ვასილი შუკშინი - მგლები
თარგმნა - ზაალ გოზალიშვილმა
კვირა დილას, ადრე, ივან დეგტიარევს მისი სიმამრი, ნაუმ კრეჩეტოვი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ეშმაკი და თავისებური ხიბლის მქონე კაცი გამოეცხადა. ივანს სიმამრი არ უყვარდა, ნაუმს კი ქალიშვილი ეცოდებოდა და სიძეს ამიტომ იტანდა.
– გძინავს? – დაიწყო ნაუმმა – ასე ხომ მთელ სამეფოს დაკარგავ, ადექი. გამარჯობათ!
– მე ამ სამეფოში ისედაც არ მიმეჩქარებოდა...
– სულ ტყუილად. ადე, ადე, შეშაზე წავიდეთ, ბრიგადირს ორი საზიდარი თავისი ცხენებით ძლივს გამოვთხოვე. რა თქმა უნდა, უანგაროდ არ მოუცია, მაგრამ, ჯანდაბას, შეშა გვჭირდება.
ივანი იწვა, ფიქრობდა. შემდეგ ადგა, ჩაცმა დაიწყო.
– აი რატომ გარბის ახალგაზრდობა ქალაქში – თქვა მან – იქ იმუშავებ, ნორმას შეასრულებ და წადი, დაისვენე, დრო გაატარე. აქ კი დღე და ღამე მუშაობ, არც დასვენებაა შენთვის და არც კვირადღე.
– აბა რა ვქნათ, შეშის გარეშე ვიყოთ? – იკითხა ნიურამ, ივანის ცოლმა – ცხენები იშოვა კაცმა და შენ კიდევ უკმაყოფილო ხარ.
– გამიგია, თურმე ქალაქშიც მუშაობენო – შენიშნა სიმამრმა.
– მუშაობენ. სიამოვნებით წავიდოდი წყალგაყვანილობის ტრანშეის სათხრელად, ოფლს დავღვრიდი, სამაგიეროდ შემდეგ დარდი არ გეცოდინებოდა, წყალიც გექნებოდა და გათბობაც.
– ერთის მხრივ ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ცუდი, ძილქუში დაგემართებოდა. კარგი, წავედით.
– ისაუზმებ? – შეეკითხა ცოლი.
ივანმა იუარა, რატომღაც არ უნდოდა.
– პახმელიაზე ხარ? – დაინტერესდა ნაუმი.
– სწორედ ასეა, თქვენო კეთილშობილებავ!
– ჰოო, შენ კი ამბობ წყალგაყვანილობაო. აბა, წავედით.
ნათელი, მზიანი დღე იყო. თოვლი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. ტყეში სიჩუმე და არაამქვეყნიური სიწყნარე სუფევდა. გზა შორი ჰქონდათ, ასე, ოცი ვერსი, უფრო ახლოს ჭრა აკრძალული იყო. ივანი მარხილზე თვლემდა.
ტყის განაკაფი ზოლი გაიარეს, ქვემოთ დაეშვნენ და ისევ აღმართს შეუდგნენ. თითქმის აათავეს კიდეც და უცებ, გზასთან ახლოს, მგლებს მოჰკრეს თვალი. ხუთნი იყვნენ, ტყიდან გამოსულიყვნენ, იცდიდნენ. ნაუმმა ცხენი გააჩერა და ხმადაბლა შეიკურთხა:
– შენი დედაც! გადმომოდგარან და გვიცდიან...
ივანის ცხენი ახალგაზრდა იყო, მშიშარა, დაფრთხა. ივანი გადმოხტა, სადავეებს ღონივრად მოსწია, უნდოდა დაეოკებინა, მაგრამ ცხენი ვერ წყნარდებოდა, ფეხებს გამალებით ურტყავდა თოვლს.
მგლებმა ნელა, მოზომილად დაიწყეს გორაკიდან დაშვება. ნაუმმა მარხილი შემოაბრუნა და ივანს დაუყვირა:
– ჩქარა! რას აკეთებ?!
ივანმაც როგორც იქნა შემოაბრუნა ცხენი და სწრაფად შეახტა მარხილს. ცხენი ადგილს მოსწყდა. ნაუმი უკვე შორს იყო. მგლები კი მთელი სისწრაფით ეშვებოდნენ ქვემოთ ცხენებისთვის გზის გადასაჭრელად. “გვძარცვავენ!” – ყვიროდა ნაუმი.
