ვუდი ალენი - თანამდევი მოვლენები

ნიდელმანის მოსაგონარი

მის კრემაციას დავესწარი და მისივე შვილის თხოვნით, ჭირისუფლებს მამალოებიც ბლომად მივუტანე საწუწნად, ოღონდ დანაკარგისაგან მოწევნილი ტკივილი იმდენად დიდი იყო, არც ეს შველოდა.

ცოტა ვინმეს თუ შეეძლო ასე გულთან ახლოს მიეტანა მოყვასის გასაჭირი - ერთხელ, როცა ტელევიზორში იხილა რომელიღაც მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგები, მეორე ჩამოტარება ნაყინიც კი ვეღარ დაამთავრა...

„უფალი დუმს, - ხშირად იტყოდა ხოლმე, - ახლა ერთი იმისათვის მიგვაღწევინა, ადამიანმაც ჩიგდოს ენა“.

„ადამიანიო - ასე იტყოდა ნიდელმანი - „დრომისჯილი“ არსებაა, თუმცა ამ მოცემულ დროში არც არაფერი ფასეული არ ხდება. მრავალჯერადი განსჯისა და მისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალური ღიაობით, ბოლოს იძულებულიც კი გახდა ეღიარებინა რომ ის, როგორც ასეთი, საერთოდ არც არსებობს, არც მისი მეგობარ-ახლობლები უქნია ღმერთს და ერთადერთი ხელშესახები რამ მხოლოდ და მხოლოდ მის მიერვე აღებული 6 მილიონი მარკა ბანკის ვალი გახლდათ.

ერთხელაც, ნიდელმანმა აინშტაინისგან შემდეგი შინაარსის უსტარი მიიღო: „კაცმა რომ თქვას, მე და თქვენ ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურებით, ოღონდ ის ვერ გამირკვევია ბოლომდე, თქვენ რას საქმიანობთ...“.

„ამდენჯერ მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რომ პოლიტიკურ ქმედებებს არანაირი მომყოლი ზნეობრივი შედეგები არ ახლავს, რაკიღა ეს ყველაფერი ჭეშმარიტი რეალობის მიღმა ხდება!“

სიკვდილმისჯილი

ქლოკე ვერ იტანდა რეალობას, მაგრამ აღიარებდა კია, რომ ეს ერთადერთი განზომილება გახლდათ, სადაც კარგი სტეიკის შოვნა შეიძლებოდა.

„ნუთუ ადამიანები მართლა მხოლოდ კარგებად და ცუდებად იყოფიან? - გაიფიქრა ქლოკემ. - კარგებს უფრო მშვიდად სძინავთ, ცუდები კი უფრო კარგ ხასიათზე იღვიძებენ ხოლმე დილაობით...“

გულზიდვა მოაწვა, როგორც კი წარმოიდგინა, რა მოხდებოდა მერე. ეს ერთგვარი ეგზისტენციალური გულზიდვა გახლდათ, არსებობის სრული უწვდომობის გააზრების შედეგად მოწევნადი, რომელსაც არავითარი ალკა-ზელცერი არ უშველიდა, - ამას მხოლოდ ეგზისტენციალური ალკა-ზელცერის აბები თუ წაადგებოდა.

„თუკი ბრისოს მოვკლავ, - საკუთარ თავს ემსჯელებოდა ქლოკე, - ცხადია, მაშინვე მკვლელად ვიქცევი... ერთი გასროლა და უკვე უბრალოდ ქლოკე კი არა, არამედ - ქლოკე-მკვლელი ვარ! აღარც შენი სორბონაში შინაური ფრინველის ფსიქოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის გამგე და აღარც არაფერი. ამ ჩემი არჩევანით, ახლა მთელი კაცობრიობის სახელით ვაკეთებ არჩევანს!

ღმერთო, რა საცოდავია ადამიანის გონი, როგორც კი ზნეობრივ-ეთიკურ საკითხებს შეეჯახება! ამას ჯობია, სულაც არაფერზე იფიქრო კაცმა.

ხალხი ხომ თავისთავად არაფერს ნიშნავს - არსებობს მხოლოდ კერძო ადამიანი. თავისთვის ჩაინიშნა - აი ეს მოსაზრება ნაღდად გამომადგება სადმე წვეულებაზე თავის მოსაწონებლადო. არადა, სწორედაც რომ ამგვარი გამონათქვამების გამო იყო, 1931 წლის მერე არსად რომ აღარ იწვევდნენ...

რა გასაკვირია, ზოგი სიცოცხლეს თვითმკვლელობით რომ ამთავრებს! რატო თავად არ მოვრჩე ამ აბსურდის თეატრს? რაღა ცხოვრების არსის გამოცანის შეცნობას შევაკლა თავი? რა ძალა გვადგას, იმის გარდა, რაღაც შინაგანი ხმა რომ დაგვძახის - იცხოვრე, უნდა იცხოვროო?“ ქლოკემ იცნო კიდეც ეს ხმა - ეს მისი სადაზღვევო აგენტის ხმა იყო, ნამდვილად. „ცხადია, მაგას რაში აწყობს, აქეთ იხადოს ფული?“

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საფრთხე

თუკი მეზობელი გოგონა არცთუ მთლად დასაწუნია, მაგრამ არც ზღაპრულ მზეთუნახავს გაგონებთ, იქნებ საკუთარ ყავლგასულ პრინციპებთან წასულიყავით რაღაც-რაღაც დათმობებზე...

ყველა სულ ერთსა და იმავეს კითხულობს: თუკი ეს თეფშები სულ სხვა სამყაროდან მოფრინავენ, რატო არცერთ მფრინავს თავშიც არ მოსდის გადმოვიდეს იქიდან და ადამიანურად დაგველაპარაკოს, იმის მაგივრად, რომ მიყრუებულ ადგილებში ჩნდებოდნენ? ამის თაობაზე მოგახსენებთ: იქნებადა სულაც იმ სამყაროში სწორედ ასეა მიღებული? კარგად მახსოვს, ერთხანობა მეც ასე დავძვრებოდი ერთ თვრამეტი წლის გოგოსთან და ძაანაც სასიამოვნოდ მახსენდება ის დრო... და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ როცა სხვა პლანეტებზე არსებულ სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ, ამაში ამინომჟავებიან ორგანიზმებს ვგულისხმობთ, ისინი კი არცთუ მაინცდამაინც დიდი დროისმატარებელი ხალხია, სუფრაზეც კი.

სწორედ ეს „ალისფერი რაღაცეები“ იხსენიება აგრეთვე, ამ უკანასკნელ ხანს აღმოჩენილ უძველეს (XII საუკ.) საქსონურ საეკლესიო ტიპიკონში: „ნუ უკუე ჰგიეს იგინი სამად ცეცხლისად და სახედველნი ჩუენნი გკვირობდნენ ესრეთ...“. არ გეყოთ? სწორედ ამ უკანასკნელ გამოცხადებას მიიჩნევდნენ მაშინ ეკლესიის მამანი მეორედ მოსვლის უტყუარ წინასწარმეტყველებად და ყველას მაგრად გაუტყდა, როცა კვირას ორშაბათი მოჰყვა და ისევ ისე მოუწიათ თავ-თავიანთ საქმიანობას მიბრუნებოდნენ.

სიდნი კუგელმასის სახე რომანში „ქალბატონი ბოვარი“

-სექსი და რომანტიკა! - აღმოხდა კუგელმასს, - ამის გულისთვის რას არ იზამ კაცი!

დიეტა

-მოდით, ახლავე შევხვდეთ, ჰერ შნაბე!
-ახლა? - გაიკვირვა უფროსმა. - იცი რომელი საათია?
- ეგ არაფერი, - აჩქარდა ფ. - ერთი რესტორანია აქვე, ცარიელი შუშებია, ერთ-ერთს ჩავამტვრევ და შევალთ!

-ეს ოხერი, სკამი მინდა, ტანკი ხომ არა! - შესჩივლა მამამისს, - კუზის გაჩენის კი არ მეშინია, მაგრამ ფეხებს რომ მაგიდაზე შემოვაწყობ ხოლმე, წამსვე უკან ვვარდები...

-მადლობელი, ჰერ შნაბე, მაგრამ დიეტაზე ვზივარ. ე-ე... ასე ვთქვათ, რაკი სკამი მაინც არა მაქვს, ამაზე მაინც დავჯდები-მეთქი, ვიფიქრე.

საზოგადოდ, როცა კაცი მეტისმეტად გამოირჩევი სხვებისგან, პრობლემებიც მეტი გიჩნდება... ხომ გესმით ჩემი?

ერთი გიჟის ამბავი

საზოგადოდ, სიგიჟე ფარდობითი ცნებაა: განა ვის შეუძლია ამტკიცოს - სავსებით ნორმაში ვარო? აი ახლაც, რაღაც ნაგლეჯებში შემოსილი და ნიღაბჩამოცმული რომ დავჯლიგინებ სენთრალ-პარკში, რევოლუციურ მოწოდებებს გავიძახი და შიგადაშიგ, მთლად ისტერიული სიცილი ამივარდება ხოლმე, მაინც არა მჯერა, ამ ჩემს თავსდატეხილ უბედურებას რაიმე მეცნიერული ახსნა არ ჰქონდეს.

