ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებლის შესახებ

ეს ამბავი თანდათან იზრდებოდა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ბეჭდის დიდი ომის ისტორიად არ გადაიქცა, ამასთან, მოიცვა მცირე ნაწყვეტები უფრო ძველი მოვლენებისა, რომლებიც ამ ომს წინ უძღოდა. 

ყველაფერი „ჰობიტის“ დაწერიდან მალევე და 1937 წელს, მის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. თუმცა გაგრძელების წერას მაშინვე არ შევდგომივარ, რადგან მანამდე მსურდა, დამესრულებინა და მომეწესრიგებინა ადრეული დღეების მითოლოგია და ლეგენდები, რომელთა ფორმირება იმ დროისთვის უკვე რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. ჩემი მიზანი იყო, საკუთარი თავისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა და მცირე იმედი მქონდა იმისა, რომ საზოგადოება ამ ნაწარმოებით დაინტერესდებოდა. აზრს ისიც მიძლიერებდა, რომ იგი ჩაფიქრებული იყო უპირველესად, როგორც ლინგვისტური ნაშრომი ელფური ენების „წარმოშობის ისტორიისთვის“ აუცილებელი ფონის შესაქმნელად.

როდესაც იმ პირთა რჩევებმა და მოსაზრებებმა, რომლებსაც მე ყურადღების ღირსად მივიჩნევდი, მცირე იმედი სრულ უიმედობაში გადამიწურეს, გაგრძელების წერა დავიწყე ერთგული მკითხველის მოთხოვხოვნებით გათამამებულმა, რათა ჰობიტებსა და მათ თავგადასავალზე უფრო მეტი ცნობები მიმეწოდებინა. თუმცა თხრობა უხსოვარ დროში გადავიდა და საბოლოოდ ძველი სამყაროს აღსასრულის აღწერად გადაიქცა ისე, რომ მის დასაბამსა და შუახანებზე არაფერი თქმულა. ეს პროცესი ჯერ კიდევ „ჰობიტში“ დაიწყო, რადგან მასში ძველ დროსთან დაკავშირებული რამდენიმე პირი და ადგილმდებარეობაა მოცემული: ელრონდი, გონდოლინი, უზენაესი ელფები და ორკები, ისევე როგორც გაკვრით ნახსენები, მაგრამ გაცილებით ღრმა და იდუმალი დატვირთვის მქონე დურინი, მორია, განდალფი, ნეკრომანტი და ჯადოსნური ბეჭედი. სწორედ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებით გახდა შესაძლებელი უძველესი ისტორიებისა და შუახმელეთის მესამე ეპოქის მიწურულს, ბეჭდის უდიდესი ომის აღწერა.

ჰობიტების ახალი ფათერაკების გაგების მსურველებმა უსაზღვრო ცნობისმოყვარეობის წყურვილი საბოლოოდ კი დაიკმაყოფილეს, მაგრამ დიდხანს ლოდინმა მოუწიათ; ვინაიდან „ბეჭდების მბრძანებელი“ 1936-1949 წლებში იწერებოდა, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მე, ერთდროულად როგორც მოსწავლესა და მასწავლებელს, სხვა ბევრი გადაუდებელი მოვალეობა და საქმეც მქონდა, რაც ხშირად მაფერხებდა. ხელის შემშლელის როლი ითამაშა აგრეთვე 1939 წელს გაჩაღებულმა მსოფლიო ომმა, ამ წლის მიწურულს თხრობას პირველი კარის ბოლომდეც კი არ მიეღწია. მიუხედავად წყვდიადით მოსილი ომიანობის ხუთი მომდევნო წლისა, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ წიგნის სრულებით მიტოვება არ ღირდა და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინსვლას მივყავი ხელი. ვწერდი უმეტესად ღამღამობით, სანამ მორიაში ბალინის აკლდამასთან საკმაო ხნით არ შევჩერდი. თითქმის ერთი წლის შემდეგ თავს ძალა დავატანე და 1941 წლის ბოლოს ლოთლორიენსა და დიდ მდინარეს მივადექი. მომდევნო წელიწადი ამჟამად მესამე კარში შემავალი თავების ზოგადი მონახაზისა და მეხუთე კარის I და III თავების შესავლის შეთხზვას შევალიე. და მაშინ, როცა ანორიენში საბრძოლო შუქურები აინთო, თეოდენი კი დუნჰარგში მივიდა, ისევ გავჩერდი. წარმოსახვის უნარი საერთოდ დამეკარგა, საფიქრალი დრო კი არ გამაჩნდა.

