გელა ჩარკვიანი - ინტერვიუ მამასთან
კანდიდ ჩარკვიანი სტალინის, ბერიას და გვიანდელი სტალინური ეპოქის საქართველოს შესახებ
სტალინმა განსაკუთრებული დახვედრა სტუმრის, როგორიცაა, „როგორ ბრძანდებით?“, „როგორ იმგზავრეთ?“ - არ იცოდა. შეხვედრა იყო უბრალო. ხელს ჩამოგართმევდა და მაშინვე დაგიწყებდა ლაპარაკს იმ საკითხზე, რომლის გამოც იყავი ჩასული.
მცდარი აზრია, რომ სტალინს თავისი შვილები არ უყვარდა, ამ ჭორებს ავრცელებდა ხალხი, ვისაც სტალინი შესძულდა. მას განსაკუთრებით უყვარდა თავისი ქალიშვილი სვეტლანა.
სტალინმა ერთი შეგონება შეგვახსენა: სახელმწიფო მოღვაწეს უნდა ახსოვდეს, რომ „სახელმწიფო „пигор“- თან ჯდომა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყველაფრის უფლება გაქვსო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ „пигор” - ი სახელმწიფოსია და არა მისიო.
სტალინის ქართველ კაცად აღქმის უფლებას მაძლევდა ის, რომ იგი ლაპარაკობდა მსვენიერი ქართულით. თუ არ იყო ვინმე რუსი და მარტო ვიყავით, ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდა. და თუ ვინმე ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, გაგვაფრთხილებდა ხოლმე: „Говорите на обшепонятном языке”.
არის კიდევ რაიმე მომენტი, რაშიც მჟღავნდებოდა მისი ქართველობა?
ეს არის ქართული ლიტერატურისადმი სიყვარული. ჩვენ მას ვუგზავნიდით ყველა მნიშვნელოვან გამოცემას. სტალინი გამუდმებით კითხულობდა, მათ შორის იმ ლიტერატურასაც, რომელსაც ჩვენ ვუგზავნიდით. ეს იმაში მჟღავნდებოდა, რომ ის ხშირად გამოთქვამდა თავის აზრს ამა თუ იმ ნაწარმოებზე, მაგალითდ, დავით კლდიაშვილი მან ძალიან კარგად შეაფასა, როგორც მწერალი.
გამოცემები ქართულად ეგზავნებოდა?
რა თქმა უნდა, წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ ვუგზავნიდით ხოლმე.
თურქი მესხების პრობლემა ალბათ მაინც განსხვავებული იყო...
ჩვენ გვქონდა ცნობა, რომ თურქებმა ჩვენი საზღვრიდან გაასახლეს ქართველები საზღვრის გაწმენდის მიზნით. ჩვენ შეიძლებოდა თურქებისთვის არ მიგვებაძა, მაგრამ საკავშირო მთავრობას საზღვრის გაწმენდა აუცილებლად მიაჩნდა. თურქ მესხებს არ ჰქონდათ საშუალება, გამოევლინათ თავიანთი მოღალატური ზრახვები, თუმცა ჩვენ ისინი ძალიან სერიოზულ სიძნელეებსა და პრობლემებს გვიქმნიდნენ. ჯერ ერთი, ვინც საზღვარგარეთ მიდიოდა, გასვლა მათი საშუალებით ხდებოდა. ყველა გზა იცოდნენ, კავშირი ჰქონდათ თურქეთის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხთან და გადაჰყავდათ გაქცეული, ანტისაბჭოთა განწყობის ადამიანები. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა მთელი სოფელი მოიხსნა და გადავიდა იქით. გადარეკა თავისი საქონელი, ყველაფერი და ჩვენი მესაზღვრეებმა ეს გაიგეს მას შემდეგ, რაც ხალხი უკვე გადასული იყო. აი, ასეთი ამბები ხდებოდა. მოკლედ, დიდი ერთგულებით საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ეს მოსახლეობა არ გამოირჩეოდა. მერე, ისტორიულადაც თვალი რომ გადავავლოთ მესხეთის ამბებს, მე არ ვლაპარაკობ შორეულ ისტორიაზე, ავიღებ მენშევიკების პერიოდს. ცხრამეტში იყო, მგონი, თურქებმა შემოგვიტიეს, ომი გამოუცხადეს საქართველოს. გამოცხადებით არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ, ფაქტიურად, საომარ მდგომარეობაში იყვნენ. შემოვიდნენ აქედან, მაგრამ სანამ ისინი შემოვიდოდნენ, აქაური თურქების ერთი ნაწილი, ისეთები, ახლა რომ ექსტრემისტებს ვეძახით, დატრიალდა და ადგილობრივ ქართველებსა და სომხებს მუსრი გაავლო. ეს ყველაფერი გვახსოვდა ჩვენ. მაგრამ ჩვენი ინიციატივით მაინც არ მომხდარა ეს გადასახლება. გადასახლება მოხდა მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მაშინ სტალინი იყო. სტალინის ინიციატივით იყო, ბერიას ინიციატივით იყო თუ კიდევ სხვა ვინმესი, ამას ვერ გეტყვით. ჩვენ იმ ღონისძიების გატარება არ შეგვეძლო, რადგან ამას აუარებელი სატრანსპორტო საშუალების გარდა, სჭირდებოდა იმ ტერიტორიაზე მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, სადაც ასახლებდნენ და ჩვენ ისიც არ ვიცოდით, სად ასახლებდნენ მათ.
