გენერალი გიორგი კვინიტაძე - წინასიტყვაობა ჩემი მოგონებების წიგნისთვის
მოგონებებს ვუძღვნი ჩემს დაუვიწყარ მეუღლეს მარიამს, ჭეშმარიტ ქართველ მანდილოსანს, ოჯახის დედას
ჩემი მოგონებები მოგითხრობთ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე 1917 წლის რევოლუციის დღიდან იმ დღემდე, როცა ნოე ჟორდანიას მთავრობამ 1921 წლის 16 მარტს დამპყრობელთან ზავს მოაწერა ხელი სამტრედიაში.
ამ დროის განმავლობაში არაერთხელ დამნიშნეს ქართული ჯარის მეთაურად. ვინაიდან ეს მოვლენები ტენდენციურად და არასწორადაა აღწერილი როგორც უცხოურ, ისე ქართულ პრესაში, თავი მოვალედ მივიჩნიე, პარიზში ჩასულს, 1922 წელს, დამეწერა ეს მოგონებები.
ვინც ყურადღებით წაიკითხავს მოგონებებს, თვალწინ წარმოუდგება ჩვენი ხელისუფლების მოღვაწეობა. ალბათ მათ კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ, მაგრამ მხოლოდ მეოცნებენი იყვნენ და ჭაბუკური გატაცებით ბაძავდნენ საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციას, ისიც მხოლოდ გარეგნულად.
ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ, რის შედეგადაც იოლად ჩაიგდეს ხელთ ნამდვილი ძალაუფლება მუშებისა და ჯარისკაცების დეპუტატთა საბჭოში - ჯერ ამიერკავკასიაში, მერე ამიერკავკასიის რესპუბლიკასა და ბოლოს, საქართველოში.
1918 წლის გაზაფხულზე, გერმანელების მიერ რუსი ბოლშევიკებისთვის თავსმოხვეული ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადებისას ჩვენი ხელისუფალნიც მიიწვიეს ბრესტ-ლიტოვსკშიი, მაგრამ მათ გამგზავრებაზე უარი განაცხადეს იმ საბაბით, ამიერკავკასია რუსეთის განუყოფელი ნაწილიაო. არადა, თითქოს სწორედ ამ საბაბით უნდა მიეღოთ მიწვევა, თუ საქართველოს ინტერესებზე საუბარი სურდათ.
საბაბი მცდარი იყო, ვინაიდან უკრაინა და პოლონეთი უკვე გამოყოფილი იყო რუსეთისგან; აქ ძალას იკრებდა სამოქალაქო ომი, რომელიც მხოლოდ 1920 წელს დასრულდა ბოლშევიკების გამარჯვებით.
ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მიხედვით ამეიერკავკასიამ დაკარგა ყარსი, არდაგანი და ბათუმი, ისინი თურქეთს გადაეცა.
ამიერკავკასიის რესპუბლიკას სურდა ამ ოლქების შენარჩუნება და მოლაპარაკება წამოიწყო თურქებთან - ჯერ ტრაპიზონში, შემდეგ ბათუმში.
1918 წლსი 24 მაისს თურქებმა ჩვენს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს და დაემუქრნენ, ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობებს თუ არ აღიარებთ, საბრძოლო მოქმედებას დავიწყებთო.
ამ ულტიმატუმის შედედაგად ჩვენი მთავრობა იძულებული გახდა მოლაპარაკების გასაგრძელებლად ახალი ფაქტორის შესაქმნელად 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოეცხადებინა.
თურქებთან შემდგომი მოლაპარაკებისას ჩვენი მთავრობა იძულებული გახდა დაედო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თურქებს ახალციხე და ახალქალაქი დავუთმეთ. 1918 წლის 4 ივნისს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის პირველმა თავმჯდომარემ ნ.რამიშვილმა, გ.გვაზავამ, გ.რცხილაძემ, გენერალმა ი.ოდიშელიძემ (თურქეთთან სამეგობრო და სამშვიდობო ხელშეკრულება).
1917 წლიდან, რევოლუციის დღიდან, ჩვენი მთავრობა სომხეთის წარმომადგენელს პირდებოდა იმ ოლქების გადაცემას, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სომხები იყვნენ, ე.ი. ბორჩალოსა და ახალქალაქს.
ამ პირობის შესრულებაზე ჩვენმა მთავრობამ უარი რომ თქვა, სომხები თავს დაგვესხნენ და ხელისუფალნი იძულებულნი გახდნენ, ომი დაეწყოთ. თავდასხმის მოგერიებაც მოვახერხეთ და სომხურ ჯარს შევუტიეთ კიდეც, როცა ჩაერივნენ უცხოელები (ორი კაპიტანი) და მოითხოვეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა.
სომხებმა 1918 წლის 8 დეკემბერს შემოგვიტიეს. ამჯერად უცხოლები არ ჩარეულან და არ შეუჩერებიათ სომხები, როცა ისინი თავს დაგვესხნენ. მაგრამ თვის ბოლოს, როცა არა მარტო მოვიგერით სომხები, არამედ შეტევაზეც გადავედით, ჩაერივნენ და შეაჩერეს საომარი მოქმედებები. რასაკვირველია, საჭირო იყო საომარი მოქმედებების გაგრძელება.
საინტერესოა ამ ომის შედეგი. მთავრობამ, ჩვენი წარმატების მიუხედავად, ჩვენი ბორჩალოს ოლქი სადავო ზოლად აღიარა.
ეს ოლქი ოდითგან საქართველოს ეკუთვნოდა; ამ ოლქის მიწები ეკუთვნის ქართველ მემამულეებს - ორბელიანებს, ბარათაშვილებს, მელიქიშვილებს, საგინაშვილებს, მაღალაშვილებს და სხვებს.
სომხები ამ ოლქში უმრავლესობას შეადგენდნენ, რადგან ისინი თურქეთიდან იყვნენ ლტოლვილები. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ლტოლვილი სომხები რუსთა ხელისუფლებამ ჩაასახლა არა მარტო ამ ოლქში, არამედ ქართლსა და კახეთშიც. 1853-1855 წლების ყირიმის ომის შემდეგ 90, 000 სომეხი ლტოლვილი ჩამოგვისახლეს.
რაკიღა სომხეთი ყალიბდებოდა, თავისუფლად შეიძლებოდა მათთვის შეგვეთავაზებინა, რომ სომხები ამ ოლქიდან საკუთარ ქვეყანაში გადაესახლებინათ; ქართველთა კუთვნილი მიწა არ უნდა გაგვეცა და სადავო არ უნდა გაგვეხადა.
საერთოდ, ჩვენი მთავრობა ძალიან თავქარიანად ექცეოდა ძველთაძველ ქართულ მიწას. ზაქათალა აზერბაიჯანს გადასცეს; არდაგანი - ძველი ქართული მიწა, რომელიც 1919 წელს, ახალციხე-ახალქალაქის აჯანყების შემდეგ დავუბრუნეთ საქართველოს, სომხებს. არდაგანი გახლდათ მაჰმადიანი ქართველებითა და რუსებით დასახლებული ოლქი და სომხებს არავითარი უფლება არ გააჩნდათ ამ მიწაზე. იქ სულ რამდენიმე სომხური ფარდული ედგათ.
მკითხველი თვალნათლივ დაინახავს, რომ ჩვენი მთავრობა სახელმწიფო ინტერესებს არად დაგიდევდათ და ისე არიგებდა ჩვენს ოლქებს, როგორც არიგებს თავის ქონებას კაცი, რომელმაც მოულოდნელად დიდი მემკვიდრეობა მიიღო და ყველას უნაწილებს, ვინც მარჯვედ სთხოვს საჩუქარს.
1920 წელს მოვახერხეთ ბოლშევიკების პირველი თავდასხმის მოგერიება; შეტევაზე გადავედით და უკვე აღსტაფამდე ვიყავით მისულები, როცა მთავრობის თავმჯდომარემ ნ.ჟორდანიამ ომი შეწყვიტა და ბოლშევიკებთან მოლაპარაკებას შეუდგა.
ეს გახლდათ ერთადერთი, გამორჩეულად ხელსაყრელი შემთხვევა, რომ გაგვეთავისუფლებინა აზერბაიჯანი და სომხეთი მათი დამპყრობლებისაგან - ბოლშევიკებისგან; შეგვეძლო, მთელი ამიერკავკასია და იქნებ დაღესტანიც გაგვეწმინდა; 1920 წელი იდგა. პოლონეთი რუსეთს ეომებოდა და ვრანგელი ყირიმიდან გამოვიდა.
გამაოგნებელი და გაუგებარია ჩვენი მთავრობის საქციელი. როგორ შეიძლება სახელმწიფოს მართავდე და ასეთი შეცდომები მოგდიოდეს? თუმცა, ვინ იცის, ვითომ შეცდომები იყო?
საშინაო პოლიტიკაში მმართველთა მთავარი საზრუნავი გახლდათ: ხალხში სოციალიზმის დანერგვა, არარსებული კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ზომების მიღება და ეგრეთ წოდებული რევოლუციის მონაპოვარის დაცვა.
მკითხველი აქაც დაინახავს სასაცილო ღონისძიებებს, როგორიც იყო, მაგალითად „მუშათა სასახლე“ თბილისის მთავარ ქუჩაზე; ამ ღონისძიებაზე არცერთი მუშა არ მოსულა. ან პურის ფასი მუშებისთვის - გირვანქა ხუთ მანეთად, როცა ობივატელი ას ორმოცდაათ მანეთს იხდიდა.
რასაკვირველია, არ შეიძლება მხარი არ დაუჭირო სოციალიზმის ზოგიერთ დებულებას, როგორიცაა, მაგალითად, მუშათა და გლეხთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესება, მაგრამ ეს გონივრული ღონისძიებები უფროა, ვიდრე სპეციალურად სოციალისტური ხასიათის ცვლილებები. არ შეიძლება სოციალიზმი დასწამო ჰენრიხ IV-ს, ან ყველა მემამულეს, ვინც თავისი გლეხების ყოფის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.
არარსებული კონტრრევოლუციის წინააღმდეგ და რევოლუციის მონაპოვრის დასაცავად მოღვაწეობამ შეაქმნევინა მმართველებს ანომალიური შეიარაღებული ორგანიზაცია: გვარდია - ჯერ წითელი, მერე სახალხო.
საქართველოში აზრადაც არავის მოსვლია რევოლუციის და მის მონაპოვართა წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან ეროვნული ქართული ერთეულის შექმნა ყოველი ქართველის სანუკვარი ნატვრის აღსრულება იყო. გრძნობა, რომლის გამოც თავადაზნაურობამ (ბანკმა) თავისი ქონება ეროვნულ საკრებულოს გადასცა, მმართველებმა ვერ გაიგეს, რადგან მეტისმეტად იყვნენ გამსჭვალულნი მატერიალისტური მოძღვრებით. თვითონ ნ.ჟორდანიაც ამბობს მოგონებების წიგნში „ჩემი წარსული“, რომ აქ არასოდეს მდგარა ეროვნული საკითხი.
კონტრრევოლუციისა და რევოლუციის მონაპოვართა დაკარგვის შიშმა იქამდე მიიყვანა მთავრობა, რომ გვარდიის შემადგენლობა, მიღებული კანონის საწინააღმდეგოდ, 24 ბატალიონამდე გაზარდეს, რაც საზიანო იყო სამხედრო ორგანიზაციისთვის.
აქ ერთი-ორი სიტყვა უნდა დავამატო ზოგიერთი რესპუბლიკური ჩვეულების მიბაძვაზეც. მაშინ, როცა მეზობელ ამიერკავკასიურ სახელმწიფოებში სამხედრო ორგანიზაციას მეთაურობდნენ: აზერბაიჯანში - გენერლები მეხმანდუროვი და შიხლინსკი, სომხეთში - გენერალი ნაზარბეგოვი, ჩვენი მთავრობა სამხედრო მინისტრად ნიშნავდა ხან სახალხო მასწავლებელს, ხან საერო მოღვაწეს, ხან ექიმს, ოღონდ მეთაური სოციალ-დემოკრატი ყოფილიყო. ერთ-ერთი მათგანის თანაშემწე გახლდით; ერთხელ, ბატალიონის გასტუმრებისას, მეთაურს ვუთხარი, ორი ქვემეღი წაიღე-მეთქი და სამხედრო მინისტრმა მკითხა: „ბატონო გიორგი, ორი ქვემეხი რამდენი ზარბაზანია?“ - ეგეც თქვენი ჯარის „აღმშენებელი და მეთაური“.
გვარდიის, როგორც სამხედრო ორგანიზაციის შექმნა, იყო უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა. ბრძოლის ველზე გვარდია ან უარს ამბობდა ომზე, ან იქაურობას ტოვებდა, მაშინაც კი, თუ ბრძოლას ვიგებდით. ასე მოხდა 1918 წელს - სომხურ-ქართული ომის დროს, 1919 წლის ახალციხის ლაშქრობაში, 1920 წელს, პირველ ომში, ბოლშევიკების წინააღმდეგ - ხაშურის ბრძოლაში, როცა ჩვენი წარმატებული შეტევის მიუხედავად, გვარდია თვითნებურად აიყარა ბრძოლის ველიდან და სურამის ქედის გადაღმა, წიფას მიაშურა.
გვარდია პრივილეგირებული ორგანიზაციიდან სწრაფად გადაიქცა პრეტორიანულ ორგანიზაციად, რომელიც ქვეყანას ზიანს აყენებდა. აი, რა მოსდევს საკუთარი გატაცებების ბრმად ასრულებას.
ახლაც კი, 1961 წელს, 40-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, სოციალ-დემოკრატია კვლავ ტრაბახობს, დამფუძნებელ კრებაზე 90% შევადგინეთ და ხალხი ჩვენ გვიჭერდა მხარსო. ვითომ ასეა?
1914 წელს რუსეთის მთავრობამ 155.000 ქართველი გაიწვია ჯარში. სად იყო ეს 155.000 ქართველი 1921 წელს, როცა რუსებს ვეომებოდით?
დამფუძნებელ კრებაში სოციალისტთა 90%-ის მიუხედავად, ხალხი უკვე აღარ მიჰყვებოდა ჩვენს ხელისუფალთ, რადგან მიხვდა, რომ მათ მმართველობას ინტერნაციონალური ხასიათი ჰქონდა.
მთელ ქვეყანაში ეწყობოდა გამოსვლები მთავრობის წინააღმდეგ - სამეგრელოში, დუშეთში, ოსეთში, ხევში, ახალციხეში, აჭარაში. ამ გამოსვლებს სამხედრო ძალით აშოშმინებდნენ და მთავრობა მათ ბოლშევიკურ გამოსვლებს არქმევდა. არადა, საეჭვოა, რომ მოსახლეობას სცოდნოდა საერთოდ ბოლშევიზმის ან მენშევიზმის რაობა ან მათ შორის განსხვავება.
ხალხმა გაიგო ამ მთავრობის ამბავი და გაეცალა, ვინაიდან 1920 წლის 7 მაისს ჩვენს ყოფილ და მომავალ დამპყრობთან, საქართველოში რუსიფიკაციის დამნერგავთან სამეგობრო ხელშეკრულების დადებას შეუძლებელია მოსახლეობისთვის თვალი არ აეხილა.
მიწის რეფორმა არ აკმაყოფილებდა გლეხებს, ეკონომიკურად და ფინანსურად კი უფსკრულისკენ მივექანებოდით.
მთავრობას არც ერთ ფენაში აღარ შემორჩა არც ავტორიტეტი და არც რასაკვირველია, პოპულარობა. ჩვენს ხელისუფალთ არ სურდათ არმიის შექმნა, რაც საკმაოდ იოლი იყო - საქართველოში გვყავდა ბრწყინვალე და მრავალრიცხოვანი ოფიცრობა, რომელსაც რუსთა ჯარში ჰქონდა გავლილი სამხედრო სამსახური. მმართველები - „მშვიდობის ადეპტები“ - სამი წლის განმავლობაში ეწეოდნენ ომს შინ და გარეთ. ვებრძოდით ოსებს, ახალციხის მოსახლეობას, აჭარლებს, აგრეთვე სომხებს, დენიკინელებს, თურქებს, ორჯერ - რუსებს. ყოველთვის მოულოდნელად გვესხმოდნენ თავს და მხოლოდ ბრწყინვალე, სამშობლოსთვის უანგაროდ თავდადებული ოფიცრობა და მოსახლეობის პატრიოტიზმის გვშველოდა. მკითხველი დაინახავს, თუ როგორ „დაუფასეს“ ღვაწლი მმართველებმა ჩვენს ოფიცრობას. რაც შეეხება მოსახლეობას, 1921 წლის 16 მარტს ბოლშევიკებთან ხელშეკრულების დადებით ნ. ჟორდანიამ ხალხს უღალატა და ბოლშევიკებისა და მათი საშინელი ოპერაციების ხელში ჩააგდო. ასეთია საქართველოში მენშევიკთა მთავრობის მმართველობის პირქუში ფურცელი.
გარკვეულმა სიძნელეებმა შესაძლებლობა არ მომცა, დროულად გამომეცა ჩემი მოგონებები. ტროცკი თავის მემუარებში გულახდილად ამბობს, რევოლუციის მოსახდენად უნდა იცრუოო. საქართველოში მომხდარი მოვლენების აღწერისას მხოლოდ სიმართლეს ვიტყვი და ეს იქნება უკანასკნელი სამსახური ჩემი ხალხისადმი, რომელმაც თავად იწვნია მენშევიკი რევოლუციონერები.
შატუ, 1961 წელი.
გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921
თბილისი, 2014წ.