მერაბ მამარდაშვილი - სიკვდილით მოხიბლულნი
ჩვენი ტოტალიტარული კოლექტივიზმი, რაც, სინამდვილეში, ერთმანეთისგან გათიშული, ეგოიზმით განმსჭვალული ადამიანების მგლური თამაშია და სხვა არაფერი, ჩვენსავე წინააღმდეგ მომართული ყველაზე მსახვრელი იარაღი აღმოჩნდა, როგორც კი შინაგანად სავსე, გულღია და აზრიანი ცხოვრება მოვინდომეთ. ყველას უკვე ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი არსებულის გადანაწილებისა და არა ახლის ქმნის პრინციპები. და აი, დრომოჭმული კვლავ ცდილობს დათრგუნოს ცოცხალი აზრი – „მკვდრები სამარიდან გვებღაუჭებიან“. ახლა საჭიროა ჩამოვიხსნათ ცრუ ერთობის ნიღაბი და აღვადგინოთ ჭეშმარიტი რეალობა, ავაღორძინოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კავშირები და ძალები. დიახ, სახელმწიფო მონობის ხუნდები დაწყვეტილია, მაგრამ ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების ნანგრევები ჯერ კიდევ, ჩვენდა უნებურად, ტოტალიტარულ მსოფლმხედველობას ეყრდნობა. მოსკოვშიც და თბილისშიც, როგორც აქამდე გვჩვეოდა, არანორმალური, ფსიქიკურად არასრულფასოვანი და გაველურებული ადამიანებივით ვიქცევით. როგორ გავაცნობიეროთ, რომ ეშმაკის მსხვერპლნი ვართ და არა ცოცხალი იესოები და ღვთისმშობლები?...