ჟან-ოგიუსტ-დომინიკ ენგრი - დიდი ოდელისკა

ჟან-ოგიუსტ-დომინიკ ენგრი - „დიდი ოდელისკა“, 1814წ.
1813 წელს ნაპოლეონის დისა და ნეაპოლის დედოფლის, კაროლინა მიურას მიერ შეკვეთილი ეს ტილო შიშველი ქალის იმ მხატვრული სახის წყვილი იყო, რომელიც დაახლოებით 1808 წელს შეიქმნა და სახელად მძინარე ნეაპოლელი ეწოდებოდა. 1815 წელს, მეფობის გადავარდნის შემდეგ, დაიკარგა და მხოლოდ გვიანდელი ვერსიით არის ცნობილი.


დიდი ოდალისკაც იმავე ხვედრს გაიზიარებდა, ენგრის სახელოსნოში დიდხანს რომ არ დარჩენილიყო: მართლაც, მიურას დინასტიის დაცემისას, იგი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. სავარაუდოდ, იმავე ზომის მძინარე ნეაპოლელთან პარალელების გავლება შეიძლება, როგორც პოზათა დაპირისპირებაში (ერთი წინხედშია მარჯვნივ მიბრუნებული თავით და მეორე - ზურგით დგას, თავით - მარცხნივ), ასევე - თემით (ერთი შიშველი ქალის ფიგურა დასავლურია, მეორე - აღმოსავლური).

ანტონიო კანოვა - პაოლინა ბორგეზე
XVI საუკუნის ვენუსების ფერწერული ტრადიციით შთაგონებული ოდალისკას წინამორბედია, ასევე, ანტონიო კანოვას არაჩვეულებრივი, ზურგით გამოსახული შიშველი პაოლინა ბორგეზე, როგორც გამარჯვებული ვენუსი, ქანდაკება, რომელსაც უკვე იმ წლებში უსაზღვრო წარმატება ხვდა. გარდა ამისა, ენგრი იკონოგრაფიულ წყაროებს აღმოსავლურ ეგზოტიკურ გარემოს უხამებს.

დიდი ყურადღება ეთმობა ქსოვილებისა და ფერთა კონტრასტების გადმოცემას - კანის მოქარვისფრო ვარდისფერი, ოქრომკედით მოსირმული ფარდის მუქი ცისფერი, სამკაულების, მარაოს, ჩალმის ნატიფი და ძვირფასი შტრიხები. თუმცა, მხატვარი ანგარიშს არ უწევს სხეულის ანატომიას. მართლაც, რთულ პოზაში წარმოდგენილი ქალის წამოწოლილი ფიგურა, გადაჭდობილი კიდურებითა და მიბრუნებული ტორსით, არაბუნებრივად გრძელია: ზედმეტად მობრუნებული კისერი, უტრირებული თეძოები, მკლავი იდაყვის გარეშე და თითქოს მიდგმული მარცხენა ფეხი, ის ანატომიური უზუსტობებია, რომლებსაც მხატვარი იდეალური ვიზუალური ჰარმონიის შესაქმნელად იყენებს ფორმათა და პოზის უტრირება, კონტურული ნახატის სტილიზაცია და ანატომიური სიზუსტეების უგულებელყოფა 1819 წელს მკაცრად გააკრიტიკეს სალონში.

მაგალითად, ლანდონი ამბობდა, რომ ამ უძვლო, უკუნთო და უსისხლო ფიგურის გამოსახვით, ენგრიმ შეგნებულად „აღადგინა ანტიკურობის მხატვართა უნაკლო და პრიმიტიული მანერა“.

ლუვრი, მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები, #1
მთარგმნელები: ეკატერინე კობახიძე, მაია დონაძე