გელათის სამონასტრო კომპლექსზე უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დასრულდა.
სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41- სესიის გადაწყვეტილების საფუზველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში წარიმართა, რომელიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობისა და მონიტორინგის რეჟიმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
სამუშაო პროცესი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტო ინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფით არქივაციას ითვალისწინებდა.
ფრესკების ნიბისმიერი ფორმით დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. სკანირებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდება სამომავლო კონსერვაციის პროცესის კონტროლიც.
სკანირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სპეციალისტებს სამომავლოდ გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ამა თუ იმ ფრესკის (ორიგინალის) ზუსტი ასლის დამზადების შესაძლებლობაც ექნებათ. ამავდროულად გაჩნდა ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა, რომლებზეც ფიზიკური კონტაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო ამ დრომდე დაუშვებელი იყო.