გაბრიელ გარსია მარკესი ► ჰემინგუეი!

„მაშინვე ვიცანი - სენ-მიშელის ბულვარზე სეირნობდა პარიზში. 1957 წლის გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო. ლუქსემბურგის ბაღისკენ მეუღლესთან ერთად მიდიოდა. უზარმაზარი კაცი, რომელსაც გახეხილი ჯინსის შარვალი ეცვა, თავზე კი ბეისბოლისტის ქუდი ეხურა, მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა უხეში ძალის განსახიერებააო, მაინც ვერ იტყოდი.

ორმოცდაცხრამეტი წლისა იყო, მაგრამ სიცოცხლის ხალისით სორბონელი ახალგაზრდების ნაკადშიც კი იქცევდა ყურადღებას.

ფიქრადაც ვერ გაივლებდი, რომ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.

დაბნეული ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. მაკავებდა ჩემი პრიმიტიული ინგლისური, მტანჯავდა აზრი, რომ ვერ გავუგებდით ერთმანეთს. უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე - ტარზანივით მივიტანე ხელისგულები პირთან და ვიღრიალე:

„მა-ა-ა-ეეე-სტრო!!!“

ჰემინგუეი მიხვდა, რომ სტუდენტთა მასაში მის გარდა მაესტრო არავინ იქნებოდა, შემობრუნდა, ხელი მაღლა აიქნია და ბიჭური სიმკვირცხლით მომაძახა ესპანურად:

„Adios, amigo!“


ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა მასთან, მაშინ 28 წლის ვიყავი.

ამ შემთხვევამ სამუდამო დამიტოვა განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივად მნიშველოვანი მოხდა“.

გაბრიელ გარსია მარკესი, პარიზი, 1957 წ.