1944 წელს ნაწარმოებში მოსალოდნელი ომის აღწერას დროებით თავი მივანებე და ფროდოს მორდორისკენ მოგზაურობას მივუბრუნდი. ეს თავები, რომლებიც საბოლოოდ მეოთხე კარის შემადგენლობაში შევიდა, გადავწერე და ჩემს ვაჟიშვილს, ქრისტოფერს გავუგზავნე, იმხანად რომ სამხრეთ აფრიკაში სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. ასე თუ ისე, წიგნის ამჟამინდელ სახემდე მიყვანასა და დასრულებას კიდევ ხუთი წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში მე გამოვიცვალე სახლი, საყვარელი სავარძელი, კოლეჯი, სადაც ვასწავლიდი; ამასთან, ომიც დამთავრდა, მაგრამ სამუშაომ იმატა. მაშინ, როცა როგორც იქნა, „ბოლომდე“ მივაღწიე, ჩემ წინაშე ახალი საჭიროება დადგა: ხელნაწერი უნდა შემესწორებინა და ადგილ-ადგილ თავიდან გადამეწერა; მერე კი საბეჭდ მანქანაზე ამეკრიფა მე თვითონ, რადგან პროფესიონალი მბეჭდავის დაქირავებას ჩემი ფულადი შესაძლებლობებით ვერასდიდებით გავწვდებოდი.

„ბეჭდების მბრძანებელი“ უამრავმა ადამიანმა წაიკითხა გამოქვეყნების შემდეგ; და ახლა მსურს, ნაწარმოების მოტივსა და დედააზრთან დაკავშირებით ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მოსაზრებებისა და ვარაუდების შესახებ ჩემი შეხედულება მოგახსენოთ. მთხრობლის უპირველესი სურვილი იყო ისეთი გრძელი ნაწარმოების შეთხზვისთვის მოეკიდა ხელი, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიიპყრობდა, გაართობდა, დროდადრო აღაფრთოვანებდა ან ღრმად შეძრავდა მას. ამ დროს, რასაკვირველია, საკუთარი გრძნობები მმეგზურობდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრს თავისმა მეგზურმა უმტყუნა. ზოგიერთმა, ვინც წიგნი წაიკითხა ან, ყოველ შემთხვევაში, კრიტიკულად მიმოიხილა, ის მოსაბეზრებლად, უაზროდ და საძაგლობად მიიჩნია. მაგრამ მე წუწუნს არ ვაპირებ, რადგან თავად მეც მსგავსი შეხედულება მაქვს მათი ნაშრომებისადმი ან ნაწარმოებისადმი, როგორიც, როგორც ჩანს, მათ მოსწონთ. თუმცა, თვით წიგნისადმი დადებითად განწყობილი მკითხველებისგანაც უამრავი შენიშვნა მივიღე. ალბათ, ძნელია ამ მოცულობის თხზულებაში ყველასთვის ყველაფერი იყოს მოსაწონი, ანდა - ყოველმხრივ მიუღებელი. ვინაიდან, როგორც მკითხველის ჩემთვის გამოგზავნილი წერილებიდან ცხადად ჩანს, ის თავები ან დიალოგები, რაც ზოგიერთისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი გახდა, სხვებმა ნაკლად მიიჩნიეს. ყველაზე კრიტიკული მკითხველი, ანუ მე, ახლა უამრავ შეუთავსებლობას ვპოულობ, მცირესა თუ დიდს, მაგრამ რახან, ჩემდა საბედნიეროდ, წიგნის კრიტიკულად განხილვის ან ხელახლა წერის არანაირი ვალდებულება არ მაკისრია, ვცდილობ, ამაზე თვალი დავხუჭო. ოღონდ ერთ რამეზე, ყველასათვის რომ ცხადია, დუმილი არ ეგების: წიგნი მეტისმეტად მოკლეა.

რაც შეეხება ქვეტექსტებს ან „მინიშნებებს“, ავტორს მსგავსი რამ გონებაში არც კი გაუვლია. ნაწარმოები არც ალეგორიულია და არც რაიმეს თანადროული. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მოთხრობამ ღრმად გაიდგა ფესვები (წარსულში) და მოულოდნელად ვრცლად განიტოტა; თუმცა მთავარი თემა ძირიდანვე უცვლელი დარჩა: ჯადოსნური ბეჭედი, რომელზეც აგებულია მთელი ნაწარმოები, ასევე გახლდათ „ბეჭდების მბრძანებლის“ „ჰობიტთან“ დამაკავშირებელი რგოლი. გადამტეხი თავი, „წარსულის აჩრდილი“, ერთ-ერთი უძველესი ნაწილია მოთხრობისა. იგი დაიწერა დიდი ხნით ადრე, სანამ 1939 წლის ბობოქარი მოვლენები სამყაროს სრული განადგურების მუქარით აღსავსე ომში გადაიზრდებოდა. აქედან გამომდინარე, თუნდაც ომის დაწყების თავიდან აცილება მოხერხებულიყო, ნაწარმოები ზუსტად იმავენაირად განვითარდებოდა, როგორც განვითარდა. სიუჟეტი ჯერ კიდევ წლების წინ იყო მოფიქრებული და გონებაში გადახარშული, ზოგიერთი რამ კი - საერთოდ წერილობით ფორმაში გადატანილი, ამიტომ 1939 წელს გაჩაღებული ომი მათზე მხოლოდ ოდნავ აისახა, თუ აისახა საერთოდ.

ნამდვილი ომი არც მიმდინარეობით და არც დასასრულით არ წააგავს წიგნში აღწერილ ლეგენდარულ ომს. მას რომ ლეგენდის განვითარებაზე გავლენა მოეხდინა, მაშინ ბეჭედი უთუოდ საურონის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული; ამ უკანასკნელს სამარადჟამოდ კი არ გაანადგურებდნენ, არამედ, უბრალოდ დაატყვევებდნენ, ხოლო ბარად-დურს მიწასთან კი არ გაასწორებდნენ, არამედ ალყაში მოაქცევდნენ. სარუმანი, ბეჭდის ხელში ჩაგდებაში ხელმოცარული, შექმნილ უწესრიგობასა და გაურკვევლობაში საბოლოოდ მორდორში მაინც იპოვიდა ბეჭდის დამზადების ხელოვნების ნაკლულ რგოლს და თავად ჩამოასხამდა ძალაუფლების ბეჭედს, რითაც შუახმელეთის თვითგამოცხადებულ მმართველს ბრძოლას გამოუცხადებდა. ამ პაექრობაში ჰობიტები გაიჭყლიტებოდნენ და საერთოდ ამოწყდებოდნენ, რადგან ორივე მხარე მათ მიმართ სიძულვილითა და ზიზღით იყო გამსჭვალული.

სიუჟეტის კიდევ სხვაგვარი განვითარების წარმოდგენა შეიძლება იმათი გემოვნებისა და ხედვის მიხედვით, ვისაც ალეგორია და წიგნის შინაარსის თანამედროვეობასთან გაიგივება უყვართ. მე კი სრულებით ვერ ვიტან ალეგორიას მთელი მისი ფარული მონიშნებებითა და გამკიცხავი ტონით, ამიტომაც, რაც უფრო ასაკი და მასთან ერთად გამოცდილებაც მემატებოდა, მუდმივად გავურბოდი ალეგორიის გამოყენებას. მე უფრო მეტად ვამჯობინებ, იმდაგვარად აღვწერო ამბავი, ნამდვილი ან გამოგონილი, რომ ნებისმიერმა მკითხველმა თავისი გამოცდილებისა და შეხედულებების შესაფერისად განსაჯოს მისი რაობა. ალბათ, ასეთი „შესაფერისობა“ ბევრს „ალეგორიაში“ ერევა; თუმცა პირველი მათგანი მკითხველის სრულ თავისუფლებას გულისხმობს, მეორე კი - ავტორის ბატონობას მკითხველზე.

