ლევან ბერძენიშვილი - შარლ ბოდლერის შავი ვენერა

მწერალთა და პოეტთა ცხოვრებაში წარმოსახვითთან ერთად, არსებობდნენ სრულიად რეალური მუზები.

შარლ ბოდლერს ორი ქალი უყვარდა: დედამისი და ჟან დიუვალი.

ჟან დიუვალი ჰაიტიზე დაიბადა, საფრანგეთში 22 წლის ასაკში ჩავიდა და რაღაც დროით საკმაოდ ცნობილი თეატრის მსახიობი იყო, ბალერინა.

სწორედ ეს მულატი გოგონა, დედამიწის ზურგზე ყველაზე უფრო საყვარელი ქალი გახდა ბოდლერისთვის, რომელმაც მუზას არაერთი შედევრი მიუძღვნა, მათ შორის: „აივანი“, „ეგზოტიკური არომატი“, „ვარცხნილობა“, „Sed non satiate“, „მოცეკვავე გველი“ და „ლეში“.

ბოდლერი მას „შავ ვენერას“ უწოდებდა, ეს ქალი პოეტისთვის საშიშ სილამაზეს წარმოადგენდა – სექსუალობა, ჰაიტიზე დაბადებული ქალის კრეოლური სახე, შავ-ბნელი სამყარო...

ედუარდ მანე - ჟან დიუვალი, 1862წ.
დიუვალის პორტრეტი დახატა კურბემ, შემდგომ ბოდლერის მეგობარმა ედუარდ მანემ, 1862 წელს, სწორედ იმ წელს, როდესაც ქალი სიფილისით გარდაიცვალა.

ხუთი წლის შემდეგ შარლ ბოდლერიც სიფილისით გარდაიცვალა. ეს ამბავი ნარკოტიკებს ბრალდება, ბოდლერის ნარკომანობის ამბავი ცნობილი ფაქტია და ამბობენ, რომ მათრობელა საშუალებებს დიუვალიც მოიხმარდა.

რამდენად უტყუარია ცნობა დიუვალის შესახებ არ ვიცით, იმასაც ამბობენ, მუზა პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაიღუპაო. ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ქალის გარეშე ბოდლერის პოეზიის წარმოდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.


ლევან ბერძენიშვილი - „წიგნიერების ევოლუცია“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016წ.