პეტრე ოცხელის ნამუშევრებს რესტავრაცია უტარდება...

პეტრე ოცხელი - მფრინავი მღებავი
„თიბისი ბანკსა“ და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც „თიბისი ბანკი“ უზრუნველყოფს ქართული თეატრის გამორჩეული მხატვრის, ქართული მოდერნზმის  ერთ-ერთი ფუძემდებლის,  ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებელის - პეტრე ოცხელის 30 ნამუშევრის კონსერვაცია-რესტავრაციას.

აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მხატვრის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტუმის ესკიზებს, სტუდენტობის პერიოდში შესრულებულ ნატიურმორტს, სამუშაო ჩანახტებს ქართული ცეკვებისათვის, რომელთა დასრულებული ვერსიაც დღეს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის არქივში ინახება.


გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დაზიანებასა და განადგურებას გადაურჩება პეტრე ოცხელის ესკიზები კოტე მარჯანიშვილის ისეთი საეტაპო დადგმებისათვის, როგორებიცაა „ოტელო“ (1932) და „მშენებელი სოლნესი“ (1931). აღსანიშანვია, რომ ეს უკანასკნელი მოსკოვის კორშის თეატრში დაიდგა და მის არნახულ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ პეტრეს ოცხელს მიუძღვის.

პეტრე ოცხელი - დეზდემონა
პეტრე ოცხელი ქართული თეატრალური მხატვრობისათვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. კონსტრუქტივიზმის და მე-20 საუკუნის დასაწყისის სხვა მნიშვნელოვანი ესთეტიკური მიმართულებებისა და გავლენების მიღმა, მის ყველა ნამუშევარს განსაკუთრებული სიდიადე აქვს.  მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, 30 წლის კათოლიკე ახალგაზრდას ეკუთვნის, ვისი პროფესიული კარიერაც მხოლოდ 9 წელიწადს გაგრძელდა.