„ცელოფნის პარკით“ ტანკების წინააღმდეგ

1989 წლის აპრილში გარდაიცვალა ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი ხუ იაობანი, რომელიც ცოტა ხნით ადრე ქვეყნის რეალურმა მმართველმა დენ სიაოპინმა თანამდებობიდან გადააყენა ზედმეტი პოლიტიკური ლიბერალიზმის გამო.

„ჩინელი გორბაჩოვის“ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად პეკინის ტიანნამენის ცენტრალურ მოედანზე დემონსტრაციები დაიწყო. სტუდენტებს პროვინციიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც უერთდებოდნენ და მალე გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები ითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებას და, საერთოდ, რეჟიმის დემოკრატიზაციას.

4 ივნისს დემონსტრანტების დასაშლელად ტიანნამენის მოედანზე ჯარი და ტანკების კოლონა შეიჭრა. სასტიკი დარბევის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა (ზუსტი რაოდენობა უცნობია). კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა უცნობი ჩინელი ახალგაზრდა, რომელიც ტანკებს წინ აღუდგა ცელოფნის პარკით ხელში.

წყარო: ზურაბ აბაშიძე - „ცივი ომი, წარსული თუ დღევანდელობა?“