სიყვარულის მისტერიები | ლიტერატურული დეტექტივი
ავტორი - ლია(ნა) ელიავა
მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, უფრო ზუსტად 1899 წლის ზაფხულსა და 1901 წლის გაზაფხულზე, სულ რაღაც ორი წლის განსხვავებით, საქართველოში იმოგზაურა ორმა ცნობილმა ნორვეგიელმა: კაცმა და ქალმა.
პირველ შემთხვევაში ეს გახლდათ 40 წლის, იმ დროისთვის უკვე საქვეყნოდ აღიარებული მწერალი, ავტორი რომანებისა: „შიმშილი“, „მისტერიები“, „პანი“, „ვიქტორია“ და სხვ. შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი - კნუტ ჰამსუნი, ერთი წლის შერთულ მეუღლესთან ერთად. ცოლ-ქმარი რატომღაც სხვისი გვარ-სახელებითა და საბუთებით მოგზაურობდა, ამიტომ საქართველოშიც არ დახვედრიან ზარ-ზეიმით, როგორც თავის დროზე - დიუმას.
ისინი გაჩერდნენ სასტუმრო „ლონდონში“. ამ ფაქტის აღსანიშნავად შენობას ახლა მემორიალური დაფაც ამშვენებს.
1903 წელს ჰამსუნმა გამოაქვეყნა აღტაცებული ესსე, სათაურით „ზღაპრულ ქვეყანაში“, რომელიც რუსეთიდან კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოსა და აზერბაიჯანში მოგზაურობას ეხება.
მეორე შემთხვევაში ეს იყო ნორვეგიელი პიანისტი, მხატვარი, პოეტი ქალი, მეუღლე პოპულარული პოლონელი მწერლის - სტანისლავ პშიბიშევსკის, მუზა დიდ ხელოვანთა, მისი თანამემამულის, მხატვარ - ედუარდ მუნკისა და შვედი მწერლის - ავგუსტ სტრინდბერგის, დაგნი იუელ-პშბიშევსკაია.
ამ მოგზაურობისას დაგნი იყო 34 წლისა. მას თან ახლდნენ: 6 წლის ვაჟიშვილი - ზენონი და ოჯახის მეგობარი - ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილი - 25 წლის ვლადისლავ ემერიკი, რომელმაც მიიწვია სტანისლავ პშიბიშევსკის ოჯახი საქართველოში. თვით სტანისლავი, სამსახურებრივი საქმეების გამო, ვერ წამოვიდა, მათთან ერთად. შეთანხმდნენ, კვირის თავზე ჩამოსულიყო.
დაგნი და მისი შვილი დაბინავდნენ სასტუმრო „გრანდ-ოტელში“, მოგვიანებით აქაც გაჩნდა მემორიალური დაფა.
ემერიკს მასპინძლობდა მისი მეგობარი, საქართველოში გადასახლებული პოლონელი - მელჩავსკი.
გავიდა დათქმული კვირა, ათი დღე, პშიბიშევსკი არ ჩანდა... ახალგაზრდა, სიმპატიურმა ემერიკმა ზღვარს გადასული ყურადღება გამოიჩინა მარტო დარჩენილი ქალისადმი. ეტყობა, ამ დროსვე დამყარდა მათ შორის ფიზიკური სიახლოვე.
საბედისწერო მეთერთმეტე დღეს ემერიკმა რევოლვერის გასროლით მოკლა დაგნი, რის შემდეგ თვითონაც მოიკლა თავი. ორივენი დაკრძალეს თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.
საუკუნის თავზე, ქართველი მკვლევარის ანდრე კარბელაშვილისა და კუკიის სასაფლაოს დირექტორის - არკადი ჭოველიძის თაოსნობით, დაგნი გადასვენებულ იქნა იქვე, წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ეს პანთეონი არკადი ჭოველიძის მიერვეა დაარსებული, 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მისი ქალიშვილის - თამრიკო ჭოველიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად.
მკვლევარმა ანდრე კარბელაშვილმა მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისურ პრესაში მოიძია ცნობები დაგნის მკვლელობის შესახებ და მრავალი საინტერესო მასალის დამატებით, გამოაქვეყნა ჟურნალ „ომეგაში“ 4/2002, სათაურით - „სილამაზის ბედისწერა“.
თურმე მკვლელს დაუტოვებია სამი წერილი: ერთი - ქმრის, სტანისლავ პშიბიშევსკისადმი, მეორე - ვაჟიშვილის, ზენონისადმი, როცა იგი 24 წლისა გახდებოდა, მესამე - მეგობრისა და მასპინძლის, მელჩავსკისადმი.
რა იყო ამ საშინელი ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი?
ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი, ამ ტრაგედიის მოქმედი პირების ცხოვრებისა თუ შემოქმედების დაწვრილებითი და შედარებითი ანალიზი, მივიწყებული სინამდვილის აღდგენისა.
საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან რაიმე შეხების წერტილი საქართველოსთან ერთდროულად დაკავშირებულ ორ ცნობილ ნორვეგიელ ქალს და კაცს: დაგნი იუელსა და კნუტ ჰამსუნს ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში? ისინი ხომ საერთო ნაცნობებ-მეგობრების (მუნკი, სტრინდბერგი) წრეში ტრიალებდნენ?!
მათი მოგზაურობის მარშრუტის დამთხვევაც არ იყო იქნებ შემთხვევითი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰამსუნის მსგავსად, მის გმირებსაც ესიზმრებოდათ ქვეყანა, სადაც მზეა და ქალებს ჰაეროვანი კაბები აცვიათ, ელანდებოდათ სურნელოვანი, ძვირფასი ხისგან გამოთლილი ნავი, აბრეშუმის აფრებით მიმქროლავი ამ ნანატრი ქვეყნისაკენ. ხომ შეიძლება მკითხველებსაც გადასდებოდათ ეს გატაცება?!
***
ცისკრის ვარსკვლავი
დაგნი ნორვეგიულად ცისკრის ვარსკვლავს ნიშნავს. დაიბადა 1867 წელს სამხრეთ ნორვეგიის პატარა ქალაქ კონსვინგერში.
ექიმის ოჯახში დაბადებული დაგნი სწავლობდა მუსიკას, მხატვრობას, ლიტერატურას ჯერ ქრისტიანიაში (ოსლო), ხოლო შემდეგ - ბერლინში.
ახალგაზრდა, ლამაზი დაგნი ორივეგან მოექცა შემოქმედებითი ბოჰემის თავბრუდამხვევ მორევში, სადაც პარიზული მოდის მიმდევრები ქადაგებდნენ სიყვარულის თავისუფლებას, სექსუალურ თანასწორობას, ეწეოდნენ სიგარებს, ეტანებოდნენ მაგარ სასმელებს.
ოსლოში ეს იყო ლიტერატურული წრე, რომელსაც მწერალი ჰანს იეგერი ხელმძღვანელობდა. მან, პირადი მაგალითითაც, ისეთი გამხრწნელი გავლენა იქონია ახალგაზრდობაზე, მის მორალზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, რომ ბოლოს იძულებული გახდა გაქცეულიყო, თორემ ციხე არ ასცდებოდა.
ოსლოს ქაოსიდან ჯერ მუნკმა დააღწია თავი და გაემგზავრა ბერლინში. მერე დაგნიც მიჰყვა მის კვალს. ბერლინში ორივენი გახდნენ მწერალთა და მხატვართა ბოჰემის წევრები. 1893 წელს ამ ბოჰემას „შავი გოჭი“ შეარქვა სტრინდბერგმა. მისი წევრები ატელიეებსა და ღვინის სარდაფებში იკრიბებოდნენ და ალკოჰოლის ნირვანაში გახვეულები, ეძლეოდნენ შემოქმედებასა და სიყვარულს. გამოჩენისთანავე დაგნი დიდ ხელოვანთა სულთა მპყრობელი გახდა.
ოლაფ ლაგერკრანცი წიგნში „ავგუსტ სტრინდბერგი“ წერდა, რომ დაგნი ბერლინში ჩამოვიდა მუნკის გამო. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ ოსლოს ლიტერატურული წრიდან დაიწყო, ხოლო 1893 წელს დაგნი იქცა მუნკის შემოქმედების მთავარ ფიგურად, მის მუზად.
ედვარდ მუნკი - ავტოპორტრეტი, 1895წ. |
მუნკს მეტოქეობას უწევდა სტრინდბერგი, რომელმაც ლექსები უძღვნა დაგნის და ამავე დროს ცნობილი ათენელი ჰეტერას სახელი - ასპაზია შეარქვა. ეტყობა, მანაც თვისად მიიჩნია იგი და ვერ აპატია სხვა მამაკაცით გატაცება.
როგორც ამბობენ, დაგნი სტრინდბერგს უნდა უმადლოდეს თავის შელახულ რეპუტაციას. ამის დასტურად ხშირად უთითებენ სტრინდბერგის მისტიკურ რომანზე „Inferno” – „ჯოჯოხეთი“.
რომანი სამშობლოს, ოჯახს იძულებით მოწყვეტილი, არც თუ უსაფუძვლო ეწვიანობით შეპყრობილი მწერლის მიერ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაშია დაწერილი და ცხადია, ჰიპერტროფირებული სუბიექტურეობით სცოდავს.
ედვარდ მუნკი - ავგუსტ სტრინდბერგი, 1896წ. |
დაგნიზე 18 წლით უფროსმა, „მსუქანმა“ (დაგნის შეფასებაა) სტრინდბერგმა საბოლოოდ მაინც ვერ მოინადირა, არანაკლებ გენიალურ მამაკაცთა თაყვანისცემით განებივრებული ქალის გული. მოგვიანებით, რაღაც მინიშნებებით ყოველთვივე ამაზე იკითხება მუნკის მიერ შექმნილი სტრინდბერგის პორტრეტში, რომლის გრაფიკულ ჩარჩოში ჩაწერილია „ა. სტინდბერგი“ სტრინდბერგის ნაცვლად, „სტინ“ კი ნორვეგიულად მსუქანს ნიშნავს.
შეიძლება ეს უბრალო შეცდომად იყოს, მაგრამ ფროიდი სწორედ ასეთ შეცდომებში ხედავდა ჭეშმარიტებას. თვით სტრინდბერგი კი ამ პორტრეტში უფრო მეტად გააღიზიანა ჩარჩოში დატანილმა შიშველმა ქალმა: - იცის, როგორ ვერ ვიტან ქალებს და მაინც მიხატავსო. მოგვიანებით მხატვარმა წაშალა ქალი.
მიუხედავად ყოველივე ამისა, შვედეთის სათაყვანებელი მწერლის - სტრინდბერგის სახლ-მუზეუმში კედლებზე გამოფენილ პორტრეტებს შორის, იმ ქალთა შორის, რაღაც კვალი რომ დატოვეს მწერლის ბიოგრაფიაში, დაგნის სურათსაც შეხვდებით.
1893-1895 წლებში შეიქმნა მუნკის ცნობილი „მადონა“, თვალებმილულული, შიშველი დაგნის გამოსახულებით, ორგაზმისა თუ განაყოფიერების მომენტში, როგორც ღიად აღნიშნავენ უცხოელი ხელოვნებათმცოდნეები. თვითონ მუნკს ქალის ცხოველური მაგნეტიზმის გამოხატვა ეწადა. სურათიდან კი გამოსჭვივის ქალურობის, დედობის მშვენიერება.
ამ სურათში ჩვენი ყურადღება მიიქცია წითელ ჩარჩოში ჩახატულმა მოულოდნელმა დეტალებმა: ზემოთ - სპერმის სამკაულებმა, ქვევით - ბავშვის ჩანასახმა.
შემდეგ ვარიანტში მუნკმა ჩანასახი მოხსნა. ხომ არ შეიძლება ეს შემთხვევივითი, უმნიშვნელო დეტალები იყოს?! ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ ვცდილობთ ჩავწვდეთ მოვლენებს გულისგულში.
1901 წელს, დაგნის მკვლელობისას, ვაჟიშვილი - ზენონი, რომელიც მას თან ახლდა, 6 წლისა იყო, მუნკის სურათი კი დათარიღებულია 1895 წლით. როგორც ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს, მუნკს არასოდეს, არც ერთი ქალისთვის არ მიუცია ცოლად შერთვის პირობა. მას ამისთვის თავისი მიზეზები ჰქონდა.