აფხაზეთში გავრცელებულია აზრი, თითქოს ომის შემდგომ წლებში, თბილისში ან იქნებ მოსკოვში განიზრახეს აფხაზთა სრული გაქართველება. ამ მიზნით, საშუალო სკოლის პროგრამიდან ამოიღეს აფხაზური ენა და მთლიანად შეცვალეს იგი ქართულით. ამავე დროს, დაიწყეს რაჭა-ლეჩხუმიდან ოჯახების ჩასახლება, შექმნეს სოფლები ქართული ტოპონიმიკით. ამას წინათ ინგლისელმა ჰიუტმა ბოდიშის მოხდაც გთხოვა ყოველივე ამისათვის. როგორი იყო სინამდვილე?
ბოდიშის მოსახდელი, მე ვფიქრობ, არაფერი მაქვს. სკოლის საკითხზე გაუგებრობაა, ჩვენ აფხაზური ენა არსაიდან არ ამოგვიღია. აფხაზური ენა სკოლაში დარცა. საკითხი ეხება მხოლოდ და მხოლოდ დაწყებით განათლებას. დაწყებითი სკოლა იყო აფხაზური, მაგრამ არა ბოლომდე, რადგან სპეციალურ საგნებს აქაც რუსულად ასწავლიდნენ, მხოლოდ რუსულად, რადგანაც არც ტერმინოლოგია იყო, არც სახელმძღვანელოები, მასწავლებლებიც არ ჰყავდათ. ამიტომ, ფაქტიურად, ეს იყო რუსული სკოლა. ჩვენი ღონისძიება, რომელიც თვითონ აფხაზეთის ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა წარმოადგინა, მართალია, მათ შეიძლება მგელაძე მოელაპარაკა, შეიძლება კი არა, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, ეს დოკუმენტები შექმნეს. არქივებში შეიძლება ამის მოძებნა - სათანადო მოხსენებითი ბარათები წარადგინეს აფხაზეთის საოლქო კომიტეტში და ითხოვეს, რომ ცენტრალურ კომიტეტს ნება მიეცა მათთვის სკოლებში, იქ, სადაც რუსულად ასწავლიდნენ სპეციალურ საგნებს, ეს სასწავლო ენა შეეცვალათ ქართულით. მოსაზრება იყო, რომ შემდეგ მოწაფეებს სწავლა განეგრძოთ ქართულ სკოლაში. ქართული სკოლები იქ იყო. ახალი სკოლების დაარსება შეიძლება საჭირო გამხდარიყო, თუ ეს ღონისძიება გატარდებოდა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ზღუდავდა აფხაზური ენისა და ლიტერატურის შესწავლას, იმიტომ, რომ ამ სკოლების დაწყებით კლასებში ეს საგნები რა მოცულობითაც ისწავლებოდა, იმ მოცულობითვე დარცა. რაც შეეხება ქართულ სკოლას, სადაც უნდა ესწავლათ აფხაზ მოწაფეებს - იქაც მათ ექნებოდათ პირობები, რომ შეესწავლათ აფხაზური ენა და ლიტერატურა. ასეთი იყო მოსაზრება. მაგრამ ახლა გადაატრიალეს ყველაფერი და ისე გამოჰყავთ, თითქოს ჩვენ საშუალო სკოლაც გავაუქმეთ. რაც არ არსებობდა, იმას როგორ გავაუქმებდით? არ იყო აფხაზური საშუალო სკოლა. თუ რაიმე საყვედური ეთქმის ვინმეს, ეს, მე მგონი, მხოლოდ ერთ რამეზე, კერძოდ, იმაზე, რომ ჩვენ შევცვალეთ სასწავლო ენა რუსული ქართულით. ისიც ყველა სკოლაში კი არა, მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც ქართული ენა, ასე თუ ისე, მაინც ფეხმოკიდებული იყო.
