თომას ვულფის წერილი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს
განა თქვენ არ გიმუშავიათ "სისხლის ცრემლებამდე"? განა თქვენ არ იცით, რა არის ეს - შექმნა ცოცხალი სიტყვა, დაწერო ცოცხალი წიგნი? ამიტომაც შეწყვიტეთ როშვა სიჭარბეზე, აუცილებლობაზე, იმაზე, რომ უნდა იყო "ღრმად ჩაფიქრებული ხელოვანი", რომელიც აკონტროლებს თავის ემოციებს. დაე, ეს ამტკიცონ ფადიმანებმა და დე ვოტოებმა, მაგრამ არა - სკოტ ფიცჯერალდმა...
დაე, ამ ტუტუცმა ჯუჯებმა გამომსახონ, როგორც აღფრთოვანებული ლენჩი, სიმაღლით ორი მეტრი, ძონძროხი და ტლანქი, გაუთლელი შვილი ბუნებისა, რომელიც ერთბაშად მოკბეჩს ნახევარ კოლოფ საღეჭ თამბაქოს, სულმოუთქმელად გადაჰკრავს ნახევარ კათხა სიმინდის ვისკის, მოიწმენდს სიფათს ბანჯგვლიანი ხელის ზურგით, მერე ახტება ჰაერში ერთი მეტრის სიმაღლეზე, ძირს დაშვებამდე ასწრებს ოთხჯერ მიარტყას ქუსლი ქუსლს და გულშემზარავად ღრიალებს:
"ეჰეი, მეგობრებო, გამეცალეთ გზიდან, ეს მე ვარ, წყეული ძაღლთაპირი ბოსკომის ოლქიდან".
შემდეგ მიუჯდება საწერ მაგიდას და ერთ ჯერზე თხზავს სამასი ათას სიტყვას, მერე აკინძავს და წამოიძახებს: "აი, ჩემი წიგნი!"