ჯორჯ ორუელი - პატივი კატალონიას

ჯორჯ ორუელის ამ სასტიკ წიგნს ერთი უცნაურობა ახასიათებს - ომის კოშმარული პერიპეტიების გავლით იგი სწორედ შეუძლებლის ზღვარს გადალახავს და შესაძლებელს ხდის, დაგვანახოს: თვით გაუსაძლის პირობებში, ომის ამაზრზენ აბსურდში, ტალახში, სიცივეში, სიბინძურეში, შიმშილსა და სისასტიკეში როგორ შეიძლება გადარჩე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გადარჩე პიროვნებად და ღირსება შეინარჩუნო.

***

რევოლუციისა და მომავლის რწმენა არსებობდა; გრძნობა იმისა, რომ ხალხი უეცრად თანასწორობისა და თავისუფლების ეპოქაში აღმოჩნდა. ადამიანები ცდილობდნენ მოქცეულიყვნენ როგორც ადამიანები და არა როგორც კაპიტალისტური მანქანის კბილანები.

სადალაქოებში გამოკრული იყო ანარქისტების განცხადებები (თვით დალაქები, მეტწილად, ანარქისტები იყვნენ):

„დალაქები მონები აღარ არიან“.

ქუჩებში ეკიდა პლაკატები, რომლებიც მეძავებს მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა. ინგლისურენოვანი რასის მოხარშული, ზიზღით აღვსილი წარმომადგნელებისთვის აქ არსებობდა რამდენადმე პათეტიკური გამონათქვამები, ისეთივე სიტყვასიტყვითი გაგებით, როგორითაც იდეალისტ ესპანელებს ესმოდათ რევოლუციის გაცვეთილი ფრაზები.

იმხანად ყოვლად მიამიტური რევოლუციური ბალადები, რომლებიც უმღეროდნენ ძმობას და გმობდნენ მუსოლინის ბიწიერებას, ქუჩებში სულ რამდენიმე სანტიმად იყიდებოდა. ხშირად მინახავს უწიგნური მილიციელი, რომელიც ერთ-ერთ ასეთ ბალადას ყიდულობდა, სიტყვებს გულმოდგინედ მარცვლავდა, ბოლოს კი ტექსტის ღიღინს იწყებდა შესაფერისი მელოდიის თანხლებით.

***

ყაზარმებში ძირითადად მახსოვს ცხენის სუნი, საყვირების მთრთოლავი ხმა, დაჭედილი ჩექმების ბრახუნი ყაზარმის ეზოში, ზამთრის დილის გრძელი სამხედრო მწკრივები, ფეხბურთის ველური თამაშები - ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი თითოეულ მხარეზე - საცხენოსნო სკოლის ქვაფენილზე ან ეზოში.

***

ნებისმიერი უცხოელი, რომელიც ესპანურ მილიციაში მსახურობდა, პირველ კვირებს ატარებდა იმის სწავლაში, თუ როგორ უნდა ჰყვარებოდა ესპანელები და როგორ აღშფოთებულიყო მათი ზოგიერთი თვისებით. ფრონტის ხაზზე ჩემი პირადი აღშფოთება ზოგჯერ გაშმაგებამდე მიდიოდა.

ესპანელები ბევრ რამეში არიან კარგები, ოღონდაც - არა ომში. ყველა უც ხოელს შოკში აგდებს მათი არაქმედითობა, უწინარეს ყოვლისა - მათი ჭკუიდან გადამყვანი არაპუნქტუალურობა. ერთი ესპანური სიტყვა, რომლის სწავლასაც ვერც ერთი უცხოელი ვერ ასცდება, არის მანიანა, ანუ „ხვალ“ (სიტყვასიტყვით: „ხვალ დილით“). როცა კი ეს შესაძლებელია, დღევანდელ საქმეს თავიდან იშორებენ mañana-მდე. ეს იმდენად ცნობილია, რომ ესპანელები თვითონვე ხუმრობენ ამაზე.

არაფერი ხდება ესპანეთში დანიშნულ დროს, არამედ, როგორც წესი, გვარიანი დაგვიანებით. თუმცა, ზოგჯერ - ისე, რომ თვით გვიან მოხდენაზეც რომ ვერ გათვალო - ყველაფერი მეტისმეტად ადრე ხდება. მატარებელი, რომელიც რვა საათზე უნდა გავიდეს, როგორც წესი, გადის ნებისმიერ წუთზე ცხრასა და ათს შორის. თუმცა, შესაძლოა კვირაში ერთხელ, მემანქანის რაღაც პირადი ახირების წყალობით, იგივე მატარებელი რვის ნახევარზეც გავიდეს. ასეთი რამეები შეიძლება რამდენადმე გამაღიზიანებელი იყოს. თეორიულად, აღტაცებული ვარ ესპანელებით იმისთვის, რომ არ იზიარებენ ჩვენს ჩრდილოურ დროის ნევროზს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე თვითონ ვიზიარებ.