ედვარდ მუნკი - სტანისლავ პშიბიშევსკი |
არ არის გამორიცხული, რომ დაგნისთვის კრიტიკულ სიტუაციაში, რეპუტაციის გადასარჩენად, პშიბიშევსკი მისაღები პარტია აღმოჩნდა.
ედვარდ მუნკი - "ეჭვიანობა" |
იმავე პერიოდის მეორე ნახატში „ეჭვიანობა“ (ვარიანტებით), მუნკმა წითელმოსასხამიანი დაგნის ფიგურა ხან ავტორის, ანუ თავისი აღნაგობის მამაკაცთან ჩახვეული დახატად, ხან შეყვარებული წყვილი ადამ და ევად გამოსახა, წინა ხედზე აღბეჭდილ თვალებგაფართოებულ მამაკაცს კი პშიბიშევსკის ეჭვიანი სახე თუ ნიღაბი ჰქონდა ყოველთვის, რაც აშკარად მიანიშნებდა ფარულ რეალობაზე.
ედვარდ მუნკი - "ვამპირი" |
სტრინდბერგისგან განსხვავებით, მუნკმა თავის სურათებში საყვარელ არსებას არ დაუკარგა ქალური ღირსება და მიმზიდველობა. შეიძლება ვიღაცამ გაიხსენოს მუნკის უსახური, წითელი „ვამპირი“, დაგნის სახის ოვალითა და თმებით, მაგრამ ეს ხარკი უფროა მოდური მიმდინარეობის წინაშე ქალის, როგორც მადონას და დემონის ნაზავის შესახებ, ვიდრე რეალობა.
ადამიანურ სისუსტეებზე ამაღლების გასაოცარი ნიჭი გამოიჩინა თავის მხრივ პშიბიშევსკიმაც. ცხოვრებაში ეჭვიანობის მიუხედავად, იგი ისე მოიქცა, თითქოს მუნკის ყოფილი საყვარელი (ფიზიკურადაც) მოდელი - დაგნი იმჟამად მისი მეუღლე არ ყოფილიყოს და ერთ-ერთმა პირველმა უძღვნა სტატია მუნკის შემოქმედებას, სადაც სათანადოდ შეაფასა მისი ოსტატობა. თუმცა ამავე დროს მასაც არ გამორჩენია, ხაზი გაესვა ქალში ორი ღმერთის: სიკეთისა და ბოროტების - მადონასა და დემონის არსებობისთვის.
ახლა დავუკვირდეთ მკვლელის მიერ დატოვებულ წერილებს. აი, რას წერს ემერიკი ქმრის, ანუ პშიბიშევსკის მისამართით: „მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაკეთებინა...“.
ვაჟიშვილ ზენონს კი მკვლელი ამცნობს დედის შესახებ: „ის, პირველი დედოფალი... შენს წინაშე იყო მოთვინიერებული და მიაჩნდა, რომ შენ იყავი მთელი მისი ცხოვრების გამართლება“. პატარა გოგონამ - ივამ, რომელიც პოლონეთში დარჩა რა დააშავა? უცხოსთვის უფრო ადვილად დასაჯერებელი, ბანალური არითმეტიკით ხომ არ არიან ბავშვები ერთმანეთისგან გამორჩეულები? იქნებ თვით ქალმა გაანდო თავისი სიყვარულის საიდუმლოება ემერიკს? შემდეგ, თითქოს თავის თავს ეწინააღმდეგებაო, ემერიკი აფრთხილებდა ზენონს: „უცნაურ აზრებს, რომლებსაც მასზე გაიგებ, ალბათ ნაკლებად უნდა ერწმუნო... ის იყო წმინდანი, თან დედოფლური სიკეთით სავსე“.
ასეთ ქალებს მაშინ უფრო აფასებენ როცა კარგავენ. სტანისლავ პშიბიშევსკიმ დაგნის მიმართაც გამოიჩინა დიდსულოვნება, ოღონდ სიკვდილის შემდეგ და უძღვნა წერილი, სათაურით - „როცა მზე ჩადის“, სადაც სამართლიანად ასკვნიდა: „მისი ტრაგედია სილამაზე, სიამაყე და გულწრფელობა აღმოჩნდა. ის იყო ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათად იფურჩქნება და განწირულია გასათელად“.
[...]
1902 წელს, დაგნის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, პშიბიშევსკიმ გამოაქვეყნა დრამა „ოქროს საწმისი“.
იგი შეყვარებული მამაკაცის თვალთახედვითაა დაწერილი. აქ ყველაფერია: სიყვარული, „მე შენ მიყვარხარ ისე, როგორც არავის ჰყვარებიხარ ჩემამდე და არც ჩემ შემდეგ ეყვარები ვინმეს“. ეჭვიანობა, რომელიც ცხოვრებას უწამლავდა კაცს - „ჩემს სულში არის რაღაც, რომელიც არ გენდობა შენ“, „რაღაც ხმა მკარნახობს, რომ მე მხოლოდ გასავალი სადგური ვარ შენი ცხოვრების გზაზე“. ღალატი, შვილის მამობის სათუოობა, მიტევება, რადგანაც თვითონაც მოღალატე და მისატევებელია, მოვალეობის გრძნობა ოჯახის, ბავშვების წინაშე („თქვენ კი იცით, რა უნდა გამეკეთებინა მე, მაგრამ ბავშვს უნდა ჰყავდეს დედა. ყველაზე ცუდი დედა მაინც დედაა“), ამიტომაც, ემერიკისგან განსხვავებით, დრამის გმირი მამაკაცი მხოლოდ თვითმკვლელობას სჯერდება.
***
1901 წელს გამოქვეყნდა სტრინდბერგის პიესა - „სიკვდილის როკვა“, რომელიც სასიყვარულო სამეულს ეძღვნება და სადაც გმირი მამაკაცი ასევე ტრაგიკულად ამთავრებს ცხოვრებას. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე სიტუაციაში ქალი მეორე მწერალმაც არ გაიმეტა სასიკვდილოდ.
***
1899-1900 წლებში მუნკმა შექმნა სურათი „ცხოვრების ცეკვა“, ამ სურათს იგი 1925-1929 წლებშიც მიუბრუნდა. სურათის მარცხენა ნაწილში გამოსახულია ახალგაზრდა თეთრკაბიანი ტულა ლარსენი (მხატვრის საყვარელი), რომელსაც შეცბუნებული სახე აქვს. შუაში ცეკვავს ახალგაზრდა წყვილი, ქალი წითელ კაბაშია. მოცეკვავეთა სახეები არ ჩანს, მაგრამ ფიგურები და თმები მოგაგონებთ დაგნისა და მუნკს. მარჯვენა ნაწილში კი უკვე ასაკოვანი, თალხსამოსიანი ტულა ლარსენი დანანებით აპარებს ალმაცერ მზერას მოცეკვავე წყვილისაკენ. ეს სურათი მუნკის ცხოვრების ანარეკლია, სადაც, როგორც სარკეში, ჩანს, რომ მხატვრის არსებას, ისევე, როგორც მის შემოქმედებას, გასდევდა ერთი, ხან ვნებიანი, ხანაც „მსოფლიო სინაზის დამტევი“ (მუნკის მიერ მადონას შესახებ დღიურში ჩაწერილი სიტყვებია) ქალის ხატება.
***
პირველაღმომჩენი მაინც მუნკია. მან პირველმა, 1899 წელს დახატა სურათი „ცხოვრების ცეკვა“, მინიშნებით დაგნიზე. როგორც სათაურიდან ჩანს, მუშაობის დასაწყისში დაგნი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მერე სტრინდბერგმა, უკვე დაგნის სიკვდილის შემდეგ, 1901 წელს დაწერა დრამა „სიკვდილის როკვა“ და ყველაზე ბოლოს, 1902 წელს, პშიბიშევსკიმ დაარქვა „სიყვარულისა და სიკვდილის ცეკვა“ დრამების ციკლს, სადაც ზემოთ ნახსენები „ოქროს საწმისიც“ შევიდა.
ლიანა ელიავა - „ჩემი სკანდინავია“