Posts

Showing posts from November, 2014

ჯეიმს ჯოისი - დუბლინელები | დები, შეხვედრა, ეველინი, ავტორბოლის შემდეგ

Image
დები მისი გადარჩენის იმედი ამჯერად აღარავის ჰქონდა: ეს უკვე მესამე შეტევა იყო. ყოველ საღამოს ჩავუვლიდი ხოლმე სახლს (ეს ამბავი არდადეგების დროს მოხდა) და ფანჯრის განათებულ ოთხკუთხედს ვაკვირდებოდი, საიდანაც ყოველთვის თანაბარი, მკრთალი შუქი გამოდიოდა. რომ მომკვდარიყო, სანთლების ანარეკლს დავინახავდი-მეთქი ჩამუქებულ ფარდაზე, ვფიქრობდი მე, რადგან ვიცოდი, რომ ორი სანთელი აუცილებლად უნდა ენთოს მიცვალებულის თავთით. ხშირად მეტყოდა ხოლმე, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერიაო, მაგრამ მისი სიტყვების არა მჯეროდა, ახლა კი ვიცი, რომ მართალს ამბობდა. ყოველ საღამოს, ფანჯარას რომ შევცქეროდი, ჩუმად ვიმეორებდი სიტყვას „დამბლა“. ეს სიტყვა ჩემს ყურში ყოველთვის უცნაურად ჟღერდა, როგორც „გნომონი“ ევკლიდესთან ან „სიმონია“ კატეხიზმოდან. ახლა კი რომელიღაც ბოროტი და ცოდვილი სულის სახელივით ჩამესმოდა, მაკრთობდა და მაშინებდა, მაგრამ ვერ ვძლევდი სურვილს ახლოს მივსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მისი მომაკვდინებელი მოქმედება.
 ბებერი კოტერი ბუხრის პირას იჯდა და ჩიბუხს ეწეოდა, როცა მე სავახშმოდ ჩავედი ძირს. ვიდრე დ...

გაბრიელ გარსია მარკესი - იცხოვრო, რომ მოჰყვე

Image
ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს - იმისთვის, რომ მოჰყვე. - დახმარების სათხოვნელად მოვედი: მინდა, რომ სახლის გასაყიდად გამომყვე! დედაჩემს არ დასჭირვებია იმის თქმა, თუ სად, ან რომელი სახლის, რადგან ჩვენთვის ამქვეყნად მხოლოდ ერთი სახლი არსებობდა: ბაბუაჩემის ძველი სახლი არაკატაკაში, სადაც ბედის წყალობით დავიბადე და სადაც რვა წლიდან აღარც მიცხოვრია. ერთ თვეში ოცდაექვსი წელი მისრულდებოდა. უკვე სამხედრო სამსახურის დეზერტირი და ორგზის გონორეის ვეტერანი ვიყავი. ყოველდღე, სინდისის ქენჯნის გარეშე, სამოც ღერ ველურ თუთუნს ვეწეოდი. თავისუფალ დროს ბარანკილიასა და კარტახენა დე ინდიას, კოლუმბიის კარიბის სანაპიროს შორის ვატარებდი. მეფესავით ვცხოვრობდი იმით, რასაც ჩემს ყოველდღიურ წერილებში მიხდიდნენ „ელ ერალდოში“, ეს იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე არაფერი. ვიძინებდი უმშვენიერეს ქალებთან ერთად იქ, სადაც დამიღამდებოდა. თითქოს საკმარისი არ ყოფილიყო ეს გაურკვევლობა და ქაოსი, რომელშიც ვიმყოფებოდი, რომ ჩემს განუყრელ მეგობრებთან ერთად, ყოველგვარი სახსრების გარეშე, ჟ...

გაბრიელ გარსია მარკესის არქივი ოსტინის უნივერსიტეტმა შეიძინა

Image
კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის უნიკალური არქივი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის უნივერსიტეტმა შეიძინა.  დოკუმენტებს შორისაა: "მარტოობის ასი წელიწადის" ხელნაწერი, ორი ათასზე მეტი წერილი, მათ შორის გაბრიელ გარსია მარკესის მიმოწერა გრემ გრინთან და კარლოს ფუენტესთან, ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე კოლუმბიელი მწერლის მიერ წარმოთქმული სიტყვის ხელნაწერი, მარკესის პირადი საბეჭდი მანქანა, კომპიუტერი და 40-ზე მეტი ფოტოალბომი. ოსტინის უნივერსიტეტსა და მარკესის ოჯახს შორის გარიგებას კოლუმბიის კულტურის მინისტრმა სამწუხარო ფაქტი უწოდა. მარია გარსესის თქმით, ქვეყანამ დიდი დანაკარგი განიცადა. მარკესის ოჯახის წევრები კი აცხადბენ, რომ სახელწმიფოს მწერლის არქივის შეძენის თხოვნით მათთვის არ მიუმართავს. გაბრიელ გარსია მარკესი აპრილში მექსიკაში გარადიცვალა. წყარო - theguardian.com

საფრანგეთში უილიამ შექსპირის უცნობი ფოლიანტი აღმოაჩინეს

Image
მკველვარებმა შექსპირის პიესების ამ დრომდე უცნობი ფოლიანტი აღმოაჩინეს. დიდი ფორმატის უნიკალურ წიგნს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სან ომერის ბიბლიოთეკაში მიაკვლიეს.  1632 წელს გამოცებული წიგნის ნაწილი დაზიანებულია. მეცნიერების თქმით, შესაძლო ეს იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფოლიანტი. ამ დრომდე სულ 233 მსგავსი წიგნია შემორჩენილი. წიგნში ბრიტანელი მწერლის პიესებთან ერთად ხელნაწერი შენიშვნებიცაა, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს მეტი შეიტყონ იმის შესახებ, თუ როგორ დგამდნენ მის პიესებს შექსპირის თანამედროევეები. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა , როდესაც ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის პიესების წიგნს საფრანგეთში მიაკვლიეს. აქამდე ანალოგიური აღმოჩენა საფრანგეთის ქალაქ დუეშიც გააკეთეს. შექსპირის შემოქმედების მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ბრიტანელი ავტორის კათოლიკურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირებზე მიუთითებდეს. უკანასკნელად შექსპირის პიესების ფოლიანტი კრისტის აქუციონზე 2006 წელს 6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. nytimes.com

ჰანტერ ს. თომპსონი - ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში

Image
სადღაც უდაბნოს დასალიერში გახლდით, ბარსტოუდან არცთუ ისე შორს, როცა ძვალ-რბილში დაგვიარა. მახსოვს, წავიბურტყუნესავით: - მგონი, უკვე აფრები ავუშვი, ახლა შენ დაჯე რა, საჭესთან. ჩვენი მანქანის საბარგული ახლა პოლიციის მოძრავ ნარკოლაბორატორიას უფრო გავდა. მოკლედ, ხელში გვქონდა ორი პაკეტი მასტიკა, 75 ბურთულა მესკალინი, LSD-ს შემწოვი ხუთი ქაღალდი, კოკაინით ნახევრად სავსე ნახვრეტებიანი სამარილე და ნაირფერი სტიმულატორების - ამყვანების, დამყვანების, ამჭყივლებლების, ამგდებ-დამგდებლებისა თუ მასხარების მთელი გროვა, რამდენიმე ბოთლი ტეკილა, ლიტრიანი ბოთლი რომი, ერთი ყუთი „ბუდვაიზერი“, ნახევარი ლიტრი ნედლი ეთერი და ორი ათეული ამილიუმ-პენტილიუმი. ეს ამდენი რამე წინა ღამით მოვაგროვეთ. გიჟური სიჩქარით რომ დავგრიალებდით მთელს ლოს-ანჯელესის ოლქში - ტოპანგიდან ვიდრე უატსამდე - და ყველაფერს ვეპოტინებოდით, რაც კი ხელში მოგვხვდებოდა. კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი არც იმდენად გვჭირდებოდა - უბრალოდ, როცა ნაღდ კოლექციონერობას იწყებ, სურვილი გიჩნდება, კაიფისთვის არც არაფერი დაიკლო. ერთადერთი, რაც არ მასვე...

მიხეილ ჯავახიშვილი - ესეები და წერილები

Image
მოჰკლეს პოეტი უღვთო იყო შენი სიკვდილი! კალამი მითრის… ენა მებმის… აზრი მერევა. ტყვიით განგმირეს მღცოვანი გული მღცოვანის პოეტისა და გვამი მისი დააგდეს მტვრიან შარაგზაზე. განგმირეს ის გული, რომელიც ნახევარ საუკუნის განმავლობაში ჩვენთვის იღწვოდა ღვთაებრივ ცეცხლის ალზე, ჩვენთვის თრთოდა და ჩვენთვის ფეთქავდა. მოჰკლეს პოეტი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავის კისრით ატარებდა ქართულ ლიტერატურას, რომელმაც შეჰქმნა ქართული ენა, ქართული პრესა, ქართული მწერლობა. მოჰკლეს და შარაგზაზე დააგდეს ის ილია რომელიც 40 წლის განმავლობაში ბატონობდა ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ეროვნულ იდეას. მოჰკლეს და ტყეს შეაფარეს და საუკუნოდ შერცხვენილი თავი, თითქო იმ ტყეს შეეძლოს მათი პირისახიდან ჩირქის ჩამორეცხა, თითქო მას შეეძლოს მათი დამალვა და თითქო იქ კი არ დაუხვდებათ სამარცხვინო ბოძი, რომელხედაც ცეცხლის ასოებით ეწერება: “ამ ნაძირლებმა მოჰკლეს პოეტი!” ვის ან რად უნდოდა ბრძოლაში დაფლეთილი გული პოეტისა, რად უნდოდა მისი დაღლილ-დაქანცული სული და ჯანგამოლეული სხეული...

პლატონი - ევთიფრონი | ადრეული დიალოგები

Image
წინათქმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს (14-37) ჰყავდა ერთი ასტროლოგი, წარმომავლობით როდოსელი, სახელად თრასილე, რომელიც პატრონის ბრძანებით მომავალს უწინასწარმეტყველებდა მას. დიოგენე ლაერტელი გადმოგვცემს, რომ სწორედ ამ თრასილეს შეუდგენია პლატონის თხზულებათა სრული კრებული და, ვითომცდა თვით პლატონისგანვე მომდინარე ტრადიციის თანახმად, 9 ტეტრალოგიად დაუყვია ისინი. თითოეულ ტეტრალოგიაში, როგორც სათაური გვიჩჩვენებს, 4 დიალოგი შედის. დიოგენე სათითაოდ ჩამოთვლის მათ და გვაუწყებს, პირველი ტეტრალოგია “ევთიფრონით” იწყებაო. თრასილესეული “კანონი” საკმაოდ საეჭვო ღირსებისაა (საკმარისია ითქვას, რომ ისეთი დიალოგები, როგორებიცაა “ფედონი”, “თეეტეტი”, “სოფისტი”, “პოლიტიკოსი”, “პარმენიდე”, “ნადიმი” ან “ფედროსი”, მასში წინ უსწრებს “ხარმიდეს”, “ლახესს”, “ლისისსა” თუ “ალკიბიადეს”) და დღეს უკვე აღარავინ იზიარებს მას, ერთი გამონაკლისის - “ევთიფრონის” - გარდა, რომლითაც პლატონის არაერთი მთარგმნელი თუ გამომცემელი კვლავინდებურად იწყებს დიდი ბერძენი ფილოსოფოსის თხზულებათა სრული კრებულის საკუთარ გამოცემას. ასეთ ...

ლევან ბერძენიშვილი - ილიადა: რისხვა და შერიგება

Image
18 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა ჟურნალ „არილის“ საქველმოქმედო აქცია, რომელზეც ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა ლექცია - ილიადა: რისხვა და შერიგება. ლექციის პარალელურად გაიყიდა „არილის“ ძველი და ახალი ნომრები, მათ შორის ის ნომრები, რომლებშიც ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი "ილიადას" პირველი ოთხი სიმღერაა გამოქვეყნებული.  მიღებული შემოსავალი მთლიანად ჟურნალის ბეჭდვის ხარჯებს მოხმარდება. ლევან ბერძენიშვილი - ილიადა: რისხვა და შერიგება by Vangogen on Mixcloud

აკა მორჩილაძე - მისტერ ბუნგუს სამეზობლო ქალაქი, სადაც ყველა ბიჭი მოკრივეა

Image
მაიკლ ბერკოვიცის რჩეული საკრივო ფურცლები, ფურცელი მეოთხე 10.01.1998  ჩვენი ქვეყნის ამბავი ისეთია, რომ საზოგადო საქმეზე თავგადადებულ ხალხს ახირებულ ვინმეებს ეძახიან. აი, კაცი თუ გადაწყვეტს, ჩემი გამორჩენისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა გავაკეთო რამე და დახმარება მჭირდებაო, ასეთ დროს ორგვარად ფიქრობენ: ამბობენ, გიჟიაო, ან თუ გიჟი არ არის, რაღაც გამორჩენას მოელის, თორემ ისე როგორ შეეჭიდებოდა ასეთ საქმესო. ახირებულები კი, თუ გამორჩენას ელიან, მხოლოდ საქვეყნოს. აი, ვარიანში რომ გიორგი კანდელაკმა საკრივო კლუბი “ჩემპიონი” გახსნა და ქართლელ ბიჭებს ხელთათმანები მოარგო - ნამდვილი საზოგადო საქმეა. ბიჭებისთვის ხელთათმანზე უკეთესს ვერაფერს შეარჩევს კაცი და, ესეც არ იყოს, ჩვენს არეულ დროში ვარიანის კრივის დარბაზი სითბოსაც აფრქვევს. ახირებისა და გამორჩენის ამბავი აქ არაფერ შუაშია, აქ გულისა და სიკეთის საკითხია. გამორჩენა კი... გამორჩენა იქნება, ოღონდ სულ სხვაგვარი, სახალხო. ხოლო თუ როგორია სახალხო გამორჩენა, ბერკოვიცის მეოთხე საკრივო ფურცელი გიჩვენებთ. ქალაქი N სამხრეთ აფრიკა, მ...