მიშელ უელბეკი - დანაწევრებული მეტყველება

„ძალა ხდება მოძრაობა, როგორც კი ამოქმედდება და მოქმედება დროში განვითარდება“

თუ ტანჯვის გამოხატვას იმ ფორმით ვერ ახერხებთ, რომელსაც მკაფიოდ გამოკვეთილი სტრუქტურა აქვს, თქვენი საშველი არ ყოფილა. ტანჯვა ცოცხლად შეგჭამთ, გულს გამოგიხრავთ, სანამ რამის დაწერას მოახერხებთ.

სტრუქტურა თვითმკვლელობისაგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა. თვითმკვლელობა პრობლემებს ვერ გადაჭრის. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ოცდაოთხი წლის ბოდლერს თვითმკვლელობის მცდელობა წარმატებით რომ დაესრულებინა.

გწამდეთ სტრუქტურის. გწამდეთ მეტრიკის ძველი კანონების. ვერსიფიკაცია შინაგანი გათავისუფლების მძლავრი იარაღია.

ნუ ჩათვლით, რომ ვალდებული ხართ, ახალი ფორმა გამოიგონოთ. ახალი ფორმა იშვიათი ხილია. საუკუნეში ერთი - უკვე მიღწევაა. არ არის აუცილებელი, მას მაინცდამაინც დიდმა პოეტმა მიაგნოს. პოეზია ენაზე მუშაობით არ იქმნება, მხოლოდ ამით არა. საერთოდ, სიტყვებზე მთელი საზოგადოებაა პასუხისმგებელი.

ახალი ფორმების უმრავლესობა ცარიელ ადგილას კი არ ჩნდება, ძველი ფორმებიდან ნელ-ნელა ამოიზრდება. ინსტრუმენტი თანდათანობით იხვეწება, მსუბუქ ცვლილებებს განიცდის. სიახლე, რომელიც ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვება, თვალშისაცემი მხოლოდ ბოლოს, ნაწარმოების დასრულების შემდეგ ხდება. ეს ცხოველთა სამყაროში მიმდინარე ევოლუციას ჰგავს.

თავიდან დაუნაწევრებელ ყვირილს ამოუშვებთ. მერე ხშირად მოგინდებათ, რომ იგივე გაიმეოროთ. ეს ნორმალურია. პოეზია მართლაც წინ უსწრებს დანაწევრებულ მეტყველებას.

ბოლომდე მინებდით დაუნაწევრებელ ყვირილს ყოველ ჯერზე, როცა კი ამის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. თქვენთვის ის უკვდავების მდინარედ იქცევა. თუმცა არ დაგავიწყდეთ: თუ ხანდახან მაინც ვერ მოახერხებთ აქედან გამოსვლას, დაიღუპებით. ადამიანურ შესაძლებლობებს საზღვრები აქვს.

ტანჯვის პაროქსიზმში წერას ვეღარ შეძლებთ. თუ საამისო ძალას გრძნობთ, მაინც სცადეთ. სავარაუდოდ, ცუდ შედეგს მიიღებთ; სავარაუდოდ, თუმცა არა აუცილებლად.

არასდროს იმუშაოთ. ლექსების წერა სამუშაო არ არის; ეს ხვედრია.

თუ განსაზღვრული ფორმის (მაგალითად, ალექსანდრიული ლექსის) დამუშავება თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, უარი თქვით მასზე. ასეთი სახის ძალისხმევა არასდროს დაგიფასდებათ.

სხვაგვარად უნდა შეხედოთ ზოგად, მუდმივ ძალისხმევას, რაც იმისთვის გჭირდებათ, რომ აპათია არ დაგეუფლოთ. ეს აუცილებელი რამაა.

ფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარ თავს თამამად დაუპირისპირდით. იმდენჯერ გადაუხვიეთ არჩეული გზიდან, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლით. მეტისმეტად ნუ მოინდომებთ, შემოქმედებითი ინდივიდუალობა მოიპოვოთ. გსურთ თუ არა, ეს ინდივიდუალობა ისედაც გაქვთ.

უარს ნუ იტყვით ნურაფერზე, რასაც მცირედი შინაგანი წონასწორობის მონიჭება მაინც შეუძლია. ცხადია, ბედნიერება თქვენთვის არ არსებობს - ეს გადაწყვეტილია, თან უკვე ძალიან დიდი ხანია. მაგრამ თუ სადმე მსგავს რამეს გადააწყდებით, ხელიდან არ გაუშვათ. არც კი დაფიქრდეთ.

ყოველ შემთხვევაში, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

თქვენი არსებობა მხოლოდ ტანჯვით ნაქსოვი ბადეა. თქვენ ფიქრობთ, რომ მას შესაფერისი სიტყვიერი ფორმით გაშლით. ამ ეტაპზე ერთადერთი ამოცანა გაქვთ - რაც შეიძლება, დიდხანს იცოცხლოთ.

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები
ფრანგულიდან თარგმნა - ირმა ტაველიძემ