არტურ კონან დოილი - შერლოკ ჰოლმსი სიკვდილის პირას

შერლოკ ჰოლმსის ბინის პატრონი მისის ჰადსონი ნამდვილად გაწამებული ქალი იყო. ჯერ იყო და მისი სახლის ზედა სართულზე ნებისმიერ დროს ათასი ჯურის ავან-ჩავანი მიდი-მოდიოდა, მერე იყო და თვითონ სახელგანთქმული მდგმური თავისი ექსცენტრულობითა და მოუწესრიგებელი ცხოვრებით დიასახლისის მოთმინებას მაჯლაჯუნასავით აწვა.

უაღრესი უწესრიგობა, არევ-დარევა, დღე-ღამის ყოველ შეუფერებელ დროს მუსიკის დაკვრა, რევოლვერის სროლა ოთახში, გამოუცნობი და ზოგჯერ ფრიად მყრალი ქიმიური ცდები, ატმოსფერო დანაშაულობათა და საშიშროებისა, რითაც იქაურობა იყო გარემოცული, ჰოლმსს ალბათ მთელს ლონდონში ყველაზე უფრო აუტანელ მდგმურად აქცევდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ქირას მეფურად იხდიდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ იმ ფულით, რაც ჩემი მასთან ნაცნობობის წლებში მისის ჰადსონს გადაუხადა, იმ სახლის შესაძენად სრულიად საკმარისი იქნებოდა.

მისის ჰადსონი ჰოლმსის წინაშე მოწიწებით იხდიდა ქედს და ერთხელაც არ გაუბედავს დამდურება. მისის ჰადსონს მოსწონდა აგრეთვე უაღრესი სიფაქიზე და თავაზიანობა, რითაც ჰოლმსი მანდილოსნებს ექცეოდა. შერლოკ ჰოლმსს ხომ საერთოდ არ უყვარდა ქალები, არ ენდობოდა მათ, მაგრამ მათთან თავი რაინდულად ეჭირა. ვიცოდი მისის ჰადსონის გულწრფელი კეთილგანწყობის ამბავი ჰოლმსისადმი და მღელვარებით მოვუსმინე, როცა ერთხელ, ჩემი დაქორწინების მეორე წელს, მესტუმრა და მითხრა, ჰოლმსი ავად შეიქნაო.

- კვდება, ექიმო უოტსონ, - მეუბნებოდა, - უკვე სამი დღეა, სულ უარესად და უარესადაა. არ ვიცი, ხვალამდე თუ გაატანს. ექიმის გამოძახება ამიკრძალა. მაგრამ დღეს დილით რომ დავინახე, როგორ გაძვალტყავებია სახე და როგორ უბრწყინავს თვალები, მეტი ვეღარ მოვითმინე. "თქვენი ნებართვით თუ უიმისოდ, მე ექიმთან მივდივარ", - ვუთხარი. "მაშინ უოტსონს დაუძახეთ", - დამეთანხმა. დრო არ დაკარგოთ, სერ, თორემ შეიძლება ცოცხალს ვერც კი მივუსწროთ!

ამ ცნობამ შემაძრწუნა, მით უმეტეს, რომ ჰოლმსს ავადმყოფობაზე არასოდეს დაუჩივლია. რაღა თქმა უნდა, მაშინვე წამოვავლე პალტოს ხელი და ქუდიც დავიხურე. მისის ჰადსონი გზადაგზა კითხვებით გავაბრუე.

- ძალიან ცოტა რამე შემიძლია გიამბოთ, სერ, - მიპასუხა, - რაღაც საქმეს იკვლევდა როზერჰაიტში, მდინარე რომ უხვევს იმ ადგილას, და ალბათ იქ დასნეულდა. ოთხშაბათს, შუადღისას, დაწვა და აღარ ამდგარა. მთელი ამ სამი დღის განმავლობაში არც არაფერი უჭამია და არც დაულევია.

- ღმერთო ჩემო! რატომ ექიმს არ უხმეთ?

- ნება არ მომცა, სერ. ხომ იცით, როგორი მბრძანებლური ლაპარაკი იცის. ვერ გავბედე ურჩობა. მაგრამ თქვენ თვითონ ნახავთ, მისი დღეები დათვლილია.

ჰოლმსის შეხედვა მართლაც შეგზარავდათ. ნოემბრის ნისლიანი დღის მკრთალ შუქზე მისი საწოლი ოთახიც საკმაოდ ქუფრი იყო, მაგრამ მე თუ რამემ შემაძრწუნა, ეს იყო ბალიშებზე მისვენებული მისი დამჭკნარი სახე. თვალები სწორედ ციებიანივით უბრწყინავდა, ლოყებზე ავადმყოფური სიწითლე გადაჰკრავდა, ტუჩები მუქად ჰქონდა დახორკლილი. ნატიფი ხელები საბანზე კრუნჩხვით მოძრაობდნენ, ხმა ჰქონდა ხრინწიანი და სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა. ოთახში რომ შევედი, უძრავად იწვა, მაგრამ მის თვალებში რაღაც ნაპერწკალმა იელვა - უეჭველია, მიცნო.

- აბა, უოტსონ, როგორც ხედავთ, ცუდი დრო დაგვიდგა, - თქვა სუსტი ხმით, მაგრამ უწინდებური ხუმრობის კილო მაინც შევნიშნე.

- ძვირფასო მეგობარო, - შევძახე და მივუახლოვდი.

- შეჩერდით! არ მომიახლოვდეთ! - შესძახა ისე მკვეთრად და მბრძანებლურად, როგორაც მხოლოდ ყველაზე უფრო დაძაბულ წუთებში სჩვეოდა.

- თუ კიდევ მომიახლოვდებით, მაშინვე გიბრძანებთ, წახვიდეთ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ასეთია ჩემი ნება. განა ეს საკმარისი არ არის?

დიახ, მისის ჰადსონი მართალს ამბობდა, მბრძანებლური ლაპარაკი სჩვეოდა ჩემს მეობარს, მაგრამ ახლა მართლაც საცოდავი სანახავი იყო.

- მე ხომ მხოლოდ დახმარება მინდა აღმოგიჩინოთ, - მივუგე.

- მართალია. თუ დახმარება გინდათ, ის გააკეთეთ, რასაც გიბრძანებთ.

- კეთილი, ჰოლმს.

ცოტა მოლბა.

- ხომ არ გეწყინათ? - მკითხა სულშეხუთულმა.

საბრალო! რა უნდა მწყენოდა, როცა ასეთ დღეში იყო!

- თქვენი გულისთვის გეუბნებით, - თქვა ხრინწიანი ხმით.

- ჩემი გულისთვის?!

- ჰო, ვიცი, რაც მჭირს. ამ სნეულების სამშობლო სუმატრაა. ჰოლანდიელები ავადმყოფობას ჩვენზე კარგად იცნობენ, მაგრამ ჯერ არც მათ იციან ბევრი არაფერი. აშკარაა მხოლოდ ის, რომ უეჭველად მომაკვდინებელი და საშინელი გადამდები სენია.

ციებით შეპყრობილის ენერგიით ლაპარაკობდა, გრძელ ხელებს მოუსვენრად ამოძრავებდა, თითქოს ჩემი მოშორება უნდოდა.

- შეხებით გადადის, უოტსონ, მხოლოდ შეხებით! რაც შეიძლება შორს დადექით და ყველაფერი კარგად იქნება.

- ღმერთო ჩემო, ჰოლმს! ნუთუ ფიქრობთ, რომ ამას ჩემთვის რაიმე მნიშვნელობა ექნება? თქვენს ადგილას უცხოც რომ ყოფილიყო, მაშინაც კი ვერ შემაჩერებდა ეს მიზეზი და განა ეგ შემიშლის ხელს, დახმარება აღმოგიჩინოთ, თქვენ, ჩემს ძველ მეგობარს?

ისევ გადავდგი მისკენ ნაბიჯი, მაგრამ ლამის გაცოფდა, ისე მომიშორა.

- მხოლოდ მაშინ დაგელაპარაკებით, თუ შორს დადგებით. წინააღმდეგ შემთხვევაში წასვლა მოგიხდებათ.

მე იმდენად პატივს ვცემდი მის არაჩვეულებრივ ნიჭს, რომ მის ნათქვამს მაშინაც კი ვასრულებდი, როცა ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. მაგრამ მე ხომ ექიმი ვიყავი. ჩემში გაიღვიძა პროფესიულმა ინსტინქტმა და თავმოყვარეობამ. ჩემს არსებაში ისინი ერთმანეთს გადაეწნა, აღდგა და მე ვიფიქრე: დაე, მიბრძანოს ჰოლმსმა ყველა სხვა შემთხვევაში, მაგრამ ახლა მე ექიმი ვარ, სნეულის საწოლთან ვდგევარ და დამოუკიდებლად უნდა ვიმოქმედო.

- ჰოლმს, თქვენ თვითონ არ იცით, რას აკეთებთ, - ვუთხარი, - ავადმყოფი იგივეა, რაც ბავშვი. გინდათ თუ არა, მე უნდა გაგსინჯოთ და გიმკურნალოთ.

ბრაზმორეულმა გადმომხედა.

- თუ ჩემი სურვილის წინააღმდეგ დამაყენებთ თავზე ექიმს, ის მაინც უნდა მომიყვანოთ, ვისაც ვენდობი.

- მაშ, მე არ მენდობით?

- თქვენს მეგობრობას - სავსებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. თქვენ, უოტსონ, ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი ექიმი ხართ, ძალიან მცირე გამოცდილებისა და კვალიფიკაციისა. მიმძიმს ასე ლაპარაკი, მაგრამ სხვა გამოსავალი არა მაქვს.

ღრმად შეურაცხყოფილი ვიყავი.

როგორ კადრულობთ ასეთ ლაპარაკს, ჰოლმს. თქვენი ნათქვამი იმის დასტურია, რომ ნერვული სისტემა ძალზე მოშლილი გაქვთ. მაგრამ თუ არ მენდობით, ძალით არ მოგახვევთ თავზე ჩემს სამსახურს. ნება მომეცით, მოგიყვანოთ ჯასპერ მიკი ან პენროზ ფიშერი, ან ლონდონის სხვა რომელიმე ყველაზე უფრო ცნობილი ექიმი. ასე თუ ისე, ვინმემ დახმარება უნდა აღმოგიჩინოთ, თუ იმას ფიქრობთ, რომ დავდგები და მშვიდად ვუყურებ, როგორ მოკვდებით, სასტიკად ცდებით.

- თქვენ ჩემი სიკეთე გინდათ, უოტსონ, - თქვა ჰოლმსმა წყნარი ამოკვნესით. - მაგრამ გინდათ დაგიმტკიცოთ თქვენი უმეცრება? მითხარით, გეთაყვა, რა იცით ტაპანულის პროვინციის ციებაზე ან ფორმოზის შავ წყლულზე?

- არასოდეს არ გამიგონია არც ერთი და არც მეორე.

- აღმოსავლეთში, უოტსონ, ბევრი უცნაური სნეულება და ნორმიდან მრავალი გადახრაა, - ჰოლმსი ყოველი ფრაზის შემდეგ ისვენებდა, რომ ძალა მოეკრიბა. - უკანასკნელ ხანებში მე ეს გავიგე ერთ სამედიცინო - სისხლის სამართლის დანაშაულის კვლევასთან დაკავშირებით. თქვენ, უოტსონ, მე ვერ მიმკურნალებთ.

- შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ შემთხვევით გავიგე, რომ ექიმი ენსტრი, ტროპიკულ სნეულებათა საუკეთესო მცოდნე მთელს მსოფლიოში, ამჟამად ლონდონში იმყოფება. ნუ დამიშლით, ჰოლმს, მე ახლა მასთან მივდივარ და მალე აქ მოგგვრით!

ვთქვი და გადაჭრით გავბრუნდი კარისაკენ.

არასოდეს არ განმიცდია ასეთი ძრწოლა! მომაკვდავი თვალის დახამხამებაში ვეფხვის ნახტომით წინ გადამეღობა და კარის საკეტში გასაღების გადატრიალების მკვეთრი ხმა გავიგონე. მომდევნო წუთს ჰოლმსი ისევ ლოგინში ეგდო, ენერგიის ამ დაუჯერებელი მოზღვავებით სულშეგუბებული და არაქათდაშრეტილი.

- ძალით ვერ წამართმევთ გასაღებს, უოტსონ. გაებით, ჩემო მეგობარო. აქ ჯდომა მოგიწევთ, ვიდრე გაგიშვებთ. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ (ლაპარაკობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ძლივს სუნთქავდა) , იყოს ნება თქვენი, ოღონდ მაცალეთ, ცოტა სული მოვითქვა, უოტსონ. ახლა ოთხი საათია. ექვსზე გაგიშვებთ.

- მაგრამ ეს სიგიჟეა, ჰოლმს!

- სულ ორი საათი, უოტსონ. ექვსზე წახვალთ. მოითმენთ?

- არჩევანის უფლებას თქვენ არ იძლევით.

- სწორედაც ვიქცევი. გმადლობთ, უოტსონ, საბნის გასწორება თვითონაც შემიძლია. უფრო შორს იყავით ჩემგან - ავადმყოფი კაცისაგან - და კიდევ ერთი პირობა, უოტსონ, თქვენ მოიყვანთ არა ენსტრის, არამედ იმას, ვინც მე მინდა, ხომ?

- თანახმა ვარ.

- აი, პირველი გონივრული სიტყვა, რაც თქვენგან მოვისმინე მას შემდეგ, რაც აქ შემოხვედით. ჯერ იმ წიგნებს მიხედეთ, თაროზე რომ აწყვია. მე ცოტა დავიღალე... საინტერესოა, რასა გრძნობს ელექტრობატარეა, როცა ცდილობენ მისი დენი გაუმტარ საგანში გაუშვან?.. ექვს საათზე, უოტსონ, ჩვენს საუბარს განვაგრძობთ.

მაგრამ ჩვენი საუბარი ბევრად უფრო ადრე შედგა და ისეთ გარემოებაში მიმდინარეობდა, რომ ამ ამბავმა უფრო შემაძრწუნა, ვიდრე ჰოლმსის საოცარმა ნახტომმა კარისაკენ.

რამდენიმე წუთს ვიდექი და ლოგინში მწოლ გვამივით მდუმარე მეგობრის სხეულს დაჟინებით ვუცქერდი. ჰოლმსის სახეს სანახევროდ საბანი ფარავდა. თვალები მიელულა და თითქოს ჩასძინებოდა. კითხვა არ შემეძლო და ოთახში ბორიალს მივყავი ხელი, თან კედლებზე დაკიდებულ სახელგანთქმულ ბოროტმოქმედთა სურათებს ვათვალიერებდი. ასე უმიზნოდ გადავდიოდი ადგილიდან ადგილზე, ვიდრე ბოლოს ბუხართან არ მივედი. ბუხრის თავზე უწესრიგოდ ეყარა ჩიბუხი, თამბაქოს ქისები, შპრიცები, ჯიბის დანები, რევოლვერის ვაზნები და სხვა წვრილმანი. ჩემი ყურადღება მიიპყრო შავ-თეთრსამკაულებიანმა, გამოსაწევსახურავიანმა სპილოს ძვლის კოლოფმა, ძალიან ლამაზი ნივთი იყო და ის იყო ხელი გავიწოდე, რომ უკეთ დამეთვალიერებინა, მაგრამ ანაზდად...

ჰოლმსმა ისე გულგამგმირავად შეჰყვირა, რომ მის ხმას უთუოდ ქუჩის ბოლოშიც გაიგონებდნენ. ტანში სუსხმა დამიარა, სმენისწამღებმა შეყვირებამ თმები ყალყზე დამიყენა. მოვბრუნდი და დავინახე ჰოლმსის დაბღენჯილი სახე, კარგად შევნიშნე მისი გიჟური გამოხედვა. გავქვავდი და პატარა კოლოფს ხელი მოვუჭირე.

- დადექით ადგილზე! დაუყოვნებლივ უშვით ხელი, უოტსონ, ახლავე, შეასრულეთ, რასაც გეუბნებით!

როცა კოლოფი თავის ადგილზე დავაბრუნე, გულზე მოეშვა, ბალიშს როგორღაც უღონოდ მიეყრდნო და თავი უკან გადაუვარდა.

- ვერ ვიტან, როცა ჩემს ნივთებს ხელს ტანტრავენ, უოტსონ, ეს ხომ იცით! და რა გაუთავებლად მიდი-მოდიხართ, პირდაპირ აუტანელია. თქვენ, ექიმი კაცი, პაციენტს სიგიჟემდე მიიყვანთ. დაჯექით და მომასვენეთ.

მომხდარმა ამბავმა ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ველური, უმიზეზო აღგზნება, რაც სულაც არ ახასიათებდა, ჩვეულებრივ, თავშეკავებულ ჰოლმსს, მიჩვენებდა, თუ რა შორს წასულა მისი ნერვული მოშლილობა. კეთილშობილი გონების დაცემა - რა უნდა იყოს ამაზე სავალალო და სამწუხარო? სრულიად დათრგუნვილი განწყობილებით ვიჯექი სკამზე, ვიდრე დანიშნული საათი დაჰკრავდა. როგორც კი ისრებმა ექვსი აჩვენეს, ჰოლმსი იმავე ციებიანი აგზნებით ამეტყველდა:

- უოტსონ - მკითხა, - ხურდა გაქვთ თან?

- მაქვს.

- ვერცხლი?

- ჰო, საკმაოდ ბევრი.

- რამდენი ნახევარკრონიანი გიძევთ ჯიბეში?

- ხუთი.

- ცოტაა, ძალიან ცოტა! - შესძახა - რა უბედურებაა და რა საწყენია! მაგრამ მაინც გადადევით საათის ჯიბეში, მთელი დანარჩენი ფული კი შარვლის მარცხენა ჯიბეში იქონიეთ. გმადლობთ. ეს თქვენ რამდენადმე გაგაწონასწორებთ.

ეს უკვე აშკარა შეშლილობა იყო. შეაცახცახა და ჩაახველა თუ ჩაისლუკუნა.

- ახლა გაზი აანთეთ, უოტსონ. ძალიან ფრთხილად! გაზი მხოლოდ სანახევროდ უნდა გააღოთ. გეხვეწებით, სიფრთხილე დაიცავით. კარგია, გმადლობთ. არა, ფარდებს ნუ გასწევთ. ახლა, უოტსონ, შაქრის მაშას ხედავთ? იმით აიღეთ ბუხარზე ის შავი ზარდახშა, გთხოვთ. ფრთხილად. დადგით აქ, მაგიდაზე ქაღალდებს შორის. ჩინებულია! ჰო, ახლა კი წადით და მომიყვანეთ მისტერ კელვერტონ სმითი - იგი ლოუერ-ბერკ-სტრიტზე, ცამეტ ნომერ სახლში ცხოვრობს.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი განზრახვა, ექიმისთვის დამეძახა და მომეყვანა, ცოტა განელდა, რადგან ჩემი საბრალო მეგობარი ბოდავდა და მისი მარტო დატოვებისა მეშინოდა. მაგრამ ახლა ის დაჟინებით ითხოვდა სმითის მოყვანას, მოითხოვდა ისევე გადაჭრით, როგორც უწინ ყოველგვარ დახმარებაზე უარს ამბობდა.

- ასეთი ექიმის სახელი და გვარი არასოდეს გამიგონია, - ვუპასუხე მე.

- ძალიან ადვილი შესაძლებელია, ძვირფასო უოტსონ, და იქნებ გაგიკვირდეთ, რომ ამ სნეულების საუკეთესო მცოდნეა არა ექიმი, არამედ პლანტატორი. მისტერ კელვერტონ სმითი სუმატრის მკვიდრია და იქ კარგად იცნობენ, ლონდონში კი მხოლოდ საქმეზეა ჩამოსული. ამ სნეულების გავრცელებამ მის პლანტაციებში, სადაც ახლომახლო სამედიცინო დაწესებულება არაა, აიძულა, რომ თვითონ მოეკიდა ხელი მისი შესწავლისათვის და თვალსაჩინო წარმატებასაც მიაღწია. სმითი მეტისმეტად თანმიმდევრული, პედანტი კაცია. თქვენი გაშვება ექვსზე ადრე არ მინდოდა იმიტომ, რომ შინ არ დაგხვდებოდათ. თუ თქვენ მოახერხებთ და დაიყოლიებთ, რათა ჩემზე გამოიყენოს თავისი განსაკუთრებული ცოდნა მედიცინის ამ დარგში, უსათუოდ მიშველის.

მე გადმოგცემთ ჰოლმსის სიტყვებს ერთმანეთთან დაკავშირებულს. სინამდვილეში კი მისი ლაპარაკი ხშირად წყდებოდა სულის ხუთვითა და ხელების კრუნჩხვით, რაც მოწმობდა, როგორ ტანჯავდა ავადმყოფობა. იმ მცირე ხანში, რაც მასთან დავყავი, მდომარეობა გაუუარესდა. ციებიანის სიწითლე უფრო მკვეთრად გამოეხატა, ღრმად ჩამუქებული ფოსოებიდან თვალები კიდევ უფრო უბრწყინავდა, შუბლზე კი წარამარა ცივი ოფლი ასხამდა. მიუხედავად ამისა ჩემმა მეგობარმა მაინც შეინარჩუნა თავისი მშვიდი, მკაფიო მეტყველება. ვატყობდი, რომ იგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაუტეხელი დარჩებოდა.

- დაწვრილებით მოუთხრობთ ჩემს მდგომარეობას, - თქვა - აუწერთ შთაბეჭდილებას, რაც თქვენზე მოვახდინე, ეტყვით, რომ მე ვბოდავ, რომ მე უკანასკნელ დღეში ვარ და ვკვდები. პირდაპირ გაუგებარია, რატომ არ წარმოადგენს მთელი ოკეანის ფსკერი ხამანწკების ერთიან მასას, - ისინი ხომ ასე სწრაფად მრავლდებიან! ოჰ, მე კიდევ გადავუხვიე! საინტერესოა, როგორ უწევს ტვინი კონტროლს საკუთარ თავს... რას ვამბობდი, უოტსონ?

- თქვენ მაძლევდით მითითებებს, როგორ უნდა ველაპარაკო მისტერ კელვერტონ სმითს.

- აჰ, მახსოვს. ჩემი სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული, უოტსონ. ეცადეთ დაიყოლიოთ. მასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს. მისი ძმისწული მოკვდა, უოტსონ... რაღაც ურიგო ეჭვი შევიტანე, ეს იყნოსა და იგრძნო. ყმაწვილი საშინელი ტანჯვით მოკვდა. სმითი ჩემზე გაბრაზებულია. როგორმე გული მოულბეთ, უოტსონ. სთხოვეთ, შეევედრეთ, რაიმე ღონისძიებით მომიყვანეთ აქ. მხოლოდ მას შეუძლია ჩემი ხსნა, მხოლოდ მას!

- გპირდებით, რომ კებით მოგიყვანთ აქ, თუნდაც ძალით მომიხდეს მისი კებში ჩასმა.

- არა, ეს არ გამოდგება. უნდა დაარწმუნოთ, რომ მოვიდეს. თვითონ კი უფრო ადრე მოდით. რაიმე მიზეზი მოიგონეთ, რომ მასთან ერთად მოსვლა არ მოგიხდეთ. არ დაგავიწყდეთ, უოტსონ, არ მიმატოვოთ. თქვენ ხომ არასოდეს გაგიწბილებივართ. უეჭველია, რომელიღაც ბუნებრივი მტრები აფერხებენ ხამანწკების გამრავლებას. მე და თქვენ, უოტსონ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ნუთუ მთელი მსოფლიო ხამანწკებით აივსება? არა, არა, ეს მეტად საშინელია. გადაეცით სმითს თქვენი შთაბეჭდილება ჩემს ავადმყოფობაზე, რაც შეიძლება დაწვრილებით უამბეთ ყოველივე.

მე წავედი და თან გამყვა სახე ამ უჭკვიანესი ადამიანისა, რომელიც ბავშვივით ტიტინებდა. გასაღები გადმომცა და მაშინვე მომივიდა ბედნიერი აზრი, რომ თან წამეღო გასაღები, რათა ჰოლმსს ოთახი შიგნიდან არ ჩაეკეტა. თვალცრემლიანი მისის ჰადსონი გარეთ, დერეფანში მელოდა. წასვლისას გავიგონე, როგორ გააბა ჰოლმსმა რაღაც გიჟური სიმღერა. ვიდრე ქუჩაში კებს მოვუხმობდი, ნისლიდან გამოსული ვიღაც ბნელით მოცული კაცი აჩრდილივით მომიახლოვდა.

- როგორაა მისტერ ჰოლმსი? - მკითხა.

იგი ჩემი ძველი ნაცნობი ინსპექტორი სკოტლენდ-იარდელი მორტონი აღმოჩნდა. სამოქალაქო სამოსელი ეცვა და ძლივს შევიცანი.

- ძალიან ცუდად, - ვუპასუხე მე.

რაღაც უცნაურად გადმომხედა. რაღაც ძალიან დაუჯერებელი რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მაღლიდან მომავალ შუქზე მისი სახე კმაყოფილებით გაიბადრა.

- კი, გავიგე ეს ამბავი, - თქვა.

ლუერ ბარკ სტრიტი გრძელი, ლამაზი სახლების რიგი იყო ნოტინგ ჰილსა და კესინგტონს შორის. შენობას, რომელთანაც კები გაჩერდა, რაღაც ამპარტავნული და შთამაგონებელი სახე ჰქონდა. სპილენძის ბრწყინვალესახელურებიანი მძიმე ორფრთიანი კარი ამშვენებდა და ირგვლივ ძველმოდური რკინის ზღუდე იყო აღმართული. საერთო შთაბეჭდილებას შეეფერებოდა დიდებული მსახურთუფროსი, ელექტროჭაღის ვარდისფერ შუქზე ზღურპლზე რომ გამოჩნდა.

- დიახ, მისტერ კელვერტონ სმითი შინ გახლავთ. დოქტორი უოტსონი? კეთილი, სერ, მიბოძეთ თქვენი სადარბაზო ბარათი.

ჩემი უბრალო სახელი და პროფესია, ეტყობოდა, მისტერ კელვერტონ სმითს დიდად არ ეპიტნავა. ნახევრად ღია კარში გავიგონე გაღიზიანებული კაცის გამყივანი ხმა:

- ეს ვინღაა? რა უნდა? რამდენჯერ მითქვამს, სტეპლს, რომ, როცა მე ვმუშაობ, ხელის შეშლა არ შეიძლება!

მერე მომესმა მსახურთუფროსის წყნარი, დამამშვიდებელი ხმა.

- არ მივიღებ, სტეპლს. ვერ ვიტან ასეთ დაბრკოლებებს. შინ არა ვარ. ასე უთხარით. თუ ვჭირდები, ხვალ დილით მოვიდეს.

ისევ წყნარი დუდუნი.

- წადით, წადით, ასე უთხარით. დილით მოვიდეს, ან სულაც ნუ მოვა.

მე თვალწინ დამიდგა ჰოლმსი, როგორ ბორგავდა ლოგინში და ელოდა მხსნელს. აქ ხათრიჯამობის დრო აღარ იყო. ჰოლმსის სიცოცხლე დამოკიდებული იყო ჩემს მოწადინებასა და დაჟინებაზე. ვიდრე მსახურთუფროსი თავისი ბატონის განმარტებას გადმომცემდა, განზე ვუბიძგე და ოთახში შევედი.

კაცი, რომელიც ბუხართან იჯდა სავარძელში, გაბრაზებული შეძახილით წამოიჭრა. მე დავინახე დიდი, ყვითელი სახე, უხეში ნაკვთები, მძიმე, ორმაგი ნიკაპი, ბრიალა და ბოროტი რუხი თვალები, წითური, ბანჯგვლიანი წარბების ქვემოდან რომ რისხვით შემომცქეროდნენ. ვარდისფერ მელოტ თავზე ხავერდის პატარა, გვერდზე კოხტად გადახრილი ქუდი დაეკოსებინა. თავის ქალა კი უზარმაზარი ჰქონდა. მაგრამ თვალი რომ დავაყოლე, განცვიფრებულმა შევნიშნე, რომ იგი დაბალი ტანისა იყო, გონჯი, გალეული, მხრებსა და ზურგის მხარეს მოღრეკილი, ალბათ, ბავშვობაში რაქიტი ჰქონდა გადატანილი.

- ეს რას ნიშნავს? - ყვიროდა ხმამაღლა, მკივანა ხმით. - რას ნიშნავს ეს შემოჭრა? მე ხომ გიბრძანეთ, რომ ხვალ დილით მოსულიყავით!

- მაპატიეთ, - ვუპასუხე, - მაგრამ გადაუდებელი საქმეა და მოთმინების თავი არა მაქვს, მისტერ შერლოკ ჰოლმსი... - ჩემი მეგობრის ხსენებამ კაცუნაზე საოცარი ზეგავლენა მოახდინა. ბრაზი მაშინვე გაუქრა. სახე დაეძაბა და დიდი ყურადღებით შემომაცქერდა.

- ჰოლმსის გამოგზავნილი ხართ? - მკითხა.

- სწორედ იქიდან მოვდივარ.

- რა სჭირს ჰოლმსს?

- ძალიან, ძალიან მძიმედაა ავად, ამისათვის მოვედი თქვენთან.

მასპინძელმა სკამი მიჩვენა და თვითონ ისევ სავარძელში ჩაჯდა. ბუხრის თავზე, სარკეში გაიელვა მისმა სახემ. ფიცის ქვეშ შემიძლია განვაცხადო, რომ საზიზღარი, ბოროტი ღიმილი გადაეფინა სახეზე. მაგრამ იქვე დავაჯერე თავი, რომ ეს იყო მხოლოდ ნერვული კრუნჩხვა. ერთი წუთის შემდეგ, როცა ჩემსკენ შემობრუნდა, სახეზე გულწრფელი წუხილი ჰქონდა გამოხატული.

- რა მითხარით, გული მეტკინა, - თქვა. - მისტერ ჰოლმსს მხოლოდ საქმიან ნიადაგზე შევხვედრივარ, მაგრამ ფრიად პატივსა ვცემ ტალანტისა და პირადი ღირსებებისათვის. ის დანაშაულობათა მესაიდუმლეა, მე კი სნეულებათა მცოდნე ვარ. ის ებრძვის ბოროტმოქმედებს, მე - მიკრობებს. აი, ჩემი ტყვეები, - განაგრძო და მიჩვენა ბოთლები და ქილები, კედელთან მაგიდაზე რომ ედგა... - ამ ჟელატინის დამუშავებულ ხსნარებში იხდიან სასჯელს ძალზე საშიში დამნაშავეები.

- ჰოლმსს თქვენი ხილვა სწორედ თქვენი სპეციალური ცოდნის გამო სწადია. უაღრესად დიდი აზრისაა თქვენზე და სჯერა, რომ მთელს ლონდონში მხოლოდ თქვენ ერთს შეგიძლიათ მისი შველა.

კაცუნა უცებ წამოდგა და მისი კოხტა ქუდი იატაკზე დავარდა.

- რატომ? - მკითხა. - რატომ ჰგონია მისტერ ჰოლმსს, რომ მე გაჭირვებაში მისი შემწე ვიქნები და ვუშველი?

- იმიტომ, რომ თქვენ აღსავლურ სნეულებათა მცოდნე ხართ.

- მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ სნეულება, რაც მას აწუხებს, აღმოსავლურია?

- იმიტომ, რომ ჩინელ მეზღვაურებს შორის, დოკებში მოუხდა მუშაობა.

მისტერ კელვერტონ სმითმა თავაზიანად გაიღიმა და ქუდი აიღო.

- აი, თურმე რა ყოფილა, - თქვა. - იმედი მაქვს, საქმე არც ისეთ დიდ საფრთხესთან გვაქვს, როგორც გგონიათ. რამდენი ხანია, რაც ავადაა.

- დაახლოებით სამი დღე.

- აბოდებს?

- დროდადრო.

- ეს არაა კარგი საქმე. არაადამიანი ვიქნებოდი, რომ მისგან ხმობა ყურად არ მეღო. ძალიან არ მიყვარს, როცა მუშაობას მაწყვეტინებენ, ექიმო უოტსონ, მაგრამ ეს გამოძახება, ცხადია, განსაკუთრებული შემთხვევაა. ახლავე გამოგყვებით.

მე ჰოლმსის მითითება მომაგონდა.

- მე ერთ ადგილას მელოდებიან, - ვუპასუხე.

- კეთილი, მარტო წავალ. მისტერ ჰოლმსის მისამართი ჩაწერილი მაქვს. ნახევარ საათში მასთან ვიქნები.

გული მეკუმშებოდა, ჰოლმსის საწოლ ოთახში რომ შევდიოდი. ამ ხანში შეიძლებოდა ყველაზე უარესი რამ მომხდარიყო. მაგრამ, ჩემდა სასიხარულოდ, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო. მართალა, სახე მკვდარივით ფერწასული ჰქონდა, მაგრამ ბოდვის კვალიც აღარ დარჩენილიყო. თუმცა ისევ სუსტი ხმით ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვეულებრივზე ნათლად და ცოცხლად.

- ნახეთ, უოტსონ?

- კი, ახლავე მოვა.

- ჩინებულია, უოტსონ, ჩინებული. თქვენ გამორჩეული დესპანი ხართ.

- ჩემთან ერთად წამოსვლა მოიწადინა:

- ეს არ შეიძლებოდა, უოტსონ. აშკარად შეუძლებელი იქნებოდა. სნეულების მიზეზები გკითხათ?

- მე ვუთხარი, ისტ-ენდის ჩინელი მეზღვაურები ვუხსენე.

- სწორია! თქვენ გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორ ნამდვილ მეგობარს შეჰფერის. ახლა, უოტსონ, თქვენ შეგიძლიათ სცენიდან გახვიდეთ.

- უნდა დავიცადო და მისი აზრი მოვისმინო, ჰოლმს.

- ცხადია, მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თავის აზრს ბევრად უფრო გულახდილად იტყვის, თუ მე და ის მარტონი ვიქნებით. ჩემს სასთუმალს უკან საკმაო ადგილია, რომ დაიმალოთ, უოტსონ.

- ძვირფასო ჰოლმს!..

- მეშინია, რომ არჩევანი აღარა გაქვთ, უოტსონ. ოთახში დასამალავი ადგილი არ არის და იქ უკეთესია, სადაც მე გეუბნებით. იქ ყოფნა არავითარ ეჭვს არ გამოიწვევს.

უეცრად ლოგინში წამოჯდა. მის ღონემიხდილ სახეზე სრული სიმტკიცე და გამბედაობა იყო გამოხატული.

- ბორბლების ხმაა, უოტსონ. თუ გიყვარდეთ, იჩქარეთ და არ გაინძრეთ, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მოხდეს, გასაგებია? არც ილაპარაკოთ, არც იმოძრაოთ. ოღონდაც ისმინეთ ყოველივე გულდასმითა და, რაც შეიძლება, დიდი ყურადღებით. უეცრად ისევ გამოელია ღონე და მისი მკაფიო, მბრძანებლური სიტყვა იქცა სუსტ, ბუნდოვან ბუტბუტად. კაცი ნახევრად ბოდავდა.

ჩემს სამალავში, სადაც ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი, ჯერ კიბიდან მომავალი ნაბიჯების ხმა შემომესმა, შემდეგ საწოლი ოთახის კარის გაღებისა და დახურვის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. მერე ჩემდა გასაკვირველად, გამეფდა ხანგრძლივი დუმილი, რასაც დროდადრო ავადმყოფის მძიმე სუნთქვა არღვევდა.

ალბათ ჩვენი სტუმარი საწოლთან იდგა და ავადმყოფის ტანჯვას შესცქეროდა. ბოლოს და ბოლოს უჩვეულო დუმილი დაირღვა.

- ჰოლმს, ჰოლმს! - ჩასძახოდა სმითი დაჟინებითა და შეუპოვრად. ჰოლმს, გესმით ჩემი? - მერე მომესმა შრიალი, ალბათ ჩვენი სტუმარი უხეშად ჩააფრინდა მხრებში სნეულს და ანჯღრევდა.

- ეს თქვენა ხართ, მისტერ სმით? - ჩურჩულით თქვა ჰო-ლმსმა - არ მეგონა, რომ მოხვიდოდით.

სმითმა გაიცინა.

- ოღონდაც, - თქვა, - და მაინც აქა ვარ, როგორც ხედავთ. აქა ვართ. მინდა სიავისათვის სიკეთე მოგაგოთ, დიახ, სიავისათვის - სიკეთე.

- ეს ძალიან სასახელო და ძალიან კეთილშობილური საქციელია თქვენის მხრივ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს ცოდნას.

ჩვენი სტუმარი ქირქილებდა.

- საბედნიეროდ, მთელს ლონდონში თქვენს ერთს აღმოგაჩნდათ უნარი ჩემი ცოდნის შეფასებისა. თქვენ იცით, რა გჭირთ?

- იგივე, - თქვა ჰოლმსმა.

- ხედავთ? დაავადების სიმპტომები გამოიცანით?

- დიახ, მეტისმეტად კარგად გამოვიცანი.

- რა გაეწყობა, ჰოლმს, არ გამიკვირდება და სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ის დაავადება იყოს. თუ ასეა, თქვენი საქმე ძალიან ცუდადაა. საწყალი ვიქტორი მეოთხე დღეს მოკვდა, ის კი მაგარი და ჯანიანი ახალგაზრდა იყო. თქვენ მაშინ უნაურად მოგეჩვენათ, რომ ის ლონდონის შუაგულში დაავადდა უცნაური აზიური სნებით, რომელსაც მე საგანგებოდ ვსწავლობ. საოცარი დამთხვევაა, ჰოლმს. თქვენ ეს მარჯვედ შენიშნეთ, რომ თქვენის მხრივ მეტისმეტი სიმკაცრე იყო მტკიცება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ მიზეზიცა და დამდგარი შედეგიც.

- ვიცოდი, რომ ეს თქვენი ნამოქმედარი იყო.

- თქვენ ეს იყნოსეთ, მაგრამ დამტკიცება არაფრით შეგეძლოთ: ჯერ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძარით და ახლა თვითონ აღმოჩნდით გასაჭირში, ჩემს წინაშე იხლაკნებით და დახმარებას მეღრიჯებით, არა? რა ვუწოდოთ ყოველივე ამას? ა? როგორი თამაშა გამოვიდა?

მე გავიგონე ავადმყოფის ხრინწიანი, გაძნელებული სუნთქვა. - მომეცით წყალი, - თქვა ისე ჩურჩულით სნეულმა, თითქოს იგუდებოდა.

- ძალიან მალე გამოგივათ წირვა, უძვირფასესო. მაგრამ ისე არ წავალ, რომ ერთი-ორი სიტყვა არ გითხრათ. მხოლოდ ამისათვის გაძლევთ წყალს. დაიჭირეთ! არ გადმოაფურთხოთ.

აი, ასე. გესმით, რასაც გეუბნებით?

ჰოლმსმა დაიკვნესა.

- მიშველეთ, რითაც შეგიძლიათ. დავივიწყოთ, რაც იყო, - ჩურჩულებდა ჰოლმსი, მე თავიდან ამოვიშანთავ მთელ ამ საქმეს. ვფიცავ, ოღონდ განმკურნეთ, ყველაფერს დავივიწყებ.

- რას დაივიწყებთ?

- ვიქტორ სევეჯის სიკვდილის ამბავს. ახლა არ აღიარეთ, რომ ეს თქვენი მოწყობილი საქმე იყო? ამას დავივიწყებ.

- შეგიძლიათ დაივიწყოთ ან, თუ გნებავთ, გახსოვდეთ, მე აღარ მენაღვლება. მოწმეებს შორის თქვენ ვეღარ იქნებით. თქვენ მალე სულ სხვა ადგილას გადაბარგდებით, ჩემო ძვირფასო ჰოლმს, თქვენ იცით, რითაც მოკვდა ჩემი ძმისშვილი, ჰოდა, კეთილი. ახლა თქვენზეა ლაპარაკი და არა იმაზე.

