ზურაბ აბაშიძე - დანგრეული კედლის ჩრდილში
საბჭოთა კავშირი გუშინ, დღეს, ხვალ
ვის ესაზღვრება საბჭოთა კავშირი? ვისაც უნდა, იმას ესაზღვრება... - საბჭოთა პერიოდის ანეკდოტი
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დღემდე გრძელდება დისკუსიები დასავლეთის ქვეყნების დახმარების შესახებ. ამ დისკუსიების პათოსი მეტწლიად ასეთია: საკმარისად არ გვეხმარებიან! რატომღაც ჰგონიათ, რომ 70 წლის მანძილზე დასავლეთთან დაპირისპირებით და მისი დამარცხების მცდელობებით მოწინააღმდეგის მეტი დახმარება დაიმსახურეს, ამიტომაც მეტი ეკუთვნოდათ.
პირდად მე საბჭოთა კავშირის დაშლამდე თუნდაც 5 წლით ადრე ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც შემდეგ ელვისებური სისწრაფით მოხდა. როგორც ჩანს, მარტო მე არ ვიყავი ახლომხედველი. მოვიყვან ორი უაღრესად ავტორიტეტული პიროვნების აზრს. კერძოდ, „ცივი ომის“ პერიოდში აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი აქიტექტორის, ცნობილი დიპლომატის, ჯორჯ კენანის აზრით „უახლეს ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება იმაზე უფრო უცნაური, გამაოგნებელი და, ამავე დროს, აუხსნელი მოვლენა, ვიდრე საბჭოთა კავშირის სრული დაშლა და შემდგომ მისი გაუჩინარებაა“. ამავე აზრისა გახლავთ ცნობილი სოვეტოლოგი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მრჩეველი რიჩარდ პაიპსი, რომელიც ავტორია 1993 წელს გამოქვეყნებული სტატიისა: „საბჭოთა კომუნიზმის უცნაური სიკვდილი“. ეს სათაური თავისთავად მიანიშნებს სტატიის შინაარსზე.
1983 წლის პირველ სექტემბერს ცნობილი ხდება, რომ საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავმა შორეულ აღმოსავლეთში სარაკეტო დარტყმით გაანადგურა სამხრეთ კორეის სამგზავრო „ბოინგი“, რამაც 269 სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, საბჭოთა მხარე ამტკიცებს, რომ ამის უფლება ჰქონდა, რადგან „ბოინგი“ ქვეყნის სივრცეში შეიჭრა და თანაც არ დაემორჩილა შესაბამის მითითებებს. სამხრეთ კორეის აზრით კი „ბოინგს“ საბჭოთა საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და რომც დაერღვია, მისი ჩამოგდება საერთაშორისო ტერორიზმის ბარბაროსული აქტია.
„ქარიშხალი უდაბნოში“ და ერაყის დაუსრულებელი ტრაგედია
რას იზამ, „ჩემისა“ და „შენის“ გარჩევა დიდი ქვეყნების შვილებს ხშირად უჭირთ ხოლმე. მათ წარმოუდგენიათ, რომ სამყარო მხოლოდ „შენიანებისგან“ და „მოწინააღმდეგეებისგან“ შედგება, ხოლო რაც შენს მოწინააღმდეგეს არ ეკუთვნის, ის შენია. ასე დამართვია ტაქსის რუს მძღოლსაც: საკუთარი ქვეყანა თავზე ენგრეოდა და საბჭოთა კავშირის მეგობარ ერაყს კი ეპოტინებოდა, რომელიც უკვე თავისად მიაჩნდა.
***
ერაყის პირველი მამლუქი გამგებელი იყო სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა. იგი თორმეტი წლისა წაიყვანეს საქართველოდან უცხოეთში და ერაყის გამგებელს - ჰასან ფაშას - მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისათვის ჰასან-ფაშამ იგი მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. შემდეგ სულეიმან ფაშა ჰასანის ვაჟისა და მემკვიდრის, აჰმედ ფაშას სიძე გახდა. 1733 წელს მას მირმირანის (მთავარსარდლის) ტიტული უბოძეს და ქაჰიას (ფაშის მოადგილის) თანამდებობაზე დანიშნეს. 1747 წელს ადანის გამგებლად გადაიყვანეს, იქიდან ერთი წლის სემდეგ ბასრის მუთასალიმად (გამგებლად) გაგზავნეს. 1747 წელს, როცა აჰმედი გარდაიცვალა, ოსმალეთის სულთანმა, მამლუქებს რომ ძალაუფლება ხელთ არ აეღოთ, ბაღდადის გამგებლად (ვალი) თავისი კაცი დანიშნა, მაგრამ სულეიმანმა ის გააძევა და ქართველებზე დაყრდნობით 1749 წელს ერაყის პირველი მამლუქი ფაშა გახდა. სწორედ მისი ზეობით იწყება ერაყში მამლუქთა გამგებლობის ხანა.1780-1802 წლებში ბაღდადის ფაშა იყო ქართული წარმომავლობის ფაშა ბუიუქი. მისი ზეობა ითვლება ოქროს ხანად ერაყის მამლუქთა ისტორიაში. იგი ახალგაზრდობისას საქართველოდან ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. მარდინის გამგებელმა მუჰამედ ეფენდი ბეგმა ბაღდადში ჩაიყვანა და ერაყის გამგებელს, ჩვენთვის უკვე ცნობილ სულეიმან აბუ-ლაილას უფეშქაშა. ამ უკანასკნელმა სულეიმანი თანამემამულე მამლუქთაგან დაკომპლექტებულ რჩეულ სამხედრო რაზმში ჩარიცხა და დააწინაურა. 1765 წელს ბასრის გამგებლად დანიშნეს, ხოლო 1780 წელს ერაყის ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში და ოცდაორ წელს განაგებდა. თავისი კლანის გასალძლიერებლად მან ერაყში უამრავი ქართველი შეიყვანა, განამტკიცა ბატონობა დაქსაქსულ მამლუქებზე და შეზღუდა იანიჩართა გავლენა. სულეიმანის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ერაყის გაძლიერება, ირანელთა თავდასხმებისა და არაბ ტომთა გამუდმებული თარეშის აღკვეთა, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ურთიერთობა ევროპასთან. ის გახლდათ ქულემენების ქართული დინასტიის ფუძემდებელი ერაყში.
ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი კი დაუდ ფაშა გურჯი იყო, რომელიც საქართველოში, ქვემო ქართლში დაიბადა, გვარად მანველაშვილი; ბავშვობაში ტყვეებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. მოხვდა ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეკავა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა. ერაყის მმართველად გახდომის შემდეგ განუდგა ოსმალეთის სულთანს და დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. არმია ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა, ერაყში გახსნა პირველი სტამბა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წლების ომში ცდილობდა ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1830 წელს სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. დაუდ ფაშა დამარცხდა და 1831 წელს თურქებს დანებდა. ამის შემდეგ იგი ბოსნიის გამგებელი იყო (1834-36), 1836 წელს სტამბოლში გადაიყვანეს, ხოლო 1839-41 წლებში განაგებდა ანკარის ვილაიეთს. 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და თავისივე თხოვნით მოციქულ მუჰამედის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა. დაუდ ფაშა გურჯი მედინაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.
***
ირანიდან შაჰის მიერ გაძევებული ხომეინი ერთხანს სწორედ ერაყს აფარებდა თავს. იმავე შაჰის თხოვნით კი სადამმა აიათოლა 1978 წელს ერაყიდან გააძევა (1979 წელს თეირანში ტრიუმფალურად დაბრუნებამდე იგი პარიზში ცხოვრობდა). ირანში რევოლუციური ვნებათაღელვის დროს აიათოლამ მოუწოდა ერაყის შიიტურ მოსახლეობას, მოეშორებინათ „კორუმპირებული სეკულარული რეჟიმი“. სადამ ჰუსეინმა ამ მოწოდებას მხეცური ჟინით უპასუხა - მისი ბრძანებით დააპატიმრეს და სასტიკი წამებით მოკლეს ცნობილი ერაყელი შიიტი აიათოლა მუჰამედ ბაქირ ალ-სადრი. ამის შემდეგ ხომეინიმ კიდევ უფრო აიმაღლა ხმა სადამის წინააღმდეგ. საპასუხოდ სადამმა 1980 წლის სექტემბერში ირანის ტერიტორიაზე ჯარი შეიყვანა და საომარი მოქმედებები დაიწყო. ერაყ-ირანის ომმა 8 წელს გასტანა და მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცოხლე შეიწირა. სადამის ბრძანებით ერაყის არმია ქიმიურ იარაღსაც იყენებდა, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით.
1986 წელს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა საიდუმლოდ, კონგრესის ნებართვის გარეშე, თეირანს იარაღის პარტია მიაწოდა, ხოლო ამ ოპერაციიდან ამოღებული თანხა, ასევე საიდუმლოდ, ნიკარაგუელ პარტიზანებს გადასცა, რომლებიც მარქსისტი სანდინისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამ ისტორიას ვაშინგტონში დიდი სკანდალი მოჰყვა, რომელმაც რეიგანი კინაღამ იმსხვერპლა. ერაყ-ირანის ტრაგიკული ომის დასრულების შემდეგ, სადამ ჰუსეინმა ჯავრი უმთავრესად ქვეყნის „მოღალატე“ ქურთ მოსახლეობაზე იყარა. სადამის უშუალო ხელმძღვანელობით 1987-1990 წლებში ერაყის ქურთისტანში ნამდვილი გენოციდი განხორციელდა. ერაყის ჩრდილოეთ რეგიონის გუბერნატორის, სადამ ჰუსეინის ბიძაშვილის ბრძანებით, ჯარს ქურთისტანში უნდა გაენადგურებინა „ყოველგვარი ცოცხალი არსება“. ბრძანება „წარმატებით“ შესრულდა: მას 180 ათასამდე ქურთი შეეწირა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად ქურთისტანის ტერიტორიის დიდი ნაწილი საერთოდ გაუკაცრიელდა, პირისაგან მიწისა აღიგავა 4 ათასი სოფელი.
***
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ ქუვეითში ერაყის ინტერვენციის შესახებ მოსკოვში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ ბეიკერისგან. ეტყობა, საბჭოთა დაზვერვა ერაყში ან "ჭურში იჯდა", ან საბჭოთა მინისტრს არ აწვდიდნენ ასეთ ინფორმაციას. ორივე შემთხვევაში, ჩემი მოსკოველი ნაცნობი ტაქსის მძღოლი ნამდვილად დამსახურებულად აკრიტიკებდა საბჭოთა მთავრობას.
ამ დრამატული ისტორიის დადებითი მხარე ის იყო, რომ ბეიკერისა და შევარდნაძის შეთანხმებით გადაწყდა, გაეროს უშიშროების საბჭოში მომზადებულიყო მკაცრი რეზოლუცია აგრესორის წინააღმდეგ. ეს რეალურად პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვაშინგტონი და მოსკოვი საერთაშორისო მასშტაბის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთი პოზიციით წარდგებოდნენ მსოფლიოს წინაშე.
ბეიკერ-შევარდნაძის გადაწყვეტილებამ დიდი აურზაური გამოიწვია; როგორც შევარდნაძე იგონებს: "დიდი ჯაფა დამადგა მაშინ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ განცხადების განხილვისას სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროში შემექმნა პრობლემები. უმცირესობაში აღმოვჩნდი. ზოგიერთი ჩემი მოადგილე და ექსპერტი წინააღმდეგი იყო: ერთნი - ფორმულირებებისა, მეორენი კი, საერტოდ - განცხადებისა. ერაყსა და ახლო აღმოსავლეთთან ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობანი გვქონდა, ამდენად, მათ პოზიციას სერიოზული საფუძველი ჰქონდა; მაგრამ საფუძვლიანი იყო ჩემი პოზიციაც, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანსა და ერთ რეგიონთან ურთიერთობის პრობლემებს კი არ ითვალისწინებდა, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალსა და საბჭოთა კავშირის როლს ამ მომავალში, საბჭოთა კავშირის ახალი პოლიტიკური კურსის გაგრძელებას... სხვა გზა არ იყო - კოლექტიური გადაწყვეტილების ნაცვლად, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მივიღე, პასუხისმგებლობაც მთლიანად ჩემს თავზე ავიღე".
მაგრამ, რადგან მოსკოვში სადამ ჰუსეინს ჯერ კიდევ მეგობრად მიიჩნევდნენ, გორბაჩოვმა ბაღდადში, შევარდნაძის გვერდის ავლით, არაბულ სამყაროში ავტორიტეტული პოლიტიკოსი - ევგენი პრიმაკოვი მიავლინა. ამან საგარეო საქმეთა მინისტრის უკმაყოფილება გამოიწვია: "არ შეიძლება ქვეყანას ორი საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს!"
***
ბაღდადში სამშვიდობო მისიით ჩასული რუსეთის ფედერაციის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი ცდილობდა დაერწმუნებინა სადამ ჰუსეინი, სასწრაფოდ გაეყვანა ჯარი ქუვეითიდან. სადამი თითქოს თანახმა იყო, თუკი მას "სახის შენარჩუნების" საშუალება მიეცემოდა. პრიმაკოვი თავის მემუარებში იგონებს:
- შენ უნდა იცოდე, რომ ერაყის ხელმძღვანელობაში მარტო ქორები კი არა, მტრედებიც არიან, - მითხრა სადამმა და ერაყის რევოლუციური საბჭოს წევრებს გადახედა.
ჩემს რეპლიკაზე, რომ მხოლოდ მტრედებთან ვამჯობინებდი საუბარს, ვიცე-პრეზიდენტმა რამადანმა ასე მიპასუხა:
- მაშინ ჩვენ ყველას აქედან წასვლა მოგვიწევს, ხოლო თქვენ - ჩვენს საყვარელ ლიდერთან პირისპირ დარჩენა".
