როგორი იყო XIX საუკუნის თბილისი (12 ფოტო)

XIX საუკუნის თბილისი...
XIX საუკუნის მიწურულიდან, მას შემდეგ რაც თბილისის განუმეორებელი ხედები პირველად აღიბეჭდა ფოტოსურათებზე, ქალაქმა იმდენად იცვალა სახე, რომ ხშირად ძველი ფოტოების დამთვალიერებელმა, შესაძლოა, ვერც კი ამოიცნოს ქალაქის ესა თუ ის უბანი, ქუჩა ან შენობა... დახედეთ XIX საუკუნის თბილისის ფოტოებს, თავად აღმოაჩინეთ დღემდე შემორჩენილი და უკვე აღარ არსებული ხედები, შეფასება კი თქვენთვის მოგვინდია.

საქართველოს ეროვნული არქივის და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლა) ფოტოები.


მტკვრის მარცხენა სანაპირო – მოცურავე წყლის წისქვილები, მიხეილის (დღევანდელი ზაარბრიუკენის) ხიდი, რიყის ქუჩა და ცენტრში – წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (1812 წ.). 


მოცურავე, წყლის წისქვილები ნავისმაგვარ ტივტივაზე იდგა და მსხვილი ჯაჭვებით იყო მდინარის ნაპირზე მიბმული. თბილისში ასეთი წისქვილები, არაბი მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ X საუკუნეში ყოფილა გავრცელებული. ისინი XX საუკუნის 20-იან წლებში გააუქმეს. რიყის ქუჩის ადგილას XVIII საუკუნის ბოლომდე მტკვრის მარცხენა ტოტის კალაპოტი იყო, XIX საუკუნის 30-იან წლებში ტოტი დაშრა და ამ ადგილს – რიყე, შემდეგ კი რიყის ქუჩა დაერქვა. 1938 წლიდან კი მას კ. ხეთაგუროვის სახელი ეწოდება.

მეტეხის ციხე, მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (XIII ს. II ნახ.), მეტეხის ხიდი და მარცხნივ – ზუბალაშვილების ქარვასლა. 

მეფის რუსეთის მმართველობის დროს, XIX საუკუნის 20-იან წლებში, მეტეხის ისტორიული ციხის კედლები მოარღვიეს და მის ადგილას ყაზარმული ტიპის ციხის კორპუსები ააშენეს. მეტეხის აღმართის მეორე მხარეს (მარცხნივ) კი, მოგვიანებით, რამოდენიმე ქარვასლა აშენდა. თბილისური ქარვასლა ვაჭართათვის განკუთვნილი სასტუმროს ტიპის დაწესებულება იყო, სადაც მოსასვენებელი ოთახების გარდა, მის პირველ სართულზე, სავაჭრო დუქნები და სახელოსნოები იყო განლაგებული. 1950-იან წლებში მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებსა და სანაპიროებს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა, რასაც შეეწირა თავად ხიდი და მისი მიმდებარე ისტორიული განაშენიენებაც.

***

***

 სასახლის ქუჩის (დღევანდელი შოთა რუსთაველის გამზირის) ხედი პასკევიჩ-ერივანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნიდან. 

მარჯვნივ მოჩანს სასტუმრო “ევროპული ნომრები”. იგი 1883 წელს გაიხსნა, 1910 წლიდან კი გადაკეთდა სასტუმრო “ერმიტაჟად”. მარცხნივ 1824 წელს აგებული კავკასიის არმიის შტაბია. ის მოედნის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა და ჩვენამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. დღეს შენობაში სხვადასხვა ოფისია განთავსებული.

აბანოთუბნის ხედი მეტეხის ციხიდან: წინა პლანზე მოჩანს გოგირდის აბანოები, ცენტრში – სუნიტური მეჩეთი; უკან კი ქალაქის დედაციხე, იგივე ნარიყალა (IV-XVIII სს.). 

აბანოთუბანი, იგივე აბანოების უბანი, ქალაქის უძველესი დასახლებაა. მას სახელი ცხელი მინერალური წყლების ბაზაზე ძველთაგანვე არსებული აბანოების გამო ეწოდა. აბანოთუბანს უკავშირდება ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ და თვით სახელწოდება “თბილისი”. თბილისის სუნიტური მეჩეთი ძველი ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტული ნაგებობაა. შიიტური მეჩეთის დანგრევის შემდეგ, თბილისელი შიიტები და სუნიტები აქ ერთად ლოცულობენ, რაც მაჰმადიანური რელიგიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. XX საუკუნის 80-იან წლებში რეკონსტრუქციის შედეგად ძველმა აბანოთუბანმა ერთიანად იცვალა გარეგნული სახე.

მტკვრის მარცხენა სანაპირო – ციციანოვის (დღევანდელი ნიკოლოზ ბარათაშვილის) აღმართი 

იგი თავდაპირველად მხოლოდ ვიწრო ბილიკს წარმოადგენდა, რომელიც რიყესა და ავლაბრის მიჯნას ერთმანეთთან აკავშირებდა. აღმართი მნიშვნელოვნად გაფართოვდა XIX საუკუნის 80-იან წლებში. მოგვიანებით აქ გაიყვანეს ტრამვაის ხაზი. თანამედროვე სახე აღმართმა 1935 წელს მიიღო.

თათრის (დღევანდელი ვახტანგ გორგასლის) მოედანი 

თათრის მოედანი, იგივე მეიდანი, ძველი თბილისის საზოგადოებრივი თავშეყრისა და სავაჭრო ცენტრი იყო. აქ ეწყობოდა საკვირაო და სადღესასწაულო ბაზრობები, სადაც ქარავნები აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიოდნენ. მოედნის შუაგულში მოწყობილ ჩარდახში იდგა დიდი სასწორი, საიდანაც ხდებოდა პროდუქტების გადანაწილება მთელ ბაზრობაზე. 1940-1950-იან წლებში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მეიდანმა საგრძნობლად იცვალა სახე და დაკარგა თავისი განუმეორებელი, კოლორიტული იერი.

ავლაბრის (დღევანდელი მეტეხის) ხიდი 

ავლაბრის ხიდი თბილისის ყველაზე ძველი ხიდია და დიდი ხნის განმავლობაში ქალაქის ერთადერთ ხიდად რჩებოდა. იგი აბანოთუბანსა და კალას ისანსა და ავლაბართან აკავშირებდა. თავდაპირველად ხიდს ხისაგან აგებდნენ, რომელიც მტრის შემოსევის დროს ადვილად მოსაშლელი იყო, 1870 წელს კი ლითონის ხიდი ააგეს. უშუალოდ ხიდთან და მისკენ მიმავალი გზის გაყოლებით შენდებოდა სავაჭრო დუქნები, სახელოსნოები, საცხოვრებელი სახლები.

XX საუკუნის 40-50-იან წლებში მტკვრის ორივე მხარეს, და უშუალოდ ხიდის მიდამოებში, სანაპირო გზები გაიყვანეს, რამაც ისტორიული შენობა-ნაგებობები შეიწირა. თანამედროვე ხიდი კი 1951 წელს ააგეს.

მამადავითის ეკლესია 

გადმოცემის მიხედვით, VI საუკუნეში წმ. დავით გარეჯელი თბილისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთაზე, გამოქვაბულში დასახლდა. ლეგენდის თანახმად, მამა დავითის ლოცვის შედეგად ამ ადგილას წყარო აღმოცენდა, რომელიც ავადმყოფებსა და უშვილო ქალებს კურნავდა.

დავით გარეჯელის სახელის მიხედვით მალე მთას “მამადავითი”, მოგვიანებით კი მთაწმინდა ეწოდა; მის ნასახლარზე აიგო ტაძარი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ განიცადა რეკონსტრუქცია, საბოლოო სახე კი XIX საუკუნის 70-იან წლებში მიიღო. ძველი ტრადიციის მიხედვით, ამაღლების სწორს, თბილისში ახლაც იმართება დიდი დღესასწაული – მამადავითობა. სასწაულმოქმედი წყაროს ხილვა კი დღესაც შუძლია მომლოცველებსა და დამთვალიერებლებს. მამადავითის ტაძრის ეზოში განთავსებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

თბილისის სიონის ხედი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან 

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. იგი თავდაპირველად ვახტანგ გორგასალმა (V ს.) ააგო. მისი ხელმეორე განაშენიანება კი VII საუკუნის 20-იან წლებში დასრულდა.

ამის შემდეგ სიონის ტაძარმა, მთელ თბილისთან ერთად, მრავალჯერ განიცადა დარბევა (მაგ.: 1226 წ., 1522 წ., 1723 წ., 1795 წ.). სწორედ ამიტომ ატყვია მის არქიტექტურას სხვადასხვა პერიოდში შესრულებული აღდგენის კვალი. ტაძრის ძველი სამრეკლო აგებულია 1425 წელს (იგი დაანგრიეს 1797 წ. და აღდგა 1947 წ.), ხოლო ახალი, დასავლეთით მდებარე სამრეკლო, აგებულია 1812 წელს. თბილისის სიონს საფუძვლიანი რესტავრაცია XX საუკუნის 70-იან წლებში ჩაუტარდა. დღეისათვის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაყვანილი გზის (XX ს. 40-50-ანი წლები) გამო მთლიანად შეცვლილია ტაძრის აღმოსავლეთი ხედი.

თათრის (დღევანდელი ვახტანგ გორგასლის) მოედანი, მარჯვნივ: შაჰ ისმაილის შიიტური მეჩეთი (XVI ს.), უკანა პლანზე – მეტეხის ტაძარი (XIII ს. II ნახ.) და ციხე. 

თათრის მოედანი, იგივე მეიდანი, ქალაქის ორ უძველეს ნაწილს – აბანოთუბანსა და კალას შორის მდებარეობდა, მეტეხის ხიდით კი უკავშირდებოდა მესამე ძველ უბანს – ისანს და მეტეხის ტაძარს. მეიდანი ძველი თბილისის საზოგადოებრივი და სავაჭრო ცენტრი იყო. იგი ქალაქს განსაკუთრებულ, კოლორიტულ იერს აძლევდა. მეიდანმა სახე XX საუკუნის 40-50-იან წლებში იცვალა მეტეხის ხიდისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მშენებლობის დროს. ამ დროს სხვა ნაგებობებთან ერთად განადგურდა შაჰ ისმაილის მეჩეთიც, რომელიც ძველი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა იყო. ამავე პერიოდში აიღეს აგრეთვე XIX საუკუნის 20-იან წლებში აგებული მეტეხის ციხის კორპუსები. ყოველივე ამის შემდეგ აღნიშნულმა უბანმა სრულიად სხვაგვარი ელფერი შეიძინა.

ხედი მეტეხის ციხიდან: თათრის (დღევანდელი ვახტანგ გორგასლის) მოედანი, მარცხნივ – სურბ-გევორქის გრიგორიანული ეკლესია (1251 წ.), წინა პლანზე კი შაჰ ისმაილის შიიტური მეჩეთი და მინარეთი (XVI ს.). 

თბილისის ამ ისტორიულ უბანს დღეისათვის მთლიანად აქვს სახე შეცვლილი. 1950-იან წლებში მეტეხის ხიდის გარშემო ტერიტორიის რეკონსტრუქციის შედეგად დაინგრა მეიდნის დიდი ნაწილი, მეჩეთი და მინარეთი, ქარვასლა, შეკიდულაივნიანი სახლები, რომელთა პირველ სართულზე სავაჭრო დუქნები იყო განლაგებული. მეტეხის ხიდის გარშემო არსებული მეტად კოლორიტული განაშენიანება რეკონსტრუქციის შედეგად მოისპო.

მშრალი ხიდიდან მიხეილის (დღევანდელი ზაარბრიუკენის) ხიდისაკენ მიმავალი გზა და მის გასწვრივ განლაგებული სავაჭრო დუქნები. 

1848-1853 წლებში თბილისში ახალი ხიდი იმ ადგილას აშენდა, სადაც მტკვარი ორად იტოტებოდა და შუაში წარმოქმნილიყო მადათოვის, იგივე ორბელიანების კუნძული (დღევანდელი გიორგი ლეონიძის ბაღი).

ახალი ხიდი მთლიანობაში პატარა და დიდი ხიდებისაგან შედგებოდა: პატარა, ანუ ნიკოლოზის ხიდი (დღევანდელი მშრალი ხიდი) მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მადათოვის კუნძულთან აკავშირებდა, ხოლო მის გასწვრივ მდებარე დიდი, ანუ მიხეილის (დღევანდელი ზაარბრიუკენის) ხიდი, მადათოვის კუნძულიდან მარცხენა სანაპიროს უკავშირდებოდა. XX საუკუნის 30-იან წლებში მტკვრის მარჯვენა ტოტი ამოაშრეს და ამიტომ მასზე გადებულმა ხიდმა მიიღო სახელწოდება “მშრალი ხიდი”.