“ხომ არ გაგიჟდა – უნებურად გაიფიქრა ივანმა – ვინ გვძარცვავს?” შეშინებული იყო, სიმამრზე კი მაინც გაეცინა. მაგრამ მალე სიცილის ხალისი გაუქრა – მგლებმა უკვე გზაზე ჩამოაღწიეს და სწრაფად ეწეოდნენ. ივანმა მგლებს გახედა. ყველაზე წინ მოზრდილი, მსხვილი, განიერ მკერდიანი მოქროდა, თხუთმეტი-ოცი მეტრი თუ აშორებდა მისგან. ივანი გააოცა თუ როგორ არ ჰგავდა მგელი ნაგაზს. ადრე მას მგელი ასე ახლოს არ ენახა და ეგონა, რომ მგელი ნაგაზს ჰგავდა ოღონდ უფრო დიდი იყო, ახლა კი მიხვდა, რომ მგელი მგელია, მტაცებელი. ყველაზე უფრო გამძვინვარებული და ავი ძაღლის გაჩერება ბოლო წამს კიდევ შეიძლება შეშინებით, მოფერებით, დაყვირებით, ამ მგელს კი მხოლოდ ტყვია თუ გააჩერებდა...
ივანმა მიიხედ-მოიხედა. არაფერი იყო – ორივე ნაჯახი სიმამრის მარხილზე ეგდო. ენით გამოუთქმელი შიში იგრძნო. დაწინაურებული მგელი უკვე გვერდიდან უვლიდა, ორიოდე მეტრიღა აშორებდა ცხენისგან. ივანი ფეხზე წამოდგა და ცალი ხელით შოლტი გადაუჭირა. მგელი არ მოელოდა, კბილები გააღრჭიალა, განზე გახტა და უკანა თათებზე დაჯდა, დანარჩენები გარს შემოერტყნენ. მან ჯერ ერთს გაჰკრა ეშვი, შემდეგ მეორეს, ისევ წინ გაიჭრა და სწრაფად დაეწია მარხილს. ივანი მოემზადა, მომენტს უცდიდა, უნდოდა კიდევ ერთხელ გადაეჭირა შოლტი, მაგრამ მგელი ახლა უკვე შორიდან უვლიდა. აი, კიდევ ერთი წამოეწია და მეორე მხრიდან შემოუარა. ივანს გააჟრჟოლა...”მორჩა, ვიღუპები.” წინ გაიხედა.
– მოიცა, შეჩერდი! – დაიღრიალა მან – მამა, ნაჯახი მომეცი!
ნაუმი ცხენს შოლტავდა. უკან მოიხედა, დაინახა როგორ აქცევდნენ ალყაში მის სიძეს მგლები და... უფრო მეტად ააჩქარა ცხენი.
– ცოტა შეანელე, მამი! ნაჯახი გადმომიგდე, თავს ვუშველით!..
– გვძარცვავენ! – ყვიროდა ნაუმი.
– შეანელე, ცოტა შეანელე!.. შეანელე-მეთქი, შე გველო!
– რამე გადაუგდე! – დაუყვირა ნაუმმა.
ხროვის წინამძღოლი ცხენს გაუსწორდა და საცაა კისერზე მოახტებოდა. დანარჩენებიც სულ ახლოს იყვნენ, ოდნავი შეფერხება და... მორჩა! ივანმა თივის კონა გადააგდო. მგლებმა ყურადღება არ მიაქციეს.
– მამა, შე ნაძირალა! შეანელე, ნაჯახი გადმომიგდე!
ნაუმმა მოიხედა.
– ვანკა, დაიჭი!
– შეანელე, გესმის!
– დაიჭი, დაიჭი! – ნაუმმა გზის პირას მიაგდო ნაჯახი.
ივანმა თვალით გაზომა მანძილი... გადმოხტა, ნაჯახს ხელი დასტაცა, სამი მტაცებელი მოიგერია. მგლებმა სვლა შეანელეს და ადამიანზე თავდასასხმელად მოემზადნენ. მაგრამ სწორედ ამ დროს ხროვის წინამძღოლი მარხილს შეახტა. ცხენი დაფრთხა, მარხილი გადაბრუნდა და მარტუღელმა ცხენს კისერში წაუჭირა. ცხენი ახრიალდა, თავს ვეღარ შველოდა. ყველაზე ახლოს მყოფმა მგელმა დრო იხელთა და თვალის დახამხამებაში გაუფატრა მუცელი. დანარჩენებიც მაშინვე მისცვივდნენ მსხვერპლს და ნაფლეთებად აქციეს ჯერ ისევ მოფართხალე ცხოველი. წინამძღოლმა ყვითელი, მოელვარე თვალებით შეხედა ადამიანს...
ყველაფერი ისე სწრაფად და მარტივად მოხდა, თითქოს სიზმარი ყოფილიყოს. ხელში ნაჯახმომარჯვებული ივანი დაბნეული შესცქეროდა მგლებს. წინამძღოლმა კიდევ ერთხელ შეხედა მას... გამარჯვებულის ამ უტიფარმა შეხედვამ ივანი გაამწარა. ნაჯახი აღმართა და საშინელი ღრიალით დაერია მგლებს. მგლებმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიეს და გაჩერდნენ, გასისხლიანებულ პირს ილოკავდნენ. ამას ისე მონდომებით და გატაცებით აკეთებდნენ, გეგონებოდათ ნაჯახიანი ადამიანი სულ არ აინტერესებთო. მაგრამ წინამძღოლი ყურადღებით უყურებდა ადამიანს... ივანმა ნაჯახი მოიმარჯვა და მისკენ დაიძრა. მგელი არ განძრეულა. ივანიც გაჩერდა.
– კარგით. თქვენმა გაიმარჯვა. ხეთქეთ! – ჩაილაპარაკა ივანმა, მგლებს მოშორდა და გზას გაუყვა. დაგლეჯილი ცხენისკენ არ იხედებოდა, მაგრამ ვერ მოითმინა და მაინც შეხედა. შეხედა და გული სიბრალულით აევსო... გამობრუნდა. ახლა უკვე სიმამრზე იყო გამწარებული. სწრაფი ნაბიჯით განაგრძო სიარული.
– დამაცა, დამაცა შე ქვეწარმავალო! თავსაც ვუშველიდით და ცხენიც გადარჩებოდა, გველო!
ნაუმი მოსახვევთან უცდიდა. ცოცხალი და უვნებელი რომ დაინახა, გულწრფელად გაუხარდა:
– ცოცხალი ხარ? მადლობა უფალს! – სინდისი მაინც მთლად სუფთა არ ჰქონდა.
– ჰო! – გაეპასუხა ივანი – შენც ცოცხალი ყოფილხარ!
სიძის ტონი არ მოეწონა ნაუმს. ყოველი შემთხვევისთვის მარხილისკენ გადადგა ნაბიჯი.
– რაო, რას შვრებიან?...
– არაფერს. მოკითხვა გადმოგცეს, ნაგავო!
– რას იღრინები?!
– ვიღრინები კი არა, ცხვირ-პირს დაგინაყავ!
ივანი მარხილს უახლოვდებოდა. ნაუმმა სადავეები მოქაჩა და ცხენი ადგილიდან მოწყვიტა.
– გაჩერდი, გაჩერდი შე პარაზიტო! – ივანი მარხილს დაედევნა.
ნაუმმა ცხენს შოლტი გადაუჭირა. ახლა უკვე სხვა მარულა დაიწყო: ადამიანი ადამიანს მისდევდა.
– გაჩერდი, გაჩერდი-მეთქი – ყვიროდა ივანი.
– უტვინო, შენ რა, ჭკუიდან გადახვედი?! – პასუხად უყვიროდა ნაუმი – მე რა შუაში ვარ?
– არაფერ შუაში ხარ?! თავის შველა შეგვეძლო, შენ კი ღალატი ჩაიდინე! მაინც ვერსად გამექცევი. გირჩევნია გაჩერდე, ერთ-ორს წაგითაქებ, ჭკუას გასწავლი და ვერავინ გაიგებს, არ შერცხვები, თუ არადა ხალხში გაგისწორდები და ყველას მოვუყვები შენს კაი კაცობას. გააჩერე-მეთქი!
– კიდევ რა გინდა? გავაჩერო არა ისა. ჩემდა ჭირად გაჩნდი ამქვეყნად! – ნაუმმა კიდევ გადაუჭირა ცხენს.
– დამიჯერე, გააჩერე, ერთს წამოგარტყამ და არც არავის ვეტყვი.
– მათხოვარი იყავი და ოჯახში მიგიღეთ, შენ კი ნაჯახით მემუქრები, სინდისი გაქვს?!
– ერთს მიგბეგვავ და სინდისზე მერე ვილაპარაკოთ. გააჩერე! – ივანი დაიღალა და სიარულზე გადავიდა – მაინც გიპოვი, სად წამიხვალ! – მიაძახა უკვე საკმაოდ შორს წასულ სიმამრს.