***

ჩამონგრეულ კედელზე წავაწყდი წინა წლის პლაკატს, რომელიც იუწყებოდა: ამა და ამ დღეს არენაზე ექვსი მშვენიერი ხარი მოიკვლებაო. რაოდენ მივიწყებულად გამოიყურებოდა ამ პლაკატის გაცრეცილი ფერები! როგორც გავიგე, თვით ბარსელონაშიც კი აღარ ეწყობოდა კორიდა. რატომღაც ყველა საუკეთესო მატადორი ფაშისტი აღმოჩნდა.

***

ვერაფერი დაარწმუნებს ესპანელს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სახიფათოა. ერთხელ, უფრო მოგვიანებით, სურათს ვუღებდი მეტყვიამფრქვევეებს მათ ტყვიამფრქვევებთან ერთად, პირდაპირ ჩემკენ რომ მოეშვირათ.

- არ ისროლოთ, - ვუთხარი ნახევრად ხუმრობით, როცა ფოკუსი გავასწორე.

- ოჰ, არა, არ ვისვრით.

მეორე წამს გაისმა საშინელი კაკანი და ტყვიების ნაკადმა ისე ახლოს ჩამიქროლა სახესთან, რომ ლოყაზე დენთის მარცვლებმა გამიხახუნეს. განზრახ არ უქნიათ, თუმცა დიდ ხუმრობად კი ჩათვალეს.

***

ამ ომში ყველას ნასროლი ყველას ცდებოდა, როცა კი ეს ადამიანურად შესაძლებელი იყო.

***

ვფიქრობ, ყოველთვის ერთსა და იმავეს გრძნობ, როცა შუა სროლაში ხვდები: იმდენად იმის კი არ გეშინია, რომ ტყვია მოგხვდება, რამდენადაც იმისა, რომ არ იცი, სად მოგხვდება. სულ ის გაინტერესებს, მაინც სად გიკბენს, რაც მთელ შენს სხეულს ყოვლად უამურ შეგრძნებას ანიჭებს.

***

როცა გაიხსენებ, რა არის ომი, უცნაურად გეჩვენება, რომ ჯარისკაცები ბრძოლას ესწრაფვიან. და მაინც: მათ ის უეჭველად სურთ. პოზიციურ ბრძოლაში არის სამი რამ, რასაც ჯარისკაცები ნატრობენ: ბრძოლა, სიგარეტი და ერთკვირიანი შვებულება.

***

დეზერტირები ხომ, გასაგები მიზეზების გამო, ხშირად ცდილობენ, გული მოუგონ თავიანთ ახალ პატრონებს.

***

თვეების სვლასთან ერთად, ყველა ომში ხდება დეგრადაცია, რადგანაც ისეთი რამეები, როგორებიცაა ინდივიდუალური თავისუფლება და გულწრფელი პრესა, უბრალოდ შეუთავსებელია სამხედრო ქმედითობასთან.

***

უცნაურია, რაოდენ იცვლებოდა საერთო განწყობა, როცა ფრონტის ხაზს უახლოვდებოდი. პოლიტიკური პარტიების ყოველგვარი ან თითქმის ყოველგვარი ურთიერთსიძულვილი უკვალოდ ორთქლდებოდა.

***

ვიცი, ჩვეულებრივი პოლიტიკა გულისხმობს ცუდი ამბების დამალვას ჯარებისგან და, შესაძლოა, როგორც კანონი, ეს გამართლებულიცაა. მაგრამ სულ სხვა რამეა ადამიანთა გაგზავნა ომში და, იმავდროულად, იმის დამალვა, რომ ზურგს უკან მათი პარტია გააუქმეს, მათ ლიდერებს ღალატი დასწამეს, მათი მეგობრები და ნათესავები დააპატიმრეს.

***

მაინტერესებს, რა არის პირველი შესაფერისი მოქმედება, როდესაც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნიდან გამოდიხარ და ფეხს მიწაზე თავისუფლად დგამ. პირადად მე, უწინარეს ყოვლისა, თამბაქოს კიოსკს მივვარდი და იმდენი სიგარა ვიყიდე, რამდენიც ჩამეტეოდა ჯიბეებში. შემდეგ ყველანი ბუფეტში შევედით, ჯერ ყავა დავლიეთ, მერე ჩაი ახალი რძით - პირველი ჩაი მრავალი ბოლო თვის განმავლობაში. არა ერთი და ორი დღე დამჭირდა იმ აზრის მისაჩვევად, რომ სიგარეტი შემეძლო მეყიდა ყველგან, სადაც ვისურვებდი. სულ იმას ველოდი, რომ თამბაქოს მაღაზიის კარი ჩახერგილი დამხვდებოდა, ფანჯრიდან კი ამკრძალავი წარწერა მეტყოდა: „თამბაქო არ არის“.


ინგლისურიდან თარგმნა - დავით აკრიანმა