ფედერიკო გარსია ლორკა - სხვისი ცოლი

დიახ, მე იგი მდინარისაკენ წავიყვანე, 

მეგონა - უმანკო იყო.

ის კი თურმე - ცოლია სხვისი.

ეს მოხდა სანტ-იაგოს დღესასწაულზე,

როგორღაც ისე, უნებურად, 

როდესაც ჩაქრა ნათურები 

და ჭრიჭინებმა სიმღერა დასცხეს.

იქ უკანასკნელ გზაჯვარედინზე

მთვლემარე მკერზე შევახე ხელი

და ის გაიხსნა ჩემს შესახვედრად,

როგორც ყვავილის თეთრი მტევანი.

გახამებულმა ქვედა კაბამ

ამივსო სმენა მკვეთრდი წკრიალით, 

ვით აბრეშუმის მყიფე ფურცელმა 

ათი დანის ქვეშ.

ყველა ხეები გამაღლდნენ თითქოს და დაიძირნენ დაბინდულ ცაში,

მდინარის იქით ჰორიზონტი

ასეულ ძაღლად აყეფდა უცებ.

***

მაყვლიანი ბუჩქნარის იქით

მდინარესთან, მაღალ ლერწმებში 

მისი მძიმე ნაწნავები 

მე სველ ქვიშაზე მიმოვაბნიე.

მე მოვიხსენი აბრეშუმის ყელსაბამი,

მან გაიხადა თავისი კაბა.

მე მოვიხსენი ჩემი თასმა და რევოლვერი,

მან შემოიხსნა ოთხი სარტყელი.

და იყო მისი გლუვი კანი

მარგალიტებზე, გვირილებზე უფრო ნაზი,

მთვარის შუქზე უფრო ნათელი, 

როდესაც იგი შუშებს ეხება.

ის მისხლტებოდა

და როგორც თევზები ბადეში, 

მისი ფეხები ფართხალებდნენ 

მთვარის ცივ შუქზე.

მე მივქროდი ამ ღამეს საუკეთესო გზატკეცილზე,

მინანქრის იყო ჩემი რაში 

და არ მახსოვდა ლაგამის და თასმის შესახებ.

როგორც ნამდვილი მამაკაცი, მე არ ვამჟღავნებ 

იმას, რაც მაშინ მე იმან მითხრა.

ჩემი გონება მიკარნახებს, 

ვიყო უსაზღვროდ თავმდაბალი.

ჩემი კოცნით და ქვიშით სავსე 

მდინარიდან - ქალაქისკენ წამოვიყვანე

და მინდვრის ბასრი ყვავილები

ებრძოდნენ ნიავს.

მე მოვიქეცი წესისამებრ,

როგორც ნამდვილ ბოშას შეჰფერის.

ვაჩუქე ყუთი ხელსაქმისთვის

დიდი ყუთი აბრეშუმით მოქარგული.

და მე იგი არ შევიყვარე:

ის ხომ - ცოლია სხვისი.

მე კი მითხრა უმანკო ვარო,

მდინარისაკენ როცა მიმყავდა.


ფედერიკო გარსია ლორკა - რჩეული
ესპანურიდან თარგმნა ნანა ხატისკაცმა