საქართველოს გასაბჭოება და კაპიტულაციის პირობები
სანამ ტფილისს დატოვებდა, საქართველოს მთავრობამ უკანასკნელად სცადა რუსეთის თავდასხმის შეჩერება დიპლომატიური გზით. მან ლენინს და ტროცკის ტელეგრამა გაუგზავნა, რომელშიც ითხოვდა, შეეწყვიტათ ომი, რომელცი „არსით უდავოდ იმპერიალისტური და აგრესიული იყო“. ტელეგრამას პასუხი არ მოჰყოლია.
***
კაპიტულაციის პირობები
8 მარტს რევოლუციურმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას სამხედრო ოპერაციების დასრულება, საბჭოთა რეჟიმის ცნობა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე დისკუსიების დაწყება შესთავაზა. ცხრა დღის შემდეგ, როცა შავიზღვისპირა ვიწრო ზოლის გარდა ყველაფერი დაკარგული ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ თავისი წარმომადგენლები: გრიგოლ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე დგებუაძე, დავით შარაშიძე და სხვები გააგზავნა რევკომის დელეგატებთან: მამია ორახელაშვილთან, შალვა ელიავასა და ა.გ. გამბაროვთან, ასევე - რუსეთის წარმომადგენლებთან, აბელ ენუქიძესა და ალექსანდრე სვანიძესთან შესახვედრად. დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:
1. სამხედრო ოპერაციები დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო;
2. საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას საკუთარი ფრონტი უნდა დაეშალა, დაეცალა ტერიტორია, რომელიც ჯერაც ეკავა და რევოლუციურ კომიტეტს ბათუმის ოლქში შესვლაში დახმარებოდა, რათა ამ უკანასკნელს იგი უცხოელი დამყრობლებისაგან დაეცვა;
3. საბჭოთა ჯარს დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინა ბათუმის ოლქის სამხრეთი საზღვარი;
4. ბათუმსა და ბათუმის ოლქში საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მმართველობა 25 მარტამდე გაგრძელდებოდა;
5. საბჭოთა ჯარი ბათუმში შევიდოდა, როგორც საქართველოს მთავრობისა და მისი ჯარის მეგობრული ძალა;
6. დემოკრატიული მთავრობის და რევკომის სამხედრო მეთაურობა ბათუმის ერთობლივი დაცვის გონივრულობასა და მიზანშეწონილებას განიხილავდნენ;
7. ქართულ ჯარსა და სახალხო გვარდიას საკუთარი სარდლობა დაშლიდა;
8. მათი შეიარაღება რევოლუციურ კომიტეტს გადაეცემოდა;
9. ქართველ ჯარისკაცებს თავიანთი სამხედრო ფორმები შეუნარჩუნდებოდათ;
10. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ყველა პირი ხელფასს მათი დაშლის დღემდე მიიღებდა;
11. ქართველ ჯარისკაცებს შინ გასამგზავრებლად სატრანსპორტო საშუალებები გამოეყოფოდათ;
12. რევკომი ქართველ ჯარისკაცებს მათი პირადი საკუთრებისა და საცხოვრებლის დაბრუნება-აღდგენაში დაეხმარებოდა;
13. სახელმწიფო საკუთრება, ხელოვნების საგანძური და მისთანანი საქართველოს რესპუბლიკას შეუნარჩუნდებოდა;
14. სრული ამნისტია გავრცელდებოდა ყველა იმ სამხედრო თუ სამოქალაქო პირზე, ვინც შეთანხმების ხელმოწერამდე საქართველოს მთავრობაში მუშაობდა;
15. რევოლუციური კომიტეტი ხელს შეუწყობდა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დევნილების დაბრუნებას;
16. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის გარეთ სამსახური არ მოეთხოვებოდათ;
17. შეთანხმება ხელის მოწერისთანავე შედიოდა ძალაში.
1921 წლის 18 მარტს ქუთაისში შეთანხმებას ხელს აწერდნენ:
საქართველოს მხრიდან: ბესარიონ ლორთქიფანიზე, რევოლუციური კომიტეტის მხრიდან - მამია ორახელაშვილი, ხოლო რუსეთის მხრიდან - აბელ ენუქიძე. ეს ერთობ უჩვეულო დოკუმენტი იყო. შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან, რომელიც მეორე მხარეს უკვე დამხობილად ჰყავს გამოცხადებული, მართლაც უჩვეულო ჩანდა.
ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია
ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით.
გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.