რეი ბრედბერი - ბიჭად დარჩენილი მწერალი-ფანტასტი

ავტორი: ზაალ ჩხეიძე

ხომ არიან მწერლები, რომლებიც ერთ რომელიმე კონკრეტულ ჟანრში შეიზღუდებიან და მცირე, უღიმღამო ცდების შემდეგ - ცდები ყველას აქვს, - მგონი, ფეხს აღარ გადადგამენ ხოლმე გვერდზე. მიხვდება ვინმე მავანი, რომანი გამომდის უკეთო და, პიესას არ გაეკარება, ან მოთხრობა უფრო კარგად მომდის ხელშიო და, რომანს არ დაწერს თავის დღეში. კი არიან, უმეტესად სწორედ ამგვარი მწერლები არიან და არც გაემტყუნებათ იმ პატიოსან ადამიანებს, რადგან მეტად იშვიათია ლიტერატურის ურიცხვი შენაკადი თუ განშტოება თანაბარი სიძლიერით გამოსდიოდეს მწერალს, იშვიათია, ყველგან თანაბრად დალხენილად და გულსრულად გრძნობდეს კაცი თავს.

ოღონდ, ალბათ, ეს არ ეხება ბიჭს, რომელიც ილინოისის შტატში, მიჩიგანის ტბის ნაპირას, პატარა ქალაქ უოკიგანში დაიბადა. უოკიგანი ამერიკულით კი არა და, ქართული მასშტაბითაც პატარა ქალაქად ჩაითვლება, ახლა რაღა, ჭრელზე ჭრელი მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ იმ შორეულ 1920 წლის 22 აგვისტოს აქაურობას სულ პირველი, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, ძირძველი ამერიკელებიც არ აკლდნენ. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, სწორედ ამგვარ ძირძველ, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გაამერიკელებულ ბრედბერების ოჯახს უმცროსი ვაჟი შეეძინა, პირველ სახელად ბიჭს რეიმონდი დაარქვეს, მეორე სახელად - დაგლასი, როგორც მახსოვს, მაშინ ცნობილი მსახიობის პატივსაცემად.

დალხენილმა ცხოვრებამ როდი მოუწია რეის, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დატოვა ოჯახმა პატარა უოკიგანი და ლოს-ანჯელესში გადაბარგდა. რეის მშობლებს მეტისმეტად უყვარდათ კინო, ჯერაც ახალფეხადგმული ბიზნესი მაშინ, და შვილსაც, კაცმა რომ თქვას, თავისუფლად ზრდიდნენ. უნივერსიტეტში უოკიგანელმა ბიჭმა ვერ ისწავლა, ფული არ ეყო, მაშინ აშშ-ში მაინცდამაინც არც სამუშაო იშოვებოდა, ჰოდა, როგორც მერე სევდანარევი სიყვარულით იხსენებდა ხოლმე რეი, ზრდასრულობაში ფეხშედგმულმა უმაღლესი განათლების დასრულების ნაცვლად ჩვენებური ბიბლიოთეკა დავამთავრეო. კვირაში სამჯერ დადიოდა თურმე მოცლილი რეი წიგნების საკითხავად და კარგა ბლომადაც წაუკითხავს.

მარტო კითხვა არ შველოდა საქმეს და ბრედბერი წერდა, თავიდან მხოლოდ ე.წ. ყვითელ პრესასთან თანამშრომლობდა, ისინიც უბეჭდავდნენ და უბეჭდავდნენ მოთხრობებს, ოღონდ ეს მოთხრობები - მერე რა, რომ ავტორი შიგადაშიგ პოს ბაძავდა თურმე, პოს, ედგარ ალანს - მაინც ვერ გამოირჩეოდა დიდი ოსტატობით და არც კრიტიკას გაუმახვილებია მათზე ყურადღება. მოგეხსენებათ, აშშ დიდი ქვეყანაა, მაშინაც გვარიანად დიდი იყო, და აბა, ვიღაც ილინოისელი, დღიურ პრესაში ახალგამომცხვარი ბიჭი გამოცდილ ლიტერატორებს თვალებს რას აუბამდა. წარმატება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იოლად არ მოსულა, რეი გამოირჩეოდა მოთმინებით, წარმოუდგენელი, მე ვიტყოდი, ჰემინგუეისეული მოთმინებით, აი, თუ გახსოვთ, ჰემინგუეიზე იგონებენ, ყოველდღე გამთენიისას დგებოდა და რომ არ დასძინებოდა, საგანგებოდ მისთვის გაკეთებულ მაგიდასთან ფეხზემდგომელა წერდაო, მისი ახალგაზრდობის ამბავს იგონებენ ასე, პარიზული დროისას. ჰოდა, ბრედბერიც მაგ მოდგმის იყო, მშრომელი უკიდურესად და მომთმენი, კიდევ უფრო. ყოველდღე სამ, ოთხ, ხუთ საათს მუშაობდა, წერდა, ასწორებდა, მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ თავის სარჩენ ფულს შოულობდა და ლიტერატურული დიდება მეტად შორს იყო.

რეის სიჯიუტეც გვარიანად მოსდევდა, ალბათ, იმ ატლანტიკის გადმომცურავი წინაპრებისგან. იმდენად, რომ პირველი დიდი წიგნის, „მარისის ქრონიკების“ წარუმატებლობამ ვერ დააფრთხო და ვერც შრომის, წერის სიყვარული გაუნელა.

„მარსის ქრონიკები“ მეუღლეს მიუძღვნა, სრულიად არაჩვეულებრივი, პატარ-პატარა მოთხრობებად, ამბებად დაწერილი წიგნი, რომლის ფორმატსაც ცოტა უფრო გვიან კიდევ ერთი სრულიად ფანტასტიკური „ბაბუაწვერას ღვინო“ გაიმეორებს;

ოღონდ იმ განსხვავებით, რომ, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს უკანასკნელი უფრო შეკრული ტექსტია, ავტობიოგრაფიულიცაა უფრო მეტად და საერთოდაც, დამწყები ავტორის დაწერილს აღარ ჰგავს, უკვე გამოჯეკილი მწერლის ხელი ატყვია. კეთილმოსურნეები იმასაც ჩაურთავენ ხოლმე, რომ „ბაბუაწვერას ღვინოში“ ორი მთავარი პერსონაჟი რეიმ საკუთარი თავისგან გადმოხატა, ალბათ, ისე, როგორც კარგა ხნის მერე ამერიკული ლიტერატურის კიდევ ერთმა უმთავრესმა ავტორმა, რეისგან განსხვავებით, დიდმა ხულიგანმა და მექალთანემ, რომელიც მთელი ცხოვრება სიყმაწვილეში შერთული ცოლის მოსიყვარულე მეუღლედ დარჩა, ჩარლზ ბუკოვსკიმ. ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა ჰქონდეთ საერთო ამ ორს, ხელწერითაც, რწმენითაც, ცხოვრების წესითაც მეთად განსხვავებულ მამაკაცებს. მე ვიტყოდი, ადამიანის სიყვარული. რეის, უფრო კიდევ, კაცობრიობასაც, ეს, ალბათ, მისი მოგონილია, მხოლოდ მას შეეძლო, ფანტასტიკური სიუჟეტი აღწერა კია, მაგრამ წამკითხველს იმ აღწერილობის იქით ერთხელად არ გახსენებოდა, რომ რაღაც უჩვეულოს კითხულობს და საკუთარი სახლის უკანა ეზოში ჰგონებოდა თავი. საერთოდაც, რეი სენტიმენტალური კაცი იყო, რწმენების კაცი, აკი „მარსის ქრონიკებიც“ ცოლს მიუძღვნა, ნიშნად განუზომელი სიყვარულისა.

რეის „451 გრადუსი ფარენჰაიტით“ პირველად „ფლეიბოიში“ დაიბეჭდა - სასაცილოა, პირდაპირ. ეგრეც გახდა საქვეყნოდ ცნობილი ეს პატიოსანი კაცი „ფლეიბოიში“ კაცობრიობაზე, მართალთა რწმენაზე, უკანასკნელმოჰიკანობაზე დაბეჭდილი რომანით.

„ბაბუაწვერას ღვინოზე“ კი კრიტიკოსები ამბობენ ხოლმე, მარტო პო რას გვიქვია, მარკ ტვენის გავლენაც აქვსო. რა მოხდა მერე, ტვენის გავლენა ყველას აქვს ამერიკულ ლიტერატურაში, კაცს ვერ ნახავ, წერა შეეძლოს და ტვენისა არაფერი წამოეღოს. გავლენა როგორ არა აქვს, ამ ჩვენს „ბაბუაწვერაში“ ორი თითისტოლა ბიჭია და იქაც - კლემენსთანაც. რა სალაპარაკოა, ქალაქს გინდაც სანქტ-პეტერბურგი რქმევია და გინდაც გრინთაუნი (ვითომ, მწვანე ქალაქიო), გინდაც ის პეტერბურგი მგვანებია ტვენის მშობლიურ ქალაქს და გინდაც ეს რეის მწვანე ქალაქი - რეისავე უოკიგანს. ოჰ, ეს პატარა ქალაქების მოყვარული დიდი ამერიკელი მწერლები! ჰოდა, აქაც, ამ ჩვენს „ბაბუაწვერას ღვინოშიც“, კაცობრიობის გადარჩენის ამბავია, ყოველდღიურობისთვის სულის მოპარვისა და ამ სულის ბიჭებისგან ქალაქს გაღმა უჩუმრად გაპარების ამბავი.

ყველაზე კარგი მწერლები ხომ ყოველთვის ისინი გამომდგარან, ვინც სულ ყოველთვის ბიჭებად დარჩენილან. ამბებიც ხომ მხოლოდ ბიჭებს გადახდებათ ხოლმე თავს, მით უფრო, ქალაქად ზაფხული თუა...


გამომცემლობა პალიტრა L, 2015წ.