მითიური არსებები ჰარი პოტერის სამყაროდან



შინაური ელფები

ადამიანებზე ზრუნვა ელფების ბუნებაშია. ისინი ჯადოქრების ოჯახს ემსახურებიან. შინაური ელფი ვალდებულია სამუდამოდ ერთ ოჯახსა და ერთ სახლს ემსახუროს, თუ, რა თქმა უნდა, პატრონმა არ გაათავისუფლა.

შინაურ ელფებს თავიანთ ბატონებზე ხმამაღლა აზრის გამოთქმის უფლება არა აქვთ, ისინი მათ საიდუმლოებებს ინახავენ, ოჯახის ღირსებაზე ზრუნავენ და ბატონებზე ცუდს არასოდეს ამბობენ.

ყველა შინაური ელფი თავის პატრონთან ჯადოსნური ძაფებით არის დაკავშირებული და არ შეუძლია პატრონის პირდაპირი ბრძანების დარღვევა. მას უფლება არა აქვს იყოს უბედური,  თუკი სამუშაო გასაკეთებელია და ბატონს უნდა მოემსახუროს.

კარგი შინაური ელფის ღირსებად ითვლება, რომ ის თვალში არავის ეჩხირება; დათხოვნილი შინაური ელფისთვის ხომ ძალიან ძნელია ახალი სამუშაოს შოვნა.

დობის თუ დავუჯერებთ, „დაბალი ფენის, დამონებული უუფლებო ჯადოქრებისთვის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია. ვოლდემორის ბატონობის დროს შინაურ ელფებს ღორის ტილებივით ექცეოდნენ.

შინაური ელფი ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს - თუკი მას ბატონი ტანსაცმელს აჩუქებს.

***


ჰიპოგრიფი

ჰიპოგრიფს ტანი, უკანა ფეხები და კუდი ცხენისა აქვს, წინა ფეხები, ფრთები და თავი კი - არწივის. მრისხანე, ფოლადისფერ ნისკარტებს ზემოთ ხასხასა ნარინჯისფერი თვალები უელავთ. წინა ფეხებზე თხუთმეტი სანტიმეტრის სიგრძის ბასრი ბრჭყალები აქვთ.

ჰიპოგრიფების ულამაზესი ბუმბული და ბეწვი სხვადასხვა ფერად ბზინავს: საწვიმარ ღრუბლისფრად, ბრინჯაოსფრად, მოვარდისფროდ, პრიალა წაბლისფრად და შავად.

ჰიპოგრიფები ძალიან ამაყი არსებები არიან. მათი წყენინება ადვილად შეიძლება, თუმცა არ ღირს, რადგან მათი შეურაცხყოფა სისოცხლის ფასად დაგიჯდებათ.

მათ თავაზიანად უნდა მოექცე და აცადო, თავად გადმოდგას პირველი ნაბიჯი - მიახლოებისას თავი უნდა დაუკრათ და დაელოდოთ, გაიმეორებს თუ არა იმავე ქმედებას. თუ თვითონაც დაგიკრავთ თავს, შეგიძლიათ ხელი შეახოთ, თუ არადა ჯობს გაეცალოთ!

თვალებში უნდა უყუროთ, მაგრამ თვალს ნუ დაახამხამებთ - ჰიპოგრიფები არ გენდობიან, თვალს თუ დაახამხამებ...

***

დემენტორები

დემენტორები ყველაზე საშინელი არსებები არიან მთელ დედამიწაზე. ისინი სიბნელესა და სიბინძურეში ცხოვრობენ, უიმედობა და ხრწნა ახარებთ; სადაც კი გამოჩნდებიან, სიმშვიდეს, იმედსა და ბედნიერებას სპობენ. მაგლებიც კი გრძნობენ მათ სიახლოვეს, მაგრამ ვერ ხედავენ.

მათ თვალები არ აქვთ, ფოსოებზე საზარელი რუხი კანი აქვთ გადაკვრული. პირიც საშინელ  უფორმო ბნელ ხვრელს მოგაგონებთ, მომაკვდავივით ხრიალებენ და ჰაერს ხმაურით ისრუტავენ.

დემენტორების საზარალი ძალა სწორედ ისაა, რომ ისინი მსხვერპლს თავისი ცხოვრების უსაშინლეს მოგონებებს უღვიძებენ, თანდათან ძალას აცლიან და სასოწარკვეთილებაში აგდებენ...

