როსტომ ჩხეიძე - ბედი-მდევარი

მიხეილ ჯავახიშვილს თავის დროზე განზრახული ჰქონდა დაეწერა მეტად ორიგინალური ყაიდის მოთხრობა, თუ როგორ იკრიბებიან მისი პერსონაჟები (ჯაყო ჯივაშვილი, თეიმურაზ ხევისთავი, კვაჭი კვაჭანტირაძე...) და ასამართლებენ ავტორს.

1924 წელი 

„ჩემი ნაწერების გმირები იკრიბებიან და მასამართლებენ. კარგი თემაა“.

1935 წელი 

„ტემა: „ჩემი სტუმრები – ჩემი გმირები მოდიან (ჯაყო, თეიმ., კვაჭი) და გასამართლებას მიპირებენ“.


როგორც სხვა არაერთი ჩანაფიქრი (რაზეც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მისი უბის წიგნაკები), ეს განზრახვაც აღუსრულებელი დარჩებოდა. როსტომ ჩხეიძემ მიხეილ ჯავახიშვილის დაუწერელი მოთხრობის ზოგადი ქარგა პიესისთვის გამოიყენა...

მონტაჟი ორ მოქმედებად და ათ სურათად დაუწერელი მოთხრობის ტრაგედიაზე

მიხეილ ჯავახიშვილი. ქართველ მწერლებს ჩემი სალამი და უღრმესი პატივი! გთხოვთ მიცნობდეთ: ნაკაცარი გახლავართ, ვინმე მიხეილ ჯავახიშვილი. ნუ შეწუხდებით, ბატონებო. მეტი რა უნდა მიშასა, თავს არ ამხობდნენ კრიშასა, ეხე-ხე! ნუ შეშინდებით, ყმაწვილებო, მეტოქეობას არ გაგიწევთ: ჩემი პოეტური მარაგი ამ ერთი სტრიქონით იწყება და ამითვე თავდება, თუმცა...

***

მიხეილ ჯავახიშვილი. რაო? რა მიბრძანეთ? დავბრძანდე? ეგ სიტყვა მეხამუშა, გადავეჩვიე. ახლა იტყვიან: დაეგდე, ან გაეთრიეო!.. თუმც თქვენი თავაზიანობა არც იმდენად საოცარია: ჰშვენის მწერალს ზრდილობის გუშაგობა.

***

ნიკოლო მიწიშვილი. რაც გინდათ თქვით და, საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისაგან. ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭერენ.

***

მიხეილ ჯავახიშვილი. პოეტური ჰანგი, კილო და გუნება ხშირად მეცნიერულ საბუთებზე უფრო მძიმეა, მჭრელი და... სახიფათოც.

***

მოდიან პავლე ინგოროყვა და მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი. რა უთხარით მაინც ამისთანა სერგო ორჯონიკიძეს, ბოლოსდაბოლოს რომ დაიყაბულეთ ჩემს გამოშვებაზე?

პავლე ინგოროყვა. თავდებად დაგიდექით, რომ საერთოდ ჩამოცილდებოდი პოლიტიკას.

მიხეილ ჯავახიშვილი. ეგ არ იკმარებდა.

პავლე ინგოროყვა. როგორ იკმარებდა, მაგრამ რაღაცას ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში შენი ბედით დაინტერესდა, მოიკითხა შენი ყოფა და ადვილად უკვე ვეღარ გაგაქრობდნენ... რამე პირობა ხომ არ ჩამოგართვეს?

მიხეილ ჯავახიშვილი. (დასევდიანდება) ჩამომართვეს, ჩამომართვეს და ეგ ვერ მიპატიებია ჩემი თავისათვის.

პავლე ინგოროყვა. რა მაინც?

მიხეილ ჯავახიშვილი. შევპირდი, რომ დავეხმარებოდი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოძრაობის განადგურებაში. ჩოლოყაშვილის წამოწყება პირწმინდად უნდა ამოიძირკვოს, თორემ ბევრ უბედურებას მოიტანსო, - განმიცხადა სერგომ და მეც თავი დავუქნიე. ეგრე არ გამოვაო, - შემომძახა, - იცოდე, პასუხს აგებ, თუ რაიმეს შეიტყობ და არ გაგვაგებინებო.

[...]

ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემო პავლე, რომ ჩემი საიდუმლო მუშაობა პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურვა არ იცის, მაგრამ სხვის დასახსნელად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა.

[...]

პავლე ინგოროყვა. რამდენჯერ მომისმენია შენი იმ პირველი ნოველების ქება და სინანული: რატომ დაიკარგაო!.. ეჰ, ნეტა პოლიტიკას არ გადაჰყოლოდაო!.. გასაგებია, აღარ გეცალა, ეს იატაკქვეშეთიო, ეს რედაქტორობაო, ეს პუბლიცისტობაო, ეს ემიგრაციაო... პოლიტიკამ მართლაც შეგიწირა, კინაღამ დაგხრა და შეგთქვლიფა, მაგრამ ახლა შესაძლოა შარი ხეირად გექცეს. ყველა გზა მოგეწრა, გარდა ლიტერატურისა... (იცინის) მაგათ რა იციან, რომ ლიტერატურაზე დიდი პოლიტიკა არც არსებობს.

[...]

მიხეილ ჯავახიშვილი. არ ველოდი, არა, ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდი. კვაჭის თავგადასავალი რომ არ ამეწერა, ვერ გავთავისუფლდებოდი ციხის კოშმარებისგან. გარეგნულად რაც შეიძლება მხიარული რომანი უნდა დამეწერა, კომიკური ეპიზოდებით გადავსებული, თორემ „ტყის კაცი“ და ამ ყაიდის მოთხრობები ვერ მიშველიდა დეპრესიისგან.

***

მიხეილ ჯავახიშვილი. „ჯაყოს ხიზნების“ უკანასკნელი ფრაზა: ისევ დაყუდებული შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი, - განა იმედზე არ მიანიშნებს?! შიო მღვიმის მონასტრის შემოგარენში რომ აღესრულა აგვისტოს აჯანყება, სწორედ მასთანაა გადაძახილი და გულისხმობს, რომ აჯანყება კვლავაც გრძელდება, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სული დაუმარცხებელია და ამ უღელსაც საბოლოოდ გადავიგდებთ, სამი წლით კი აღარ...

გერონტი ქიქოძე. მაგ მინიშნების ამოცნობა ძნელი არ არის, მაგრამ მკითხველს უძნელდება დაჯერება, ისე მოსპე სულიერად და ზნეობრივად თეიმურაზი, მისი მოლოდინი ფუჭი უფრო ჩანს, ვიდრე რაღაც ხელმოსაჭიდი. იქნებ გეფიქრა რომანის გადაკეთებული ვერსიის გამოქვეყნებაზე, თეიმურაზს ცოტა უკეთესად რომ წარმოაჩენდი, თორემ რა გიკვირს, შეურაცხყოფილად რომ გრძნობს თავს ჩვენი ინტელიგენცია, და თუნდ მეც მათ შორის.

მიხეილ ჯავახიშვილი. თეიმურაზში ჰამლეტის მერყევი სულია. და ჩემშიც ეს მერყევი სული ბორგავს.

გერონტი ქიქოძე. მაგით რისი თქმა გინდა?

მიხეილ ჯავახიშვილი. თეიმურაზი ხომ მე ვარ, მე, ჩემი ორეულია, მისი გარეგნული პორტრეტი განა ჩემსას არ გაგონებთ?.. მე თავი არ გამიმიჯნავს ჩვენი ინტელიგენციისაგან, მეც მათ შორის ვარ, მხრებით რომ ზიდა ეს დამღუპველი რევოლუცია და მისი მონაპოვარი კი ჯაყოს გადაულოცა. რაც უწყინარი კატა გვეგონა, ვეფხვის ბოკვერი აღმოჩნდა, პირსისხლიანი, რომ დაეპატრონა მოედანს და კლანჭებიც წაგვკრა. მერე კი ავტეხეთ ყვირილი და მოთქმა: არიქა, შეიპყარით და გალიაში გამოკეტეთო!.. მაგრამ ვიღა იყო მისი შემპყრობი და გალიაში გამომკეტი.

[...]

გერონტი ქიქოძე. ისე, რომ იცოდე, ჯერ კიდევ მეტეხის ციხიდან მახსოვხარ, 1910 წლის შემოდგომაზე ერთად მოგვიხდა იქ ყოფნა. შენ როგორღაც შინაურულად, მყუდროდ იყავი მოწყობილი შენი საკნის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებლად, საშინაო ფლოსტებით გამოდიოდი შუადღის სეირნობაზე. უკვე მაშინ შევნიშნე, რომ მახვილ გონებასთან ერთად რაღაც ბავშვური გულუბრყვილობაც გახასიათებდა. ალბათ ახლაც პირად შეურაცხყოფად ღებულობ რუსულ-ქართულ ჟარგონს, დამახინჯებულ ქართულ წარწერას მაღაზიის აბრაზე თუ დაწესებულების ფასადზე.

[...]

მიხეილ ჯავახიშვილი. ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი!.. არის ჟამი ერის, ადამიანის ცხოვრებაში, როცა მაუზერის გავარდნა ერთადერთი ვაჟკაცური საქციელია: ან სხვას უნდა დაუმიზნო, ან საკუთარი თავი გაიხვრიტო. დღეს ასე უნდა მოიქცეს ყოველი პატიოსანი ქართველი, და ვინც ამას ვერ გაჰბედავს, პირწავარდნილი თეიმურაზ ხევისთავია. დღეს თვითმკვლელობა გარდაუვალი მოვალეობაა. უნდა ვაღიაროთ: უღირსნი ცოცხალნი ვართ, ღირსეულნი წავიდნენ.

***

ლავრენტი ბერია. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. პარტია და მწერლობა ისედაც ერთად უნდა იდგეს და ერთადაცაა შეკრული მტკიცედ და დაურღვევლად, მაგრამ თქვენ რაღაც განზე დგახართ, არ მონაწილეობთ ჩვენს დიად აღმშენებლობით პროცესებსა და გარდაქმნებში... რაც იყო, იყო, ახლა კი ენერგიულად უნდა ჩაებათ (ხმას ოდნავ დაუწევს, მეტი მნიშვნელობა რომ მიანიჭოს ნათქვამს) საგანგებო დავალებაა, სა-გან-გე-ბო (და შთამაგონებელი პაუზა მეტი დამაჯერებლობისათვის)... 1905 წლის რევოლუციაზე რომ შექმნათ თქვენი შესაფერისი მხატვრული ტილო, და იმ დიდ, გრანდიოზულ ამბებში, მეფის იმპერია მძლავრად რომ შეაზანზარა, გამოკვეთოთ ამხანაგ სტალინის ორგანიზატორული, გადამწტყვეტი როლი!..

მიხეილ ჯავახიშვილი. ის ამბები კარგად მახსოვს, ძალიან კარგად, მისი უშუალო მონაწილეც ვიყავი და მთელი ის მღელვარე პროცესი, კინოკადრივით, თვალწინ ჩამიქროლებს ხოლმე.

ლავრენტი ბერია. (გადაბადრული) მაგას ვამბობ სწორედ, არ შევმცდარვარ, თქვენზე რომ შევაჩერე არჩევანი!..

მიხეილ ჯავახიშვილი. კარგად რომ მახსოვს, იქ ამხანაგი სტალინი საერთოდ არ მაგონდება.

ლავრენტი ბერია. (გაოგნებული) რას ამბობთ?!

მიხეილ ჯავახიშვილი. არ მაგონდება და რა ვქნა...

ლავრენტი ბერია. ოოო, ასე არაფერი გამოვა, ამხანაგო მიხეილ... ა-რა-ფე-რი გა-მო-ვა... აბა კარგად გაიხსენეთ მაშინდელი დრო, ის დიდი, გრანდიოზული მოვლენები და მის შუაგულში მდგარი ამხანაგი სტალინი. მისი ორგანიზატორული, მამოძრავებელი როლი!..

მიხეილ ჯავახიშვილი. კარგად დავფიქრდი, აჰა, კიდევ უფრო ღრმად და ღრმად ვფიქრობ და...

ლავრენტი ბერია. (თითქოს შვებით ამოისუნთქაო) ეგრე რა, ამხანაგო მიხეილ, ეგრე რა!..

მიხეილ ჯავახიშვილი. ვინც მაგონდებიან ორგანიზატორებში, იმათ ამხანაგი სტალინი საერთოდ არ გაკერებია.

ლავრენტი ბერია. დღეს რაღაც გადაღლილი მეჩვენებით და სჯობს ეს საუბარი გადავდოთ, სახლში რომ წახვალთ... დიახ, დიახ, შინ რომ წახვალთ, კიდევ იფიქრეთ, კარგად იფიქრეთ... მოგაგონდებათ, უეჭველი მოგაგონდებათ.

***

მიხეილ ჯავახიშვილი. „გლეხს“ რომ გამოვცემდი, ამ ჟურნალის ტირაჟი საოცრად გაიზარდა და მალე ათასი ცალიდან შვიდი ათასზე ახტა. ეს არნახული ამბავი იყო ჩვენი ჟურნალ-გაზეთების გავრცელების საქმეში. ჟურნალი მერვე ნომერზე მიმიკეტეს და სასამართლოში მიმცეს. უკვე ხუმრობა აღარ იყო: ან დამხტვრეტდნენ და ან გამაციმბირებდნენ. გაქცევა ჩემი პასპორტით ახლა უკვე შეუძლებელი შეიქნა და სხვისი პასპორტით ვამჯობინე. გავხეხე ხუთმანეთიანი და ჩემი მეგობრის სახელით ავიღე საზღვარგარეთის პასპორტი.

ტუსაღთაგანი. ვინ იყო ასეთი თავგამეტებული ადამიანი?

მიხეილ ჯავახიშვილი. ჩვენი ანტიკვარი, ძველი ნივთების დიდი მოყვარული მიხეილ ლობჟანიძე. მაგრამ ამ პასპორტმა კინაღამ ხიფათში ჩამაგდო. ჰოი, რას მიბაგუნებდა გული!.. მითუმეტეს, როსტოვში ერთი ჟანდარმი ამეკიდა და თავს აღარ მანებებდა. ძლივს ვიმაგრებდი თავს, გულგრილი იერი რომ შემენარჩუნებინა. საზღვარზე პასპორტები ჩამოგვართვეს შესამოწმებლად. დარიგებით ვაგონშივე დაგვირიგეს. როდესაც ჟანდარმთა ოფიცერი ჩვენს კუპეში შემოვიდა და თავზე დაგვადგა, უეცრივ ჩემი ახალი გვარი დამავიწყდა, სიკვდილსაც დავიწყებია ჩემი კეთილისმყოფელი მეგობარი.

მეორე ტუსაღთაგანი. მეგობრის გვარი როგორ ვერ გაიხსენეთ.

მიხეილ ჯავახიშვილი. ეჰ, შიში იმისთანა რამეა, ნურაფერი გაგიკვირდებათ. ვიდრე ჟანდარმი ჩემს თანამგზავრებს პასპორტებს ჩააბარებდა...

[...]

მიხეილ ჯავახიშვილი. იმას ვამბობდი, ვიდრე ჟანდარმი პასპორტებს ჩამოარიგებდა, ყუმბარასავით საპირფარეშოში შევვარდი. ვერ ვიხსენებ და ვერა. (იცინის) დავიღუპე-მეთქი, გამიელვა. სწორედ ამ დროს ჟანდარმმა კარზე მომიკაკუნა. მეორედ. მესამედ. უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა და მას მივენდე: ავლუღლუღდი. მუნჯი ყოფილა, - უთხრა ჟანდარმმა თანამშრომელს, მე თავი დავუქნიე და ვანიშნე ეგრეა-მეთქი. პასპორტები გადმომილაგეს. ჩემი უმალ ვიცანი, წავწვდი, გადავშალე და, ვიდრე წავიკითხავდი, კიდეც წამომაგონდა ჩემი ახალი გვარი: ლობჟანიძე.

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
„ჩვენი მწერლობა“, თბილისი, 2016წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში