კამილო ხოსე სელა - 1954 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიიდან
მე დავიბადე დიდი ხნის - ოცდათვრამეტი წლის წინათ ირია-ფლავიაში, რომელიც ოდესღაც ძველი რომაელების ფორპოსტი იყო კელტური დასავლეთის მეშვიდე ქვეყანაში. იქიდან მოყოლებული დღემდე ხან სად ვცხოვრობ და ხან სად, ეს ძალიან ხელსაყრელია ჩემთვის, მრავალფეროვნებისათვის ერთხელ ვიომე, ორჯერ დავქორწინდი, ერთ ვაჟიშვილს მივანიჭე სიცოცხლე და ერთი ოცი ცალი წიგნიც გამოვეცი.
არც ერთი ხე არ დამირგავს და არც ერთი სტრიქონი არ დამიწერია მომჭირნეობის სარგებლიანობაზე. ჩემი წიგნების სახელწოდებებს გამოვტოვებ, თავისთავად იგულისხმება, რომ ყოველმა, ასე თუ ისე განათლებულმა კაცმა უწყის მათი სახელები. ცოდვა გამხელილი სჯობს - რა დასანანიც არ უნდა იყოს, სახალხო კუთვნილებად ვიქეცი.
სიმაღლე მეტრი და ოთხმოცი მაქვს, წონა - სამოცდაჩვიდმეტი, ფეხსაცმლის ზომა - ორმოცდაერთი, სისხლის არტერიული წნევა - ას ოცი, თვალები თაფლისფერი, სიბნელეში მწვანედ მიბრწყინავს, თმაც თვალების შესადარი. განსაკუთრებული ნიშნებიც მაქვს: ორი ნაიარევი - ნიკაპსა და ტუჩზე, ჭრილობაც საზარდულზე და მკერდში (საბედნიეროდ მარჯვნივ). რას იზამ, გასაკვირველი არაფერია, ჩვენ - ოცდაჩვიდმეტის წვევამდელები ვართ.
ხშირად ვიცვლიდი საქმიანობას, ალბათ იმიტომ, რომ არც ერთი არ მომწონდა. სიტყვის წარმოთქმა არ მიყვარს და არც ევროპს ერთიანობის მწამს რაიმე. სამაგიეროდ, რიგრიგობით გახლდით კარგი ოჯახის ვაჟიშვილიც, კარისკაციც, პოეტიც, ტორეროც, მოხელეც, პროზაიკოსიც, მსახიობიც, რედაქტორიც და ლექტორიც. უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ მოვახერხე, რომ გამოცდება არ ჩამებარებინა. ჩემი წიგნები - რას იზამ! - ყველა ენაზეა თარგმნილი...
სურათის გადაღების დროს არ ვიცინი, რომ, უფალმა დამიფაროს, მომავლის ერთ-ერთ ისტორიკოსად არ მიმიჩნიონ. მიამიტ ადამიანებს ჰგონიათ, კარგად ცხოვრობსო, სხვა მიამიტები - წონასწორობის შესანარჩუნებლად - თვლიან, რომ ცუდად ვცხოვრობ, ისინიც ცდებიან და ესენიც.
თავი ესპანეთის საუკეთესო მწერლად მიმაჩნია ოთხმოცდათვრამეტი წლის თაობის შემდეგ და თვითონაც მიკვირს, რა ადვილად მივაღწიე ამას. მომიტევეთ, აბა, მე რა უნდა მექნა!
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2007წ.