ივანს სახლში არავინ დახვდა, კარებს ბოქლომი ედო. კარი გააღო, წუხელ დარჩენილი არყის ბოთლი მოძებნა, ერთბაშად გადაჰკრა და სიმამრთან წავიდა. ეზოში ცხენი დაინახა. “სახლშია”, კმაყოფილებით გაიფიქრა ივანმა. კარს მიაწვა. კარი გაიღო, ეგონა დაკეტილი იქნებოდა. ივანმა ოთახში შეაბიჯა. მას იქ უკვე ელოდნენ სიმამრი, ცოლი და მილიციელი. მილიციელი იღიმებოდა.
– რაო, ივან?
– ასეე... მოასწარი ჩაშვება? – ივანი თვალებში უყურებდა სიმამრს.
– დიახ, მოვასწარი. შენც მოასწარი მიღება, არა?
– ჰო, ცოტა გადავკარი... მჭერმეტყველებისთვის – ივანი ჩამოჯდა.
– შენ რა, ივან, გაგიჟდი? რეებს ჩადიხარ? – ფეხზე წამოდგა ნიურა.
– მინდოდა მამაშენისთვის კაცობა მესწავლებინა...
– კარგი, ივან – ხმა ამოიღო მილიციელმა – უბედურება დაგემართათ, ორივე შეშინდით. ვინ იცოდა რომ ასე მოხდებოდა?
– ორნი ადვილად გავუმკლავდებოდით, მე კი მარტო დავრჩი მგლებთან...
– ნაჯახი ხომ გადმოგიგდე, მთხოვე და გადმოგიგდე. სხვა რა მომეთხოვებოდა?
– სულ ცოტა რამ: ადამიანობა. შენ კი გველი ხარ. მაინც გასწავლი ჭკუას...
– გამომივიდა მასწავლებელი! ცინგლიანი... ცარიელ-ტარიელი შემოხვედი ჩვენს ოჯახში გამზადებულზე და კიდევ იმუქრები! ყველაფრით უკმაყოფილოა, წყალგაყვანილობა არაა თურმე!
– ამაში არაა საქმე, ნაუმ – თქვა მილიციელმა – რა შუაშია წყალგაყვანილობა?
– სოფელში თურმე ცუდია, ქალაქში კარგი – აგრძელებდა ნაუმი – აქ რას მოხვედი? უკმაყოფილება გინდა გამოხატო? ხალხი გინდა ააბუნტო?
– ოჰ, შე გველო – გაკვირვებისგან ფეხზე წამოდგა ივანი.
მილიციელიც ადგა.
– გეყოფათ. წავიდეთ, ივან...
– შენისთანა ბუნტისთავებს იცი რას უშვრებიან? – არ ცხრებოდა ნაუმი.
– ვიცი! ყინულჭრილში თავით აგდებენ – თქვა ივანმა და სიმამრისკენ გაიწია.
მილიციელმა ხელი ჩაავლო ივანს და გარეთ გაიყვანა. ქუჩაში გავიდნენ. გააბოლეს.
– ხედავ, რა პარაზიტია და კიდევ მე მამტყუნებს! – ვერ წყნარდებოდა ივანი.
– თავი დაანებე...
– არა, მაინც უნდა მივბეგვო.
– ჰოდა, თავს წააგებ მაგ ნაგვის გამო.
– სად მიგყევარ?
– წამო, ჩვენთან გამოიძინე.. ცოტას გამოხვალ, თორემ რაღაცას ჩაიდენ. თავი დაანებე.
– ეს ვინ ყოფილა... კაცი ჰქვია მაგას?!
– არ შეიძლება, ივან, არა. მუშტებით ვერაფერს დაამტკიცებ.
ქუჩას გაუყვნენ მილიციის განყოფილებისკენ.
– იქ არ შეგეძლო? – მოულოდნელად ჰკითხა მილიციელმა.
– ვერ დავეწიე! – გაბრაზებით თქვა ივანმა.
– რას იზამ, საწყენია. ახლა უკვე აღარ შეიძლება.
– ცხენი მეცოდება...
– ჰო, ცოდოა...
დიდხანს იარეს ხმაამოუღებლად.
– მისმინე, მოდი გამიშვი – შეჩერდა ივანი – რა ვაკეთო ამ კვირა დღეს განყოფილებაში? ნუ გეშინია, ხელს არ ვახლებ.
– არა, წამოდი, წამოდი, შარს არ გადაეყარო, მეცოდები. წამო ჭადრაკი ვითამაშოთ... ჭადრაკის თამაში იცი?
ივანმა ჩამქრალი პაპიროსი გადააგდო და ახალი ამოიღო.
– ვიცი.