სასტუმრო “სერვანტესი” მას ჭკუაში სწორედ იმით დაუჯდა, რითაც ბევრს არ მოეწონებოდა – იგი სანახევროდ ბნელი, მდუმარე და უკაცრიელი იყო. გემზე ერთმა თანამგზავრმა უქო ეს სასტუმრო, უთხრა შიგ ქალაქის ცენტრშიაო... და აი, უკვე მონტევიდეოში ჩამოსულმა პეტრონემ მეორე სართულზე აიღო აბაზანიანი ნომერი, რომელიც პირდაპირ ჰოლში გამოდიოდა. თვალი მოავლო გასაღებებიან დაფას და მიხვდა, სასტუმრო თითქმის ცარიელი იყო. ყოველი გასაღებისათვის ვეება სპილენძის ნომერი მოებათ, მდგმურებს ჯიბეში რომ არ ჩაედოთ. ლიფტი ჰოლში გაჩერდა, ჟურნალების კიოსკისა და ტელეფონების სიის ახლოს, მისი კარიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ონკანში ცხელი, ლამის მდუღარე წყალი მოდიოდა, რაც ცოტათი მაინც აბათილებდა დახუთულობასა და სიბნელეს. პატარა ფანჯარა მეზობელი კინოთეატრის სახურავზე გადიოდა, რომელზეც დროდადრო მტრედები დასეირნობდნენ. სააბაზანოს მოზრდილი სარკმელი ჰქონდა, იქ უფრო გრილოდა, მაგრამ იქიდანაც მზერა ზედ კედელს ებჯინებოდა, ზევით კი ცის ნაგლეჯი რაღაც შეუსაბამობად მიაჩნდა. ავეჯი მოეწონა – უჯრები, თაროები და, რაც განსაკუთრებით იშვიათია, ტ...