თუ დემენტორთან ძალიან ახლოს მიხვალ, მხიარულებასა და სასიამოვნო მოგონებებს გამოგწოვს. თუ ამის შესაძლებლობა მიეცა, ბოლომდე გამოგწოვს ყველაფერს და თავისნაირ უსულგულო და ბოროტ არსებად გაქცევს. მოსაგონრად მხოლოდ საკუთარი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტები დაგრჩება.

წესით, ჯადოქარს ყველა უნარი ეკარგება, მათთან დიდხანს თუ დარჩა.

დემენტორი მხოლოდ მაშინ იხდის კაპიუშონს, როცა თავისი უკანასკნელი და ყველაზე საშინელი იარაღის გამოყენებას აპირებს. ამას „დემენტორის კოცნას“ ეძახიან. თუ დემენტორმა ადამიანის საბოლოო განადგურება გადაწყვიტა, სწორედ ამ იარაღს მიმართავს - მსხვერპლს სულს სწოვეს.

ეს სიკვდილზე უარესია. ადამიანი არ კვდება, რადგან გული და ტვინი ისევ უმუშავებს, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობს, მეხსიერებას კარგავს, გამოჯანმრთელება შეუძლებელია, რადგან სული სამუდამოდ დაკარგა...

***

თესტრალი

ეს არსებები ნაწილობრივ ცხენებს, ნაწილობრივ კი ქვეწარმავლებს გვანან. ხორცი თითქმის არ აქვთ, შავი ტყავი კი ისე შემოჰკვრიათ ჩონჩხზე, წვრილი ძვლებიც კი გარკვევით უჩანთ. თავი დრაკონისა აქვთ, თვალები - ერთიანად თეთრი და ფართოდ გახელილი, ქედზე კი - გიგანტური ღამურას ვეებერთელა შავაპკიანი ფრთები.

თესტრალები ძალზე ჭკვიანები არიან! თუკი მათ მოათვინიერებ, აღარასოდეს დაიკარგები - მშვენიერი ორიენტაცია აქვთ.

ცრურწმენების მიხედვით, თესტრალები უბედურების მომტანი არსებები არიან, თუმცა ეს მხოლოდ ცრურწმენაა.

სხვა ცხოველებისგან თესტრალებს ის გამოარჩევთ, რომ მათ ყველა ვერ ხედავს - თესტრალის დანახვა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სიკვდილი უნახავს.

***

კენტავრები

ჭკუით გამორჩეული არსებები არიან, თიმცა სულ ვარსკვლავებს უჭვრეტენ და მთვარეზე უფრო ახლოს რაც არის, არაფერი აინტერესებთ.

საკმაოდ ბევრნი არიან და სულ ერთად დადიან. მათთან საუბარი შეიძლება, თუმცა გამორიცხულია კენტავრმა პირდაპირ გიპასუხოს - ყველაფერი იციან, ოღონდ არაფერს გაგიმხელენ.

***

ბასილისკო

გიგანტური გველი, მონსტრი, არსება, რომელიც უხსოვარ დროს დაიბადა და ჰოგვორტსის ციხე-კოშკში ცხოვრობს.

ბასილისკო საზარელ მხეცთა და მონსტრთა შორის უსაშინლესია, სხვაგვარად მას „გველთა მეუფესაც“ უწოდებენ. უზარმაზარი გველის ეს სახეობა მრავალ ასეულ წელს ცოცხლობს და ჩვეულებრივი ქათმის კვერცხიდან იჩეკება გომბეშოს დახმარებით.

შხამიანი ეშვების გარდა, მას მომაკვდინებელი მზერა აქვს. ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც ბასილისკოს თვალებში ჩახედავს, იმწამსვე საშინელი ტანჯვით მოკვდება.

გველს ყველაზე მეტად ობობები უფრთხიან, რადგან მონსტრი მათი მოსისხლე მტერია. თავად ბასილისკოს კი სიკვდილივით ეშინია მამლის ყივილისა.

***

გრიმი 

უზარმაზარი ძაღლი-მოჩვენება, რომელიც სასაფლაოებზე დაძრწის. ის ავისმომასწავებელი ნიშანია და სიკვდილს მოასწავებს. გრიმის დანახვაზე ჯადოქრების უმრავლესობა შიშით კვდება!

***

გოლიათები

გოლიათების შელოცვით დარეტიანება ძალიან ძნელია. ისინი ტროლებივით შეუღწევადები არიან. თუ გოლიათის ტვინს მეტისმეტად გადატვირთავ ახალი ამბებით, მოგკლავენ, რათა უფრო გაიადვილონ ფიქრი...

