კარავაჯო - ქალწულის სიკვდილი |

ტილო, ზეთი, 369 X 245 სმ, 1605-1606 წწ.
რომის სანტა-მარია-დელა-სკალას ფეხშიშველმა კარმელიტებმა, ვისთვისაც ეს ნაწარმოები შეიქმნა, უარი თქვეს მასზე, მკრეხელობად მიიჩნიეს. 

როგორც კარავაჯოს ბიოგრაფები მოგვითხრობენ, ბერებმა მხატვარს ქალწულის უპატივცემულოდ წარმოდგენა, მის სამოსში ვიღაც „სამარცხვინო მეძავის“, „გაფუებული შიშველფეხება კურტიზანი ქალის“ გამოსახვა დასდეს ბრალად.

გადმოცემა მართლაც გვეუბნება, რომ კარავაჯომ მოდელად წყალში დამხრჩვალი მეძავის გვამი გამოიყენა. ასეა თუ ისე, სურათმა რომში მანტუის დუკას წარგზავნილის, მხატვარ პეტერ პაულ რუბენსის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მყისვე რამდენიმე სკუდოდ შეიძინა იგი.

მანტუის სამეფო კარიდან ტილო ინგლისში მოხვდა, შემდეგ ლუი XIV-ის ვერსალის სასახლეში დაიდო ბინა, იქიდან კი, 1793 წელს, ლუვრში გადაიტანეს.

ეს კარავაჯოს მიერ რომში შესრულებული ბოლო ტილოა. სურათის ჩაბარების თარიღი მხატვრის ქალაქიდან გაქცევის თარიღს ემთხვევა, როდესაც მას მკვლელობა დაედო ბრალად.

თავისი ფორმალური და იკონოგრაფიული სისადავით. სურათი ნატურალიზმის შედევრია, რისი მიმდევარიც იყო ღრმად ჰუმანური სახეების შემქმნელი მხატვარი.


სიკვდილის ძილს მიცემული ქალწულის სახე მშვიდია და ნეტარი, ხოლო ირგვლივ გამოსახული არიან ატირებული მოციქულები. ღარიბული და ბინდბუნდში ჩაძირული გარემო პერსონაჟთა უიმედობის განცდას აძლიერებს, მაგრამ მადონას სამოსისა და მის თავთ დაკიდული დრაფის ქსოვილის საუცხოო წითელი ფერი სცენას შუქს ჰფენს და პირქუში გარემოს სიბნელეს ხელს უშლის, შთანთქას მთლიანი კომპოზიცია.

სინათლე სურათის მარცხენა მხრიდან აღწევს, მოციქულთა მოშიშვლებულ თავებზე გადადის; კომპოზიციის საყრდენი, ღერძისკენ რომ დახრილან, და თითქმის მთლიანად კონცენტრირდება იმ ადგილას, სადაც მარიამის სხეულია. გარდა იმისა, რომ სხეულთა მოცულობით ფორმებს უფრო წარმოაჩენს, სინათლე სურათს მაღალ სულიერებას ანიჭებს, როგორც ღვთიურობის ხელშესახები და ხილული გამოვლინების სიმბოლო.


წყარო - ლუვრი - პარიზი [მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები]