ალბერ კამიუ - სიზიფეს მითი

ფრანგულიდან თარგმნა - თეო ბიჩინაშვილმა

ღმერთებმა დაწყევლეს სიზიფე განუწყვეტლივ ეზიდა ლოდი მთის მწვერვალამდე, საიდანაც ქვა, მთელი თავისი სიმძიმით, ისევ უკან ვარდებოდა. რაღაც მიზეზით ისინი ფიქრობდნენ, რომ არ არსებობს უფრო საშინელი სასჯელი ვიდრე უიმედო და ფუჭი სამუშაო. 

თუ ჰომეროსს დავუჯერებთ, სიზიფე იყო ყველაზე ბრძენი და ყველაზე ფრთხილი მოკვდავთა შორის. თუმცა სხვა ტრადიციის მიხედვით, ის მიდრეკილი იყო ბანდიტობისკენ. მე აქ ვერ ვხედავ აზრთა სხვადასხვაობას. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმ მოტივებზე, თუ როგორ გახდა სიზიფე ურგი მუშაკი ჰადესის სამეფოში. თავდაპირველად ავღნიშნავ, რომ სიზიფეს საყვედურობენ ღმერთებისადმი ზერელე დამოკიდებულებას. მან გათქვა ღმერთების საიდუმლოებები. ეგინა, ასოპეს ქალიშვილი მოიტაცა იუპიტერმა. შვილის გაუჩინარებით შეძრულმა მამამ სიზიფეს შესჩივლა. სიზიფემ იცოდა რა ამ მოტაცებების შესახებ, შესთავაზა ასოპეს დახმარება, იმ შემთხვევაში თუ ის დაუთმობდა კორინთოს ციხესიმაგრის წყალს. მან ზეციურ ჭექა-ქუხილს წყლით კეთილდღეობა ამჯობინა და ამის გამო დაისაჯა ჰადესში. ჰომეროსი ასევე გვიყვება, რომ სიზიფემ გაკოჭა სიკვდილი. პლუტონს აღარ შეეძლო მისი უდაბნოს იპერიის ხედებისა და მდუმარების ატანა. მან გაგზავნა ომის ღმერთი, რომელმაც გამოანთავისუფლა სიკვდილი მისი დამამარცხებლის ხელებისგან.

იმასაც ამბობენ, რომ სიკვდილს მიწეულ სიზიფეს არაგონივრულად გაუჩნდა სურვილი მის ცოლს დაემტკიცებინა მისადმი სიყვარული. მან უბრძანა ცოლს, სიკვდილის შემდეგ მისი სხეული გაუსუდრავად დაეგდო სახალხო ადგილას. ასე, სიზიფე აღმოჩნდა მიწისქვეშეთში, საშინლად გაბრაზებული ცოლის დამჯერობაზე, რომელიც ადამიანური სიყვარულისგან ასე განსხვავდებოდა. მან მიიღო ნებართვა პლუტონისგან დაბრუნებულიყო დედამიწაზე, რათა დაესაჯა თავისი ცოლი. საკმარისი იყო დაენახა ამ ქვეყნიერების სახე, გაესინჯა წყალი და მზე, ეგრძნო ცხელი ქვები და ზღვა, რომ სიზიფეს აღარ მოესურვა მიჰბრუნებოდა ჯოჯოხეთის სიბნელეს. გაფრთხილებებმა, უკან გაწვევებმა თუ სიბრაზემ სიზიფეზე ვეღარ იმოქმედა. კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრა მორკალულ ყურეში, მოციაგე ზღვასთან, მომღიმარ ხმელეთზე. საჭირო იყო ღმერთების შეჩერება. მალე მერკური დაეშვა, რომ შეეწყვიტა მოკვდავის სითავხედე, საყელოში ჩაავლო სიზიფეს, მოსწყვიტა საამქვეყნო სიამეებს და ძალით წაიყვანა ისევ მიწისქვეშეთში, სადაც მისთვის ლოდი უკვე გამზადებული იყო.

უკვე გავიგეთ, რომ სიზიფე აბსურდის გმირია. ის აბსურდის გმირია, როგორც ვნებებით, ისე თავისი ტანჯვით. მისი ამრეზა ღმერთებისადმი, სიძულვილი სიკვდილისა და სიყვარული სიცოცხლისადმი, მოუტანს იმ გამოუთქმელ წამებას, სადაც ყველა სხვა მუშაობს რომ არაფერი შეწყდეს.. ეს არის საზღაური, რომელიც უნდა ამ მიწის სიყვარულისთვის უნდა გადაიხადოს. ჩვენ არაფერს გვეუბნებიან სიზიფეს ჰადესში ყოფნაზე. მითები ისეა შექმნილი, რომ ისინი წარმოსახვამ გააცოცხლოს. ამ მითში მხოლოდ სხეულის მთელი ის ძალისხმევა ჩანს, რომელმაც უნდა აზიდოს უზარმაზარი ლოდი. მიაწვეს და ააგოროს, რათა აიტანოს აღმართზე, რომელსაც მეასეჯერ თავიდან შეუდგა. ვხედავთ დაძაბულ სახეს, ლოდის საპირისპიროდ მიჭყლეტილ ლოყას, მხრის რელიეფს, რომელიც იჭერს ტალახით დაფარულ მასას. ფეხს, რომელიც ამ ლოდს შეყრდნობია, კვლავ და კვლავ დაწყებისას მკლავებში ძალის განახლებას, ადამიანის მთელი უშიშროება ორი ტალახში ამოსვრილი ხელის გულის. საწყისი მომენტიდან ეს გრძელი სატანჯველი გაზომილია სივრცით სადაც არ არის ცა და დროით, რომელსაც არ გააჩნია სიღრმე, მიზანი მიღწეულია.. სიზიფე ახლა უყურებს ქვას, ჩაგორებულს მიწისქვეშეთისკენ, საიდანაც საჭიროა ამოიტანოს ისევ მწვერვალისკენ. სიზიფე ისევ ქვევით ჩადის.
Franz von Stuck - Sisyphus
ამ დაბრუნების მომენტში, ამ პაუზის განმავლობაში მაინტერესებს მე სიზიფე. მისი სახე, რომელიც ქვასთან ასე ახლოს იტანჯება, თავადაც ქვადაა ქცეული. მე ვხედავ ამ კაცს, რომელიც ჩამოდის მწვერვალიდან. მძიმე, მაგრამ თანაბარი ნაბიჯით მიემართება სატანჯველისკენ, რომლის დასასრულსაც ის ვერასოდეს შეიცნობს. ეს ერთი საათი არის ამოსუნთქვისა და დასვენების საათი, რომელიც აუცილებლად აბრუნებს საკუთარ უბედურებასთან, მაგრამ ეს არის სწორედ ცნობიერების (conscience) საათი. თითოეულ ამ შესვენებისას, როდესაც ის ტოვებს მწვერვალებს და ნელ ნელა უახლოვდება ღმერთების ბუნაგს, სიზიფე თავისი ბედის წინმსწრებია, ის უფრო ძლიერია ვიდრე თავისი ლოდი.

თუკი ეს მითი ტრაგიკულია, მხოლოდ იმიტომ რომ მისი გმირი მოაზროვნეა. სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ტანჯვა, თუკი მის ყოველ ნაბიჯს, მიზნის მიღწევის იმედი არ გაამაგრებდა.

დღეს , დასაქმებული ადამიანი მუშაობს თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ყოველდღიურად, იგივე ამოცანებით და ეს სურათი არანაკლებ აბსურდულია, მაგრამ ეს ბედი ტრაგიკული არ არის, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, როცა თავის მდგომარეობას შეიცნობს.

სიზიფე, ღმერთების პროლეტარი, უძლური და მოჯანყე, რომელმაც იცის მთელი თავისი საცოდავი მდგომარეობის შესახებ: სწორედ ესაა რაზეც ფიქრობს მწვერვალიდან დაშვების მომენტში. მისი ნათელხედვა, რომელმაც დაადგინა ტანჯვითი საზღაური, ამავე დროს სიზიფეს გამარჯვების გვირგვინს ადგამს. არ არსებობს ბედი, რომელიც ვერ გადაილახება უგულვებელყოფით. (le mépris)

ამგვარად, თუკი ჩამოსვლა მიმდინარეობს ტკივილში, ზოგჯერ შეიძლება სიხარულშიც გამოიხატოს. ეს სიტყვა სულაც არ არის მეტისმეტი.

მე წარმოვიდგენ სიზიფეს, ხელახლა მიბრუნებულს თავისი ლოდისკენ, და ტკივილი იყო დასაწყისში. როცა მიწის ხედები მძლავრად მოედებიან მეხსიერებას, როცა სიხარულის მოთხოვნილება თავისას გაიტანს, ხდება ხოლმე, რომ კაცის გულში მელანქოლია ისადგურებს. სწორედ ეს არის ლოდის გამარჯვება. ლოდი ეს თავად სიზიფეა. უძირო სევდა მეტისმეტად მძიმეა საზიდად. ესენი არიან ჩვენი გეთსემანიის ღამეები. მაგრამ შეიცნობიან რა აბსოლუტური ჭეშმარიტებები, ისინი იღუპებიან.

ამგვარადვე ოიდიპოსი მიჰყვებოდა თავის ბედისწერას ცოდნის გარეშე, ტრაგედია იწყება მაშინ როცა ის შეიცნობს თავის ბედს, მაგრამ სიბრმავისა და უიმედობის მომენტში, ის აღმოაჩენს რომ ერთადერთი ხაზი, რომელიც გარე სამყაროსთან აკავშირებს, მისი ქალიშვილის გაყინული ხელია. და აი, ის წარმოსთქვამს შემზარავ სიტყვას: „მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, ჩემი დაწინაურებული წლოვანება და კეთილშობილება სულისა მაიძულებს დავასკვნა, რომ ყველაფერი კარგად არის.“ სოფოკლეს ოიდიპოსი, ისევე როგორც დოსტოევსკის კირილოვი, წარმოქმნიან აბსურდის გამარჯვების ფორმულას. ამგვარად, ანტიკური სიბრძნე ეთანხმება მოდერნისტულ ჰეროიზმს.

ისე ვერ აღმოაჩენ აბსურდს, რომ არ წაგიცდეს ხელი დაწერო ბედნიერების სახელმძღვანელო. „რა?... ასეთი ვიწრო გზებით?“ მაგრამ აქ არის მხოლოდ ერთი სამყარო. აბსურდი და ბედნიერება ორი სხვადასხვა ძეა ერთი ნიადაგისა. ისინი განუყოფლები არიან. შეცდომა იქნებოდა გვეთქვა, რომ ბედნიერება დაბადებულია აუცილებლად იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ აბსურდი. ის მოდის იმავე მომენტში, როცა აბსურდის შეგრძნება იბადება ბედნიერებიდან. „მე ვთვლი რომ ყველაფერი კარგადაა“ ამბობს ოიდიპოსი და ეს სიტყვა საკრალურია. ის გაექოვდება გამოყრუებულსა და ადამიანებისთვის ზღვარდადებულ სამყაროში. ის ასწავლის, რომ ყველაფერი არ არის, ყველაფერი არ ყოფილა გალეული. ის დაეძებს ამ სამყაროში ღმერთს, რომელიც აქ მოვიდა ფუჭი ტანჯვის მომხრე და უკმაყოფილო. ის აქცევს ბედისწერას ადამიანის ხელსაქმედ, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ადამიანებს შორის.

მთელი მდუმარე ბედნიერება სიზიფესი სწორედ აქ არის. მისი ბედი მასვე ეკუთვნის. ლოდი მისი პირადი საქმეა. მსგავსად აბსურდის ადამიანისა, როდესაც ის ჭვრეტს თავის ტანჯვას, აჩუმებს ყველა იდოლს. საკუთარ სიჩუმეში უეცრად აღდგენილ სამყაროში, ათასობით პაწაწინა, სასწაულებრივი ხმა მოისმის. არაცნობიერი, საკრალური რეკვა, მოწვევა ყველა გამოსახულებისგან, ისინი არიან საფასური გამარჯვებისა და საჭიროების მეორე მხარე. არ არსებობს მზე ჩრდილის გარეშე, და საჭიროა შეიცნო ღამე. აბსურდის ადამიანი ამბობს კი-ს და მისი ძალისხმევა აღარასოდეს შეწყდება. თუკი არსებობს პერსონალური ბედისწერა, არ არსებობს წერტილი აღმატებითი ბედისა, ან ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ერთია, რომელსაც ის მოიაზრებს გარდაუვალად და საზიზღრად. დანარჩენისთვის, მან შინაგანად იცის, რომ უნდა იყოს ოსტატი თავისი დღეებისა. ამ წმინდა მომენტში, როდესაც კაცი უბრუნდება თავის ცხოვრებას, სიზიფე მიმავალი თავისი ლოდისკენ, ხედავს ამ ტიპის ქმედებას მაკავშირებელი ხაზების გარეშე, რომელიც ხდება თავისი ბედისწერა, შექმნილი მის მიერ, შეკავშირებული მეხსიერების თვალსაწიერის ქვეშ და მალე დალუქული თავისივე გარდაცვალებით. ამდენად, დარწმუნებული ადამიანის მთელ წარმომავლობაში რაც არის თვითონ ადამიანი, ბრმა მოსურნე დანახვისა, რომელმაც იცის რომ ღამეს არ აქვს დასასრული, ის ყოველთვის მზადაა..

ლოდი ისევ მიგორავს.
მე ვტოვებ სიზიფეს მთის ძირში, სადაც ის ყოველთვის იპოვნის თავის ტვირთს. მაგრამ სიზიფემ იცის ერთგულება, რომელიც უარყოფს ღმერთებს და ეზიდება ლოდს. ის ზუსტად ისევე თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს უპატრონო უნივერსუმი მისთვის არც სტერილურია და არც ფუჭი. ამ ქვის თითოეული მარცვალი, ამ მთის მინერალების თითოეული გაბრწყინება, მას მხოლოდ უყალიბებს სამყაროს, ხოლო მწვერვალებთან ჭიდილი თავისთავად საკმარისია, რომ აავსოს კაცის გული.

სიზიფე უნდა წარმოვისახოთ ბედნიერი.

1942წ.