ამადეო მოდილიანი და ჰაიმ სუტინი

მოდილიანი იოლად დაუახლოვდა „სკაში“ (საერთო საცხოვრებელი) შაგალსაც, ლეჟესაც და ალბათ მთელ „კომუნასაც“. მაგრამ მისთვის ყველაზე ახლობელი გახდა სუტინი და ეს დაახლოება როგორღაც სწრაფად მოხდა.

სუტინი მხოლოდ ცხრამეტი წლისა იყო, როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს. მოდილიანი მთელი ათი წლით იყო მასზე უფროსი. მაგრამ არც ამან და არც მათი კულტურუის დონის კიდევ უფრო დიდმა სხვაობამ, არც ტემპერამენტის სხვადასხვაობამ, ერთი სიტყვით, ვერაფერმა ვერ შეუშალა ხელი მათ დაახლოებას. და ეს მოხდა არა მარტო იმიტომ, რომ ორივე ყველაზე მეტად განწირული, ყველაზე მეტად უსასოო იყო „სკის“ ნახევრად ღატაკ ძმათა შორის, არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ მათ შეძლეს განეჭვრიტათ, დაენახათ ერთმანეთის ტალანტი, სულიერი არსი - დაენახათ, გაეგოთ და მიეღოთ. სუტინის მიმართ ამას იშვიათად თუ მიაღწევდა ვინმე, რადგან ჩვეულებრივ ამგვარ დაახლოებას მისდა უნებურად ეწინააღმდეგებოდა მთელი მისი ავადმყოფური, რთული, ეჭვიანი, თავის თავში ჩაკეტილი ნატურა.

ბევრს ველურად და თითქმის დეგენერატად მიაჩნდა სუტინი. ერიდებოდნენ, ზოგჯერ ეშინოდათ კიდეც მისი. როცა იგი ჩამოიცვამდა თავზე რაღაცას, რაც მოხვდებოდა, და გაფითრებული, ზეთის საღებავებისა და სკიპიდრის სუნით გაჟღენთილი, ოფლიან შუბლზე თმაჩამოშლილი, თვალებგაშტერებული, სათითაოდ შეიჭრებოდა „სკის“ ყველა ოთახში, იმ იმედით, რომ საჭმლის ნარჩენები მაინც მოეძებნა, ასეთ დროს ყველა შეშინებული თავის ოთახში იკეტებოდა. მეორე დღს კი შეეძლო ამაყად უარი ეთქვა რომელიმე ამხანაგის მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე სუზე, რომელიც ასე საჭირო იყო მისთვის. არც ხელის დაბანა უყვარდა ხშირად, სუფრასთანაც ყოველთვის არ შეეზლო წესიერი თავდაჭერა, მაგრამ უყვარდა ვარსკვლავების ყურება, ხშირად იკარგებოდა ლუვრში და ლუქსემბურგის მუზეუმში, გატაცებული იყო ბალზაკით, წერილეს კი ბავშვური შეცდომებით წერდა.

მას ჰქონდა კიდეც საიმისო მიზეზი, რომ ასეთი სევდიანი და გულჩახვეული ყოფილიყო, როგორსაც იცნობდა ყველა მონპარნასეზე. იგი გამოექცა ორმხრივ დევნას, რასაც ბავშვობიდანვე განიცდიდა. მეფის რუსეთმა დაარბია სმილოვიჩი, მინსკის გუბერნიის ერთ-ერთი სოფელი, სადაც დაიბადა იგი მრავალშვილიანი ღარიბი თერძის ოჯახში. მდიდარმა, ღვთისმოშიშმა ებრაელებმა კი ბევრჯერ მიიყვანეს ცეკვით სიკვდილის პირამდე, რადგან თავისი პორტრეტებით, ესე იგი ადამიანის სახის გამოხატვით არღვევდა რელიგიის შეუვალ კანონებს.

ახლა პარიზში კვლავ ეშინოდა ქუჩისა. როცა ქუჩის ბიჭები ან ადგილობრივი კონსიერჟი ქალები, რომლებიც რატომღაც უკან დასდევდნენ და „თხუპნიას“ ეძახდნენ, მოისურვებდნენ მისი ტილოების ნახვას, იგი ნერვიულად მიიკრავდა სურათს მკერდზე ან სახეზე, სადაც მოხვდებოდა, ითხუპნებოდა საღებავებით და თითქმის ტიროდა უმწეო გაშმაგებისაგან ანდა მოულოდნელად ფეხქვეშ ჩიგდებდა თავის სურათს და გადათელავდა.

უცნაური და საშინელი იყო მისი ტილოები. ყველაზე მშვიდი პეიზაჟიც კი ყალყზე დგებოდა, ყველაფერი ინგრეოდა და ბორგავდა, ერთმანეთს ეჯახებოდა ხეები და ქვები, სახლები და მესერები, თითქოს მიწა იძვრისო. მისი ნატურმორტი „მკვდარი ნატურა“ კი არა, თითქოს სისხლით იყო გაჟღენთილი, თითქოს ღრიალებდა ტკივილისაგან.

საქონლის ხორცი თავზარს გცემდათ არნახული, გაუგონარი სიწითლით. სპილენძის ლანგარზე დადებული რუხი ფერის ქაშაყი და აქეთ-იქით ამოდებული ორი მოხრილი ჩანგალი რაღაცნაირად ადამიანს გაგონებდათ. 

წითელი აგურის კედლის ფონზე საცოდავად დაგრძელებული კისრით დაკიდული, ზღაპრულად ლურჯი ფერის მამალი, უზარმაზარი, შიშჩამდგარი თვალით და გაშლილი ფრთებით რაღაც საშინელი გოლგოთას სიმბოლოდ გეჩვენებოდათ, მის ქვეშ კი ელაგა სისხლისფრად ჩალეკერტებული, ნახევრად დაჭყლეტილი, გადამწიფებული პომიდორი. როცა სუტინი ბავშვების პორტრეტებს ხატავდა, ისინი ცხოვრებაში გამობრძმედილ, მწარე გამოცდილებით დანაღვლიანებულ ბებრებსა ჰგავდნენ, როგორც უნდა მაძღარი და სისხლსავსე ყოფილიყო თვით ფერწერა.

ექსპრესიონიზმი? დიახ. მაგრამ რაღაც თავისებური, ავადმყოფურად შევიწროებული, ცალმხრივი, შიშველი ტანჯვისა და უსაზღვრო სასოწარკვეთის ექსპრესიონიზმი.

შემდეგ, წლების განმავლობაში, ეს მკაცრი ტალანტი შესამჩნევად მოდრკა. ზოგიერტი პეიზაჟი, დედებისა და ბავშვების სახეები, ცხოველთა „პორტრეტები“ (მაგალითად, ლირიკულად ამაღელვებელი მშვენიერი „სახედარი“ და „ხბო“) უკვე თავისუფლად, ავადმყოფური წამებისა და ტანჯვის გარეშე გამოავლენს მთელ მის ადამიანურობას, რომელიც ადრე ასე შებოჭილი იყო.

მოდილიანიმ ჯერ კიდევ მაშინ, „სკაში“ იგრძნო ამ მშვფოთვარე, ნაღვლიანი სულის სინაზე. მის მიერ შესრულებულ სუტინის გრაფიკულ და ფერწერულ პორტრეტებს შორის არის ერთი საოცარი პორტრეტი: ნაცვლად ჩვეული კუშტი გამოხედვისა და საკუთარ მწუხარებაში ჩაკეტვისა, უეცრად გულღია, კეთილი გამოხედვა და ახალგაზრდული, კარგი ღიმილი.

ამადეო მოდილიანი - სუტინი
მოდილიანის უდიდეს მხატვრად მიაჩნდა სუტინი („Il est un genie“, „იგი გენიოსია“) და ღრმად სწამდა მისი მომავალი. ჯერჯერობით კი უკანასკნელ ფრანკს უყოფდა, ზრუნავდა მასზე, ასწავლიდა ცხივრსახოცის ხმარებას, ფრჩხილების გაწმენდას. ზეპირად უკითხავდა ლექსებს, სუტინი კი პირში მისჩერებოდა, თითოეულ მის სიტყვას იჭერდა. მუდამ გაოცებული იყო მისი განათლებით და შენატროდა. როცა მასთან ერთად მიდიოდა, გვერდით კი არ მიჰყვებოდა, შორი-ახლო მისდევდა.

„პირველად მან, მოდილიანიმ, ჩამინერგა საკუთარი თავის რწმენა“, - ამბობდა შემდეგ სუტინი.


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.