„ტფილისი“ - ქართული თეთრი |

XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფო იმპერიის ნაწილად იქცა. სამოქალაქო ადმინისტრაციისა და სასამართლო უწყებათა მოხელეები ხელფასს ასიგნაციებითა და ჩერვონეცებით - ჰოლანდიური დუკატებით იღებდნენ. კიდევ უფრო მეტი ფულადი რესურსი სჭირდებოდა რუსულ ჯარს, რომელიც ადგილობრივი ბაზრის რესურსებით მარაგდებოდა. 



საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში ასიგნაციებს, პრაქტიკულად, არავინ ღებულობდა, მით უფრო, რომ ხელისუფლება გადასახადებს ვერცხლის ფულით კრეფდა და სანაცვლოდ ქაღალდის ასიგნაციების შეთავაზება მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ვერცხლთან შეფარდებით საქართველოში მკვეთრად დაეცა ოქროს ძირითადი ვალუტირს - ჩერვონეცის (ჰოლანდიური დუკატის, ლობანჩიკის) კურსი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩერვონეცის კურსი არ დაცემულა. ამის მიზეზად რუსული ადმინისტრაცია ვერცხლისა და სპილენძის ფულის ნაკლებობას ასახელებდა, რომლის პეტერბურგსა და ეკატერინბურგიდან შემოზიდვა, არცთუ უსაფრთხო შორი მანძილის გამო, დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამას ერთვოდა მოგების მიზნით დიდვაჭრების მიერ ყოველნაირი საქონლის საბაზრო ფასების ხელოვნური გაზრდა - ჩერვონეცის დაბალი კურსით გადახურდავებისას მათ დიდი მოგება რჩებოდათ. საქართველოს ბაზარზე სამრეწველო და სასურსათო საქონლის გაძვირებამ ირანული საქონლის მოზღვავება და საქართველოდან ირანში ლითონის ფულის ინტენსიური გადინება გამოიწვია, რამაც ქვეყანაში კიდევ უფრო გაამწვავა ფულის დეფიციტი.


ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ბუნებრივად დაისვა ფულის ნიშნების თბილისშივე მოჭრის საკითხი. 1804 წლის 15 სექტემბერს სამეფო აბანოს ყოფილ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა ზარაფხანა, რაც საგანგებო მედლის მოჭრითაც აღინიშნა.


„საზოგადოებრივი ნდობის“ მოპოვების მიზნით, მიიღეს გადაწყვეტილება მოეჭრათ 88 სინჯის (92%) ვერცხლის მონეტა. გადაწყდა აგრეთვე, რომ იგი აბაზის ჩვეული სისტემით უნდა მოჭრილიყო და მასზე მხოლოდ ქართული ზედწერილები ყოფილიყო. თბილისის ზარაფხანა, ძირითადად, ვერცხლის ფულის მოსაჭრელად იყო გამიზნული. სპილენძის მონეტა მხოლოდ მაშინ იჭრებოდა, როდესაც ზარაფხანა ვერცხლის მოჭრით არ იყო დაკავებული. 1810 წლის შემდეგ კი სპილენძის ფული თბილისის ზარაფხანაში საერთოდ აღარ მოჭრილა.


ამ პერიოდში გამოშვებულ ვერცხლის ფულზე ქართული მხედრული დამწერლობით ეწერა „ქართული თეთრი“, ხოლო სპილენძისაზე - „ქართული ფული“. ფულის ნომინალი ორივე მათგანზე ქართული ასო-ნიშნებით იყო აღნიშნული, რომელთაც ციფრების მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ მონეტების ნომინალი უკნინესი საანგარიშო ერთეულით არის განსაზღვრული. სპილენძის უმცირეს ნომინალზე, ფულზე წერია „ე“, ანუ „5“ (ე.ი. მონეტა შეიცავს ხუთ საანგარიშო ერთეულს), აბაზიანზე - „ს“, ანუ „200“, ნახევარაბაზიანებს („რ“ 100). სპილენძის ბისტს („კ“ 20), ხოლო ნახევარ ბისტს („ი“ 10). ასევეა აღნიშნული მონეტებზე მათი მოჭრის წელი ქრისტიანული წელთაღრიცხვით.

მაგალითად, 1806 წლის ვერცხლის ორ აბაზიანი მონეტის წინა მხარეზე დატანილი იყო გვირგვინი, პალმისა და ზეთისხილის ტოტები, ქართული ზედწერილი: „ტფილისი“. მის უკანა მხარეს კი ქართული ზედწერილი - „უ“ – (400), ქართული თეთრი ჩყვ (1806წ.), რუსული ზედწერილი: ზარაფის ინიციალები „AK“.

ქართული წარწერების გარდა, თბილისურ ორაბაზიანებზე ზარაფხანის მთავარი ზარაფების რუსული ინიციალებია მოთავსებული.


1804 წლიდან 1834 წლამდე თბილისის ზარაფხანამ 1 060 713 მანეთისა და 70 კაპიკის ღირებულების ვერცხლის და 8 310 მანეთისა და 89,5 კაპიკის ღირებულების სპილენძის მონეტა გამოუშვა.

1823 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის წინაშე თბილისის ზარაფხანის დახურვის საკითხი დააყენეს იმ მოტივით, რომ რუსულისაგან წონით და ლითონის სინჯით განსხვავებული ფულის მოჭრა რუსეთის ფულადი სისტემისგან გადახვევას ნიშნავდა. მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული ვითარება რუსეთისაგან განსხვავებულ სახელმწიფოთა რიგში აყენებდა საქართველოს. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა შეიტყო, რომ თბილისის ზარაფხანა თვს საკუთარი შემოსავლებით ინახავდა, მისი ხელუხლებლად დატოვება ბრძანა. რუსეთის ხელისუფლება ქართული თეთრის რუსულ რუბლთან დაახლოებას მაინც ცდილობდა. ამ მიზნით 1829 წელს პეტერბურგის ზარაფხანაში საცდელად მოჭრეს და თბილისში გამოგზავნეს ქართული აბაზიანები და ორაბაზიანები, თუმცა ამ მცდელობას შედეგი არ გამოუღია.


1834 წლის თებერვალში თბილისის ზარაფხანა მაინც დაიხურა. აქ დარჩენილი ვერცხლისგან უკანასკნელად მოჭრეს ორაბაზიანები და ამ ფულით ზარაფხანის დახურვასთან დაკავშირებული ხარჯები გაისტუმრეს. მთელ ამიერკავკასიაში ფეხმოკიდებულ ამ მონეტებს რუსეთის ხელისუფლების მიერ ძველი ქართული და, საერთოდ, არარუსული ფულსი ბრუნვიდან ამოღბისაკენ მიმართული ღონისძიებები არ შეხებია.

თბილისის ზარაფხანაში გამოშვებული ფულის ისტორია ამით არ დასრულებულა. რუსულ ფულთან ერთად იგი XIX საუკუნის ბოლომდე დარჩა მიმოქცევაში.


წყარო: ფული საქართველოში“, მეორე გადამუშვებული გამოცემა, საქართველოს ეროვნული ბანკი, 2003წ.
„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“, პალიტრა L, 20