- დიახ, დიახ.

- თქვენმა მეგობარმა, რომელიც ჩემთან გამოაგზანეთ, - სახელი დამავიწყდა, - თქვა, რომ სნეულება ისტ-ენდში, მეზღვაურებისაგან შეგეყარათ.

- მე ნამდვილად აგრე მგონია.

- და მერე თქვენ ამაყობთ თქვენი ჭკუა-გონებით, ჰოლმს! თქვენ თქვენს თავს თვლით ძალიან საზრიანად, ხომ ასეა? მაგრამ ვიღაც თქვენზე გონიერიც აღმოჩნდა. კარგად დაფიქრდით, ჰოლმს, სნეულება რაიმე სხვა გზით ხომ არ შეგეყარათ?

- ფიქრი არ შემიძლია. თავი აღარ მუშაობს, ღვთის გულისათვის, მიშველეთ და გადამარჩინეთ.

- დიახ, გიშველით და დაგეხმარებით იმის დადგენაში, თუ რა და როგორ მოხდა. მე მინდა ეს გაიგოთ, ვიდრე მოკვდებით.

- მომეცით რამე, რომ ეს ტკივილი შემიმსუბუქოს!

- აჰა, თქვენ უკვე ტკივილები დაგეწყოთ? კი, ჩემი ყულიებიც კიოდნენ სიკვდილის წინ. ისეთი განცდა გაქვთ, როგორც კრუნჩხვის დროს, არა?

- ჰო, ეს კრუნჩხვაა.

- არა უშავს, მოსმენაში არ შეგიშლის. მაშ მისმინეთ! ხომ ვერ გაიხსენებთ რაიმე უჩვეულო შემთხვევას თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე ეს ავადმყოფობა შეგეყრებოდათ?

- არა, არაფერი არ მახსენდება.

- კარგად დაფიქრდით.

- მეტისმეტად მძიმე ავად ვარ და ფიქრის თავი არა მაქვს.

- მაშინ მე დაგეხმარებით. ფოსტით ხომ არაფერი მიგიღიათ?

- ფოსტით?

- მაგალითად, კოლოფი.

- მე მგონი ჩემი აღსასრულის წამები დადგა.

- მომისმინეთ, ჰოლმს! - ჩანდა, ეს ჯუჯა ლოგინში მწოლ ჰოლმსს ანჯღრევდა. მე მოუთმენლობამ შემიპყრო და მიჭირდა საფარში გაჩერება.

- თქვენ უნდა გამიგონოთ! გახსოვთ კოლოფი სპილოს ძვლისა? თქვენ ის ოთხშაბათს მიიღეთ. თქვენ ის გააღეთ... გახსოვთ?

- დიახ, დიახ, იქ იყო რაღაც მახვილი ზამბარა. რაღაც ხუმრობა...

- ის რომ ხუმრობა არ გახლავთ, ამაში მალე დარწმუნდებით. რაც შეგემთხვათ, თქვენს თავს დააბრალეთ, ბრიყვო. რატომ გადამიდექით გზაზე? ის თქვენი ახირება რომ არაა, თქვენ არაფერს დაგიშავებდით.

- მომაგონდა! - ჰოლმსი იხრჩობოდა. - ზამბარა! ხელი გავიკაწრე, სისხლი დამედინა. აი, ის კოლოფი, მაგიდაზეა.

- სწორედ ისაა! ახლა ჩემს ჯიბეში ჩაეშვება, ჩასრიალდება და გაქრება. ამრიგად, ჩემს წინააღმდეგ არც ერთი სამხილი აღარ დაგრჩებათ. აბა, ჰოლმს, ახლა სიმართლე იცით და შეგიძლიათ მოკვდეთ იმ შეგნებით, რომ ბოლო მე მოგიღეთ. თქვენ მეტისმეტად ბევრი რამ იცოდით ვიქტორ სევეჯის სიკვდილზე, ამიტომ გაგხადეთ მისი ბედის ზიარი. თქვენ ძალიან მალე მოკვდებით, ჰოლმს. მე აქ დავჯდები და დაველოდები, როგორ ამოგხდებათ სული.

ჰოლმსის ხმა ლამის მიწყდა. ჩურჩულიც ძლივს ისმოდა.

- რა ვქნა? - ჰკითხა სმითმა - სინათლეს მოვუმატო? ლანდები უკვე გამოჩნდნენ? ჰო, გადავატრიალებ გაზის ასაწევ-დასაწევს, რომ უკეთ დაგინახოთ. - ოთახი გადაკვეთა და უეცრად შუქმა ოთახი გააჩახჩახა. - კიდევ ხომ არ აღმოგიჩინოთ რაიმე დახმარება, ჩემო ძვირფასო მეგობარო?

- ცეცხლი და სიგარეტი.

სიხარულით კინაღამ შევყვირე. ჰოლმსი თავისი ჩვეულებრივი ხმით ლაპარაკობდა. მართალია, ცოტა მისუსტებულით, მაგრამ მე ხომ ვცნობდი მის ხმას. ამას მოჰყვა გრძელი პაუზა და მე ვიგრძენი, რომ კელვერტონ სმითი უხმო გაოცებით დასცქეროდა ჰოლმსს.

- რას ნიშნავს ეს? - ჰკითხა ბოლოს მშრალი, მკაფიო ხმით.

- იმისათვის, რომ კარგად შეასრულო როლი, უნდა გაითავისო, შეისისხლხორცო ის. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ სამი დღეა არაფერი მიჭამია და არაფერი დამილევია, სანამ თქვენ არ მომაწოდეთ ჭიქა წყალი თავაზიანად, მაგრამ ყველაზე ძნელი მოწევაზე ხელის აღება ყოფილა. სიგარეტიც აქაა! - მე გავიგონე ასანთის გაკვრა-გატკაცუნების ხმა. - აი, ერთბაშად უკეთ გავხდი. ოჰო, მგონი ჩემი მეგობრის ნაბიჯის ხმაც შემომესმა!

გარედან მართლაც მოისმა ნაბიჯების ხმა, კარი გაიღო და ზღურბლზე ინსპექტორი მორტონი გამოჩნდა.

- ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ შეიპყროთ, - თქვა ჰოლმსმა.

- თქვენ დაპატიმრებული ხართ ვიქტორ სევეჯის მკვლელობის ბრალდების გამო! - მიუბრუნდა ინსპექტორი ჯუჯას.

- და შეგიძლიათ დაუმატოთ, შერლოკ ჰოლმსის მკვლელობის ცდისათვის! - დაუმატა ჩემმა მეგობარმა, სიცილით, - ავადმყოფი რომ ზედმეტად არ შეეწუხებინა, - მიმართა ინსპექტორს ჰოლმსმა, - კელვერტონ სმითმა თვითონვე მოგცათ ნიშანი, სინათლეს რომ აუწია. სხვათა შორის, პატიმარს პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში ერთი პატარა კოლოფი უდევს. ის უნდა ნივთმტკიცებად დავიტოვოთ, მაგრამ ამის ნივთებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. დადევით კოლოფი მაგიდაზე, სასამართლოში გამოგვადგება.

უცებ უეცარი ნახტომის ხმა შემომესმა, რასაც თან ბღლაძუნისა და რკინის ჩხარუნის ხმები ახლდა. მერმე ტკივილისაგან გამწარებული კაცის შეძახილიც გავიგონე.

- მხოლოდ თავს დაისახიჩრებთ - უთხრა ინსპექტორმა. - იდექით მშვიდად!

- ეს ხომ მახეა! შესძახა წრიპინა ხმით კაცუნამ. საბრალდებო სკამზე მე კი არა, თქვენ დაგსვამენ, ჰოლმს. გამომიძახა, მიმკურნალეო, მეც ვეახელი, ახლა, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ რაღაც სისულელეებს ვროშავდი, რაც თვითონვე მოიგონა თავისი გიჟური ეჭვების დასადასტურებლად. რამდენიც გენებოთ, იმდენი იცრუეთ, ჰოლმს. ჩემს სიტყვებს თქვენსაზე არნაკლები წონა და გასავალი ექნება.

- ღმერთო ჩემო! - შესძახა ჰოლმსმა. - მე ხომ სულ გადამავიწყდა ჩემი მეგობარი. ძვირფასო უოტსონ, ათას ბოდიშს გიხდით. წარმოგიდგენიათ? როგორ გამომრჩა მხედველობიდან, რომ თქვენ ამ ამბების თვალით მხილველი ბრძანდებით და ყველაფერი თქვენი საკუთარი ყურით მოისმინეთ. კელვერტონ სმითს აღარ გაგაცნობთ, კარგად იცით, დღეს უკვე ნახეთ, კები გაქვთ, ინსპექტორო? უკან გამოგყვებით, როგორც კი ჩავიცვამ, ალბათ დავჭირდები პოლიციას.

ჩაცმისას რამდენიმე ნამცხვარი შეჭამა და ჭიქა კლარეტით წყურვილი მოიკლა.

- ასეთი კმაყოფილებით არც არასოდეს მიჭამია და არც მისვამს, - თქვა მან. - თუმცა ჩემი ცხოვრების წესი რაიმე განსაკუთრებული წესრიგით არ გამოირჩევა და ასეთი საგმირო საქმეების ჩადენა ჩემთვის უფრო იოლია, ვიდრე სხვებისათვის. აუცილებელი იყო, მისის ჰადსონს ერწმუნა ჩემი ავადმყოფობა, რადგან ეს ახალი ამბავი მას უნდა ეუწყებინა თქვენთვის, უოტსონ, თქვენ კი, თქვენის მხრივ, მისტერ სმითი უნდა დაგერწმუნებინათ. ხომ არაფერი გეწყინათ, უოტსონ? თქვენ ძალიან ნიჭიერი კაცი ხართ, მაგრამ აღიარეთ, რომ ავადმყოფის როლის შესრულება ჩემსავით არ შეგიძლიათ. თქვენ რომ ჩემი საიდუმლო წინასწარ გცოდნოდათ, ვერასოდეს დაარწმუნებდით მისტერ სმითს, რომ საჭირო იყო მისი ჩემთან მოსვლა. ხოლო მისი მოსვლა ჩემი გეგმის მთავარი ნაწილი იყო. ვიცოდი მისი შურისმაძიებლური ხასიათი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა, რათა თავისი წინასწარგანზრახული მოქმედების დანაშაულებრივი შედეგი თავისი თვალით ეხილა.

- მაგრამ თქვენი გარეგნობა, ჰოლმს, სიკვდილის მაუწყებელი ფერი და დამჭკნარი სახე?

- სამი დღის სრული მარხვა ადამიანს უცებ ახდუნებს. დანარჩენს კაცი იოლად მოახერხებს, ცოტაოდენი ვაზელინი შუბლზე, ბელადონას წვეთები თვალში, ფერუმარილი ღაწვებზე, ცვილის თხელი ფენა ტუჩებზე - ყველაფერი ამით სრულიად დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევა შეიძლება. სნეულებით სიმულაციას, ალბათ, ერთ კარგ მონოგრაფიას მივუძღვნი. ხოლო ბოდვა ხანმანწკებზე, ნახევარკრონებზე და სხვა საგნებზე, რომელთაც საქმესთან კავშირი არა აქვთ, ისეთ ჩინებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ვითომ მართლა ბოდავ, ხომ ასეა, უოტსონ?

- მაგრამ რატომ არ მიმიშვით ახლოს, როცა არავითარი გადამდები ავადმყოფობა არ გჭირდათ.

- ამას როგორ მეკითხებით, ძვირფასო უოტსონ! თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ თქვენს სამედიცინო ცოდნას არ ვაფასებდე? განა შემეძლო იმის იმედი მქონოდა, რომ თქვენს გამოცდილ თვალს შეუმჩნეველი დარჩებოდა მომაკვდავი კაცის მაჯისა და ტემპერატურის უცვლელობა? ხოლო თუ ჩემს ავადმყოფობას ვერ დაგაჯერებდით, მაშინ სმითს ვინ მომიყვანდა? იმ კოლოფს კი თუ გვერდიდან შეხედავთ, ნახვრეტს აშკარად შეამჩნევთ. კოლოფს რომ გააღებთ, იმ ნახვრეტიდან ზამბარა ისარს გამოახტუნებს და გველივით დაგგესლავთ. ეტყობა, რაღაც ამნაირი მოწყობილობით იქნა მოკლული საბრალო სევეჯი, რომელიც ამ ურჩხულსა და სამემკვიდრო ქონებას შორის იდგა. თქვენ კარგად იცით, რომ ძალზე მრავალფეროვან კორესპონდენციებს ვიღებ და უკვე მივეჩვიე საფრთხეს. ყოველ უცნაურ ამანათს ეჭვით ვუყურებ. მე წინასწარ ვვარაუდობდი, თუ სმითს დავარწმუნებდი, რომ მისი ბოროტი განზრახვა წარმატებით დაგვირგვინდა, აღსარებას იტყოდა და ყველაფერს ამოღერღავდა. ჩემი მოგონილი სნეულება კი ისე გავითამაშე, როგორც ნამდვილმა არტისტმა.

თქვენი დიდად მადლობელი ვარ, უოტსონ, ახლა კი დამეხმარეთ, პალტო ჩავიცვა. როცა პოლიციაში საქმეს მოვრჩებით, ვფიქრობ, არ გვაწყენდა, თუ დასანაყრებლად სიმპსონთან შევივლიდით.