გაბრიელ გარსია მარკესი - მარიო ვარგას ლიოსა: დიალოგი რომანის შესახებ

ლიოსა – მწერლის საქმე სხვაა, ინჟინრისა და არქიტექტორისა – სხვა. ხშირად გაოცებით კითხულობენ, ნეტა რისთვის არის მწერალი საჭიროო. ყველამ იცის, რისთვის არის საჭირო ინჟინერი, რისთვის არის საჭირო არქიტექტორი, რისთვის არის საჭირო ექიმი, მაგრამ აი, მწერალზე რომ მიდგება საქმე, შეყოყმანდებიან ხოლმე. ზოგიერთს მოეხსენება, რომ მწერალს რაღაც დანიშნულება აქვს, მაგრამ რა არის ეს დანიშნულება? მეც ჩემებურად ვყოყმანობ ხოლმე. ამიტომ გაბრიელს, პირველ ყოვლისა, ეს კითხვა მინდა დავუსვა – თქვი, რას ფიქრობ, როგორც მწერალი, რისთვის ხარ საჭირო.

მარკესი – ასე მგონია, მწერალი მას შემდეგ გავხდი, რაც ვიგრძენი, რომ სხვა არაფრისთვის გამოვდგებოდი. მამაჩემი მეაფთიაქე იყო და, ბუნებრივია, სურდა, მის გზას დავდგომოდი და ფარმაცევტი გამოვსულიყავი. მე კი სულ სხვა მიდრეკილება მქონდა – ვექილობა მინდოდა იმიტომ, რომ ფილმებში ვექილები ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიოდნენ, სასამართლოში თვით უიმედო საქმეებსაც კი მოიგებდნენ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, სადაც დიდი სიძნელეების გადალახვის მერე მოვხვდი, ვიგრძენი, რომ ვერც ვექილად ვივარგებდი.

დავიწყე მოთხრობების წერა. მაშინ მართლაც რომ წარმოდგენა არ მქონდა, რისთვის ვწერდი. თავდაპირველად წერა იმიტომ მსიამოვნებდა, რომ ვბეჭდავდი. მაშინ გავიგე ის, რაც მოგვიანებით არაერთხელ განმიცხადებია – ვწერ იმიტომ, რომ მეგობრებს უფრო მეტად ვუყვარდე, ეს ჭეშმარიტი სიმართლეა. მერე კი, როცა ჩავუფიქრდი მწერლის ხელობასა და სხვა მწერალთა შემოქმედებას, მივხვდი, რომ ლიტერატურას და, განსაკუთრებით, რომანს უეჭველად თავისი დანიშნულება აქვს...

ერთი რამ სწორია: მწერლობა – მოწოდებაა, რასაც თავს ვერ დააღწევ, ხოლო მან, ვისაც ეს მოწოდება აქვს, უნდა წეროს, რადგან მხოლოდ ამით შეუძლია დაძლიოს თავის ტკივილი...

როცა წიგნის საწერად ვჯდები, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ამბის მოყოლა მინდა. მოსაწონი ამბისა. საქმე ისაა, რომ მეც იდეურად ყოველმხრივ მომზადებული ვარ; ვფიქრობ, ყველა მწერალი ასეა, და თუ იდეური მომზადება საფუძვლიანია, ხოლო მწერალი გულწრფელია მაშინ, როცა ჰყვება რაიმე ამბავს, იქნება ეს ზღაპარი წითელქუდაზე თუ მოთხრობა პარტიზანების შესახებ; ვიმეორებ, თუ მწერალი მტკიცე იდეურ პოზიციაზე დგას, იდეური პოზიცია აირეკლება მის მოთხრობაში, ანუ მის მოთხრობას ასაზრდოებს. ეს გარდაუვალია, თუმცა წინასწარგანზრახული როდია.

 – როგორც ჩანს, ლიტერატურაში წმინდა რაციონალური ფაქტორი არ არის გაბატონებული. სხვა რომელი ფაქტორები იქნება გავრცელებული? რა ელემენტები გასაზღვრავენ ნაწარმოების ღირებულებას?

– ერთადერთი, რასაც წერის დროს ვითვალისწინებ, ეს არის, მოეწონება თუ არა ჩემი ჩანაფიქრი მკითხველს და მე თვითონ მკითხველს თუ ვეთანხმები სავსებით. ისეთს ვერაფერს დავწერ, რაც განსაკუთრებულ პირად გამოცდილებაზე არ იქნება დაფუძნებული, სწორედ ამჟამად გამოგონილი დიქტატორის ამბავს ვამუშავებ, ანუ დიქტატორისა, ვინც სამხრეთამერიკელად არის ნავარაუდევი. ეს დიქტატორი ას ოთხმოცდაორი წლისაა და იმდენი ხანია, რაც ხელისუფლების სათავეშია, რომ აღარც კი ახსოვს აქ პირველად როდის მოექცა; ეს დიქტატორი სრულიად მარტოა უზარმაზარ სასახლეში, რომლის დარბაზებშიც ძროხები დასეირნობენ და პორტრეტებს ნთქავენ, არქიეპისკოპოსებისა და სხვათა და სხვათა უშველებელ, კარაქით შესრულებულ პორტრეტებს. საინტერესო ისაა, რომ რაღაცით ეს ამბავი ჩემს პირად გამოცდილებას ეფუძნება. ასე ვთქვათ, საკუთარი გამოცდილების პოეტური გარდასახვა მაძლევს საშუალებას ვაჩვენო ის, რისი ჩვენებაც მინდა, ამ შემთხვევაში – ხელისუფალის უკიდურესი მარტოობა. ჩემი აზრით, არ არსებობს უკეთესი პროტოტიპი ხელისუფლის მარტოობის დასახატავად, ვიდრე სამხრეთამერიკელი დიქტატორია – დიდი მითოლოგიური ურჩხული ჩვენი ეპოქისა.

– ერთი პირადული კითხვა მინდა დაგისვა. როცა მარტოობაზე საუბრობდი, გავიფიქრე, რომ სიმარტოვე ყველა შენი წიგნის მუდმივი თემაა. ერთს ასეც ჰქვია – “მარტოობის ასი წელი”, და ეს საყურადღებოა, რადგან შენს წიგნებში მრავალი მოქმედი პირია, უამრავი ხალხი, სულ მოძრაობენ; მაგრამ ერთგვარი იდუმალი თემა შენი წიგნებისა – მარტოობაა. ყურადღება მივაქციე, რომ ბევრ ინტერვიუში იგონებ ერთ ნათესავს, ბავშვობაში ათასგვარ ამბებს რომ გიყვებოდა. მახსოვს, ერთხელ თქვი, ამ ნათესავის სიკვდილი – მაშინ რვა წლისა ყოფილხარ – უკანასკნელი მძიმე შთაბეჭდილება იყო ჩემს ცხოვრებაშიო. რამდენად გახდა ამ ადამიანის მოყოლილი ამბები ბიძგი შენთვის და რამდენად იქცა შენი წიგნების მასალად? უპირველეს ყოვლისა კი, ვინ იყო ეს ადამიანი?

– შორიდან დავიწყებ. ისეთი არავინ ვიცი, ვინც მეტ-ნაკლებად თავს მარტოსულად არ თვლიდეს. ამ აზრით მაინტერესებს მარტოობა. ვშიშობ, მეტაფიზიკურად რა რეაქციულად გაისმის და სრულიად საწინააღმდეგო იქნება ჩემი პიროვნებისა, იმისა, რაც მინდა ვიყო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ადამიანი სრულიად მარტოა.

– შენი აზრით, ადამიანისათვის ნიშანდობლივია მარტოობა?

– ვგონებ, ეს არსებითი ნაწილია ადამიანური ნატურისა.

– მაგრამ მე წავიკითხე პარიზის ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ საკმაოდ ვრცელ წერილში, რომ მარტოობა – ძირეული შინაარსი რომანისა “მარტოობის ასი წელი” და შენი სხვა ადრეული წიგნებისა – ამერიკული თავისებურებაა. ავტორის შეხედულებით, შენ წარმოსახავ ამერიკელი კაცის სრულ განდგომას, ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტას ხალხთან. ეს კაცი ათასგვარ მძიმე გაჭირვებას განიცდის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, იგი განწირულია იმისათვის, რომ სინამდვილეს ვერ შეეწყოს, რაც აიძულებს თავი იგრძნოს ხელმოცარულად, საპყარად, განდეგილად. რას ფიქრობ ამაზე?