***
17 იანვარს, ანუ გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებული ულტიმატუმის გასვლისთანავე, კოალიციურმა ძალებმა დაიწყეს მასშტაბური საჰაერო კამპანია ერაყის წინააღმდეგ - ოპერაცია "ქარიშხალი უდაბნოში". ...რამდენიმე საათში ერაყელ ხალხს რადიოთი მიმართა სადამ ჰუსეინმა სიტყვებით: "დაიწყო დიდი ორთაბრძოლა, მშობელი ყველა ბრძოლისა. ჩვენი გამარჯვება ახლოვდება. დიდ არს ალაჰი!"
სადამის მიერ საკუთარი ხალხის წინაარმდეგ გამოჩენილი სისასტიკის შედეგებს მომდევნო წლებში გაეროს ეკონომიკური სანქციებიც დაემატა, რომელთა შედეგად სადამის ოჯახისა და გარემოცვას არაფერი დაკლებია; სამაგიეროდ, გაეროს მონაცემებით, 500 ათასამდე ბავშვი შიმშილითა და საკვების უკმარისობით გამოწვეული დაავადებებით გარდაიცვალა.
იმის გამო, რომ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ და მისმა ლიდერმა იასირ არაფატმა მხარი დაუჭირეს სადამ ჰუსეინს, ქუვეითის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 450 ათასი პალესტინელი, რომლებიც მოსახლეობის 30%-ს შეადგენდნენ. ეს იყო ფაქტობრივად ეთნიკური წმენდა და თავისი მასშტაბით პალესტინელების მეორე ყველაზე დიდი ძალადობრივი ადგილმონაცვლეობა.
გერმანიის გაერთიანება: ძველი ევროპის ახალი სახლი
საბჭოთა სამხედროების შთამბეჭდავ რაოდენობაბაზე გერმანელები მწარედ ხუმრობდნენ. მაგალითად, ამბობდნენ, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგად კითხვაზე: "ბევრი რუსია გდრ-ში?" პასუხები ასე გადანაწილდა: 50% -"ja", 50% - "нет!"
ტეტჩერმა პირდაპირ განაცხადა 1989 წელს სტრასბურგში გამართულ ევროგაერთიანების სამიტზე: "ჩვენ ამ საუკუნეში გერმანია ორჯერ დავამარცხეთ. ახლა ისინი უკან ბრუნდებიან!"
აშშ-ის ცენტრალური სადაზღვევო სამმართველოს ყოფილი შეფი, შემდგომ კი თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი იგონებს, "ჩვენ ორი ხერხით ვცდილობდით საბჭოელების მოთაფვლას გერმანიის საკითხთან დაკავშირებით: პირველი - ეს გახლდათ გერმანელების მზადყოფნა, ქვეყნის გაერთიანების სანაცვლოდ გადაეხადათ დიდი თანხა მოსკოვისთვის, რაც მას უაღრესად წაადგებოდა შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში. საბჭოელებმა კრედიტებისათვის ჩვენც მოგვმართეს, მაგრამ ჩვენ არც დადებით პასუხს ვაძლევდით და არც უარყოფითს, რათა მოსკოვს გადაედგა დამატებითი ნაბიჯები. მეორე - ჩვენ ვცდილობდით რამდენიმე წინადადების შემუშავებას ნატოში გაერთიანებული გერმანიის წევრობასთან დაკავშირებით, რომლებიც მისაღები იქნებოდა გორბაჩოვისთვის...".
როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისით, მოხდა არა ორი სახელმწიფოს გაერთიანება, (ასეთი სამართლებრივი გზა ახალი კონსტიტუციის შექმნას მოითხოვდა) არამედ გფრ-ის შემადგენლობაში გდრ-ის ინკორპორაცია 5 ისტორიული ოლქის სახით.
