Thursday, May 11, 2017

სალვადორ დალი - სიურეალიზმი - ეს მე ვარ!

1904 წლის 11 მაისს, კატალონიის ქალაქ ფიგერასში - „თვით“ სალვადორ დალი დაიბადა...

ესპანელ მხატვარს, ფერმწერს, გრაფიკოსს და სკულპტორს ექვსი წლის ასაკში სურდა მზარეული გამოსულიყო, შვიდისას - ნაპოლეონი, მას შემდეგ კი თამასა  აღარც დაუწევია.

„შინ ტახტის მემკვიდრესავით დავაბიჯებდი. შინ ტახტის მემკვიდრესავით დავაბიჯებდი, ოღონდ ჩემი გული მშობლებმა მაინც ვერაფრით მოიგეს, თუმც კი მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდათ - ის კი არა, გამოგიტყდებით და, ცოტათი მატუტუცებდნენ კიდეც.

ერთ-ერთ დღესასწაულზე მეფის სამოსი მაჩუქეს - ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს გვირგვინი და მოსასხამი, რომელშიც თავფეხიანად შემეძლო გახვევა; კარგა ხანი უარს ვიყავი, საერთოდ სხვა რამე ჩამეცვა და დილიდან საღამომდე ასე დავიარებოდი სახლში. როცა ქალები სამზარეულოდან დამიფრენდნენ ხოლმე, დერეფანში დავდგებოდი ჯიუტად, სამეფო სკიპტრით (ანუ, იმავე ბუზსაკლავით) ხელში და ვიფიცებოდი, საკადრისად დავსჯი ამ დედაკაცებს-მეთქი...”

სახვითი ხელოვნების შესწავლა  მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში დაიწყო. 1921 წელს სწავლა მადრიდში, სან–ფერნანდოს აკადემიაში გააგრძელა. ამ პერიოდში საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობდა. აკადემიიდან 1925 წელს, ქედმაღლობის გამო გარიცხეს.

„ძმა შვიდი წლის ასაკში გარდამეცვალა ტვინის ანთებით, ჩემს დაბადებამდე სამი წლით ადრე. მშობლებისათვის ეს, ცხადია, მძიმე დარტყმა აღმოჩნდა და ცხოვრებისაკენ მხოლოდ ჩემმა ამქვეყნად მოვლინებამ მოუბრუნათ გული. როგორც ამბობენ, ის და მე წყლის ორი წვეთივით ვგავდით თურმე ერთმანეთს - ჩემი არ იყოს, იმასაც გენიალობის უტყუარი ბეჭედი ესვა სახეზე“.

სალვადორ დალი - „ფიგურა ფანჯარასთან“, 1925წ.
21 წლის სალვადორ დალი ერთ-ერთ ყველა ცნობილ ნამუშევარზე მუშაობს. ნახატისათვის - „ფიგურა ფანჯარასთან“ მხატვრის და - ანა მარია პოზირებდა.

დროთა განმავლობაში და-ძმას ურთიერთობა დაეძაბა. დალის ისიც კი უთქვამს, „ზოგჯერ ჩემი დის ნახატს ვაფურთხებ და ეს სიამოვნებას მანიჭებს“-ო. სალვადორს არც ანა მარია ჩამორჩა, რომელმაც ძმის მიმართ დამოკიდებულება საკუთარ წიგნში - „დის თვალით დანახული სალვადორ დალი“ აღწერა.

სალვადორ დალი - „ახალგაზრდა ქალწული, რომელიც საკუთარი უმწიკვლოებით კმაყოფილდება“, 1954წ.
ამის პასუხად, წლების შემდეგ,  მხატვარმა შექმნა ტილო - „ახალგაზრდა ქალწული, რომელიც საკუთარი უმწიკვლოებით კმაყოფილდება“, რითაც დას სამაგიერო გადაუხადა.

1926 წელს, დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. მოგვიანებით ხელოვანი იტყვის:

„პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი - არა.“


1929 წელს დალი ლუის ბუნიუელთან ერთად სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიური ძაღლის" შექმნაში მონაწილეობს. 

სწორედ მაშინ ხვდება პირველად თავის მომავალ მეუღლეს -  გალას (ელენე დიაკონოვა).

ელენა დიაკონოვა ფრანგი პოეტის - პოლ ელუარის მეუღლე იყო. წყვილი 1917 წელს დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი – სესილი.

მაქს ერნსტი - გალა ელუარი
1921 წელს ელუარმა კიოლნში გალას მხატვარი მაქს ერნსტი გააცნო. გალა მხატვრის საყვარელი გახდა, თანაც ისე, რომ ელუარის ცოლად რჩებოდა.

შემდგომში, ერნსტი ელუართან და გალასთან გადავიდა საცხოვრებლად, 1929 წელს კი, ხანგრძლივი საქორწინო ურთიერთობის შემდეგ, კატალონიაში გალამ ცნობილი მხატვარი, სალვადორ დალი გაიცნო.

ეს ნამდვილი გაელვება აღმოჩნდა ორივესთვის – დალის შეუყვარდა გალა, გალას – დალი, მიატოვა პოლ ელუარი და გადავიდა სალვადორთან.

„ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით". 

სალვადორ დალი - პოლ ელუარი
სალვადორმა ელუარის პორტრეტიც დახატა, როგორც ამბობდა, თავს ვალდებულად თვლიდა, ასე მოქცეულიყო და დაეხატა პოეტი ოლიმპოზე, საიდანაც მას ქალღმერთი მოსტაცა.

ასე იქცა გალა დალის ერთადერთ მოდელად და მისი დიდი წარმატების, ფინანსური წარმატების მთავარ შემოქმედად.

1942 წელს მხატვარმა ავტობიოგრაფიული რომანი „სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება“ გამოსცა. წიგნი ბესტსელერად იქცა. 

1969 წელს დალიმ „ჩუპა-ჩუპსის“ ლოგოტიპი და სლოგანი შექმნა.

1981წელს ხელოვანი პარკინსონის დაავადებით დასნეულდა. მხატვარი 1989 წლის 23 იანვარს, ფიგერასში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, დაკრძალულია სახლის ეზოში...