 – არ ვიცი. ეს ყოველივე ჩემს დაუკითხავად წარმოიშვა. ამას გარდა, ვფიქრობ, სახიფათო საქმეს ვეკიდები, როცა ვცდილობ ამოვიცნო არსი მარტოობისა, რასაც ჩემს შემოქმედებაში გამოვხატავ და რასაც ვცდილობ ჩავწვდე მის ათასგვარ გამოვლინებაში. დარწმუნებული ვარ, მაშინვე, როგორც კი ამ პროცესს გავაცნობიერებ, როცა ზუსტად მეცოდინება მისი წარმოშობის მიზეზები, ეს თემა სულ აღარ ამაღელვებს.

მაგალითისათვის, კოლუმბიაში არის ერთი კრიტიკოსი, რომელმაც ძალზე დაწვრილებით განიხილა ჩემი წიგნები. მისი დაკვირვებით, ჩემი ნაწარმოებების ქალები – ესაა იმედი, ესაა ჯანსაღი აზრი; ისინი იცავენ ოჯახის სიმტკიცესა და წესრიგს იმ დროს, როცა მამაკაცები სჩადიან ყოველგვარ ავანტიურისტულ საქციელს, მიდიან ომში ეძიებენ, აარსებენ სოფლებს და ყოველივეს შთამბეჭდავი მარცხით ამთავრებენ და მხოლოდ ქალების წყალობით, ვინც შინ ისხდნენ და იფარავდნენ, ასე ვთქვათ, ტრადიციებს, პირვანდელ ღირებულებებს, მხოლოდ ამ ქალების წყალობით შეეძლოთ მამაკაცებს ომების გადახდა, სოფლების დაარსება, ამერიკის დიდი კოლონიზაციის განხორციელება.

ეს რომ წავიკითხე, ჩემს ადრეულ წიგნებს გადავხედე და მივხვდი, რომ მართლა ასე მქონია. ვფიქრობ, ამ კრიტიკოსმა ძალზე დამაზარალა, რადგან თავისი აღმოჩენა სწორედ მაშინ გამოამჟღავნა, როცა “მარტოობის ას წელს” ვწერდი, რომანს, რომელიც წარმოადგენს აპოთეოზს ყოველივესი, რის შესახებაც ის კრიტიკოსი წერდა. რომანში ერთი გმირი მყავს, ურსულა, ვინც ას სამოცდაათ წელს ცოცხლობს და, არსებითად, კრავს რომანს. მის სახეზე მუშაობისას, როცა ყველაფერი მთლიანად მქონდა მოფიქრებული და გააზრებული, უკვე ვეღარ გამეგო, გულწრფელად ვწერდი თუ იმას ვცდილობდი, ჩემი კრიტიკოსისათვის მეამებინა.

ვშიშობ, იგივე არ დამემართოს მარტოობის თემასთან დაკავშირებით. რომ შემეძლოს ზუსტად ავხსნა მარტოობის ბუნება, ის შეიქმნება ჩემთვის სავსებით რაციონალური, სავსებით ცნობიერი და ყოველგვარ ინტერესს დავკარგავ მისდამი. შენ ახლა ისეთი აზრი მომაწოდე. რამაც, ცოტა არ იყოს, შემაშფოთა, მიმაჩნია, რომ მარტოობა ადამიანის განუყრელი თვისებაა, მაგრამ უკვე სხვაგვარად დავიწყე ფიქრი, რომ შესაძლოა მარტოობა იყოს შედეგი სამხრეთამერიკელი კაცის განდგომისა, და ამ შემთხვევაში მე უფრო მეტად ვდგავარ სოციალურ და თვით პოლიტიკურ პოზიციაზე, ვიდრე წარმოვიდგენდი. თუ ეს მართალია – მეტაფიზიკოსი აღარ ვყოფილვარ, ტყუილად მშინებია, მსურდა ყოველთვის გულწრფელი ვყოფილიყავი და მედარდებოდა, ჩემი მოსაზრებანი მარტოობაზე რეაქციული არ ყოფილიყო.

– კეთილი, მარტოობაზე ნუღა ვილაპარაკებთ. ეს ძალზე “სახიფათო” თემაა. მე მხოლოდ შენი ნათესავის ამბავი მაინტერესებს, შენს საუბრებში ხშირად რომ იხსენიებ, ჩემზე დიდი გავლენა იქონიაო?

– ეს კაცი პაპაჩემია. ეს სენიორი მერე ჩემს რომანში გამოვიყვანე. ოდესღაც, ახალგაზრდობაში, ვიღაც შემოჰკვდომია. როგორც ჩანს, მთელი სოფელი პაპაჩემს მიმხრობია: მოკლულის ერთ-ერთ ძმას ღამე პაპაჩემის სახლის ზღურბლზეც კი გაუთევია, ემანდ ჩამიანებმა შური არ იძიონო. მაგრამ პაპას ვერ გაუძლია იქ და წასულა, ოღონდ სხვა სოფელში კი არ გადასახლებულა, ოჯახიანად შორეულ გზას დასდგომია და ახალი სოფელი დაუარსებია.

– ეს მაგონებს დასაწყისს რომანისა “მარტოობის ასი წელი”: როცა პირველი ხოზე არკადიო კაცს კლავს, მას სინდისის საშინელი ქენჯნა აწამებს, სულზე მძიმე ტვირთად აწევს, და ეს აიძულებს მიატოვოს სახლი, ცხრა მთა გადაიაროს და დააარსოს მითიური სოფელი მაკონდო.

– დიახ, წავიდა და სოფელი დააარსა. ყველაზე ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორ იმეორებდა პაპაჩემი: “ვერც კი წარმოიდგენ, რამდენს “იწონის” მიცვალებული”. არის კიდევ ერთი შემთხვევა, რასაც ვერასდროს დავივიწყებ და რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ჩემს მწერლად ჩამოყალიბებასთან. ერთ საღამოს პაპამ ცირკში წამიყვანა და ერთკუზიანი აქლემი მაჩვენა; შინ რომ დავბრუნდით, ლექსიკონი გადაშალა და მითხრა: ეს არის ერთკუზიანი აქლემი, აი, რით განსხვავდება ერთკუზიანი აქლემი სპილოსაგან და აი, რით განსხვავდება ორკუზიანი აქლემისაგან”, – და მთელი გაკვეთილი ჩამიტარა ზოოლოგიაში. ასე ვისწავლე ლექსიკონით სარგებლობა.

– ამ კაცს დიდი გავლენა მოუხდენია შენზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ცხოვრების დრამა ნაწილობრივ შენს რომანში გამოიყენე. მაგრამ მინდოდა გამეგო, როდის გადაწყვიტე პაპის ნაამბობი მხატვრულად აგესახა. როდის გადაწყვიტე, რომ ეს მოგონებანი, ეს პირადი გამოცდილება მოთხრობებისა და რომანების შესაქმნელად გამოგეყენებინა?

– მხოლოდ ორი თუ სამი წიგნის დაწერის მერე გავაცნობიერე, რომ ამ გამოცდილებას ვიყენებდი. სიმართლე რომ ითქვას, მარტო პაპა კი არ გამხსენებია, არამედ ჩვენი სახლიც სოფელში, პაპამ რომ ააგო, ვეებერთელა სახლი, სადაც ყოველივე საიდუმლოებით იყო მოცული. სახლში იყო ერთი ცარიელი ოთახი, სადაც დეიდა პეტრა გარდაიცვალა. იყო კიდევ ერთი ცარიელი ოთახი, სადაც ძია ლასარო გარდაიცვალა. და ღამით სახლში სიარული არ შეიძლებოდა, რადგან აქ მკვდრები ცოცხლებზე მეტი იყვნენ. საღამოს ექვს საათზე კუთხეში დამსვამდნენ და მეუბნებოდნენ: “აქ იჯექი და ფეხი არ მოიცვალო, ნაბიჯიც რომ გადადგა, ან დეიდა პეტრა გამოვა თავისი ოთახიდან, ან ძია ლასარო თავისიდან”. რაღას გავინძრეოდი... ჩემს პირველ წიგნში – “ფოთოლცვენა” – ერთი პერსონაჟია, შვიდი წლის ბიჭუნა, მთელი თხრობის მანძილზე პატარა სკამზე რომ ზის. ახლა რომ ვუკვირდები, ის ბიჭუნა ნაწილობრივ მეცა ვარ – პატარა სკამზე მჯდარი საშინელებებით სავსე სახლში. არის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც მახსოვს და რომელიც კარგად გამოხატავს ამ სახლში გამეფებულ ატმოსფეროს. ერთი დეიდა მყავდა...

– მაპატიე, რომ გაწყვეტინებ – ეს ყოველივე შენს სოფელში ხდებოდა, სადაც დაიბადე, არაკატაკში?

– ჰო, არაკატაკში, სოფელში, სადაც დავიბადე, ახლა მაკონდოსთან რომ არის გაიგივებული, მაკონდოსთან, სადაც მთელი ეს ამბები ხდება. იმას ვამბობდი, ერთი დეიდა მყავდა, ვისაც “მარტოობის ასი წელი აქვს” წაკითხული, უმალ მიხვდება, ვიზეც ვამბობ. ძალზე ენერგიული ქალი გახლდათ, მთელ დღეს მუხლს არ ჩაიხრიდა, ერთხელ კი სუდარის ქსოვას მიჰყო ხელი. ვკითხე, სუდარას რატომ ქსოვ-მეთქი. იმიტომ, რომ მალე მოვკვდები, ჩემო ბიჭოო, მიპასუხა. დეიდამ მოათავა სუდარის ქსოვა, დაწვა და გარდაიცვალა. ამ სუდარაში გაახვიეს.

დეიდა არაჩვეულებრივი ქალი იყო. იგი აგრეთვე სხვა უცნაური ამბის გმირის პროტოტიპია. ერთხელ მასთან ერთი გოგონა მისულა და ქათმის უჩვეულო კვერცხი უჩვენებია. კორძიანი კვერცხი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენი სახლი სოფელში თავისებურ საკონსულტაციო სახლად ითვლებოდა, ყოველნაირ იდუმალებით მოცულ საქმეებს რომ წყვეტდა. ხშირად, როცა ისეთი რამ ხდებოდა, რასაც ვერავინ ვერ ხსნიდა, ჩვენთან მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, და დეიდას, როგორც წესი, ყოველთვის მოეძევებოდა პასუხი. მე აღმაფრთოვანებდა ის ბუნებრიობა, რითაც დეიდა ჭრიდა ამგვარ პრობლემებს. მაგრამ კვერცხიან გოგონას დავუბრუნდეთ, მან დედას ჰკითხა, ნახეთ, აბა, კორძი რისგან უნდა გასჩენოდაო. დაიდამ დახედა და თქვა – ეს კვერცხი ბასილისკოა. დაანთეთ ეზოში კოცონიო. კოცონი დაანთეს და კვერცხი დაწვეს. ვფიქრობ, ამ ბუნებრიობამ მომცა გასაღები რომანისა “მარტოობის ასი წელი”, სადაც მოთხრობილია თავზარდამცემი, არაჩვეულებრივი ამბები, ისეთივე გაქვავებული სახით, როგორითაც დეიდამ ბასილისკოს კვერცხის დაწვა ბრძანა ეზოში.

– ეს ამბავი გარკვეულად ადასტურებს შენს სიტყვებს, მწერალი ყოველთვის პირად გამოცდილებას ეყრდნობაო. მაგრამ მათ, ვისაც “მარტოობის ასი წელი” არ წაუკითხავს, შეუძლია იფიქროს, რომ შენ ავტობიოგრაფიულ წიგნებს წერ. მაგრამ ამ რომანში, გარდა იმ თავგადასვლისა, პაპაშენ გაბრიელს რომ გადახდა და ბავშვობაში გიამბობდა, განსაცვიფრებელი ამბები ხდება: აქაა მფრინავი ხალიჩები, რომლითაც გოგონები ქალაქის თავზე დასეირნობენ; აქაა ქალი, ცად რომ ამაღლდება; აქ ხდება ათასობით სასწაულებრივი, განსაცვიფრებელი, დაუჯერებელი ამბავი, უეჭველია, ნაწილს მასალისას წიგნისთვის მწერალს მისი პირადი გამოცდილება აძლევს, მაგრამ არის სხვა ნაწილიც, რომელიც წარმოსახვიდან მომდინარეობს, და მეორე ელემენტი – ასე ვთქვათ, კულტურული. მსურდა, ამაზეც გეთქვა რაიმე... სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რომელი წიგნების კითხვამ მოახდინა შენზე ზეგავლენა რომანების წერისას?

– კარგად ვიცნობ ვარგას ლიოსას და ვხვდები, საითკენ მიჰყავს საუბარი. მას სურს გამომტეხოს, რომ ეს ყოველივე რაინდული რომანებიდან მომდინარეობს. გარკვეული თვალსაზრისით იგი მართალია, რადგან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი, რომელსაც ხშირად გადავიკითხავ ხოლმე და რომლითაც სულ მოხიბლული ვრჩები, არის “ამადის გალელი”. ვგონებ, ეს ერთ-ერთი დიადი წიგნია კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა მარიო ვარგას ლიოსა “ტირანტ თეთრს” უფრო ამჯობინებს. ამაზე ნუ ვიდავებთ. თუ გახსოვს, რაინდულ რომანებში ერთხელ კიდეც ვსაუბრობდი ამის შესახებ, რაინდს იმდენჯერ წააცლიან თავს, რამდენჯერაც თხრობისთვისაა საჭირო. ვთქვათ, მესამე თავში დიდი ბრძოლაა აღწერილი და საჭიროა, რომ რაინდს თავი მოჰკვეთონ და კიდეც კვეთავენ. ხოლო მეოთხე თავში ვითომ არაფერი, რაინდი კვლავ გამოჩნდება და, თუ საჭირო გახდება, ახალ ბრძოლაში თავს ისევ გააგდებინებენ. მთელი ეს თავისუფლება თხრობისა რაინდულ რომანებთან ერთად გაქრა, ხოლო რაინდულ რომანებში, ამას გარდა, ისეთი განსაცვიფრებელი ამბები ხდებოდა, რასაც ყოველდღიურად შეიძლება შევხვდეთ ლათინურ ამერიკაში.

– “მარტოობის ას წელს” რომ ვკითხულობდი, ერთ-ერთ თავში წავაწყდი სიტყვას, რომელიც მივიჩნიე გასაღებად, რაც შენ შეგნებულად გამოიყენე, როგორც იყენებ შენს სათაყვანო მწერალთა – მეგობართა თუ სხვა ავტორთა წიგნებიდან ამოღებულ გმირთა სახელებს, რომელთაც ფარულად მიაგებ პატივს საკუთარ წიგნში. იმ თავის კითხვისას, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას მიერ გადახდილ ოცდათორმეტ ომს რომ შეეხება, ყურადღება მივაქციე ეპიზოდს, სადაც პოლკოვნიკი კაპიტულაციას ხელს აწერს ნეერლანდიად წოდებულ ადგილას და მომეჩვენა, რომ ეს სიტყვა ბადებს ასოციაციას რაინდულ რომანთან. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ეს სიტყვა აღნიშნავს ქალაქს თუ რომელიღაც პატარა ადგილს “ამადისში”. და მგონია, ამით მიაგე პატივი, რომ გაიხსენე წიგნი, რომელიც ასე გააბიაბრუეს.

– არა, შესაძლოა მხოლოდ მსგავსებაზე ვისაუბროთ, ანუ იმაზე, რომ სიახლოვე ლათინურამერიკულ სინამდვილესა და რაინდულ რომანს შორის ისე დიდია, ადვილი შესაძლებელია ასეთი შეცდომა მოგვივიდეს; მართლაც, სინამდვილეში კოლუმბიის სამოქალაქო ომები ნეერლანდიის კაპიტულაციით დასრულდა. კიდევ ერთ მაგალითს მოგახსენებ. ვისაც ჩემი წიგნები წაუკითხავს, ეხსომება, რომ ჰერცოგი მალბორო, ვინც სამოქალაქო ომი წააგო კოლუმბიაში, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას ადიუტანტი იყო. ხოლო სინამდვილეში საქმის ვითარება ამგვარი გახლდათ: ჩემს პატარა ბიჭობაში სხვა ბავშვებთან ერთად ვმღეროდი სიმღერას “მალბრუკი სალაშქროდ გაემზადა”. ბებიას ვკითხე, ვინ არის ეს მალბრუკი და რა ლაშქრობისათვის ემზადება- მეთქი, და ბებიამ, ამის შესახებ ერთი ბეწო წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა, მიპასუხა, ეს სენიორი პაპაშენთან ერთად იბრძოდაო... მოგვიანებით, როცა შევიტყვე, რომ მალბრუკი ჰერცოგი მალბორო იყო, მომეჩვენა, რომ უმჯობესი იქნებოდა ყოველივე ისე დამეტოვებინა, როგორც ბებიასაგან მომესმინა და ასეც მოვიქეცი...

„შეხვედრები ნობელიანტებთან“,