შოთა არველაძე: „აიაქსში“ ქინქლაძეს მარცხნიდან ათამაშებდნენ, რაც ძალიან არ მოსწონდა

გიო ქინქლაძის, ჩემი ბავშობის მეგობარის შესაძენად „აიაქსმა“ რეკორდული თანხა - 16.000.000 გადაიხადა. ამ ამბამდე ათი წლით ადრე რომ ეთქვა ვინმეს, არველაძე და ქინქლაძე „აიაქსში“ ერთად ითამაშებენო, ალბათ ასათიანზე გააქანებდნენ. 

დანიაში ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ „ბრონდბიუსთან“ და 4:1 დავამარცხეთ. ოლსენმა გიო მარცხენა ფლანგზე დააყენა. პირველი გოლიც მისი პასით გავიტანე და ამის შემდეგ გიომ სასწაულები მოახდინა... ოთხი კაცი მოატყუა და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. გასახდელში მთელი გუნდი ოვაციებით შეხვდა, მხოლოდ მე ვიძახდი, - ეს არაფერია, ჯერ სადა ხართ, ნამდვილი გიო თქვენ არ გინახავთ მეთქი. 

[...]

თავდაპირველად, გიოს მარცხნიდან ათამაშებდნენ, რაც ძალიან არ მოსწონდა, მას თავის საყვარელ ადგილზე სურდა თამაში, სადაც იარი ლიტმანენი თამაშობდა. ყოველთვის ვცდილობდი ამეხსნა გიოსთვის, - ამ რანგის გუნდში, სადაც გათამაშებენ, იქ უნდა დაამტკიცო, რომ მაგარი ხარ, მაგრამ მან ასე არ მოინდომა...

[...]

გუნდი მეორე წრისთვის მოსამზადებლად სამხრეთ აფრიკაში მიდიოდა, სადაც ახალმა მწვრთნელმა გიო სიაში არ შეიყვანა. ამით ნათელი გახდა, რომ ვოუტერსს გიო არ სჭირდებოდა.

სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ასე მოხდებოდა. ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ გული ძალიან დამწყდა, რომ ჩვენი ლამაზი, საერთო ოცნება არ ახდა...

„რეინჯერსში“ თამაშისას, ვერ მოვითმინე და ვოუტერსს ვკითხე, რატომ არ სცადა, სულ პატარა შანსი მიეცა გიოსთვის. ვიცი, რომ კარგად ხედავდა მის პოტენციალს. მიპასუხა, - თუ ფეხბურთელს თვითონ არ უნდა, მე ვერაფერს შევძლებო. ეს პასუხი საკმარისი არ იყო ჩემთვის, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი და ვერც ვერაფერს შევცვლიდი.

[...]

გიო ქინქლაძე „აიაქსის“ მეორე გუნდში ვარჯიშობდა. ეჩხუბებოდნენ, ჰოლანდიური ენის გაკვეთილებს ნუ აცდენო. არ ვიცი, ძალით უშლიდნენ ნერვებს, თუ რა იყო. წინა სამატჩო განაცხადს აღარც კი ვამოწმებდით, ვიცოდით, რომ გიო არ იქნებოდა.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი თამაშის წინ, „ვიტესთან“, გიომ სტადიონზე დამტოვა და თვითონ ქალაქში წავიდა. გასახდელში შესულს, მისი „მაიკა“ შემეფეთა და გაკვირვებისგან დინ გორეს ვკითხე, - რა, გიო განაცხადშია-მეთქი?! რაზეც, დადებითი პასუხი მივიღე.

გავგიჟდი, ვიფიქრე, ყველა გადაირევა, რომ გაიგებენ - ქინქლაძე თამაშზე არ გამოცხადდაო!..

ქალაქში მის საძებნელად გავვარდი. ვიპოვნე, მაგრამ კრებაზე დაგვაგვიანდა. განრისხებულმა ვოუტერსმა ორივე გამოგვიშვა ოთახიდან... მე მითხრა, - შეგიძლია სახლში წახვიდეო, თამაშიდან დათხოვნილი ვიყავი... საშინლად დავიბოღმე, მაგრამ იქ კამათი არ დამიწყია.

კრების დამთავრებას დაველოდე და მასთან სალაპარაკოდ შევედი. ვუთხარი, რომ გიო ჩემთვის მხოლოდ თანაგუნდელი არ იყო... და რომ ხვალ მთელი ევროპა შეიტყობდა, რომ გიო თამაშზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, გიო მომეძებნა და მომეყვანა. თან ისიც ვუთხარი, როცა მას ჰოლანდიურის გაკვეთილები აქვს, ხუთი კაცი მაინც ვახსენებთ, რომ არ გააცდინოს-მეთქი. კაცს ორი სამი თვეა არ უთამაშია, არავინ გააფრთხილა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ განაცხადში იყო შეყვანილი და ეს გაუგებრობა მარტო გიოს ბრალი არ არის-მეთქი...

მართალია, განრისხებული იყო, მაგრამ კარგად მომისმინა, მითხრა, - შენზე უფრო ვარ გაბრაზებული, ვიდრე გიოზეო, პროფესიონალი ხარ და პირველ რიგში შენს თავზე უნდა გეფიქრაო...

წყარო: შოთა არველაძე - „გუშინ...“