აფხაზეთში იყო შედარებით მეტი თავისუფალი მიწა, ამ მიწას ათვისება უნდოდა, ამისთვის საჭირო იყო იქ მოსახლეობა ყოფილიყო. თვითონ აფხაზი მოსახლეობა მიწის ათვისების გარანტიას ვერ იძლეოდა თავისი მცირერიცხოვნობის გამო, თან ისინი უფრო მთებში იყვნენ ჩასახლებული, საუკეთესო მიწები კი იყო ქვევით. მეორე ის, რომ იქ სახლობდნენ ბერძნები, საბერძნეთის ქვეშევრდომნი და რატომღაც მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ საჭიროა მათი გადაყვანა სხვაგან, ყაზახეთში. ისინი წავიდნენ, რაკი უცხოელები იყვნენ. როცა ეს მიწები გათავისუფლდა, უნდა დასახლებულიყო. ჩასახელბა იქ ხდებოდა გეგმაზომიერად. განთიადი ომამდე შეიქმნა. „Пыленково” ერქვა. სახელების შეცვლა მგელაძის ინიციატივით მოხდა. აფხაზური იქ არაფერი არ იყო. აფხაზურ სახელებს არ ვცვლიდით და მითითებაც გვქონდა. ვცვლიდით მხოლოდ რუსულ სახელებს, გენერლების სახელებს. ამ გენერლების გვარებიდან წარმოქმნილი სახელები იყო „Ермолово” და ა.შ. ყოველ შემთხვევაში აფხაზებს არაფერი დაუკარგავთ, ეს ფაქტია. იქ უნდოდათ, რომ აფხაზური სახელები დარქმეოდა, ესაა საქმე.
... რასაკვირველია, ეს მოდიოდა ბერიასაგან. რადგან თვითონაც არ დაუმალავს, თქვა, რომ სტალინს მე ველაპრაკე უკანასკნელად ამ საკითხზეო. ყოფილა ასეთი წინადადება, თბილისისათვის დაერქმიათ სტალინის სახელი. ეს, ცხადია, ყოვლად მიუღებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინდელ დროში შეიძლებოდა გასულიყო კიდეც, სტალინს რომ არ გამოეჩინა თავდაჭერილობა, რაც მას საერთოდ ახასიათებდა.
ერთი - ორი წლის განმავლობაში ხაშურს ერქვა სტალინისი.
ეს რომელი წლებია?
ეს არის 28-29 წლები, მაგრამ შემდეგ გაიგო სტალინმა, რომ ხაშურისთვის სტალინისი დაურქმევიათ. ძალიან იწყინა და წინადადება მისცა, აღედგინათ ძველი სახელი.
ვიცი, არ გესიამოვნება ამაზე ლაპარაკი, გაზეთში დაიბეჭდა რაღაც ახსნა-განმარტების მსგავსი და მაინც საჭიროდ მიმაჩნია გკითხო. რა მოხდა ვაჟა-ფშაველასთან დაკავშირებით? რატომ გაახსენდა ის სტალინს ან რისთვის დასჭირდა მისი კრიტიკა? რა მოხდებოდა, რომ არ დამორჩილებოდი სტალინის ნებას, როგორი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები?
... სტალინი ფიქრობდა, რომ ქართულ ენას კიდევ ესაჭიროება გაერთიანება და საერთო ენის შექმნა მთელი ხალხისთვის. ამ ფონზე წარმოიშვა ეს საკითხი. ერთ-ერთი საუბრის დროს ის პოეზიას შეეხო და ვაჟა-ფშაველა ახსენა, მას ზოგიერთი მისი ლექსები ზეპირად ახსოვდა. ერთი ლექსი რომ თქვა, ვიფიქრე, რომ ვაჟას თაყვანისმცემელია. მეც გამიხარდა, რადგან ვაჟას დიდ პოეტად მივიჩნევ და ვუთხარი, უცნაურია, რომ გენიოსი, სადაც არ უნდა იყოს დაბადებული, მთაში თუ ბარში, მაინც გენიოსია და რომ ვაჟამ დიდი განძი დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით. იგი თავისებური, ორიგინალური, დიდი მოვლენაა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთოდ მსოფლიოს ლიტერატურაში-მეთქი. სხვათა შორის, არაფერი უთქვამს, დამეთანხმა კიდეც. ამით დამთავრდა საუბარი. უბრალოდ, მთხოვა, ხომ არ შეიძლება, რომ ვაჟას ნაწარმოებები გამომიგზავნოთო. გავუგზავნე 3 თუ 4 ტომი ის ძირითადი, რაც გამოცემული იყო. გავიდა თვე თუ თვე-ნახევარი და დამირეკა. ლაპარაკი შედგა რუსულად: „Вы говорили, что Важа-Пшавела гении, но я должен вас разочаровать. Важа-Пшавела очень болшои талант, но мировоззрение у него безнадежно осталое”. მერე ილაპარაკა იმაზე, რომ როცა ქართველი ხალხის დიდი შვილები - ილია, აკაკი, გოგებაშვილი ქმნიდნენ ერთ საერთო ენას, ვაჟა, პირიქით, ყველა ქართულ კილოკავს ენად მიიჩნევდაო (ვაჟას პოეზიას რომ იმ ენის სარჩული ჩამოაშორო, პოეზია ბევრს, ძალიან ბევრს დაკარგავს. ეს ჩემი შეხედულებაა, მაგრამ სტალინს ასეთი შეხედულება არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ ვაჟა, ენის თვალსაზრისით, ძალიან ჩამორჩენილია და ეს არ უწყობს ხელს ერთიანი ქართული ენის ჩამოყალიბებას).
გარდა ამისა, როცა საქართველოში სოციალური განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ვაჟა გვერდზე იდგა და არაფერში არ ერეოდაო. საკვირველია, რომ აკაკი წერეთლის შეხედულება ჩვენს მეცნიერებს არ მიაჩნიათ სწორად და იმის ნაცვლად, რომ აკაკის დაუჭირონ მხარი, ვაჟას ემხრობიანო და მოიყვანა მერე აკაკის ეს ცნობილი ლექსი: „ენას გიწუნებ, ფშაველო“. ეს არ არის სწორი, მერე გერონტი ქიქოძეს შეეხო. მარქსისტია თუ არა გერონტი ქიქოძეო. ქიქოძე მასთან მუშაობდა, არალეგალურად ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და იქიდან ახსოვდა. თავის ძველ წერილებში ვაჟას აკრიტიკებდა, ახლა კი ცაში აჰყავსო, ყველა მის სუსტ მხარეს დადებითი შეფასებას აძლევსო. ასეთი საუბარი შედგა. მაშინ მე არ გადამიწყვეტია, რომ გამოვიოდოდი. მერე დამირეკა სტალინმა, რაღაც სხვა საქმეებზე და თან მკითხა, როგორ არის ვაჟა-ფშაველას საქმეო. მე ვაგრძნობინე, რომ ძალიან არ მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკიც კი. ამაზე მან მითხრა, მე ჩემი გითხარით და თქვენ როგორც გინდათო. ეს ნიშნავდა, რომ მე პირდაპირ მეძლეოდა დავალება. სტალინის დავალების შეუსრულებლობა ჩვენ მაშინ ვერ წარმოგვედგინა. აი, ეს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. რასაც დაგვავალებდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. ურჩობა და წინააღმდეგობა, გარდა იმისა, რომ არავინ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამას, საერთოდ წარმოუდგენელი იყო იმ იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში, რომელიც იყო შექმნილი სტალინის დროს. ამიტომ იყო, რომ მე გამოვედი და გადმოვეცი დაახლოებით ის აზრი, რაც სტალინმა გამოთქვა ვაჟას შესახებ. ჩემს იმდროინდელ გამოსვლას ათას ინტერპრეტაციას აძლევდნენ ისინიც კი, ვინც საერთოდ არ იცნობს მას. მე იქ ვლაპარაკობ მხოლოდ იმაზე, რომ ვაჟა-ფშაველა კუთხურ ენას იყენებდა, რომ ეს სწორი არ არის ქართული ენის განვითრებისათვის, რომ ჩვენი მეცნიერები სწორად არ ეკიდებიან ამ საკითხს, რომ აკაკი მართალი იყო, ისიც ვთქვი, რომ ჩაკეტილი იყო ფშავში და მთელ თავის სემოქმედებაში მთიელების ბრძოლებს აღწერდა. ამავე დროს, მე ვამბობ, რომ ვაჟას შემოქმედებდა შევიდა საქართველოს ოქროს ფონდში, მაგრამ ის სუსტი მხარეები მაინც უნდა იყოს გაკრიტიკებული. აი, ასეთი არის ის ჩემი გამოსვლა.
ბერიას რა რეაქცია ჰქონდა „მეგრელთა საქმეზე“?
ბერია გაჩუმებული იყო, რას იტყოდა? სტალინთან ბერიას ამოღებული სიტყვა მე არ გამიგია. „Есть, товариш Сталин, верно, товариш Стлаин”, - აი, ეს ორი წინადადება იყო, რომელსაც განუწყვეტლივ მიმართავდა...
არის ასეთი ფაქტი, თეთრგვარდიელი ყვება, რომ რაღაც დანაშაულის გამო პატიმრებს კონდახებით სცემდნენ და ეს სასჯელი სტალინმა წიგნით ხელში გაიარა. მას ხელში ეჭირა წიგნი, როცა კონდახებს თავში ურტყამდნენ. სტალინი გამუდმებით კითხულობდა.
ლოთობის მთავარი ორგანიზატორი იქ იყო ბერია. ბერია ბევრს სვამდა. აქ სვამდა ღვინოს, თბილისში, იქ, მოსკოვში სვამდა გამუდმებით კონიაკს. ის იყო ორგანიზატორი, თამადა. კი არ ირჩევდნენ, თვითონ იწყებდა თამადობას, ამას გაუმარჯოს, იმას გაუმარჯოს... უცნაური წესი შემოიღო, რომ დალევდი და როცა ყველა გადღეგრძელებდა, ამბობდა „екстра пиз“ - არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ იქ ნიშნავდა, რომ კიდევ უნდა დაგელია სამადლობელი. ათი კაცი რომ ყოფილიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ იქვე გადაგორდებოდი. ამ დროს სტალინი თვითონ არ სვამდა. რაც შეეხება ხრუშჩოვს, ის სულ სვამდა, ლოთი კაცი იყო თვითონ, ამიტომ თავისი ძველი ცოდვები რომ მოიშოროს, წერს ასე სტალინის სმაზე.
სატისტური, ცინიკური ჰქონდა რამე? (ბერიას)
ჰქონდა, ცინიზმი ჰქონდა. ერთი შემთხვევა მახსოვს, ოპერის ლოჟაში ვსხედვართ. ეს რომ იჯდა სადმე, ათვალიერებდა ყველაფერს. ნინაც იყო. - ნინკა, შეხედე იმ კაცს, ჩხეიძეს არ ჰგავს სულო, - ჩხეიძე იყო იპოდრომის უფროსი მაშინ, - სულ სამი დღეა, რაც დავხვრიტეთ და აგერ ზისო. რაც მთავარია, სიცილით ამბობდა ამას, - აგერ არ მოსულა, კაციო! ჩხეიძეს ძალიან კარგად იცნობდა, შეიძლება მეგობრობდა კიდეც. ეგ იმიტომ, რომ ცხენთსაშენში ხშირად მიდიოდნენ საჯირითოდ ის და ნინაც. ნინას უყვარდა ცხენები. კავალერისტი იყო ის საცოდავი ჩხეიძე. რა უნდა იყოს ამაზე მეტი ცინიზმი.
... დაუწყო გინება ბერიამ. მოკლედ, ყველაფერი, რაც შემდეგ სტალინს მოსდეს, ყველაფერი იყო იქ ნათქვამი. ლოთობა ვერ თქვა, რადგან თვითონ იყო ლოთი. ყოველმხრივ გალაძღა მისი ხელმძღვანელობა. ვუყურებ ამ კაცს და გაკვირვებული ვარ, წინათ რას იძახდა და ახლა რას ლაპარაკობს, ერთი კი გამკრა გულში, რომ ის დაიღუპავდა თავს, იმიტომ, რომ ისე ლაპარაკობდა, აშკარად ზევით აპირებდა წამოსკუპებას. ალბათ შეცდებოდა რაღაცაში, მისი ამბავი რომ ვიცოდი, ეს მიიყვანდა დაღუპვამდე. ხომ არ ვეტყოდი. გააგრძელა ლაპარაკი და სტალინის ლანძღვა არანაკლებ ორი-სამი საატისა. სტალინის პიროვნების კულტუ პირველად სწორედ ბერიამ ახსენა მაშინ. ეს სიტყვა მის სკერეტარიატში წარმოიშვა.
„Деревянныи Бальзак“-ო, რატომ ამბობდა სტალინი, რას ერჩოდა?
ბალზაკი არ მოსწონდა მაინცდამაინც. წაკითხული ჰქონდა, მაგრამ არ მოსწონდა. მოპასანი მოსწონდა.
მოგეხსენება, რომ ექვთიმე თაყაიშვილზე დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, შეიქმნა ფილმებიც და გამოიკვეთა აზრი, რომ ექვთიმეს დევნიდნენ და ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ. შენ რა იცი ამის შესახებ, იმიტომ, რომ შენ დროს მოხდა მისი ჩამოყვანა.
ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიყვანეთ ომის დამთავრებამდე, 1945 წლის გაზაფხულზე. ეს საკითხი უშუალოდ სტალინისგან მომდინარეობდა. განძის გადმოცემის საკითხს მთავრობა აყენებდა, თუმცა დიპლომატიური არხებით ამას ვერ მიაღწიეს და თავი დაანებეს. სტალინმა ეს გაიხსენა ზუსტად მაშინ, როდესაც უნდა ჩამოსულიყო დე გოლი, ეს იყო 44-ის ბოლოს, დეკემბერში. მაშინ დე გოლთან ერთ-ერთ საკითხად დააყენა ქართული განძის დაბრუნების საკითხი. ...მე ვიცნობდი ექვთიმეს ნაშრომებს და ვიცოდი, თუ რას წარმოადგენდა ის ქართული მეცნირებისა და კულტურისათვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა ექვტიმე, ტანისამოსიც კი არ ჰქონია ხეირიანი. „ამ ჩამოხეული კოსტიუმით ვერ წამოვალ საქართველოშიო“ - უთქვამს. მაშინ ჩვენი საელჩოს საშუალებით შეიძინეს კოსტიუმი და ჩააცვეს ექვთიმეს. ისინი როცა ჩამოვიდნენ, ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიდა თუ არა, მე მივიღე ზომები, რომ კარგად მოგვეწყო. ჯერ ერთი, გამოვარკვიეთ, თუ ჰყავდა ნათესავები აქ. იყო მისი დის შვილი. ექვთიმემ დააყენა საკითხი, რომ ეცხოვრა მასთან ახლოს. მათ ისეთი ბინა არ ჰქონდათ, რომ ექვტიმე მიეღოთ და ერთად ეცხოვრათ. დავავალე თბილისის საბჭოს და მოახერხეს ისე, რომ გაათავისუფლეს ორი ოთახი ექვთიმეს დის ოჯახის ბინის გვერდით ისე, რომ შეეზლოთ, ბინები გაეერთიანებინათ. ეს გავუკეთეთ. შემდეგ ექვთიმეს სიარული უჭირდა, ბავშვობიდან კოჭლობდა, ამიტომ მანქანა მივეცით მძღოლით. მაშინ აკადემიაში არჩევნები მიდიოდა და დავალება მივეცით აკადემიას, აერჩიათ, თუმცა ისინიც სიამოვნებით აირჩევდნენ, უჩვენოდაც, უბრალოდ, ჩვენ თუ არ ვეტყოდით, შეიძლება ვერ გაებედათ. გარდა ამისა, მიეცა ლექციები უნივერსიტეტში, იქ მიიწვიეს ლექტორად. მოვაწყეთ მატერიალურად უზრუნველყოფილად. როცა მივირე, ოთხმოცდასამი წლსი იქნებოდა უკვე. ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. ვისაუბრეთ კარგა ხანს და დიდად კმაყოფილი გავისტუმრე. ყურადღება მას არ მოკლებია 1951 წლის ბოლომდე. როცა უკვე მე აღარ ვიყავი ჩემს მდგომარეობაში, რუხაძეს შეუვიწროებია ძალიან.
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2013წ.