ტომას ელიოტი - სიმბოლო პოეზიის სიდიადისა
როდესაც ვფიქრობდი იმაზე, რას გეტყოდით ამ საღამოს, გადავწყვიტე უბრალოდ გამომეხატა მადლიერება იმ უმაღლესი ჯილდოსათვის, რომლის ღირსადაც გამხადა შვედეთის აკადემიამ. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა არც ისე მარტივი აღმოჩნდა:
ჩემი საქმიანობა სიტყვებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამჯერად მათ უარი მითხრეს დამმორჩილებოდნენ, ხოლო უბრალოდ იმის აღნიშვნა, რომ შეგნებული მაქვს, რომ მივიღე უმაღლესი საერთაშორისო პრემია, რაზეც ყოველი მწერალი ოცნებობს, ნიშნავდა იმის თქმას, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის. იმის გამოცხადება, რომ ამ პრემიის ღირსი არ ვარ, - ნიშნავს, ეჭვი შევიტანო აკადემიის კომპეტენტურობაში; რომ შევაქო აკადემია - ნიშნავს, რომ მე, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი, ვეთანხმები ჩემთვის, როგორც პოეტისავის, ამ პრემიის მინიჭების ფაქტს. ამიტომაც, ნება მომეცით დაგარწმუნოთ იმაში, რომ როგორც კი გავიგე, რომ მომენიჭა ნობელის პრემია, განვიცადე სიხარულისა და სიამაყის შერეული გრძნობა, რომელიც ასეთ მომენტში სავსებით ბუნებრივია და უხერხულობა იმის გამო, რომ უეცრად საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. ნობელის პრემია რომ ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც სხვა პრემიები, ოღონდ გაცილებით მაღალი დონის, შეიძლება მადლიერების გამოსახატავად კიდევ მეცადა საჭირო სიტყვების მოძიება, მაგრამ რადგანაც ის სხვა ჯილდოებისაგან სწორედ საკუთარი არსით განსხვავდება, ჩემი გრძნობების გამოსახატავად საჭირო რესურსები არ მეგულება ენაში.
ამდენად, ვალდებული ვარ ეს გრძნობები არაპირდაპირი გზით გამოვხატო და საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგთავაზოთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მნიშვნელობა. თუკი ეს იქნებოდა უბრალოდ აღიარება მწერლის დამსახურებისა, იმ ფაქტისა, რომ ავტორის რეპუტაციამ გადალახა მშობლიური ქვეყნისა და მშობლიური ენის საზღვრები, მაშინ შეგვეძლო გვემტკიცებინა, რომ საეჭვოა, ვინმე იყოს ჩვენს შორის ამ პრემიის ღირსი უფრო მეტად, ვიდრე სხვები. მაგრამ მე, ნობელის პრემიაში ვხედავ რაღაც უფრო მეტს, განსხვავებულს, ვიდრე ასეთი აღიარებაა. ის მე მაგონებს ერთი კაცის არჩევნებს, რომელიც დროდადრო, თითქოს განგების ძალით, ხან ერთი ერიდან ირჩევა, ხანაც მეორედან, რათა შეასრულოს განსაკუთრებული როლი და იქცეს განსაკუთრებულ სიმბოლოდ. ტარდება ცერემონიალი, რომლითაც ადამიანს მოულოდნელად ეკისრება მოვალეობები, რომლებსაც ადრე არ ასრულებდა. ამიტომ საქმე სულაც არ არის იმაში, იგი ღირსეული რჩეულია თუ არა, არამედ იმაში, შეუძლია თუ არა თავი გაართვას მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, შეუძლია თუ არა გახდეს წარმომადგენელი - რა თქმა უნდა, ადამიანური ძალების შესაბამისად - რაღაც უფრო მნიშვნელოვანის, ვიდრე მისი საკუთარი შემოქმედებაა.
ტრადიციულად, პოეზია ითვლება ხელოვნების ყველაზე „რეგიონალურ“ სახედ. მხატვრობით, სკულპტურით, არქიტექტურით, მუსიკით შეიძლება დატკბეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხედავს და ვისაც ესმის, მაგრამ ენა, განსაკუთრებით კი პოეზიის ენა, - სულ სხვა შემთხვევაა. შეიძლება კიდეც მოგვეჩვენოს, რომ პოეზია უფრო მეტად აშორებს ადამიანებს, ვიდრე აერთიანებს. მეორე მხრივ კი უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ენა წარმოშობს ბარიერებს, სწორედაც რომ პოეზია უწობს ხელს ამ ბარიერების გადალახვას. დატკბე პოეზიით, რომელიც უცხო ენაზეა დაწერილი, ნიშნავს, დატკბე იმ ხალხის გაგებით, ვისაც ეს ენა ეკუთვნის, გაგებით, რომელსაც სხვაგვარი გზით ვერ მივაღწევთ. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ევროპული პოეზიის ისტორიაზე და გავიხსენოთ ის უზარმაზარი გავლენა, რომელსაც პოეზია, დაწერილი ერთ ენაზე, ახდენდა სხვა ენებზე, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ნებისმიერ დიდ პოეტს აქვს უცხოენოვანი პოეტების გადაუხდელი ვალი; იმის მტკი¬ცებაც კი შეიძლება, რომ ნებისმიერი ქვეყნის პოეზია შეიძლება დაკნინდეს და დაიღუპოს, რომ არ საზრდოობდეს სხვა ქვეყნების პოეზიით. როდესაც პოეტი ესაუბრება საკუთრ ხალხს, მის ხმაში ჟღერს იმ უცხოენოვანი პოეტების ხმები, რომლებმაც მოახდინეს მასზე გავლება. ამავე დროს, თავად ის ესაუბრება სხვა ქვეყნების ახალგაზრდა პოეტებს, რომლებიც თავის ერს ცხოვრებაზე მისი შეხედულებიდან და მისი ერის სულისკვეთებიდან რაღაც ნაწილს გადასცემენ. ერთი მხრივ, მისი გავლენით სხვა პოეტებზე, მეორე მხრივ - თარგმანით, რომელიც, რა თქმა უნდა, ავტორის თანა¬შემოქმედებას უნდა წარმოადგენდეს და ნაწილობრივ საკუთარი ქვეყნის მკითხველებით, რომლებიც არ არიან პოეტები, პოეტი ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას.
ნებისმიერი პოეტის შემოქმედებაში, რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი რამ უნდა იყოს, რაც განსაკუთრებით მათდამია მიმართული, ვინც ცხოვრობს მის ირგვლივ და საუბრობს მის ენაზე, მიუხედავად ამისა, უსაფუძვლოდ არ წარმოგვიდგება გაგება „ევროპული პოეზია“ და თვით „პოეზიაც“ კი. მეჩვენება, რომ პოეზიის წყალობით ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც განსხვავებულ ენებზე საუბრობენ - თუნდაც ნებისმიერ ქვეყანაში ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ - იძენენ ურთიერთგაგებას, რომელიც რამდენადაც ცალმხრივი არ უნდა იყოს, ძალზე მნიშვნელოვანია. პრემიას ლიტერატურის დარგში, რომელსაც ანიჭებენ პოეტს, მივიჩნევ პირველ რიგში დადასტურებად თეზისისა პოეზიის ზენაციონალური ღირებულების შესახებ. ამ თეზისის მხარდასაჭერად სხვადასხვა ადამიანებს შორის დროდადრო აუცილებელია პოეტის გამოყოფა - და აი, მე ვდგავარ თქვენს წინაშე, მაგრამ არა საკუთარი დამსახურებების გამო, არამედ როგორც სიმბოლო - რა თქმა უნდა, დროებითი, - პოეზიის სიდიადისა.
ინგლისურიდან თარგმნა - გვანცა ჯობავამ
გამომცემლობა "ინტელექტი", ლექციები წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას ლიტერატურის დარგში (1901-1960)