***

ინფერიუსი

ინფერიუსი გვამია, მკვდარი სხეული, რომელსაც შავი მაგიის შელოცვებმა ხელახლა შთაბერა სიცოცხლე. ის არ არის ცოცხალი, უბრალოდ, მარიონეტია, რომელიც ჯადოქრის ბრძანებას ემორჩილება.

ინფერიუსი იშვიათი სანახავია მას შემდეგ, რაც ლორდმა ვოლდემორმა ძლევამოსილება დაკარგა. მან იმდენი ადამიანი მოკლა, რომ ინფერიუსების არმია შექმნა.

***

რაქსპურტები 

რაქსპურტები უხილავი არსებები არიან, ყურში შეგიფრინდებიან და გონებას გიბინდავენ.

***

დრაკონები

დრაკონის ყოლა ბრიტანეთში აკრძალულია „მაგთა საერთაშორისო კონვენციით“, ჯერ კიდევ 1709 წლიდან.

ბრიტანეთში გარეული დრაკონები ბინადრობენ: უელსური მწვანე და ბირაიდული შავი. მაგიის სამინისტროში მათ მიჩუმათებაზე დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს. თუ დრაკონს ვერ მოიშინაურებ, ის ძალიან საშიშია, თანაც არსებობს საფრთხე, რომ მაგლები ჯადოქრების არსებობას მიხვდებიან. შესაბამისად, რომელიმე მაგლი შენიშნავს თუ არა დრაკონს, მაშინვე დავიწყების ჯადოს უკეთებენ.

***

ბოგარტი

ბოგარტი მოჩვენებაა, რომელიც გარეგნობას იცვლის. შეუძლია ნებისმიერ რამედ გადაიქცეს, რაც, მისი აზრით, ყველაზე მეტად შეგვაშინებს.

მას სიბნელე და ჩაკეტილი სივრცე უყვარს, მაგალითად, ტანსაცმლისა და ჭურჭლის კარადები, ხშირად ლოგინის ქვემოთაც იმალებიან.

ბოგარტს, რომელიც სიბნელეში ზის, ფორმა არა აქვს, მან ხომ არ იცის გარეთ მდგომ ადამიანს ყველაზე მეტად რით შეაშინებს. არავინ იცის, როგორ გამოიყურება მარტო მყოფი ბოგარტი, მაგრამ როგორც კი გამოვუშვებ, იმწუთას ჩვენთვის ყველაზე საშიშ არსებად გადაიქცევა.

უმჯობესია ბოგარტთან საქმე მარტო არ დაიჭიროთ. მისი საწინააღმდეგო შელოცვა - „რიდიკულუს!“ საკმაოდ მარტივია, მაგრამ ყურადღების დაძაბვას მოითხოვს. მას ყველაზე მეტად მაინც სიცილისა ეშინია. ამიტომ რაიმე სასაცილო არსებად უნდა გადააქციოთ.

***

წითელქუდიანები

წითელქუდიანები საძაგელი პატარა არსებები არიან, რომლებიც ყველგან ჩნდებიან, სადაც კი სისხლისღვრა იყო: ციხე-კოშკების ჩაბნელებულ სარდაფებსა თუ ბრძოლის ველებზე, და ხელკეტებით ხოცავენ გზააბნეულებს.

***

წყლის ქაჯები 

წყალში მცხოვრები არსებები, რომლებიც ქერცლიან მაიმუნებს ჰგვანან, აპკიან თითებს გამუდმებით იფხანენ და თავიანთ გუბურებში შემთხვევით მოხვედრილ არსებებს ახრჩობენ.

***

გრინდილოუ

ჭაობისფერი, ბასრრქებიანი, მწვანეკბილება არსება, წყლის ეშმაკი.

წყლის ქაჯებთან შედარებით, მათთან გამკლავება უფრო ადვილია. მთავარია, რომ მარწუხებში არ მოგაქციოთ. უჩვეულოდ გრძელი თითები აქვთ. ძალიან ძლიერია, მაგრამ ადვილად იმტვრევა.

***

ცალრქიანი კვიცი

ზრდასრული ცხენებისგან განსხვავებით, ცალრქიანი კვიცები ბაჯაღლო ოქროსფერები არიან. მათი შემჩნევა უფრო ადვილია, ვიდრე დიდებისა.

ორი წლისანი ვერცხლისფერები ხდებიან, ოთხი წლის ასაკში რქები ეზრდებათ. შვიდ წელს რომ მიატანენ, ესე იგი, ზრდასრულ ასაკს, მაშინღა ხდებიან ქათქათა თეთრები. პატარები უფრო მიმნდობები არიან... ბიჭებისაც არ ეშინიათ.

