მიდრეკილება, მისწრაფებები. თვით დავითიც კი, რომელიც პოლიტიკურად ამდენად ანგაჟირებული იყო, ხელოვნებამ გაათავისუფლა ტყუილებისა და იძულებისგან.


გია ბუღაძე - 200 ამბავი მხატვრობაზე

***

მკვლელი - ნემსითა და ძაფით... 

მარატის სიკვდილი
ჟან-პოლ მარატის მკვლელ შარლოტა კორდეს დაპატიმრებისას ჯიბეში მხოლოდ ნემსი და ძაფი აღმოაჩნდა. ჰკითხეს, რაში გჭირდებოდა ეს საგნებიო. დალეული არისტოკრატი ქალის პასუხი უცნაურთან ერთად მამაცურიც იყო:

შარლოტა კოდრე
- ვიცოდი, მარატის მკვლელს ხალხი გამწეწავდა, ეშაფოტზე კაბაც დახეული მექნებოდა და ბრბო დამცინებდა. ამიტომაც გავიმზადე ნემსი და ძაფი.

ედვარდ მუნკი - მარატის სიკვდილი, 1907 წ.

დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები