ნაპოლეონ ბონაპარტე - წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები
როცა ხალხი სახელმწიფოში გარყვნილია, კანონები თითქმის უსარგებლონი არიან, თუკი ის დესპოტურად არ იმართება.
ევროპელმა მონარქებმა ჩემი მიბაძვით საკუთარი არმიები შექმნეს, მაგრამ მათ მართვაც ხომ უნდა.
მას აქეთ, რაც სათავეში ჩავუდექი სახელმწიფოს, მე მხოლოდ ჩემს თავს ვეთათბირებოდი; რაც ჩემთვის სავსებით მისაღები იყო. შეცდომების დაშვება დავიწყე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყური მივუგდე იმას, რასაც ლაპარაკობდნენ მრჩეველნი.
დაქვემდებარებულნი, არსებითად, მხოლოდ მაშინ გეხმარებიან, როცა გრძნობენ, რომ თქვენ ურყევი ხართ.
მე ყოველთვის ვკითხულობ მაკიაველის, როცა ნებას მაძლევენ სნეულებანი და საქმენი, და მაინც, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ის პროფანია.
მთავრობისათვის მეფეთა გაუბედაობა იგივეა, რაც პარალიჩი სხეულის ასოებში.
„ილიადა“ ჩვენს თანამედროვეს რომ დაეწერა, ვერავინ შეაფასებდა მას.
ვატერლოომდე მეგონა, რომ ველინგტონს მხედართმთავრის ნიჭი ჰქონდა. სამხედრო საქმეში გაწაფულნი განცვიფრდნენ, როცა შეიტყვეს, რომ ის მონ-სენ-ჟანს დაეუფლა; ამ ბრიყვული შეცდომის შემდეგ ჩემს თვალს არ გამოპარვია არც ერთი ინგლისელი. თავის წარმატებას ველინგტონი უნდა უმადლოდეს საკუთარ იღბალს, შემდეგ კი პრუსიელებს.
ჩემს სიცოცხლეში არცთუ იშვიათად შევმცდარვარ, მაგრამ ყველაზე მიუტევებელი ისაა, რომ ინგლისელებს ჩავბარდი: გადაჭარბებულად მწამდა მათი ერთგულება კანონისადმი.
მე დავამარცხე მეფეები უზენაესი ძალაუფლების სახელით; მეფეებმა კი დამამარცხეს, ყველას გასაგონად რომ აცხადებდნენ, ხალხების სასიკეთოდ ვმოქმედებთო; ტახტიდან ჩემი ჩამოგდებით მათ დიდი შეცდომა დაუშვეს; დაველოდოთ კვანძის გახსნას.
რელიგიისთვის კულტის მსახურნი იგივენი არიან, რაც მოხელენი - მთავრობისათვის. ჩვეულებრივი ადამიანი კარისკაცის კრედიტს მისი ლაქიების რიცხვით ზომავს, ხოლო ბრბო ღმერთის ყოვლისშემძლეობას - მღვდლების რაოდენობით.
მე ოქროს ვაფრქვევდი ჩემს მომხრეებს, მაგრამ უნდა მცოდნოდა, რომ გამდიდრებული კაცი უკვე ნაკლებად იგდებს თავს სასიკვდილო საფრთხეში.
მე ყოველთვის აღტაცებული ვიყავი მითრიდატეთი, რომის დაპყრობას რომ აპირებდა, მაშინაც კი, როცა ის უკვე ძლეული იყო და გასაქცევად ემზადებოდა.
ბევრს ყვიროდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ჩემს დესპოტიზმად თვლიან. თუმცა მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი, რომ ერები არ არიან იმათი საკუთრება, ვინც მათ მართავს. კონსტიტუციურად ქცეული ზოგიერთი მონარქი სწორედ ამის დავიწყებას ცდილობს.
ჩემი მომავალი დადგება მაშინ, როცა მე აღარ ვიქნები. ცილისწამებამ შეიძლება მხოლოდ სიცოცხლეში მავნოს.
ჰობსი ერთგვარად ნიუტონი იყო პოლიტიკაში. ამ თვალსაზრისით მისი მოძღვრება ძალიან ძვირად ფასობს.
კარგად მართული ქვეყნისათვის საჭიროა მთავარი რელიგია და სახელმწიფოზე დამოკიდებული მღვდლები. ეკლესია უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს და არა სახელწმიფო - ეკლესიას.
მე ევროპის ყველაზე მდიდარი მონარქი ვიყავი. სიმდიდრე საუნჯის ფლობაში კი არ მდგომარეობს, არამედ მის ხმარებაში - რისთვის ხარჯავენ მას.
დაწერილია საკმარისზე მეტი, მე ვისურვებდი ნაკლებ წიგნს და მეტ საღ აზრს.
მე შეცდომა დავუშვი ესპანეთში შესვლით, რადგანაც არ ვიცნობდი ერის სულს. მე მიმიწვიეს გრანდებმა, მაგრამ ბრბომ უარმყო. ეს ქვეყანა ჩემი დინასტიის ხელმწიფის უღირსი აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც წიგნების ბეჭდვა გამოიგონეს, ყველანი მხოლოდ განათლების მეფობას უხმობენ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მას ლაგამი ამოსდონ.
იმისათვის, რომ ხალხმა ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოს, მართულნი ბრძენკაცნი უნდა იყვნენ, მმართველები კი - ღმერთები.
მთელი სამხედრო ხელოვნება მე დავიყვანე სტრაეგიულ მანევრებამდე, რამაც უპირატესობა მომანიჭა ჩემი მოწინააღმდეგეების წინაშე. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მათ გადაიღეს ჩემი მეთოდი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ცვდება.
მოკავშირენი აფასებენ თავიანთ მაკიაველის: ისინი დიდი ყურადღებით და დიდხანს სწავლობდნენ მის „მთავარს“, მაგრამ დღეს ხომ სხვა დროა და არა მეთექვსმეტე საუკუნე.
არსებობს ძალმომრეობის აქტი, რომელიც არასოდეს წაიშლება თაობათა ხსოვნიდან, - ესაა ჩემი გაძევება წმინდა ელენეს კუნძულზე.
ფრანგების ეროვნული ღირსების გრძნობა ყოველთვის ფერფლქვეშ ბჟუტავს. საჭიროა მხოლოდ ნაპერწკალი მის გასაღვივებლად.
სხვების მიერ ჩადენილი სისულელე სულაც არ გვეხმარება იმაში, რომ დავჭკვიანდეთ.
არსებითად რომ ვთქვათ, არც სახელწოდება და არც მმართველობის ფორმა არავითარ როლს არ ასრულებენ. სახელმწიფო კარგად იმართება, თუკი შეძლებენ მიაღწიონ იმას, რომ ყველა მოქალაქე გრძნობდეს სამართლიანობას როგორც პიროვნების დაცვის, ისე გადასახადების, სხვადასხვაგვარი შეწირულობებისა და დანაკარგის ანაზღაურების მხრივაც.
ჩემს გენერლებს თითქმის არასოდეს არ ვაძლევდი ვრცელ რჩევა-დარიგებებს - მხოლოდ ვუბრძანებდი გაემარჯვათ.
მე მეზიზღება ილუზიები. აი, რატომ ვიღებ სამყაროს ისეთად, როგორიც არის.
ჩემი კამპანიებისას მე იშვიათად ვსარგებლობდი ჯაშუშებით. ყველაფერს ვაკეთებდი შთაგონებით: ყველაფერს ზუსტად ვხვდებოდი, ელვის სისწრაფით დავქროდი, დანარჩენი ბედ-იღბლის საქმე იყო.
ადამიანის სული ჯერ კიდევ არ მომწიფებულა საიმისოდ, რომ მმართველნი აკეთებდნენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ, მართულნი კი იმას, რაც ნებავთ.
უფრო ადვილია დააარსო რესპუბლიკა ანარქიის გარეშე, ვიდრე მონარქია - დესპოტიზმის გარეშე.
მე ერთხელ როგორღაც ვთქვი, რომ საფრანგეთი მოქცეული იყო ჩემში და არა პარიზულ პუბლიკაში. მევე მომაწერდნენ გამოთქმას: „საფრანგეთი - ეს მე ვარ“, რაც უაზრობა გახლდათ.
პასკალის „აზრები“ ერთგვარი უაზრობაა; მასზე შეიძლება იგივე ითქვას, რასაც ბრბო ლაპარაკობს თაღლითებზე: „ალბათ გონებას მოკლებული არ უნდა იყოს, რაკიღა ჩვენ მისი არ გვესმის“.
სწრაფვა იმისკენ, რომ ბატონობდე შენს მსგავსთა გრძნობებზე, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მძარი ვნებაა.
მე არასოდეს არ ვეუბნებოდი უარს დედოფალ ჟოზეფინას, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი მის გულწრფელობასა და ჩემდამი ერთგულებაში.
ადამიანის გონებამ შესაძლებელი გახადა სამი მნიშვნელოვანი მონაპოვარი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, საგადასახადო დაბეგვრა და სინდისის თავისუფლება. თუ მონარქები გონებას არ დაკარგავენ, ისინი უკვე თავს აღარ დაესხმიან საზოგადოებრივ ხელშეკრულებას.
თუ ხალხები აღარ ჩივიან, ისინი აღარ აზროვნებენ.
ყოველგვარი პარტიული თავყრილობა ბრიყვებისა და არამზადებისგან შედგება.
მაკიაველი გვასწავლის, როგორ შეიძლება წარმატებით ვიომოთ. ჩემთვის კი მხოლოდ ერთი საშუალებაა საამისოდ - უძლიერესი უნდა იყო. ეს ფლორენციელი მდივანი სხვა არა არის რა, თუ არა პროფანი პოლიტიკაში.
ჭეშმარიტი მონარქი, რომელსაც ომი სურს, მას არ გაურბის, ხოლო როცა აიძულებენ იომოს, მან დაუყოვნებლივ უნდა იშიშვლოს ხმალი, სწრაფად და ენერგიულად განახორციელოს თავადსხმა, თორემ მთელი უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეს გადავა.
ლოკი დიდი ამხსნელია და ცუდი ლოგიკოსი.
საღვთისმეტყველო დავაში ზოგადი მსჯელობები გამოვიდნენ მოდიდან, ისინი შეცვალეს ზოგადმა მსჯელობებმა პოლიტიკაში.
კანონი ნათელი, ზუსტი და ერთგვაროვანი უნდა იყოს; მისი განმარტება მისსავე არასრულყოფილებას ნიშნავს.
სიტყვა - „ლიბერალური“, ახლანდელ დროში ასე რომ ხიბლავს იდეოლოგთა ყურებს, სწორედ ჩემი გამონაგონია. ასე რომ, მე თუ უზურპატორი ვარ, ისინი პლაგიატები არიან.
ჰობსი უსიხარულო ფილოსოფოსია, მონტესკიე კი - ნათელი თავი.
რესპუბლიკელთა მორალი დიდი აღვირახსნილობით გამოირჩევა: ისინი ყოყმანის გარეშე ყველაფრის ნებას აძლევენ თავს, რაც კი სასარგებლოა მათთვის და მათი პარტიისათვის. ამნაირადვე, რაც სათნოება იქნებოდა რესპუბლიკაში, მონარქიაში დანაშაულად უნდა ქცეულიყო.
რესპუბლიკელთა ხელიდან რომ მივიღ მმართველობა, მე თითქოს გავრცეხე, გავწმინდე და შევასწორე რაფაელის ძველი სურათი, რომელიც თხუპნიების ლაქმა იქამდე მიიყვანა, რომ ვეღარ იცნობდით.
რასაც არ უნდა ამბობდეს მაკიაველი, ციხესიმაგრენი არ ღირან ხალხის ზრუნვად.
აჰა, ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება, ბეჭდვითი სიტყვის! მოხსენით სადრუნჩენი თქვენს პარიზელ ჟურნალისტებს და თქვენ დაინახავთ ნამდვილ ბაგი-ბუგს! ეს ვადიუები ყველანი მუდმივად ჩაერთვებიან მართვაში, კარიტიდები კი მოგვაწვდიან ცნობებს. ეშმაკმა დალახვროს მთელი ეს ღრიანცელი.
მართალია, მე მინდოდა ამეღორძინებინა ძველი დრო, მაგრამ ეს არასოდეს არ მისულა იქამდე, რომ აღმედგინა ათენის დემოკრატია. ბრბოს მმართველობა მე არასოდეს მიზიდავდა.
უნდა მისდიო ფორტუნას მთელი მისი კაპრიზებით და შეასწორო ისინი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ
კომენტარები თარგმნა ნათია ორმოცაძემ
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2014წ.