მანე, მონე, რენუარი, სეზანი, ვან გოგი, გოგენი, ტულუზ ლოტრეკი - აზრები კორიფეებზე...
„...გამოფენებზე დამთვალიერებლები უფრო მაინტერესებს, ვიდრე იქ გამოფენილი მხატვრობა; ასევე ვარ განწყობილი აქ, შემოდგომის სალონში, სეზანის დარბაზის გამოკლებით. სინამდვილე მთლიანად მის მხარეზეა: ამას მეტყველებს სქელი, გაჯერებული სილურჯე, წითელი ფერი, უჩრდილო მწვანე და ღვინის ბოთლების მოწითალო სიშავე.
... შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ვინმე მონოგრაფიას დაწერს ლურჯ ფერზე, პომპეის კედლის მხატვრობის სქელი ცვილისებრი სილურჯიდან მოყოლებული, შარდენსა და სეზანამდე: საოცარი განვითარების გზაა!
სეზანის ძალიან თავისებურ ლურჯს ეტყობა ეს წარმომავლობა. იგი მე-18 საუკუნის ლურჯია, რომელიც შარდენმა პრეტენზიულობისაგან განძარცვა, ხოლო ახლა სეზანთან მკვეთრად ერთმნიშვნელოვანი გახდა.
შარდენი საერთოდ შუამავალი იყოლ მისი ხილი აღარ ფიქრობს სუფრაზე მოიწონოს თავი. იგი სამზარეულო მაგიდაზე ყრია და არად აგდებს, ლამაზად შეიჭმება თუ არა.
სეზანის ხილი კი საერთოდ არ იჭმება, ისე საგნობრივად რეალური გახდა, არის და ვერც ვერაფერს დააკლებ“, - რაინერ მარია რილკე
***
„მათ ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი შთაგონებულნი არიან იაპონური გრავიურებით...
რა თქმა უნდა, იაპონელი აკვარელისტების ნათელმა ჰორიზონტებმა და მშვენიერმა მთრთოლვარე ლაქებმა - განცვიფრებაში მოიყვანა ასფალტივით ბნელი ჩვენი ფერწერის ტრადიციული სკოლა და აიძულა მხატვრები გადასხვაფერებულიყვნენ. იაპონელებისათვის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებების უბრალოებამ და ეფექტების ინტენსივობამ მოხიბლა ახალგაზრდა მხატვრები და გაიყვანა ისინი ჰაერითა და სინათლით სავსე ფერწერის გზაზე, გზაზე, რომლითაც დღეს ყველა ნიჭიერი ახალბედა მიემართება“, - ემილ ზოლა
***
„ფრანგულ ფერწერაში იმპრესიონიზმის ეპოქა, რომელიც ოცდაათ წელს გაგრძელდა, მე წარმომიდგება ახალი აღორძინების ეპოქად, XIII საუკუნის შემდეგ ფრანგული პლასტიკური გენიის უმაღლეს გამოვლინებად, ყოველივე იმ საუკეთესოს საფუძვლად, რაც თანამედროვე ხელოვნებაში მოგვეპოვება“, - ლიონელო ვენტური
„მანემ საფუძველი ჩაუყარა ახალ მხატვრულ კულტურას, რომელიც მონემ, რენუარმა, სეზანმა, ვან გოგმა და ყველა დანარჩენმა მხატვარმა თავისებურად განავითარა.
...მიდიოდნენ რა სხვადასხვა გზით - ზოგი საკუთარი აღქმის ძალას ეყრდნობოდა, ზოგი თვისი შემოქმედებითი წარმოსახვის უნარს, ზოგი კი - ზუსტ, კარგად გააზრებულ თეორიას, - ეს მხატვრები ბუნების ცოდნას, საკუთარ კულტურას, როგორც ლიტერატურულს, ასევე ესთეტიკურს, იმისთვის იყენებდნენ, რომ ხელოვნების საგნები შეექმნათ, რომელთა ღირებულება მათი ფორმითა და ფერით უფრო იქნებოდა განპირობებული, ვიდრე ასახულ საგანთან სურათის მსგავსებით. თვალს თუ გადავავლებთ ხელოვნების განვითარებას საუკუნეთა მანძილზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყურადღების ასეთი გადატანა ფორმასა და ფერზე მანედან ტულუზ-ლოტრეკამდე თითქმის არ ეხებოდა ამ მხატვრების სტილის მიმართულებას, რადგან ყოველ დიდ ხელოვნებაში გამომსახველობას ყოველთვის ნთქავდა სახის შექმნისადმი მისწრაფება. და მაინც, ეს მსუბუქი გადართვაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა შექმნილიყო ახალი დებულება ხელოვნებაში, წარმოქმნილიყო ახალი ძალა, რომელმაც გარდაქმნა არა მარტო ფერწერა, არამედ სკულპტურაც, არქიტექტურაც, მუსიკაც და ლიტერატურაც, კრიტიკის ჩათვლით“, - ლიონელო ვენტური
***
„...იმპრესიონიზმისა და პუანტელიზმის შემდგომ, იწყება მხატვრობის თვითმიზნობის განმტკიცება, ფორმის, ფერადობის და ხაზულობის თვისებების შეგნება. მხატვრის თვითმიზნობის იდეამ აიძულა ცნობილი ფრანგი მხატვარი გოგენი წასულიყო კუნძულ ტაიტიზე, და ამას მოყვა გოგენის მიერ უშუალოდ შეგნებული ბუნების ფორმა. გოგენის მხატვრული მონაპოვარი შემდეგ მეორე ფრანგმა მხატვარმა - სეზანმა გააღრმავა, რომლის მიერ შექმნილი მხატვრული ფორმა ბრწყინვალედ ადასტურებს გოგენის მხატვრულ მონაპოვარს“, - დავით კაკაბაძე
***
„არიან მხატვრები, რომელთაც თითქოს ეშიანიათ ქალისა, განსაკუთრებით შიშველი ქალისა, და გაურბიან მის დახატვას. ასეთია, მაგალითად, პოლ სეზანი, რომელიც ფიქრობს, ოთხი ფრანკი ძალიან დიდი გასამრჯელოა ტიტველი მოდელის ერთი სეანსისთვისო.
ქალის მოდელის წინაშე ის უპირატესობას ანიჭებდა ვაშლს, თუნდ დამჭკნარს, ყვავილს, თუნდ ხელოვნურს“, - გერონტი ქიქოძე
***
„პარიზში ჩასვლის პირველი დღეებიდანვე მომაჯადოვა სეზანმა“, - ლადო გუდიაშვილი
***
პაბლო პიკასო - ილია ერინბურგი |
„ახალგაზრდა ტულუზ-ლოტრეკი შთაგონებული იყო დეგათი. გამოჩნდნენ ახალი დიდი მხატვრები - ვან გოგი და გოგენი. მათ ბევრი რამ ისწავლეს იმპრესიონისტებისაგან, მაგრამ სხვა გზით წავიდნენ: ერთს იზიდავდა ფსიქოლოგიური გამომსახველობის ძალა, მეორეს ეგზოტიკა, სიმბოლიზმის პოეზია...
...იმპრესიონისტების საქმის გაგრძელება და დამთავრება წილად ხვდა მხატვარს - პოლ სეზანს, რომელიც სამოცდაათიან წლებში მკრალ ვარსკვლავად მოჩანდა ნათელ თანავარსკვლავედში, - სამოცდაათიანი წლების მისი პეიზაჟები გვახსენებენ სხვა იმპრესიონისტების ნამუშევრებს. ერთხანს იგი პისაროსთან მუშაობდა, გზავნიდა თავის ნამუშევრებს გამოფენებზე. შემდეგ თითქოს გაქრა. ოც წელზე მეტხანს დაჰყო მან პარიზისგან მოშორებით, იშვიათად თუ ვინმეს ხვდებოდა და არავის უჩვენებდა თავის ნამუშევრებს.
ზოგჯერ წერდნენ, რომ სეზანმა გაწყვიტა კავშირი იმპრესიონისტებთანო. მე ვფიქრობ, მან კიდევ უფრო განავითარა და გააღრმავა; მისი ყოველი ძიება მიმართული იყო იქითკენ, რისკენაც ისწრაფოდნენ მონე, პისარო, სისლეი, - ბუნების რეალურობის გადმოცემისაკენ. იგი ამბობდა: „იმპრესიონიზმისაგან უნდა შეიქმნას რაღაც მყარი და მტკიცეო...“, - ილია ერენბურგი.