***
1991 წლიდან გერმანიის მოქალაქეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ გდრ-ის საიდუმლო პოლიციის "შტაზის" მასალებს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურის არქივებში ბევრი ისეთი რამე აღმოაჩინეს, რაც ათასობით დეტექტიურ რომანს "დაამშვენებდა". 1957 წლიდან 1989 წლამდე (32 წელი!) "შტაზის" უცვლელად ხელმძღვანელობდა ლეგენდარული ერიჰ მილკე, ხოლო ამ ორგანიზაციის სადაზვერვო სამსახურს - არანაკლებ ლეგენდარული მარკუს ვოლფი (29 წელი!). "შტაზი" აწარმოებდა არა მხოლოდ ჯაშუშობას, არამედ მოქალაქეთა თვალთვალს, პოლიტიკურ ტერორს, დივერსიულ საქმიანობას, იარაღით ვაჭრობას. არქივებში ინახებოდა გდრ-ის თითქმის ყველა მოქალაქის პირადი დოსიე. 1989 წლისთვის "შტაზის" 100 ათასამდე თანამშრომელი ჰყავდა, უშტატო ინფორმატორთა რაოდენობა კი ნახევარ მილიონზე მეტი იყო. "შტაზის" საქმიანობას ხშირად მისი უფროსი ძმა - КГБ-ც კი შურით შესცქეროდა. ამაოდ არ დამაშვრალან ფაშისტური "გესტაპოს" ამადგარები... მილკეს უწყების მეშვეობით გდრ ეწეოდა ფრიად ორიგინალურ ბიზნესს - დასავლეთ გერმანიას შესაბამისი გამოსასყიდით გადასცემდა პოლიტიკურ პატიმრებს, დისიდენტებს და იმათი ოჯახის წევრებს. მოკლედ, ხდებოდა ელემენტარულად ადამიანებით ვაჭრობა. ამგვარად, 1963 წლიდან 1989 წლამდე გფრ-მ კომუნისტური გერმანიისაგან შეიძინა 30 ათასამდე ადამიანი. თითოეულ მათგანში ჰონეკერის მთავრობას უხდიდნენ საშუალოდ 100 ათას დასავლეთგერმანულ მარკას, რამაც მთლიანად 3 მილიარდი მარკა შეადგინა; მშვენიერი თანხაა მშრომელთა სამოთხის ასაშენებლად!
ორ გერმანიას შორის ადამიანებით ვაჭრობის შუამავალი იყო ვინმე იურგენ შტანგე დასავლეთ ბერლინიდან. როდესაც გდრ-ს საკვები პროდუქტი შემოაკლდა, ამ პიროვნების მეშვეობით დაიწყო პრიმიტიული ბარტერული ოპერაციების განხორციელება. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს გდრ-ის 800 მოქალაქე გადაიცვალა კარაქის, ყავის, შხამქიმიკატების საკმაოდ დიდ პარტიებზე.
"10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო"
აშლილ და არეულ ქვეყანაში (საქარველოში) წინა პლანზე გამოდიოდნენ ათასი ჯურის ავანტიურისტები, აფერისტები, ბანდიტები. მახსოვს, როგორ გვპირდებოდა თბილისში ჩამოსული ერთი თაღლითი იტალიელი "ფერარის" ქარხნის აშენებას. ჩემი ნაცნობი ესპანელი კი მზად იყო დაებანდებინა საქართველოში 100 მილიონი დოლარი ისე, ყოველგვარი ანგარების გარეშე, "ქართველების სიყვარულით" (საბოლოოდ, ესპანელმა "ინვესტორმა" ჩემგან 350 დოლარი ისესხა და უგზო-უკვლოდ გაქრა). რეალურად მილიონების "მოტეხვის" ყველაზე ნაღდი სქემა ასეთი იყო: მოქრთამვით ისესხებდი სახელმწიფო ბანკიდან, ვთქვათ 100 მილიონ რუბლს 6 თვის ვადით. გადაცვლიდი ამ თანხას 10 მილიონ დოლარზე. ამ რაოდენობიდან 5 მილიონ დოლარს 5 თვის შემდეგ უკვე ორჯერ გაუფასურებულ რუბლზე გადმოცვლიდი და კვლავ 100 მილიონს მიიღებდი. ჯიბეში კი დაგრჩებოდა 5 მილიონი დოლარი, ყოველგვარი ნერვიულობისა და თავის ტკივილის გარეშე.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი რობერტ გეიტსი თავის მემუარებში წერს: "წლების განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო მოსკოვზე; ამიტომ, რაღაც ეტაპზე არმოვაჩინეთ, რომ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით არარუსულ რესპუბლიკებსა და ეთნიკურ ჯგუფებზე. მაგალითად, როდესაც ერევანსა და ბაქოს შორის პრობლემები წარმოიშვა, რამდენიმე დღე გვჭირდებოდა ამ ქალაქებიდან გაზეთების მისაღებად. ასეთ რეგიონებში ჩვენი ინფორმაციის სხვა საშუალებები ძალიან შეზღუდული იყო".
მოსკოვის ტელევიზია "გკცპ"- ის განცხადებების შუალედში, კლასიკურ საბჭოურ სტილში, ჩაიკოვსკის "გედების ტბას" გვიჩვენებდა. ამ ბალეტის ტრანსლირება, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, ან პოლიტბიუროს რომელიმე წევრის, ან თვით გენერალური მდივნის გარდაცვალების ნიშანი იყო; ამიტომაც გაგვიჩნდა ეჭვი, რომ გორბაჩოვი ცოცხალი აღარ იყო. გაფაციცებით ვეძებდით "ამერიკის ხმის", "თავისუფლების", "ბი-ბი-სის" ინფორმაციებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი განწყობა იყო მოსახლეობაში, რიგითმა რუსმა მოქალაქემ ასე უპასუხა: "მოსახლეობა დაიყო ოპტიმისტებად, პესიმისტებად და რეალისტებად. ოპტიმისტები სწავლობენ ადგილობრივ ენებს, პესიმისტები - ციმბირის რუკებს, ხოლო რეალისტები - კალაშნიკოვის ავტომატს".
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ბეიკერმა განაცხადა, რომ აშშ მათ მხარს დაუჭერდა გამომდინარე საკუთარი პრინციპებიდან და ფასეულობებიდან. საქართველოსთან დაკავშირებით კი მან დასძინა: "საქართველოს პრეზიდენტი (ზ.გამსახურდია) ყველაზე მეტს საუბრობს დამოუკიდებლობაზე, მაგრამ იგი დემოკრატი არ არის".
იუგოსლავია: ჯოჯოხეთი ტურისტულ სამოთხეში
იუგოსლავიის საზღვრები კაპიტალისტურ მეზობლებთან ფაქტობრივად ღია იყო. ამიტომ, ჩვენთვის ნორმალურად ჟღერდა ფრაზა - "იუგოსლავია სოციალისტურია, მაგრამ კაპიტალისტურ ქვეყნად ითვლება".
ტიტომ კარგად იცოდა სტალინის შავბნელი გეგმების შესახებ, მაგრამ ფაშისტებთან ბრძოლებში გამობრძმედილი იუგოსლავიელი ლიდერის დაშინება რთული საქმე აღმოჩნდა. მან ასეთი "ქუჩური" შეტყობინებაც კი მიახალა საჯაროდ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს: "შეწყვიტე მკვლელების გამოგზავნა, ჩვენ ხუთი მათგანი უკვე დავიჭირეთ... თუ ამას კვლავ გააგრძელებ, ისეთ ფეხმარდ ხალხს გამოვუშვებ მოსკოვში, რომ მეტის გამოგზავნა აღარ დამჭირდება".
სხვადასხვა მონაცემებით ხორვატიის ომში დაიღუპა 20 ათასამდე ადამიანი, აქედან 13 ათასამდე ხორვატი და 7 ათასამდე სერბი. 50 ათასამდე ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა. 220 ათასამდე ხორვატი და 300 ათასამდე სერბი ლტოლვილი გახდა, დაინგრა 180 ათასამდე შენობა. ეკონომიკურმა ზარალმა, სულ მცირე, 30 მილიარდი დოლარი შეადგინა.
1995 წლის ივნისში სერბებმა, გენერალ რატკო მლადიჩის მეთაურობით, აიღეს სრებრენიცა და ერთდროულად მოკლეს 8 ათასი მუსლიმი. გაეროს ცისფერჩაფხუტიანებმა 400-მა ჰოლანდიელმა სამხედრომ - წინააღმდეგობა არ გაუწია აგრესორებს. (ამ ფაქტს ჰოლანდიაში სკოლის მოსწავლეებს აცნობენ, როგორც სამხედროთა უღირსი ქცევის ნიმუშს) მოგვიანებით ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადეს, რომ ალიანსის სამხედრო თვითმფრინავები ცდილობდნენ სერბების შეჩერებას და მათი პოზიციების დაბომბვას, მაგრამ ცუდმა ამინდმა მათ ხელი შეუშალა.
***
ბოსნიის ომის შედეგად დაიღუპა 100 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან დაახლოებით 50 ათასი სამოქალაქო პირი; დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობიდან 38 ათასი მუსლიმი და ხორვატია, 18 ათასამდე - სერბი; დაღუპულ სამხედრო პირთა შორის 6 ათასი ხორვატია, 14 ათასი სერბი და 28 ათასი მუსლიმი;
ომმა გაანადგურა და დააზიანა შენობათა და საცხოვრებელი სახლების 2/3; დაინგრა 2 ათასი კმ. სიგრძის საავტომობილო გზები, 70 კაპიტალური ხიდი, მთლიანად მოიშალა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. სხვადასხვა შეფასებით ეკონომიკურმა ზარალმა შეადგინა 50-80 მილიარდი დოლარი, ანუ შიდა ეროვნული პროდუქტის 75%;
ეთნიკური წმენდისა და კოლექტიური ძალადობის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 2 მილიონზე მეტი;
გაუპატიურების მსხვერპლი გახდა 40-დან 50 ათასამდე ქალი და მცირეწლოვანი. სექსუალური ძალადობა უმთავრესად ხორციელდებოდა მუსლიმ ქალებზე. მასობრივი გაუპატიურება წარმოადგენდა "ეთნიკური წმენდის" პოლიტიკის ნაწილს და მისი მიზანი იყო უმთავრესად მუსლიმი მოსახლეობის კულტურული და სოციალური კავშირის მოშლა;
ომის დროს დაპირისპირებული მხარეების მიერ შექმნილი საკონცენტრაციო ბანაკების ჯოჯოხეთი გაიარა ათიათასობით ადამიანმა. საკონცენტრაციო ბანაკები, ან როგორც მათ ადგილზე უწოდებდნენ, "თავმოყრის პუნქტები", სამხედრო ტყვეებისათვის იყო განკუთვნილი, თუმცა რეალურად იქ მშვიდობიანი მოსახლეობაც ჰყავდათ ტყვეობაში, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ყოფილი იუგოსლავიისათვის შექმნილმა საერთაშორისო ტრიბუნალმა ჩადენილი სამხედრო დანაშულებებისათვის აღძრა საქმეები 161 პიროვნების წინააღმდეგ. მათგან დღეისათვის განაჩენი გამოუტანეს 64 პიროვნებას, აქედან 47 სერბს, 12 ხორვატსა და 5 ბოსნიელ მუსლიმს.
იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საერთაშორისო სასამართლოს სასჯელს ელის რადოვან კარაჯიჩი.
2011 წელს ჰააგის სასამართლოს გადასცეს გენერალი რატკო მლადიჩი.
ჩვენი დროის "გმირი" - საერთაშორისო ტერორიზმი
2000 წლისთვის ავღანეთი აწარმოებდა ოპიუმის მსოფლიო მოხმარების 75%-ს, რაც 80 ათას ჰექტარზე მოჰყავდათ.
იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ნატოს შესაძლო მარცხს ავღანეთში, ზბიგნევ ბრზეჟინსკი თავის ახალ ნაშრომში "სტრატეგიული ხედვა" წერს: "ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არარსებობის პირობებში, ქვეყნის ბედი საველე მეთაურების ხელში აღმოჩნდება. პაკისტანი და ინდოეთი ღიად და ინტენსიურად დაიწყებენ შეჯიბრებას ავღანეთში თავიანთი გავლენის გასაძლიერებლად... შესაბამისად, გაიზრდება ალბათობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის, როგორც მინიმუმ, არაპირდაპირი სახმედრო კონფლიქტისა. ირანი, ალბათ, ისარგებლებს პაკისტან-ინდოეთის დაპირისპირებით, რათა გაიძლიეროს რეგიონში პოზიციები..., რაც სერიოზულად შეცვლის ძალთა ბალანსს. შუა აზიის მეზობელი ქვეყნები ასევე ჩათრეული აღმოჩნდებიან ამ რეგიონულ ძალთა თამაშში და რაც უფრო მეტი მოთამაშე გამოჩნდება ავღანეთში, მით უფრო მეტი იქნება დიდი რეგიონული კონფლიქტის ალბათობა... პაკისტანის დახმარებით, თალიბები ამ ვითარებაში კვლავ მოგვევლინებიან უდიდეს დესტრუქციულ ძალად... ასეთი ავღანეთი კიდევ მეტად შეუწყობს ხელს ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობას და გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ბუდე".
ცნობილია, რომ 1990-1999 წლებში მსოფლიოში განხორციელდა 6 ათასამდე ტერაქტი.
ბუდიონოვსკის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ რუსეთში მიიღეს სპეციალური კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, რომელიც კრძალავს ტერორისტების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
ახალი და ძველი კონფლიქტები: ხან - წუთი, ხან - საუკუნე...
თავის მემუარებში ბორის ელცინი წერს: "ფაქტობრივად რუსეთმა აღიარა თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლეგიტიმურობა. რუსეთმა უარი თქვა თავის ამოცანებზე - დაემყარებინა კონტროლი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, აღედგინა რუსეთის კანონების უზენაესობა, განეიარაღებინა უკანონო არმია. სამხედროებმა ეს შეთანხმება ღალატად შეაფასეს, გაზეთებმა - კაპიტულაციად, დუმამ - ავანტიურად. ამის მიუხედავად, რუსეთის საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას უდიდესი შვებით შეხვდა. ყველა გადაიღალა ომისაგან, სისხლიანი დაპირისპირებისაგან. ყველას სურდა მშვიდობა. ... ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რომ მშვიდობა ჩეჩნეთში ვერ დაისადგურებდა. ჯერ არ ვიცოდით, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ჩვენ მიერ ჩეჩნეთის პრობლემის სწრაფ და ეფექტურ მოგვარებას".
1993 წელს რუანდის მთავრობამ ჩინეთში შეიძინა 500 ათასი მაჩეტე.
რუანდის გენოციდის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სავარაუდო ციფრი 900 ათასია. აქედან ჰუტუთა რაოდენობა დაახლოებით 10%-ია. საშუალო გამოთვლით, ყოველდღიურად კლავდნენ 10 ათას ადამიანს, ანუ ყოველ ერთ წუთში - ერთ რუანდელს. როგორ არ მოგაგონდება პოეტის შეკითხვა: "წუთი თუ საუკუნე?" ძალადობის მანქანა ამოქმედდა "ვერაგი" ტუტსი ქალების წინააღმდეგ. გაუპატიურებულთა რაოდენობა 300-დან 500 ათასამდე მერყეობს. მათი უმეტესობა HIV-ით დაავადდა. გაუპატიურება ხდებოდა განსაკუთრებული სისასტიკით, ახლობლებისა და ბავშვების თვალწინ. "სესუალური გენოციდის" შედეგად რუანდაში 400 ათასამდე ბავშვი გაჩნდა.
2010 წელს რუანდაში ვიზიტისას საფრანგეთის პრეიზდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღიარა "გენოციდის პერიოდში საფრანგეთის მიერ დაშვებული შეცდომები".
გაეროს მიერ 1994 წელს შეიქმნა რუანდისათვის საერთაშორისო სასამართლო, მაგრამ ვერავითარმა სამართალმა "პური ვერ ჭამა". 2012 წლისათვის სასამართლომ მხოლოდ 30-მდე დამნაშავეს გამოუტანა განაჩენი. სხვებს თვითონ რუანდის სასამართლომ განუსაზღვრა სიკვდილით დასჯა, რაც სისრულეში მოიყვანეს კიგალის ფეხბურთის მოედანზე.
ერთპოლუსიანი მსოფლიო: აშშ და გუნდი მისი
"XX საუკუნის მიწურულს ამერიკა მსოფლიოს წინაშე აღიმართა, როგორც მისი ერთადერთი და შეუცვლელი ლიდერი... არსებობოს შემთხვევები, როდესაც ამერიკას, მხოლოდ ამერიკას შეუძლია ომის - მშვიდობით, რეპრესიების - თავისუფლებით, შიშის - იმედით შეცვლა", - ბილ კლინტონი
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 1998-2000 წლებში კოსოვოს კონფლიქტმა იმსხვერპლა 13421 ადამიანი, აქედან 10533 კოსოვოელი ალბანელი, 2238 სერბი, 100-მდე ბოსნიელი და სხვ.
რუსული "მატრიოშკის" სინდრომი
"რუსეთი არის გამოცანა, განთავსებული საიდუმლოში და გარშემორტმული იდუმალებით", - უინსტონ ჩერჩილი
ჰენრი კისინჯერი წერდა: "რუსეთი ან ფართოვდება, ან იკუმშება. ერთ სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნა მას არ ძალუძს".
მერაბ მამარდაშვილმა 1989 წელს შესანიშნავი იუმორით მომითხრო, თუ როგორ აღაშფოთა იგი მოსკოვში გამოცემულმა წიგნმა სათაურით "ჩვენი საბჭოთა სამზარეულო". ბატონ მერაბს საბჭოთა პროპაგანდის ბევრი "შედევრი" უნახავს, მაგრამ ეს, მისი სიტყვებით, ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. კერძოდ, "ჩვენი საბჭოთა სამზარეულო" შედგებოდა უკრაინული, ქართული, სომხური, უზბეკური და სხვა სამზარეულოების აღწერისაგან. რადგან იმ ეპოქაში ტერმინი "საბჭოთა" რეალურად იყო სინონიმი "რუსულისა", გამოდიოდა, რომ, ვთქვათ, ქართული სამზარეულო რუსული იყო. მამარდაშვილს ეს ვეღარ მოუთმენია, სამზარეულოში მაინც დაგვიტოვეთ საზღვრებიო!
1990-იან წლებში ქვანახშირის მოპოვების მონაცემები 1957 წლის დონეს გაუთანაბრდა, სატვირთო ავტომანქანების გამოშვებისა - 1937 წელს, კომბაინების - 1933 წელს, ტრაქტორების - 1931 წელს, ვაგონებისა და ქსოვილების წარმოების - 1910 წელს, ფეხსაცმლისა - 1900 წელს და ა.შ.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012წ.