ვუდი ალენი - შეკითხვა პრეზიდენტ ლინკოლნს
ეს ერთმოქმედებიანი პიესა აბრაჰამ ლინკოლნის ცხოვრებისეულ ეპიზოდზეა დაფუძნებული; ოღონდ მართლა თუ მოხდა მის ცხოვრებაში ეგეთი რამ, ჩემთვის პირადად, უცნობია. ერთი ეგ ვიცი, რომ მაგრა დავიღალე, ამ სისულელეს რომ ვწერდი...
1
ლინკოლნი ეშმაკურად წკურავს თვალებს და თავის პრესმდივანს, ჯორჯ ჯენინგზს უქნევს ხელს, შემოდიო.
ჯენინგზი: მიხმობდით, სერ?
ლინკოლნი: კი, ჯენინგზ - ეგრეა. დამიჯექი აქ.
ჯენინგზი: გისმენთ, სერ.
ლინკოლნი: (ჩაიღიმილებს) ერთი აზრი მომივიდა თავში...
ჯენინგზი: გისმენთ, სერ.
ლინკოლნი: როცა შემდეგ ჯერზე, ჟურნალისტებთან გვექნება შეხვედრა...
ჯენინგზი: დიახ, სერ?
ლინკოლნი: და როგორც ყოველთვის, შეკითხვებს აღარ მორჩებიან, ადგები და თავად შემეკითხები: თქვენის აზრით, ბ-ნო პრეზიდენტო, რა სიგრძის უნდა ჰქონდეს ადამიანს ფეხები?
ჯენინგზი: (ფიქრობს, ხომ არ მომეყურაო) რა ბრძანეთ, სერ?
ლინკოლნი: მკითხავ-მეთქი, რა სიგრძის უნდა იყოს, ჩემის აზრით, ადამიანის ფეხები!
ჯენინგზი: ახლა გასაგებია... და ნება მომეცით ახლავე ვიკითხო, სერ - ეს რისთვის?
ლინკოლნი: როგორ თუ - რისთვის? უბრალოდ, მაგრამ პასუხი მოვიფიქრე და იმისთვის!
ჯენინგზი: და საიდუმლო თუ არაა, სერ...
ლინკოლნი: ...იმსიგრძე, მიწას რომ სწვდებოდეს.
ჯენინგზი: ბოდიში, სერ?
ლინკოლნი: მიწას რომ უწევდეს, რაა აქ გაუგებარი?! რა სიგრძის უნდა იყოს ადამიანის ფეხები? აი იმსიგრძე, მიწას რომ უწევდეს!
ჯენინგზი: (ხმას არ იღებს).
ლინკოლნი: რა, არ მოგეწონა?
ჯენინგზი: არ დაგიმალავთ, სერ და...
ლინკოლნი: (მაგარ გატეხილშია) რავი, ყველას კი გაეცინა და...
ჯენინგზი: ვინ ყველას, სერ?
ლინკოლნი: ადმინისტრაციის ხალხი იქ იყო, ჩემი მეგობრებიც რამდენიმე, მერე ვიღაცამ მკითხა ფეხების თაობაზე, მეც წამსვე გამოვძებნე პასუხი და ლამის ჩაბჟირდა ყველა...
ჯენინგზი: და რა გარემოებაში დაგისვეს შეკითხვა, სერ?
ლინკოლნი: ანუ?
ჯენინგზი: იქნებ ანატომიაზე საუბრობდით, ან შემკითხავი ვინმე ქირურგი ან თუნდაც, მოქანდაკე გახლდათ?
ლინკოლნი: რას არ მოიგონებ ხოლმე! არა-ა, უბრალოდ ფერმერს გავდა.
ჯენინგზი: და რაში აინტერესებდა თქვენი პასუხი?
ლინკოლნი: სიმართლე გითხრა, აზრზე არა ვარ... ძაან სასწრაფო საქმე მაქვს პრეზიდენტთანო და შემოუშვეს. ხომ იცი, უბრალოდ ხალხთან საუბარი...
ჯენინგზი: (შეჩქვიფებული სახით) გასაგებია...
ლინკოლნი: რა პირკატა გეცა, ჯენინგზ?! ფერი არ გადევს სახეზე!
ჯენინგზი: მეტისმეტად უცნაურ და საეჭვო შეკითხვადაც კი მეჩვენება, სერ.
ლინკოლნი: მერე, გედავება ვინმე? მაგრამ ხო უცბად მოვტვინე პასუხი!
ჯენინგზი: ვერაფერს იტყვი, სერ- გეხერხებათ ეგ საქმე...
ლინკოლნი: მაგას არ ვამბობ? შიგ ათიანში ვლეწე! გეუბნები, დაიხოცა ხალხი სიცილით.
ჯენინგზი: და იმ კაცმა რაო?
ლინკოლნი: არც არაფერი. მადლობა მითხრა და გატრიალდა.
ჯენინგზი: და არც კი დაინტერესებულხართ, რისთვის გეკითხებოდათ?
ლინკოლნი: სიმართლე გითხრა, მე საკუთარი პასუხი უფრო მაღელვებდა... მიწას რომ უწევდეს... ჰა, როგორია?
ჯენინგზი: შესანიშნავია, სერ. ჩემს თანაშემწეს ვეტყვი, ანალებში შეიტანოს, სერ. რა იცი, რა ხდება...
2
ლინკოლნების საძინებელი. შუაღამეა. პრეზიდენტის მეორე ნახევარი, მერი ტოდი უკვე დაწოლილა, თავად ლინკოლნი კი ოთახში დაალაჯებს, გაღიზიანებულია.
მერი: დაწოლილიყავი, ები. რას დაშლიგინებ აქეთ-იქით?
ლინკოლნი: სულ ის კაცი მახსენდება, დილით რომ მომადგა - რა სიგრძის ფეხებიო... ჯენინგზიც გამინერვიულა.
მერი: მოგცლია ერთი!
ლინკოლნი: ისეთი საწყალობელი მზერით მიყურებდა! არა, მაინც რა ეშმაკი უნდოდა ჩემგან? უნდა დავლიო.
მერი: აი, მაგას ნუ იზამ, ები.
ლინკოლნი: არა ბიჭო...
მერი: არ გინდა-მეთქი, გეუბნები! რაც ეს ოხერი სამოქალაქო ომი დაიწყო, ვეღარ გცნობ ღმერთმანი - მთლად ნერვებად იქეცი.
ლინკოლნი: არა, ომი რაღა შუაშია?! კაცს აშკარად თანარგრძნობა სჭირდებოდა, მე კიდე ამ დროს ხალხს ვაცინებდი... რა მეტაკა? რაში მაღელვებდა, გავაცინებდი თუ ვერა? მაინც არავის ვეხატები გულზე.
მერი: ეგრე ნუ ამბობ, ები. ყველას ძალიანაც უყვარხარ. პატივსაც გცემენ.
ლინკოლნი: კარგი, გვეყოფა ამაზე. ბურბონი სადაა?
მერი: (საბნის ქვეშა აქვს გადამალული) არა-მეთქი ები!
ლინკოლნი: კარგი რა! არ გახსოვს, რა დღეები გვიტარებია ერთად?
მერი: (განაზებულია) მოდი ჩემთან, ები! ნახე - სავსე მთვარეა... სწორედ ასეთი იყო, პირველ ღამეს რომ შევხვდით ერთმანეთს.
ლინკოლნი: რას არ იტყვი ხოლმე... ახალი მთვარე იდგა.
მერი: არა, ჩემო კარგო, სავსე მთვარე იყო.
ლინკოლნი: დამიწყებს ეხლა! მე უკეთ არ მახსოვს?
მერი: და რატომ ვითომ?
ლინკოლნი: დამიბერდი და იმიტომ, ჩემო მერი.
მერი: ჯერჯერობით, ჩვენ ორთაგან სწორედ მე არ მჭირდება სათვალე... ახლავე კალენდარში ვნახავ.
ლინკოლნი: კარგი რა, საქმე მეტი არაფერი გაქვს?! შენ ის მითხარი, მაინც რა უნდოდა იმ კაცს, ჰა?
3
ჰეინზების ქოხი. შემოდის ბილ ჰეინზი, არაქათი აღარ აქვს, მთელი დღე მოაჭენებდა ცხენს. ელისი ხელსაქმეს შეეშვება და ქმარს ჩამოეკიდება კისერზე.
ელისი: აბა, რაო? სთხოვე? რა გითხრა? შეიწყალებენ ჩვენს პატარა ენდრიუს?
ბილი: (უიმედოდ ჩაიქნებს ხელს) მაპატიე, ელის. მაპატიე, თუკი შეგიძლია! იმისთანა სისულელე მომივიდა...
ელისი: რაო?! გინდა თქვა - არაო?
ბილი: ვერაფერიც ვერ ვუთხარი.
ელისი: არ გადამრიო - რა ვერ უთხარი?! ჩემი შვილი შეიწყალეთ-თქო - ეს ვერ უთხარი?!
ბილი: თავადაც არ მესმის, ეს როგორ მომივიდა, ელის! ჩემს წინ იდგა - მაღალი, გრძელფეხება, გრუზათმიანი და შიგ თვალებში შემომცქეროდა... და გარშემო კიდე მთელი ეს მინისტრები, გენერლები და ჩინოსნები... მთელი გზა, აქედან რომ მივჭენაობდი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი გულში: „მისტერ ლინკოლნ, სერ, ჩემმა ბიჭმა, ენდრიუმ მაგრა მიჰქარა - საგუშაგოზე ჩაეძინა, ოღონდ ის ჯერ ხომ სულ ბავშვია, სერ, სრულწლოვანიც კი არაა და ისე გაიწვიეს... ჩამოხრჩობა მეტისმეტად მკაცრი განაჩენია, სერ - იქნებადა სასჯელი შეუცვალოთ? სიკვდილამდე თქვენზე ვილოცებთ, სერ...“.
ელისი: სწორედაც რომ მასე უნდა გეთქვა, ბილ ჰეინზ! და შენ რა იბლუყუნე იქ ეგეთი?!
ბილი: თავადაც არ ვიცი-მეთქი, ხომ გითხარი... თვალებდახრილი ვიდექი და... რა სიგრძის უნდა ჰქონდეს კაცს ფეხები-მეთქი, - დავეკითხე.
ელისი: სრულ ჭკუაზე თუ ხარ, ბილ ჰეინზ?!
ბილი: ეგრე კი მომივიდა და...
ელისი: და საერთოდ, ეს ფეხები საიდან მოიტანე?!
ბილი: აკი გეუბნები, თვალდახრილი-მეთქი და...
ელისი: ამისთანა რამე ჩემ დღეში მეტი აღარ გამეგონოს, ბილ ჰეინზ!
ბილი: მაპატიე, ელის.
ელისი: და იმან რაო? გითხრა რამე? თუ კინწისკვრით გამოგაგდეს პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის?
ბილი: ასე მიპასუხა, მიწას მაინც უნდა სწვდებოდესო...
ელისი: ვის მიწას?!
ბილი: არ ვიცი, ელის - ამ დროს ყველას სიცილი აუტყდა და...
ელისი: ბრიყვი ხარ, ბილ... როგორც რიგიანი ფერმერი არასოდეს გამოვა შენგან, ისე...
ბილი: მორჩა, სიცოცხლე აღარ მინდა. მორჩა ყველაფერი.
უეცრად ვიღაც აკაკუნებს კარზე. ელისი უღებს და რას ხედავს - თავად აშშ-ს პრეზიდენტია. დაღლილობისაგან სულ გამოსავათებულა, ქარისგან თვალები ჩასწითლებია.
ლინკოლნი: მისტერ ჰეინზ?
ბილი: სერ...
ლინკოლნი: თქვენ რომ მეკითხებოდით...
ბილი: ვიცი, სერ, ვიცი! გონება დამებინდა, სერ... ძაან ვღელავდი... (მუხლებზე იჩოქებს, თვალებიდან ღვარღვარად სცვივა ცრემლები. ლინკოლნსაც, ლამისაა, ქვითინი აუვარდეს).
ლინკოლნი: მაშ, სწორედ მივმხვდარვარ. ნაღდი non sequitur (დასკვნა, რომელიც წინამძღვრებიდან არ გამომდინარეობს) იყო, ეგრეა?
ბილი: ცხადია, სერ. თქვენ რა შეგეშლებათ... ეს ერთი მაპატიეთ, სერ.
ლინკოლნი: რაზეა ლაპარაკი! მიპატიებია და თქვენს ერთადერთ შვილსაც დღესვე შეიწყალებენ. ღმერთმა შეუნდოს შვილთა ჩვენთა, თუკი რამ შეუცოდიათ ამქვეყნად! (ორივეს ერთად გადაეხვევა) იმ თქვენმა შეკითხვამ მრავალ რამეზე ამიხილა თვალი. მადლობა აქეთ მაქვს თქვენთვის სათქმელი.
ელისი: ჩვენც, სერ. ნამდვილად. შეიძლება ები დაგიძახოთ?
ლინკოლნი: ეგ რაღა საკითხავია?! ისა და, მთელი დღეა ხემსი არ ჩამიდევს პირში - გასაღეჭი არაფერი გექნებათ ჩემთვის?
ცოლ-ქმარი დაფაცურდება: ქმარი ფეხმონგრეულ მაგიდას ექაჩება ოთახის შუაში, ცოლი პურსა და ყველს იღებს განჯინიდან.
ფარდა
თარგმნა გია ჭუმბურიძემ
გამომცემლობა "დიოგენე"
გამომცემლობა "დიოგენე"