***

ნიფლერი

ფუმფულა, შავი, გრძელდინგა არსება. წინა თათები ნიჩბებივით ბრტყელი აქვს. ძირითადად მიწისქვეშა მაღაროებში ცხოვრობენ. ბრჭყვიალა ნივთები უყვართ, ნამდვილი განძის მაძიებლები არიან. ნიფლერები მიწაში ისე ყვინთავდნენ, როგორც წყალში.

***

ტყისკაცუნები

ველური ხის არსებები, ყავისფერ ხელფეხიანები. თითოეულ ხელზე ორ-ორი წანაზარდი, ქერქით დაფარული სასაცილო სახეები და ბაღლინჯოსფერი თვალები აქვთ.

ტყისკაცუნები ხის მცველები არიან, ცხოვრობენ იმ ხეებზე, რომლებსაც ჯადოსნური ჯოხების დასამზადებლად იყენებენ.

ისინი ნამისჭიებით იკვებებიან. თუ თქვენ იმ ხის მასალა გჭირდებათ, რომელზედაც ეს არსებები ცხოვრობენ, უნდა მოიმარაგოთ ნამისჭიები, რათა ყურადღება მათზე გადაატანინოთ და დააწყნაროთ. შესახედავად უწყინარები არიან, მაგრამ თუ გააბრაზეთ, შეეცდებიან ბასრი თითებით თვალები ამოგთხარონ.

***

გობლინები

გობლინების გადამტერება შარიანი საქმეა. ჯადოქრები და გობლინები ოდითგანვე ჯოხის პყრობის უფლებაზე დაობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ უჯოხოდაც შეუძლიათ ჯადოქრობა.

გობლინები მსოფლიოში ყველაზე საიმედო ბანკს - „გრინგოტსს“ მართავენ. „გრინგოტსის“ გასაძარცვად შესვლა ნაკლებ სახიფათოა, ვიდრე გობლინისთვის მიცემული პირობის გატეხვა.

ისინი საოცრად ამუშავებენ ლითონს, ისე, როგორც სხვა ვერავინ. ამ მაგიას ისინი არავის უმხელენ. გობლინთა ვერცხლი მიწიერ ჭუჭყს არ იკარებს, მხოლოდ იმას შეიწოვს, რაც გააძლიერებს.

ჯადოქრებსა და გობლინებს უთვალავი გარიგება დაუდიათ საუკუნეების განმავლობაში... შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა.

ზოგ გობლინს, ყველაზე მეტად კი გრინგოტსის გობლინებს, სწამთ, რომ როცა საქმე განძს ეხება, ჯადოქრების ნდობა არ შეიძლება და რომ ჯადოქრები არანაირ პატივს არ სცემენ გობლინთა საკუთრებას. გობლინისთვის ნივთის კანონიერი და ნამდვილი პატრონი მისი გამკეთებელია და არა მყიდველი. გობლინების აზრით, გობლინთა ნაკეთები ყველა ნივთი კანონიერად მათ ეკუთვნით.

მათ მიაჩნიათ, რომ ფულის გადამხდელმა ნივთი იქირავა და მისი სიკვდილის შემდეგ ეს ნივთი გამკეთებელს უნდა დაუბრუნდეს. ამიტომაც უჭირთ იმის გაგება, თუ რატომ უნდა გადაეცეს გობლინის ნაკეთები ნივთი ჯადოქრიდან ჯადოქარს. გობლინთა ნაკეთები ნივთის შენარჩუნებას, ფასის ხელახლა გადახდის გარეშე ერთი ჯადოქრიდან მეორის საკუთრებაში გადასვლისას, ლამის ქურდობად თვლიან.

გოდრიკ გრიფინდორის ხმალიც გობლინთა ხელოვნების ნიმუშია!

***

ჰოგვორტსის ქანდაკებები

ჰოგვორტსში არაერთი ქანდაკებაა, ზოგი მათგანი პატარაა, ზოგი - ადამიანზე დიდი ზომისა. მათ შორისაა ცხოველების ფიგურებიც.

სკოლის ყველა ქანდაკება მოჯადოებულია. მათი მთავარი მისია სკოლის საზღვრების დაცვა და ამით ჰოგვორტსის წინაშე საკუთარი ვალის მოხდაა. მათ აცოცხლებს შელოცვა - „პიერტოტუმ ლოკომოტორ“.