ადამიანურ ვნებათა ბორკილებზე განა არაფერი გსმენიათ?

ერთხელ კინაღამ მართლა წამოვეგე ანკესზე - მავანი მომსახიობო ქალი მიმტკიცებდა, ჩემი ოცნებაა უბრალოდ დიასახლისად მამყოფაო, მაგრამ ვახშამზე ზუსტად ორმოცდაორჯერ თქვა „ოღონდ მართლა!“ და მისი ტელეფონის ნომერიც წამში ამოვიგდე თავიდან.

სულ რამდენიმე საათის მერე, მისი უთხელესი საცვლების უკანასკნელი ფოთოლიც ნარნარად დაეშვა ნოხზე და მეც, ვნებისგან ავარვარებულმა, რატომღაც ნიდერლანდების სამეფოს ჰიმნი დავცხე! ამას რაც მოყვა, მარტო ცირკის აკრობატებმა თუ შეიძლება ოდესმე გაიმეორონ...

მოგონებები გარდასულ დღეებსა და ადამიანებზე

ოჯახს სიმდიდრისა არაფერი ეტყობა - ერთი ქადა რაა, ისიც კი არ დევს მაგიდაზე, ბენი ჯემს წინა დღის გაზეთს წაუსვამს.

ებეთს ფილდის სტადიონი: მიმდებარე ქუჩები სულ გულშემატკივრებითაა გადატენილი - ეგებადა ბურთი სტადიონის კედლებს გადმოსცდეს და ჩვენ ჩაგვივარდეს ხელშიო.

გამჭოლი ტკივილი სიტყვას მაწყვეტინებს, თითქოს წიგნი დახურესო.
ანდა, ბებერი ერნანდესი - წლების განმავლობაში საპატას გვერდით იდგა თურმე, ვიდრე ამ დიდმა რევოლუციონერმა ციხეში არ ჩასვა - ხელებს ნუ იკვრევინებიო.

მოემი მესამე ქოლგის საყიდლად შეჩერდა.
-მწერალი რომ გახდე, - გააგრძელა მერე, - სითამამეა საჭირო და არც სულელურ მდგომარეობაში მოხვედრას უნდა უფრთხოდე. „სამართებლის პირს“ რომ ვწერდი, თავზე ქვაბი მეხურა, ხოლო „წვიმის“ თავდაპირველ ვარიანტში მისს თომპსონი თუთიყუშად მყავდა გამოყვანილი... ხელის ცეცებიტ დავაბიჯებდით ჯერ დაუმთავრებელ, თუ სულაც, ახლადდაწყებული წიგნის ბნელეთით მოცულ სამყაროში და არასოდეს ვიცით, წინ რა დაგვხვდება. „ადამიანურ ვნებათა ბორკილებს“ რომ ჩავუჯექი, ხელში მხოლოდ „და“ კავშირი მქონდა, მაგრამ მეექვსე გრძნობით მივხვდი, თუ მოსაყოლ ამბავში „და“ კავშირს ჩავრთავდი, ეგეთი წიგნი აუცილებლად კარგი რამე გამოვიდოდა! დანარჩენი უკვე, როგორც იტყვიან ხოლმე, ტექნიკის საქმე იყო...

სასჯელი

კონი ჩეიზენს რომ დავადგი თვალი და იმან კიდევ წამსვე გამისწორა, ამისთანა საოცრება სენთრალ-პარკის დასავლეთ ნაწილში მაინც, მთლად გაუგონარი ამბავი გახლდათ.

მე და კონი ჩეიზენს იმისთანა პა-დე-დეები გამოგვყავდა საწოლში, თქვენი მოწონებული! ღმერთმანი, ადრე ეგეთი არასოდეს არაფერი გამომეცადა და მერე, როცა ქანცგაწყვეტილები, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიწექით მშვიდად, ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, რა საურავს დამადებდა უფალი ბედნიერების ამისთანა სესხის გაცემაზე?! ...რა საფასური უნდა გაეღო ვინმე პაროლდ კოენს, სამყაროს რომ ისევ ძველებურად განეგრძო თავისი ჰარმონიული წრებრუნვა?

თარგმნა გია ჭუმბურიძემ
გამომცემლობა "დიოგენე"