რასაკვირველია, ავტორზეც ახდენს ცხოვრებისეული გამოცდილება ზეგავლენას, მაგრამ ამ გამოცდილების ნიადაგზე ნაწარმოების აღმოცენება იმდენად რთული პროცესია, რომ ნაწარმოების წარმოშობის საკითხების დადგენისას უმეტესად შეუთავსებადი და ბუნდოვანი დასკვნები გამოგვაქვს. აგრეთვე, მცდარად მიმაჩნია კრიტიკოსებში საყოველთაოდ მიღებული მოსაზრება, თითქოს ავტორზე უმთავრეს ზეგავლენას მისი თანამედროვების მსოფლმხედველობა ან მოვლენები ახდენდეს. მართალია, იმისთვის, რომ ომის მთელი სისასტიკე შეიგრძნო, თავად უნდა ცხოვრობდე ომიანობის პერიოდში. თუმცა ახლა, წლების შემდეგ, ალბათ, ძნელი გასახსენებელია, რომ 1914 წელს ახალგაზრდობაში ფრონტის ხაზზე სამსახური და იმის ხილვა, თუ როგორ შეიწირა ომმა, ერთის გარდა, ყველა ჩემი უახლოესი მეგობარი, არანაკლებ საზარელი განცდა იყო, ვიდრე 1939-1945 წლებში მოვლენებისთვის თვალყურის დევნება.

ან თუნდაც შედარებით ნაკლებად საზარელ ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება: ზოგიერთის აზრით, „მაზრის გათავისუფლებაში“ ინგლისის იმდროინდელი ვითარებაა ასახული, როცა ნაწარმოების წერას ვამთავრებდი. სულაც არა. ეს თავი წინასწარ იყო განჭვრეტილი დაახლოებით ამდაგვარად და მხოლოდ ოდნავ შეიცვალა და მიიღო საბოლოო სახე სარუმანის პერსონაჟის განვითარების შესაბამისად და არა ალეგორიული მინიშნებების ან მაშინდელი პოლიტიკური სიტუაციის გამო. დიახ, ბატონო, ამ თავის შექმნისას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებითაც ვხელმძღვანელობდი, მაგრამ უფრო განსხვავებულითა (მაშინ ეკონომიკური მდგრადობა სულ სხვაგვარი იყო) და ადრეულით. ჩვეულებრივი ინგლისური სოფელი, სადაც ბავშვობა გავატარე, სრულიად განადგურდა, სანამ ჯერ კიდევ ათი წლისა გავხდებოდი, მაშინ, როცა ავტომობილები იშვიათი ხილი იყო (ერთიც კი არ მენახა) და რკინიგზას კვლავაც გარეუბნებში აგებდნენ. ამას წინათ გაზეთში ერთ დროს ჩემთვის აგრერიგად მნიშვნელოვანი, ახლა კი აქა-იქ შემორჩენილი წყლის წისქვილის ფოტოს წავაწყდი. ახალგაზრდა მეწისქვილის შესახედაობა, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა, მაგრამ მამამისს, მოხუც მეწისქვილეს, შავი წვერი ჰქონდა და მისი გვარი სულაც არ გახდათ ქვიშენი.

„ბეჭდების მბრძანებელი“ ხელახლა გამოიცა და მისი შესწორების შესაძლებლობა მომეცა. რამდენიმე შემორჩენილი შეცდომა და შეუთვასებლობა ჩასწორდა და შინაარსში უკეთ გასარკვევად დამატებულ იქნა მცირედი ახსნა-განმარტება, ყველაზე ყურადღებიანი მკითხველთა შენიშვნების გათვალისწინებით. ვეცადე, ყველა შენიშვნა და მოთხოვნა ყურად მეღო, მაგრამ თუ რომელიმეზე პასუხი გამომრჩა, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი საკუთარი ჩანაწერების საბოლოოდ მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე, თანაც მკითხველთა უმეტესი მოთხოვნის ამ გამოცემაში შეტანა სრულიად შეუძლებელია, რადგან ისინი ლინგვისტურ საკითხებს ეხება და ამისათვის ცალკე წიგნის გამოცემა გახდება საჭირო.

მთარგმნელი ნიკა სამუშია
გამომცემლობა „პალიტრა L“, 2016წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში